Facebook Twitter

საქმე №ას-1454-2018 30 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.გ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – თანხის გადახდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „ს.ბ–მა“ (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა გ.გ–ის (შემდეგში - მოპასუხე ან კასატორი) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2007 წლის 26 ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 6 000 ლარის ოდენობით, 24 თვის ვადით, წლიური 27% სარგებლის დარიცხვის პირობით. მსესხებელს კრედიტის თანხა უნდა დაეფარა ხელშეკრულებით განსაზღვრული გადახდის გრაფიკის შესაბამისად, ყოველი თვის 26 რიცხვში. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების თანხის - 0,5%-ის ოდენობით. მოპასუხემ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და სესხის დაფარვა საერთოდ არ განუხორციელებია.

3. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. ამასთან, არც შესაგებლის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინებით მოცემულ საქმეზე დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა 2017 წლის 28 დეკემბერს. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სასამართლომ მიიღო განჩინება სასამართლოს მთავარი სხდომის 2017 წლის 17 იანვარს გამართვის შესახებ, რის შესახებაც, მოპასუხეს ეცნობა უწყების საჯაროდ გავრცელების გზით (ს.ფ. 60).

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 იანვრის 09.30სთ.-ზე დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადდა მოსარჩელე და არ გამოცხადდა მოპასუხე. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა დარიცხული პროცენტის ნაწილში უკან გაიხმო (სსსკ-ის 831 მუხლი) – (ს.ფ. 70, 74-75), პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნა დააზუსტა (ს.ფ. 69) და საბოლოოდ, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ შემდეგი სახით ჩამოყალიბდა: მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 11240 ლარის (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 6000 ლარი, პროცენტი 3240 ლარი და პირგასამტეხლო 2000 ლარი) გადახდის დაკისრება.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო) სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 11240 ლარის (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 6000 ლარი, პროცენტი 3240 ლარი და პირგასამტეხლო 2000 ლარი).

7. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს (დამტკიცებულად ჩათვალა):

8. - 2007 წლის 26 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 6 000 ლარის ოდენობით, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 24 თვე, წლიური 27% სარგებლის დარიცხვის პირობით.

9. -მსესხებელს კრედიტის თანხა უნდა დაეფარა ხელშეკრულებით განსაზღვრული გადახდის გრაფიკის შესაბამისად, ყოველი თვის 26 რიცხვში.

10. -ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების თანხის - 0,5%-ის ოდენობით.

11. -მოპასუხემ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მას სესხის დაფარვა არ განხორციელებულა.

12. -დარიცხული დავალიანება შეადგენს სესხის ძირ თანხას - 6000 ლარს, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში დარიცხულ სარგებელს - 3240 ლარს და პირგასამტეხლოს, რაც შემცირებულია 2000 ლარამდე.

13. ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა 2016 წლის 14 ივლისს (იხ. დასტური - ს.ფ. 37). ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას (სსსკ-ის 230.2 მუხლი; სსკ-ის 623-625; 867-868; 417-418 მუხლები).

14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ.

15. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილ საჩივარში მოპასუხემ აღნიშნა, რომ სასამართლოს უნდა უზრუნველეყო მოპასუხის მოწვევა სასამართლოს სხდომაზე, რათა ამ უკანასკნელს შესაძლებლობა მისცემოდა საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა სარჩელის უსაფუძვლობასთან მიმართებით. საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სარჩელი არაუფლებამოსილმა პირმა ჩაიბარა, რის გამოც, მისთვის უცნობი იყო სასამართლოს სხდომის დღის შესახებ. ამასთან, საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სასამართლოს ხელახლა უნდა გაეგზავნა სარჩელი მოპასუხისათვის მას შემდეგ რაც მოსარჩელემ პროცენტის ნაწილში სარჩელი უკან გაიხმო, ხოლო პირაგასმტეხლოს ნაწილში მოთხოვნა დააზუსტა (შეამცირა). საჩივრის ავტორმმა მიიჩნია, რომ სარჩელის გამოხმობა პროცენტის ნაწილში) განხორციელდა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, რასაც მოპასუხის თანხმობა სჭირდებოდა. საჩივრის ავტორმა მიუთითა სარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც, რაც მისი მოსაზრებით, აფერხებდა სარჩელის დაკმაყოფილებას.

16. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მარტის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხის (საჩივრის ავტორი) მიერ.

17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

18. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსსკ-ის 70.1 მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. იმავე კოდექსის 71.1 მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. 74.1 მუხლის გათვალისწინებით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაჰბარდა დადგენილი წესით. კერძოდ, დადგენილია, რომ სარჩელი და თანდართული მასალები გაეგზავნა შემდეგ მისამართზე: ლანჩხუთი, ......, რაც ჩაბარებული აქვს ადრესატის დედას, ნ.გ–ს. ამდენად, დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ მოპასუხის ოჯახის წევრს გზავნილი მიღებული აქვს და არ აქვს გაცხადებული, რომ ის მოპასუხის ოჯახის წევრი არ არის და მასთან არ ცხოვრობს მოპასუხე. საფოსტო დასტურში ცხადად არის დაფიქსირებული, რომ გზავნილის მიმღები, როგორც მოპასუხის დედა ადასტურებს კონკრეტულ მისამართზე მოპასუხის სახელზე გაგზავნილ კორესპონდენციის მიღების ფაქტს, მის დამოკიდებულებას და არ აცხადებს, რომ მისამართზე მოპასუხე არ ცხოვრობს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეს საჩივრით სადავოდ არ გაუხდია საცხოვრებელი ადგილის ნამდვილობის ფაქტი და საჩივრის ფარგლებში არ შედავებია და უმტკიცებია, რომ ზემოხსენებული მისამართი არ იყო მისი ძირითადი, ფაქტობრივი ადგილსამყოფელი.

19. უარყოფილი იქნა მოპასუხის მოსაზრება, რომ მოპასუხის მისამართს წარმოადგენდა საკრედიტო ხელშეკრულებაში მოპასუხის მისამართად მითითებული ქ. თბილისი, ......, რამდენადაც, როგორც საქმის მასალებით ირკვეოდა, მისამართი არასრული იყო, რადგან აკლდა სადარბაზოსა და ბინის ნომერი, რის გამოც, აღნიშნულ მისამართზე მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარება შეუძლებელი გახდა, ხოლო თავად მოპასუხე რეგისტრირებული იყო მისამართზე - ლანჩხუთი, .......

20. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2014-2016 წლამდე პერიოდში ბანკის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე სცადეს მსესხებელთან ტელეფონის მეშვეობით დაკავშირება, რა დროსაც, მოპასუხემ უარი განაცხადა ვალდებულების შესრულებაზე და შემდგომ, მან შეწყვიტა ტელეფონზე კომუნიკაცია (იხ. სხდომის ოქმი).

21. შესაბამისად, იმ პირობებში, რომ ადრესატის რეგისტრაციის მისამართზე მოპასუხის ოჯახის წევრს, დედას სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლოს არ გააჩნდა ვალდებულება დამატებით გაეგზავნა გზავნილი საკრედიტო ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეზე კანონით დადგენილი წესით განხორციელდა გზავნილის ჩაბარება.

22. ამასთან, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა საპატიო მიზეზით გამოწვეული არ იყო. ამ თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის ფარგლებში, რაც იმას გულისხმობს, რომ მხარეები თავადვე განსაზღვრავენ, თუ როგორ უნდა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, რა მტკიცებულებებით უნდა დაადასტურონ მტკიცების საგანში შემავალი მათთვის სასურველი ფაქტები.

23. განსახილველ შემთხვევაში აპელანტი განმარტავდა, რომ მის მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით - სასამართლოში დავის მიმდინარეობის არცოდნით.

24. სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ.

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას, თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

26. საქმის მასალებით დადგენილი იქნა, რომ სარჩელი თანდართული მასალებით ჩაბარდა ოჯახის წევრს - დედას, რაც გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევის საფუძველია, თანახმად ზემოთ დასახელებული მუხლებისა. აღნიშნული გარემოების გამაბათილებელი რაიმე სახის მტკიცებულება საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია, რისი წარმოდგენაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში, სწორედ მას ევალებოდა.

27. ამდენად, საჩივრის ავტორის მხოლოდ ზეპირი მითითება, რომ იგი არ ყოფილა ინფორმირებული სასამართლოში დავის არსებობის თაობაზე კანონით დადგენილი წესით, ვერ დაედებოდა საფუძვლად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას.

28. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს წერილობითი შესაგებელი 2016 წლის 24 ივლისის ჩათვლით უნდა წარედგინა და მოპასუხემ შესაგებელი დადგენილ ვადაში არ წარადგინა, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოება.

29. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მითითება სარჩელში მითითებული გარემოებების იურიდიულ მართებულობასთან მიმართებითაც, კერძოდ, საჩივრის ავტორს მიაჩნდა, რომ დადგენილად ცნობილი ფაქტორბივი გარემოებები არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას და იყო ხანდაზმული. საჩივრის ავტორის აღნიშნული განმარტება სააპელაციო პალატა არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებისთვის საჭიროა, არსებობდეს ასევე უმთავრესი პირობა – სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი), ხოლო მითითებული გარემოებები კი სასამართლოს მიერ ყოველგვარი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიიჩნევა დამტკიცებულად (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი). ანუ, შეიძლება ითქვას, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის რეჟიმში სასამართლო არ შედის მტკიცებულებებისა და საქმის არსებითი კვლევის სტადიაში. იგი მხოლოდ იკვლევს იმ გარემოებას თუ რამდენად შეესაბამება სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას სამართლებრივად, რის შედეგადაც იღებს გადაწყვეტილებას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილად (დამტკიცებულად) მითითებული გარემოებები, იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას, რის გამოც, სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. უარყოფილი იქნა აპელანტის (მოპასუხე) მითითება სარჩელის ხანდაზმულობაზეც, რამდენადაც ხანდაზმულობა ფაქტია და არა სამართლებრივი შეფასება, რომლის მითითების შემდეგ, სასამართლო ვალდებულია ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოიკვლიოს სასარჩელო მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებები. შესაბამისად, ეს ფაქტი შესაგებლის ფარგლებშია მისათითებელი და სამტკიცებელი გარემოებაა და დაუშვებელია მისი გამოკვლევა სასამართლოს მიერ საკუთარი ინიციატივით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილი). სსსკ-ის 201-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.სსსკ-ის 2321 მუხლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. როგორც მითითებული ნორმიდან, ისე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის ზოგადი ანალიზიდან ირკვევა, რომ ზემოაღნიშნულ პირობებთან ერთად, იმისათვის რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს, საჭიროა, არსებობდეს ასევე უმთავრესი პირობა – სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი), ხოლო მითითებული გარემოებები კი სასამართლოს მიერ ყოველგვარი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიიჩნევა დამტკიცებულად (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი).

30. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას საფუძვლად დაედო სარჩელში მითითებული და ამ განჩინების პპ:8-12-ში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც იურიდიულად მართლებდა სარჩელის მოთხოვნას.

31. პალატამ დამატებით განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მესამე ნაწილით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას.

32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტების შესაბამისად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. როგორც მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა შესაგებლის საპატიო გარემოების გამო წარუდგენლობის ფაქტი.

33. ამდენად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე და 233-ე მუხლებისა.

34. ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხის (საჩივრის ავტორი) მიერ, რომელმაც მოთხოვა გასაჩივრებული განჩინების და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.

35. კასატორის პრეტენზია შეეხება სარჩელის ხანდაზმულობა, რომელიც კასატორის მოსაზრებით, არ განეკუთვნებოდა ფაქტის საკითხს, არამედ მიჩნეული უნდა იქნეს სამართლის საკითხად და ამდენად, სასამართლო ვალდებული იყო ემსჯელა თავისი ინიციატივით ამ საკითზე. სარჩელის ხანდაზმულობა კი, თავის მხრივ აფერხებდა სარჩელის წარმატებას.

36. კასატორის პრეტენზია ასევე შეეხება საქალაქო სასამართლოში 2018 წლის 17 იანვარს 9:30სთ-ზე გამართული სხდომის დღის შესახებ მოპასუხის ინფორმირების ვალდებულების დარღვევას, კერძოდ, კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ მხოლოდ მოსარჩელეს შეატყობინა სხდომის დღე და არ შეატყობინა მოპასუხეს.

37. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ გამოიხმო სარჩელი პროცენტის დაკისრების ნაწილში და შეამცირა მოპასუხისათვის პროცენტის სახით დასაკისრებელი თანხის ოდენობა. აღნიშნული საპროცესო უფლება მოსარჩელემ გამოიყენა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, რასაც სჭირდებოდა მოპასუხის თანხმობა.

სამოტივაციო ნაწილი :

38. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

39. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მიერ გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საჩივრის უარყოფის და იმავე სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო).

40. საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს სამოქალაქო საპროცესო სამართალში გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის სამართლებრივი არსი და მისი მნიშვნელობა, რაც მისი სწორად გამოყენების აუცილებლობითაა ნაკარნახევი: სსსკ-ის მე-4 მუხლის დანაწესით, სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

41. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყარება მათი შესაგებელი. შეჯიბრებითობის პრინციპის კონკრეტული გამოვლენაა სსსკ-ის 102-ე მუხლის დებულება, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შეჯიბრებითობის პრინციპის კონკრეტული გამოვლენაა სსსკ-ის 2321 მუხლიც, რომლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ვადაში პასუხის (შესაგებელის) წარმოუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, სარჩელი წარმატებულია, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

42. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შესაგებლის წარმოუდგენლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტს, საფუძველი ჩაეყარა 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, სახელდობრ, კოდექსს დაემატა 2321 მუხლი, რომლის პირველი წინადადების თანახმად, „მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება“.

43. ამდენად, კოდექსში აღნიშნული ცვლილებების განხორციელების შემდეგ მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ მოპასუხის მიერ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მის მიმართ დგება არასასურველი საპროცესო-სამართლებრივი შედეგი, კერძოდ, საქმის განმხილველ მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ერთ-ერთ წინაპირობად მოსარჩელის შუამდგომლობის არსებობას, როგორც ეს გათვალისწინებულია სსსკ-ის 230-ე მუხლში, კანონმდებელი არ ითვალისწინებს - სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია იმ პროცესუალური შემადგენლობის ნიშნების არსებობა, როგორიცაა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის მოპასუხისათვის სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარება და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, არასაპატიო მიზეზით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, ხოლო, სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის კი, სახეზე უნდა იყოს ერთი დამატებითი პირობაც, როგორიცაა სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობა.

44. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ წარმოადგენს საქმის განმხილველი სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომლის დროსაც სასამართლო თვითონ წყვეტს საკითხს ამგვარი გადაწყვეტილების გამოტანაზე მიზანშეწონილობის საფუძველზე, არამედ კანონით იმგვარი იმპერატიული პირობაა დადგენილი, რომ სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას მოსარჩელის შუამდგომლობაც არ სჭირდება. ამ თვალსაზრისით, შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ვალდებულება, განსხვავდება სასამართლოში საქმის ზეპირ განხილვაზე - სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისაგან, რა დროსაც, სასამართლო ხელმძღვანელობს მოსარჩელის მითითებებით და მოპასუხის გამოუცხადებლობის პირველ შემთხვევაში, მხოლოდ მოსარჩელის შუამდგომლობის არსებობისას გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას.

45. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული წესით საქმის განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა, ქმნის იმ სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, რომლის მიღებაც მოსარჩელეს სურს, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. ( შდრ. სუს-ოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი, პ.32; სუსგ №ას-101-2020, 08 ივლისი, 2020 წ; სუსგ №ას-948-884-2017, 12 სექტემბერი, 2017 წ.).

46. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხს არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავი, კერძოდ კი, მოპასუხის მიერ შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის სახეზე უნდა იყოს (სსსკ-ის 2321 მუხლი) შემდეგი წინაპირობები: ა) მოპასუხე სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა ჰქონდეს განმარტებული 201-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას იმგვარად, რომ სასამართლო არათუ ვალდებული, უფლებამოსილიც არაა შეამოწმოს და შეფასება მისცეს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს სარჩელში წარმოდგენილ ნებისმიერ, მათ შორის, საპროცესო ხარჯების საკითხზე.

47. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა, იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები (სარჩელში მითითებული ფაქტები) ამართლებენ თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოთხოვნის დამფუძნებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმასა და მხარეთა დაბარებას სასამართლო სხდომაზე. ასეთ შემთხვევაში, განსხვავებულია მოპასუხის უფლებრივი მდგომარეობა, კერძოდ, მოპასუხისაგან მტკიცებულებები არ მიიღება, სამართლებრივი ბალანსი იმგვარია, რომ მოპასუხეს მხოლოდ სამართლებრივი შესაგებლის წარდგენის უფლება აქვს, ანუ თავდაცვის საპროცესო საშუალება მხოლოდ მოთხოვნასთან მიმართებით მისი სამართლებრივი მოსაზრებით შემოიფარგლება (სუსგ 5.06.2020წ. საქმე №ას-975-2019). სსსკ-ის 184-ე მუხლით დადგენილი რეგულაციიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება მოპასუხის ინფორმირების მტკიცების ტვირთი (სუსგ №ას-1491-2020,25 მარტი, 2021).

48. მოცემულ საქმეზე მოპასუხის (კასატორი) წინააღმდეგ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 11240 ლარი (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 6000 ლარი, პროცენტი 3240 ლარი და პირგასამტეხლო 2000 ლარი).

49. კასატორის პრეტენზია სარჩელის და თანდართული დოკუმენტების მოპასუხისათვის ჩაბარებულად მიჩნევის ნაწილშია წარმოდგენილი, რაც კასატორის მოსაზრებით, აბრკოლებდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას, აღნიშნულს საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს (სუსგ: №ას-262-2021, 1 ივნისი, 2021. პპ: 7, 8).

50. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს გაეგზავნა შემდეგ მისამართზე: ლანჩხუთი, ......, რაც ჩაბარებული აქვს ადრესატის დედას, ნ.გ–ს (ს.ფ. 37).

51. ამდენად, დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ მოპასუხის ოჯახის წევრს გზავნილი მიღებული აქვს და არ აქვს გაცხადებული, რომ ის მოპასუხის ოჯახის წევრი არ არის და მასთან არ ცხოვრობს მოპასუხე. საფოსტო დასტურში ცხადად არის დაფიქსირებული, რომ გზავნილის მიმღები, როგორც მოპასუხის დედა ადასტურებს კონკრეტულ მისამართზე მოპასუხის სახელზე გაგზავნილ კორესპონდენციის მიღების ფაქტს, მის დამოკიდებულებას და არ აცხადებს, რომ მისამართზე მოპასუხე არ ცხოვრობს.

52. ამასთან, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა მოპასუხეს საჩივრით სადავოდ არ გაუხდია საცხოვრებელი ადგილის ნამდვილობის ფაქტი და საჩივრის ფარგლებში არ შედავებია და უმტკიცებია, რომ ზემოხსენებული მისამართი არ იყო მისი ძირითადი, ფაქტობრივი ადგილსამყოფელი. შესაბამისად, საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაჰბარდა დადგენილი წესით. ამასთან, იმ პირობებში, რომ ადრესატის რეგისტრაციის მისამართზე მოპასუხის ოჯახის წევრს, დედას სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლოს არ გააჩნდა ვალდებულება დამატებით გაეგზავნა გზავნილი საკრედიტო ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეზე კანონით დადგენილი წესით განხორციელდა გზავნილის ჩაბარება.

53. საქმეზე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერებას შეეხებოდა, ევროსასამართლომ განმარტა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით პირველ რიგში უნდა დადგენილიყო, სახელმწიფომ გამოიჩინა თუ არა საკმარისი გულისხმიერება ყველა შესაბამისი ნაბიჯის გადასადგმელად, რათა ეცნობებინა მომჩივნისთვის სამართალწარმოების დაწყების შესახებ ... და ამ კუთხით, უარი თქვა თუ არა განმცხადებელმა მის უფლებაზე – წარდგენილიყო პროცესზე და დაეცვა საკუთარი თავი; და მეორე რიგში, ეროვნული კანონმდებლობა უზრუნველყოფდა თუ არა განმცხადებელს სათანადო საშუალებებით შეჯიბრებითი სამართალწარმოების განსახორციელებლად, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა დაუსწრებელი გადაწყვეტილებების შესახებ (საქმე „გახარია საქართველოს წინააღმდე“ (Gakharia v. Georgia), განაცხადი N30459/13,17.01.2017წ).

54. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს დასაბუთებული (დასაშვები) საკასაციო პრეტენზია მისი შესაგებლის წარმოდგენის ვალდებულების ინფრმირების კუთხით არ წარმოუდგენია.

55. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

56. მოპასუხეს შესაგებელი უნდა წარმოედგინა 2016 წლის 24 ივლისის ჩათვლით, თუმცა მოპასუხემ შესაგებელი დადგენილ ვადაში არ წარადგინა, არც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზებზე მიუთითებია.

57. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მიერ შეფასების საგანს წარმოადგენს კასატორისათვის (მოპასუხე) სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების წინაპირობების არსებობა. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

58. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს.

59. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირზე მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება. მოთხოვნა ძირითადად მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა საპროცესო-სამართლებრივი გაგებით, ყოველთვის მიმართულია სასამართლო გადაწყვეტილების დადგომისაკენ. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა, მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილებაა. მოთხოვნის საფუძველი ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ნორმის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს ცალკეულ წინაპირობას და ბ) სამართლებრივი შედეგი, რომელიც კანონის საფუძველზე დადგება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ნორმის შემადგენლობით განსაზღვრული ყველა წინაპირობა.

60. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა. სადავო ურთიერთობის შეფასებისას, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო არაა შებოჭილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებით, შესაბამისად, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გამოარკვევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, იგი ვალდებულია, ეს გარემოებები თავად შეაფასოს სამართლებრივად სწორად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

61. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის კონტექსტში დადგენილად მიიჩნევა დავის ფაქტობრივი გარემოებები, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს არა მხარის მოსაზრებებს, არამედ, იურიდიული მნიშვნელობის მქონე იმ ფაქტებს, რომლებიც მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას ქმნიან, რაც შეეხება ამა თუ იმ მოსაზრებას, რომელსაც მხარე ავითარებს, ისინი სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, რა დროსაც საქმის განმხილველი შემადგენლობა ამოწმებს ამ ფაქტებს მატერიალური სამართლის დანაწესებთან მიმართებით. თავის მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ მართლმსაჯულების აქტი, მიუხედავად იმისა, იგი მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპითაა მიღებული თუ ერთ-ერთი მხარის გამოუცხადებლობის შედეგად, ყოველთვის უნდა ემყარებოდეს მატერიალური სამართლის ნორმას. საქმის განხილვაზე ერთ-ერთი მხარის გამოუცხადებლობა, თუნდაც ეს არასაპატიო მიზეზით იყოს განპირობებული, სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილება, გადაწყვეტილებას მხოლოდ სამართლებრივი სანქციის ფუნქცია შესძინოს და იურიდიული შეფასების გარეშე დააკმაყოფილოს გამოცხადებული მხარის ყველა პრეტენზია. სწორედ ამგვარი თვითნებობის თავიდან აცილებას ემსახურება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დათქმა.

62. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იხილავს მტკიცებულებებს და არ შედის მათ არსებით კვლევაში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელში მითითებულ ფაქტებზე და, სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოაქვს იმ შემთხვევაში, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

63. შესაბამისად, გასზიარებელია სააპელაციო პალატის მოსაზრება (იხ. წინამდებარე განჩინების პ. 30), რომ განსახილველ შემთხვევაში, არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლები.

64. კასატორის პრეტენზია შეეხება სარჩელის ხანდაზმულობას, რომელიც კასატორის მოსაზრებით არ განეკუთვნებოდა ფაქტის საკითხს, არამედ მიჩნეული უნდა იქნეს სამართლის საკითხად და ამდენად, სასამართლო ვალდებული იყო ემსჯელა თავისი ინიციატივით ამ საკითზე. სარჩელის ხანდაზმულობა კი, თავის მხრივ აფერხებდა სარჩელის წარმატებას. შესაბამისად, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას.

65. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით, ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; შდრ. სუსგ 11.06.2012 საქმე №ას-547-515-2012).

66. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადად, ვადებს დიდი მნიშვნელობა აქვს სამართლებრივ ურთიერთობებში წესრიგის შეტანისთვის. დროის ფაქტორი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს პირთა შორის ურთიერთობების სამართლებრივ მოწესრიგებაში. გარკვეული დროის დადგომას ან ვადის გასვლას უკავშირდება კონკრეტული იურიდიული შედეგები – სამართლებრივი ურთიერთობების (შესაბამისად პირთა უფლებებისა ან/და მოვალეობების) წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. მართლმსაჯულების უმნიშვნელოვანესი მიზანია ადამიანის უფლებების დაცვა, რაც შესაძლებელია საქმეზე მხოლოდ სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მიღების გზით. მართლმსაჯულების შედეგი სამართლიანობის მიღწევა, აღდგენა, უზრუნველყოფა უნდა იყოს. „ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია განცდა, რომ მათ სამართლიანად ეპყრობიან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება №1/3/534 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტ. მ-ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 3.).

67. ზემოთ ჩამოთვლილი კანონიერი მიზნების არსებობას იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. გადაწყვეტილებაში საქმეზე სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, სასამართლო განმარტავს: „... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტომ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პ.51). (Stubbings and Otherss v The United Kingdom, განაცხადის ნომერი №22083/93; №220095/93, 22 ოქტომბერი, 1996).

68. აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. საკასაციო პალატამ არერთ საქმეზე განმარტა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ინსტიტუტი წარმოადგენს უფლების დაცვის მატერიალურ-სამართლებრივ საშუალებას, რადგან სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსზრისით არსებობს, თუმცა სასამართლო წესით ამ მოთხოვნის იძულებითი განხორციელება კონკრეტული წინაპირობის არსებობისას, არ ხდება (შდრ. სუსგ №ას-1428-2018, 27 დეკემბერი, 2018).

69. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელი აერთიანებს ორ ნაწილს: სარჩელის აღძვრისა და სარჩელის დაკმაყოფილების უფლებას. რადგან სასარჩელო ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებითი განხორციელების ვადა, ის უკავშირდება სწორედ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობა მატერიალური და არა საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, სასარჩელო ხანდაზმულობის ინსტიტუტი მიჩნეული უნდა იქნეს მატერიალური სამართლის კუთვნილებად კანონმდებლობაში მისი ადგილისა და სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით.

70. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითების შედეგად წარმოშობილი საწინააღმდეგო უფლება მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობით შესაგებელია, რომელიც მოთხოვნის განხორციელებას ხანგრძლივად ან დროებით აფერხებს. „სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის მიზანია მოვალის დაცვა იმ პროცესის ნაწილად გახდომისაგან, რომელშიც პოზიციის დაცვა რთული ან შეუძლებელია მოთხოვნის სიძველის გამო“. (შდრ: სუსგ №ას-898-860-2014, 09 ოქტომბერი, 2015 წელი). ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში. მაგალითად, მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლების შემოწმება მიმდინარეობს მოპასუხის შედავების შემოწმების ეტაპზე. ამ ტიპის შედავების წარდგენის დროს მოპასუხე შესაძლოა ეთანხმებოდეს სარჩელში გაჟღერებულ მხარეთა შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას (სადავოდ არ ხდიდეს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს), ასევე ეთანხმებოდეს ვალდებულების არსებობას და აღიარებდეს მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას, თუმცა, უარს აცხადებდეს მის შესრულებაზე, რადგან მოთხოვნა ხანდაზმულად მიაჩნდეს (სსკ-ის 144-ე მუხლი) (იხ. დამატებით: ჰაინ ბოელინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, გვ.170; მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში მოკლე შესავალი რელაციის მეთოდში სამოქალაქო კოდექსის მიხედვით შემუშავებული პრაქტიკული მაგალითებით, შტეფან შმიტი, ჰარალდ რიჰტერი, GIZ, 2013, გვ.20).

71. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ხანდაზმულობა განეკუთვნებოდა სამართლის საკითხს და აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობა ფაქტის საკითხია. ამასთან, ეს ფაქტი მოპასუხის შესაგებელში ან მოსამზადებელ სხდომაზე უნდა იყოს წამოყენებული, რაც მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ თავისი საპროცესო უფლების რანგში არ გამოიყენა (იხ., სუსგ Nას-262-2019, 2 დეკემბერი, 2020 წელი, პ.24).

72. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოვალის პროცესუალური შესაგებელი, მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, ე.წ. უფლების შემაფერხებელ შესაგებელს წარმოადგენს რა შემთხვევაშიც მოვალის შეპასუხება არა თავისთავად უფლების ნამდვილობას, არამედ მისი ხანდაზმულობის მოტივით უკუგდებას ემსახურება (აღსანიშნავია, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითებისას, უფლება თავისთავად ნამდვილია და არსებობს, ანუ ასეთი შესაგებლის არსებობისას, მოპასუხე სასარჩელო მოთხოვნას უფლების შემწყვეტი ან გამომრიცხავი პასუხით არ უპირისპირდება, მეტიც, შეიძლება პირდაპირ აღიარებდეს უფლების ნამდვილობას, უბრალოდ მისი სასამართლოს მეშვეობით განხორციელებას აფერხებდეს ხანდაზმულობაზე მითითებით). მოთხოვნის ხანდაზმულობა ფაქტის საკითხია, და განსხვავებით სამართლის საკითხისგან, რა დროსაც, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში სასამართლო თავად მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას და შეუფარდებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე თავადაა ვალდებული უფლების სასამართლო წესით განხორციელებისგან ასეთი მითითებით დაიცვას თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მოთხოვნის ნამდვილობისა და განხორციელებადობის დადგენის შემთხვევაში, მიუხედავად მისი ხანდაზმულობისა, მოვალეს დააკისრებს ვალდებულების შესრულებას (იხ., სუსგ №ას-498-2020, 25 ნოემბერი, 2020, პ.38).

73. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხის საჩივარში, სააპელაციო და საკასაციო საჩივარში მითითებული ფაქტი მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, მოპასუხეს შესაგებლის წარუდგენლობის გამო, სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, საქმის განმხილველი სასამართლო, მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა დასახელებულ საკითხზე, თავის მხრივ კი, საკასაციო სასამართლო შეზღუდულია იმსჯელოს ისეთ ფაქტებსა და გარემოებებზე, რომელიც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა გადაწყვეტილებებსა ან სხდომათა ოქმეში არ ასახულა (სსსკ-ის 47.1 მუხლი).

74. კასატორის პრეტენზია ასევე შეეხება საქალაქო სასამართლოში 2018 წლის 17 იანვარს 9:30სთ-ზე გამართული სხდომის დღის შესახებ მოპასუხის ინფორმირების ვალდებულების დარღვევას, კერძოდ, კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ მხოლოდ მოსარჩელეს შეატყობინა სხდომის დღე და არ შეატყობინა მოპასუხეს. აღნიშნულს საკასაციო პალატა არ იზიარებს და დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეს შეტყობინების საჯაროდ გავრცელების გზით ეცნობა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2018 წლის 17 იანვრის 9:30სთ.ზე დანიშნული მთავარი სხდომის შესახებ (ს.ფ. 60, 61). აღნიშნული განჩინების პუბლიკაცია განხორციელდა 2017 წლის 29 დეკემბერს (იხ., ს.ფ. 67).

75. ამდენად, საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის პრეტენზია სასამართლოს მთავარი სხდომის დღის შესახებ მოპასუხის მიმართ ინფორმირების ვალდებულების დარღვევა.

76. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ გამოიხმო სარჩელი პროცენტის დაკისრების ნაწილში და შეამცირა მოპასუხისათვის პროცენტის სახით დასაკისრებელი თანხის ოდენობა. აღნიშნული საპროცესო უფლება მოსარჩელემ გამოიყენა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, რასაც სჭირდებოდა მოპასუხის თანხმობა.

77. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლით განმტკიცებულია დისპოზიციურობის პრინციპი, რაც მიანიშნებს მხარის უფლებაზე, თავად გადაწყვიტოს დავის სასამართლოში დაწყების საკითხი, ისევე, როგორც მის უფლებაზე, განკარგოს კანონით გარანტირებული შესაძლებლობანი (სარჩელის ცნობა, სარჩელზე უარის თქმა, მორიგება და სხვა). მხარის პროცესუალურ უფლებათა ძირითად ჩამონათვალს სსსკ-ის 83-ე მუხლი ადგენს, თუმცა, ეს ნორმა არ არის ამომწურავი. ფუნდამენტურ პროცესუალურ უფლებათა შორის არის ამავე კოდექსის 831 მუხლით რეგლამენტირებული მოსარჩელის შესაძლებლობა, გამოიხმოს სარჩელი, კერძოდ, მითითებული ნორმის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე (იხ. სუსგ Nას-431-431-2018 (ბ), 22.06.2018წ.; №ას-398-398-2018, 25 დეკემბერი, 2018, პ.21).

78. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის პრეტენზია ვერც ამ ნაწილში დაედება საფუძვლად საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას შემდეგ გარემოებათა გამო:

79. დადგენილია, რომ ნაცვლად თავდაპირველი სარჩელით მოთხოვნილი 13390.16 ლარისა (პროცენტი), მოსარჩელემ მოითხოვა 3240 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება. მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 იანვრის განჩინებით სარჩელი მოპასუხის მიმართ დარიცხული პროცენტის 13390.16 ლარიდან 10150.16 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველი მისი გამოხმობის გამო (სსსკ-ის 831 მუხლი) და დაუბრუნდა მოსარჩელეს (იხ., ს.ფ. 74, 75).

80. კონკრეტულ შემთხვევაში, მართალია საქმის მომზადების სტადია დასრულებული იყო და მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 იანვარს დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოიხმო მოპასუხისათვის დასაკისრებელი პროცენტის (სესხზე დარიცხული სარგებელი) ნაწილში სარჩელის მოთხოვნა, თუმცა, საქმის მასალებით დადგენილი იქნა, რომ მოპასუხე არ ცხადდებოდა სასამართლო სხდომაზე. მოპასუხის სასამართლო სხდომაზე იძულებით მიყვანას კი, კანონი არ ითვალისწინებს. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს, რომ სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას მოპასუხისაგან სხვაგვარად მიეღო თანხმობა. ამასთან, ყურადსაღებ გარემოებას წარმოადგენდა რომ სარჩელის საგანს წარმოადგენდა საკრედიტო სესხი, მასზე დარიცხული სარგებელი და პირგასამტეხლო, ხოლო მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობა შეეხებოდა სესხის თანხაზე დარიცხული სარგებლის შემცირებას. აღნიშნული კი, ერთმნიშვნელოვნად აუმჯობესებდა მოპასუხის სამართლებრივ მდგომარეობას. ამიტომ, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს, რომ განსახილველი საქმის ფაქტობრივი მოცემულობის პირობებში სარჩელის ნაწილობრივ გამოხმობის შესახებ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილებულიყო.

81. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სსსკ-ის 241-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები, ასევე, არ არსებობს ამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი, შესაბამისად, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს (სსსკ-ს 410-ე მუხლი).

82. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

83. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.გ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ნ. ბაქაქური

...