Facebook Twitter

№ას-351-2019 15 ოქტომბერი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ნ.ს–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ნ.გ–ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ სამკვიდრო ქონების წილზე მესაკუთრედ ცნობა, სამკვიდრო მოწმობაში ცლილებების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ა.ს–ი (შემდეგში - მამკვიდრებელი) 1988 წლის 7 იანვარს გარდაიცვალა. ნ.ს–ი (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი, მამკვიდრებლის შვილი), თ.ს–ი (შემდეგში - მამკვიდრებლის შვილი, მოსარჩელის და, სამკვიდრო ქონების თანამესაკუთრე) და დ.ს–ი (შემდეგში - მამკვიდრებლის შვილი, კასატორის/მოსარჩელის ძმა, მოპასუხის მეუღლე) მამკვიდრებლის შვილები და, ამდენად, პირველი რიგის მემკვიდრეები არიან.

2. მამკვიდრებელი გარდაიცვალა ქ.თბილისში, ...... . კორპუსში მდებარე N24 საცხოვრებელ ბინაში, რომელიც მის საკუთრებას არ წარმოადგენდა. სახელმწიფო ფონდის ამ ბინაში დამქირავებლებად ჩაწერილები იყვნენ მამკვიდრებლის შვილები. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, მოსარჩელემ და მისმა დამ ძმის სასარგებლოდ უარი თქვეს მითითებული საცხოვრებელი ბინის თავიანთ კუთვნილ წილზე, რის შემდეგაც ეს ქონება, პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელის ძმის საკუთრებაში აღირიცხა.

3. მოსარჩელის ძმა დაქორწინდა და მეუღლესთან ერთად დასახლდა ქ.თბილისში, ......... მდებარე N24 ბინაში.

4. 1992 წლის 9 სექტემბერს ა.ს–ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც, მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრემ, მოსარჩელის ძმამ საკუთრებაში მიიღო მამის სამკვიდრო ქონება სრულად. სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა ქ.თბილისში, ...... (ყოფილი ....) ქუჩა N51-ში მდებარე უძრავი ნივთის 1/2 ნაწილი (შემდეგში - სადავო სამკვიდრო ქონება, უძრავი ნივთი).

5. მოსარჩელის ძმის გარდაცვალების შემდეგ, 2010 წლის 16 ივნისს, ნ.გ–ას (შემდეგში - მოპასუხე) სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელის ძმის სამკვიდრო მიიღო მისმა პირველი რიგის მემკვიდრემ (მეუღლემ). სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, სადავო უძრავი ქონება საჯარო რეესტრში მოპასუხის საკუთრებად დარეგისტრირდა.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის დის სარჩელი და ეს უკანასკნელი ცნობილ იქნა მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების, ამჟამად მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების 1/3 ნაწილის მესაკუთრედ.

7. 2016 წლის 25 იანვარს მამკვიდრებლის შვილმა, მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მამის სამკვიდრო ქონების 1/3 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა მოითხოვა. მოსარჩელის მტკიცებით, მამის გარდაცვალების შემდეგ, ამ უკანასკნელის სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით მიიღო, კერძოდ, ის მამის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალების შემდეგაც ცხოვრობდა მამკვიდრებლის უკანასკნელ საცხოვრებელ ადგილას და მხოლოდ ძმის დაქორწინების შემდეგ გადავიდა სხვა ბინაში საცხოვრებლად და თან წაიღო მამის დანატოვარი ნივთებიც, მათ შორის, ჭურჭელი და ტუმბო.

8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მოპასუხის მტკიცებით, მოსარჩელე, მამის გარდაცვალებიდან კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში, არ დაუფლებია სამკვიდრო ქონებას და არც ნოტარიუსისთვის არ მიუმართავს შესაბამისი მოთხოვნით.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სასამართლომ მოსარჩელე სადავო სამკვიდრო ქონების 1/3 ნაწილის მესაკუთრედ ცნო. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე ფაქტობრივად დაეუფლა მამის დანატოვარ მოძრავ ნივთებს, კერძოდ, მოსარჩელემ განაგრძო რა ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში, სადაც მამკვიდრებელი გარდაცვალებამდე ცხოვრობდა, დაეუფლა მის კუთვნილ მოძრავ ნივთებს, რომელთაგან გარკვეული ნივთები (საყოფაცხოვრებო ნივთები, ჭურჭელი, პატარა ტუმბო) სხვა ბინაში გადასვლისას თან წაიღო, რაც დაადასტურეს საქმეზე გამოკითხულმა მოწმეებმაც. სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის სათანადო რეალიზება და სასამართლოში ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ კანონით დადგენილ ვადაში სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტს.

10. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

11. სააპელაციო საჩივარი შემდეგ გარემოებებს დაეფუძნა: მოთხოვნის ხანდაზმულობის მიუხედავად სასამართლომ სარჩელი მაინც დააკმაყოფილა, კერძოდ, მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მისი ძმის მიერ სამკვიდროს მიღების თაობაზე, მაგრამ 2016 წლამდე პრეტენზია არ გამოუთქვამს. გარდა ამისა, სასამართლომ დაადგინა, რომ მამკვიდრებლის უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილი არ წარმოადგენდა მის საკუთრებას, თუმცა, ამის მიუხედავად, მითითებულ ბინაში ცხოვრების ფაქტზე დაყრდნობით, არასწორად განსაზღვრა მოსარჩელის მიერ მემკვიდრეობის მიღების ფაქტი. ამასთან, დადასტურებული არ იყო, კონკრეტულად რა მოძრავ ნივთებს დაეუფლა მოსარჩელე და ეს ნივთები ნამდვილად ეკუთვნოდა თუ არა მამკვიდრებელს.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების გზით მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში მიღება საქმის მასალებით არ დასტურდებოდა. პალატის განმარტებით, სადავო უძრავ ქონებას მოსარჩელე არც მამის სიცოცხლეში და არც შემდგომ არ დაუფლებია. რაც შეეხება მამკვიდრებლის საცხოვრებელ ადგილას მისი მოძრავი ნივთების დაუფლებას, ეს ფაქტი, სასამართლოს მოსაზრებით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა. სასამართლოს შეფასებით, ამ საკითხზე თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტება ბუნდოვანი იყო, მოწმეთა ჩვენებები კი - არასაკმარისი მტკიცებულება.

13. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

14. საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:

14.1. კასატორის განმარტებით, მამკვიდრებელს სამკვიდრო ქონება დაგირავებული ჰქონდა, ხოლო თავად გარდაცვალებამდე წლების განმავლობაში მეუღლესა და შვილებთან ერთად მუდმივად ცხოვრობდა ქთბილისში, ...... მდებარე N24 საცხოვრებელ ბინაში. შესაბამისად, მამკვიდრებლის კუთვნილი ყველა მოძრავი ნივთი სწორედ ამ ბინაში იყო განთავსებული. ამ ნივთებით ოჯახის ყველა წევრი სარგებლობდა. მამის გარდაცვალების შემდეგ ეს ნივთები დარჩა ამავე ბინაში და მამკვიდრებლის ოჯახმაც სწორედ ამ ბინაში გააგრძელა ცხოვრება. მოსარჩელეც მამის გარდაცვალებიდან 2 წლის განმავლობაში ხსენებულ ბინაში ცხოვრობდა, რაც ადასტურებს მის მიერ მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების - მოძრავი ნივთების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტს.

14.2. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა მოწმეთა ჩვენებები, ვინაიდან მოსარჩელის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტი დასტურდებოდა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის -მოწმეთა ჩვენებებით. კასატორის განმარტებით, სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დასადასტურებლად კანონით რაიმე მტკიცებულება იმპერატიულად განსაზღვრული არ არის, ამიტომ მოწმეთა ჩვენებები დასაშვები მტკიცებულებაა. მოწმეთა ჩვენებებით კი, დასტურდება მის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი, რაც სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა ისეთ გარემოებას (მამკვიდრებლის გარდაცვალების დროს მოსარჩელე ციხეში იყო და ფიზიკურად ვერ დაეუფლებოდა მამის მოძრავ ნივთებს), რომელიც არ ემყარება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

14.3. კასატორის განმარტებით, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ სადავო უძრავ ქონებაში არცერთი მემკვიდრე არ გადასულა საცხოვრებლად, ვინაიდან სამკვიდრო ქონებას განაგებდა მოგირავნე, ხოლო მასთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, 1998-2014 წლებში, ამ სახლში ცხოვრობდა მოსარჩელის ბიძაშვილი, რომელმაც სადავო საცხოვრებელ სახლში ცხოვრების უფლება მამკვიდრებლის სამივე შვილთან შეთანხმების გზით მოიპოვა. კასატორის მოსაზრებით, მოხმობილი ფაქტი ადასტურებს მოსარჩელის მიერ სამკვიდრო ქონების განკარგვაში მონაწილეობას, რაც სამკვიდროს მიღების მიმართ იურიდიული ინტერესისა და ქონების ფაქტობრივად დაუფლების დამადასტურებელი გარემოებაა.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი დაკმაყოფილდეს.

16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, დასაბუთებულია მოსარჩელის/კასატორის პრეტენზიები იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და არასწორად დაადგინა საქმის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშველოვანი ფაქტები, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები სარჩელის უსაფუძვლობის შესახებ.

17. სადავო ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 982.1-ე (პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი), 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), 1306.1-ე (გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით), 1336.I-ე (კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში - გარდაცვლილის შვილები . . . ), 1421.2-ე (მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის მიხედვით სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო), 1421.3-ე (თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი), 1424-ე (სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან) და 1433-ე (მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან) მუხლები. სწორედ მითითებულ ნორმათა შემადგენლობის განხორციელებაზეა დამოკიდებული ხელყოფილი საკუთრების უფლების რესტიტუცია.

18. სამემკვიდრეოსამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობა და სამემკვიდრეო უფლებების განხორციელება უკავშირდება არა მარტო სამკვიდროს გახსნის მომენტს, არამედ მემკვიდრეთა მხრიდან გარკვეული იურიდიული მოქმედებების შესრულებას. მართალია, კანონის თანახმად, სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრება ხდება მისი გახსნის მომენტიდან, მაგრამ როდესაც სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეთა რიცხვი ერთზე მეტია, მაშინ აუცილებელია, თითოეულმა მემკვიდრემ კანონით დადგენილი ექვსთვიანი ვადის დაცვით შეასრულოს სამკვიდროს მიღებისათვის აუცილებელი მოქმედება.

19. სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი. მემკვიდრის ყველა მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლება (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვა, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა) (შდრ. იხ. სუსგ. #ას-283-268-2017, 07.07.2017; #ას-1172-1127-2016, 31.03.2017წ; #ას-203-193-2016, 02.06.2016; #ას-972-921-2015, 15.12.2015წ; #ას-482-455-2012, 31.05.2012წ).

20. საკასაციო პალატა მოსარჩელის მიერ მამკვიდრებლის მოძრავი ქონების, როგორც სამკვიდროს ნაწილის, დაუფლების საკვანძო საკითხის გამორკვევის მიზნით ყურადღებას მიაქცევს საქმეზე გამოკითხულ მოწმეთა ჩვენებებს. მოწმეთა უმეტესობამ დაადასტურა ის გარემოება, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე მოსარჩელე მასთან ერთად ცხოვრობდა, ხოლო მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელემ ამავე ბინაში გააგრძელა ცხოვრება და იქ ორი წელი იცხოვრა. აღსანიშნავია, რომ მოპასუხე შესაგებლით არ შედავებია იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე მამკვიდრებელთან ერთად ცხოვრობდა, ხოლო ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ ამავე ბინაში გააგრძელა ცხოვრება. მოპასუხის შესაგებელი მხოლოდ იმას ეფუძნებოდა, რომ მამის გარდაცვალებიდან კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში მოსარჩელე არ დაუფლებია სამკვიდრო ქონებას და არც ნოტარიუსისთვის არ მიუმართავს შესაბამისი მოთხოვნით.

21. საკასაციო პალატა, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მოწმეთა ჩვენებების შეფასების შედეგად, დადგენილად მიიჩნევს, რომ მამკვიდრებელი მის მეუღლესთან და შვილებთან, მათ შორის, მოსარჩელესთან ერთად ცხოვრობდა ქ.თბილისში, ..... მდებარე N24 ბინაში. ამავე ბინაში იყო განთავსებული ამ უკანასკნელის კუთვნილი მოძრავი ნითები, რომლითაც მოსარჩელეც სარგებლობდა. მამის გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელემ ამავე ბინაში გააგრძელა ცხოვრება და იქ ორი წელი იცხოვრა, ხოლო ბინიდან გადასვლისას თან წაიღო მამკვიდრებლის კუთვნილი ნივთების ნაწილი (იხ. ამ განჩინების პ.9). მოწმეთა ჩვენებების საწინააღმდეგოდ მოპასუხემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა მოსარჩელის მიერ გარდაცვლილის მოძრავი ნივთების ფაქტობრივად დაუფლების ფაქტს.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ, კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში, ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამის სამკვიდრო ქონების ნაწილი - მოძრავი ნივთები, რაც იმას ნიშნავს, რომ მან მთლიანად მიიღო მამის სამკვიდრო, მათ შორის, სადავო უძრავი ქონება. ამასთან, რაკი მამკვიდრებელს სამი პირველი რიგის მემკვიდრე ჰყავდა, მოსარჩელეს უნდა მიეკუთვნოს სადავო ქონების 1/3 ნაწილი.

23. კასატორი სარჩელის ხანდაზმულობასაც ედავება, თუმცა მისი ეს პრეტენზია გაზიარებული ვერ იქნება შემდეგ გარემოებათა გამო:

23.1. ხანდაზმულობა, როგორც სარჩელის დაკმაყოფილების გამომრიცხავი გარემოება, წარმოადგენს მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალებას - შესაგებელს. შესაბამისად, ეს გარემოება მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს სასამართლოს შეფასების საგანი, თუ იგი წარდგენილია საპროცესო წესების დაცვით. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე არც შესაგებელში და არც საქმის მომზადების სტდაიაზე არ მიუთითებია. მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელის ხანდაზმულობაზე მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე განაცხადა.

23.2. პალატა ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციაზე, რომლის თანახმადაც, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ მითითებულა სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ მხარეები ფაქტებისა თუ მტკიცებულებების წარდგენისას შეზღუდული არიან საქმის მოსამზადებელი პერიოდით. სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქმის განსახილველად დაშვება მიანიშნებს იმაზე, რომ ამ დროისათვის დასრულებულია მხარეთა პოზიციებისა თუ მტკიცებულებების წარდგენა და სასამართლო უკვე შეგროვებული მასალების არსებითად გამოკვლევის გზით გადაწყვეტს საქმეს. თავის მხრივ, მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ ახალი გარემოებების მითითება დასაშვებია მხოლოდ საპატიო მიზეზით მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე მათი წარდგენის შეუძლებლობისას. კონკრეტულ შემთხვევაში, ამგვარი მიზეზი მოპასუხეს არ მიუთითებია, რაც მისი პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას გამორიცხავს.

23.3. ამასთან, მოპასუხეს შესაგებელში რომც მიეთითებინა სარჩელის ხანდაზმულობაზე, მისი პოზიცია მაინც არ იქნებოდა გასაზიარებელი. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ მემკვიდრის მიერ სადავო უძრავი ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღება აყენებს მას განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმში. ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით (კონკლუდენტური მოქმედებებით) მემკვიდრე ხდება სამკვიდრო ქონების მესაკუთრე. სამკვიდროს მიღების ფაქტის არსებობის შემთხვევაში მემკვიდრეს უფლება აქვს, დაიცვას მიღებული სამკვიდრო სხვა დანარჩენი მემკვიდრეებისაგან, მათ შორის - იმ მემკვიდრეებისგანაც, რომლებმაც საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დაირეგისტრირეს. ხანდაზმულობის საგანი არის ფარდობითი და არა აბსოლუტური უფლება, შესაბამისად, აბსოლუტურ უფლებაზე ხანდაზმულობა არ ვრცელდება. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის ძმისა და შემდეგ უკვე ამ უკანასკნელის მემკვიდრის მიერ უკანონოდ განიკარგა სამკვიდრო ქონების ის ნაწილი, რომელიც მოსარჩელეს ფაქტობრივი ფლობით ჰქონდა მიღებული და მის საკუთრებას წარმოადგენდა. შესაბამისად, მის მოთხოვნაზე ხანდაზმულობა არ ვრცელდება.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც სსსკ-ის 394.„ე“ მუხლის მიხედვით, ამ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. ამასთან, რაკი არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები (საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა), საკასაციო პალატა, სსსკ-ის 411-ე მუხლის (საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები) მიხედვით, უფლებამოსილია თავად მიიღოს ამ საქმეზე ახალი გადაწყვეტილება. კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოსარჩელე ცნობილ უნდა იქნას ქ.თბილისში, .......მდებარე უძრავი ქონებიდან, საკადასტრო კოდი: ......., მოპასუხის საკუთრებაში არსებული 2/6 ნაწილიდან 1/6 ნაწილის მესაკუთრედ.

25. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის – 1748.60 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-8, 257.1-ე, 264.3-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ნ.ს–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ნ.ს–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. ნ.ს–ი ცნობილ იქნას ქ.თბილისში,...... მდებარე უძრავი ქონებიდან, საკადასტრო კოდი: ......., ნ.გ–ას საკუთრებაში არსებული 2/6 ნაწილიდან 1/6 ნაწილის მესაკუთრედ;

4. ნ.გ–ას (.......), ნ.ს–ის (........) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის – 1748.60 ლარის გადახდა;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი