Facebook Twitter

№ას-1763-2018 30 აპრილი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – მ.ჯ–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „ს-გ–ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 04 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ.ჯ–ი (შემდეგში, პირველი მოპასუხე, თავდები, კასატორი) ასაჩივრებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილებით, შპს „ს გ–ის“ (შემდეგში - მოსარჩელე, კრედიტორი) სარჩელი პირველი მოპასუხისა და მამუკა კვაჭანტირაძის (შემდეგში - მეორე მოპასუხე, მოვალე) წინააღმდეგ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ 3779.35 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

2. საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:

2.1. კასატორის განმარტებით, კრედიტორი ვალდებული იყო, თავდები პირისათვის შეეტყობინებინა პირადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, რაკი კრედიტორს ზემოხსენებული ვალდებულება არ შეუსრულებია, თავდების მიმართ მოთხოვნის უფლება დაკარგა.

2.2. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ თავდებს, სარჩელის წინააღმდეგ დაუსაბუთებელი შესაგებლის წარმოდგენის გამო, არ ჰქონდა სარჩელში მითითებული გარემოებების შეცილების უფლება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

5.1.1. 2016 წლის 12 აპრილს მოვალემ კრედიტორისგან 15000 აშშ დოლარი ისესხა. ეს თანხა მას 2016 წლის 22 ივნისს უნდა დაებრუნებინა. სესხის ყოველთვიური სარგებელი შეადგენდა 5%-ს. მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლოს გადახდა.

5.1.2. სესხის უზრუნველსაყოფად მოვალემ გირავნობით დატვირთა კუთვნილი ავტომობილი, 2009 წელს გამოშვებული BMW 750 LI.

5.1.3. ვალდებულების შესრულებაზე სოლიდარული თავდებობა იკისრა პირველმა მოპასუხემ. თავდებობის მოცულობა 15000 აშშ დოლარით განისაზღვრა.

5.1.4. მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა. კრედიტორმა დაგირავებული ავტომობილი 12 200 აშშ დოლარად მიჰყიდა მესამე პირს. კრედიტორის განმარტებით, ავტომობილის რეალიზაციის შედეგად დაიფარა ძირითადი ვალდებულების ნაწილი - 9493.59 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 975 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1686 აშშ დოლარი, შესაბამისად, მოვალეს გადასახდელი დარჩა 3779.35 აშშ დოლარი.

6. ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, ეს გარემოებები, სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

7. თავდებისათვის სესხის ხელშეკრულების ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლიანობა სსკ-ის 895-ე (თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა) და 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) მუხლების დანაწესიდან გამომდინარეობს.

8. მოცემულ შემთხვევაში, თავდებობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ კასატორმა 15000 დოლარის ფარგლებში ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ფუნქცია იკისრა. 2016 წლის 29 ივნისის კრედიტორის წერილი თავდებისადმი, ცხადყოფს, რომ მოსარჩელემ თავდებს აცნობა ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგები და მას მოსთხოვა, დაეფარა მოვალის მიერ გადასახდელი თანხის ის ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფის საგნის - ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად ვერ დაიფარა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორი ინფორმირებული იყო სსკ-ის 902.1 მუხლის (თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ) შესატყვისად და მისი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, კვალიფიციური შესაგებლის წარუდგენლობის სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ თავდების მიერ წარდგენილი შესაგებელი სარჩელის გამომრიცხველ გარემოებებზე დასაბუთებულ მითითებას არ შეიცავდა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ასეთი ზოგადი შესაგებელი ვერ გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტებს და ვერ უზრუნველყოფს კასატორის იურიდიული ინტერესის შესატყვის სამართლებრივ შედეგს, ვინაიდან, მოპასუხის ძირითად საპროცესო დოკუმენტს შესაგებელი წარმოადგენს და სწორედ შესაგებელში და არა საკასაციო საჩივარში უნდა ემტკიცებინა თავდებს პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის თაობაზე.

9. მოცემულ შემთხვევაში, შესაგებელში თავდებს არათუ კრედიტორის მიერ შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ ზიანსა და მის ოდენობაზე არ მიუთითებია, არამედ თავად ამ ვალდებულების დარღვევაზეც არაფერი უთქვამს. პალატის განსჯით, იმ პირობებში, როცა მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა როგორც ძირითადი მოვალის, ასევე - თავდების გაფრთხილების თაობაზე და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც დაურთო საქმეს, შესაგებელში მხოლოდ იმის აღნიშვნა, რომ თავდები არ ეთანხმებოდა ამ გარემოებას, საკმარისი არ იყო. 201.4 ( პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს) მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო, სრულყოფილად აესახა თავისი მოსაზრება, როგორც სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებეთან, ისე ამ გარემოების დასადასტურებლად წარმოდგენილ მტკიცებულებასთან დაკავშირებით. ამ უფლების არასაპატიო მიზეზით განუხორციელებლობით კი, მან ფაქტობრივად დაკარგა სამომავლოდ სარჩელზე შედავების სამართლებრივი შესაძლებლობა.

10. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

11. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

14. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს საკასაციო სამართალწარმოებისათვის გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 504.50 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 504.50 ლარის (საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 17.12.2018), 70% – 353.15 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ჯ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ მ.ჯ–ს (.....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 504.50 ლარის (საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 17.12.2018;) 70% – 353.15 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი