Facebook Twitter

№ას-392-2019 27 ნოემბერი, 2020 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სს „თ–ი“

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) – ბ.კ–ძის უფლებამონაცვლეები - გ. და დ. კ–ძეები, გ. ჯ–ი, მ.გ–ძე, გ. ლ–ძე, ზ.ც–ლი, ლ.გ–ძე, ა.ხ–ი, გ.ხ–ძე, მ.კ–ძე; ო.ყ–ლი, დ. ჯ–ი, ა.წ–ნი, თ.გ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბ.კ–ძის, გ. ჯ–ის, მ.გ–ძის, გ. ლ–ძის, ზ.ც–ლის, ლ.გ–ძის, ა.ხ–ის, გ.ხ–ძის, მ.კ–ძის, ო.ყ–ილის, დ. ჯ–ის, ა.წ–ნისა და თ.გ–ძის (შემდეგში - დასაქმებულები, მოსარჩელეები, აპელანტები) სარჩელი სს „თ–ის“ (შემდეგში - დამსაქმებელი, მოპასუხე, კასატორი) მიმართ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის ის ბრძანებები, რომლითაც მოსარჩელეები სამსახურიდან გათავისუფლდნენ; სასამართლომ მოსარჩელეები აღადგინა სამსახურში; მოპასუხეს დაეკისრა, თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან 2013 წლის 2 აპრილამდე (სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე) პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 5 ნოემბერს და აღსრულებულია.

3. მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვეს 2013 წლის 3 აპრილიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის მოპასუხისათვის დაკისრება. მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი დასაქმებულები იყვნენ მოპასუხე კომპანიაში სხვადასხვა თანამდებობაზე; თითოეული მათგანი კეთილსინდისიერად და ჯეროვნად ასრულებდა მასზე დაკისრებულ შრომით მოვალეობებს. 2012 წლის ზაფხულში, დამსაქმებლის ხელმძღვანელობის ერთი ნაწილის მხრიდან, მოსარჩელეების (და სხვა დასაქმებულების) მიმართ განხორციელდა იძულება, ზეწოლა, მუქარა, მოტყუება, ამ უკანასკნელთა მიერ სამსახურიდან წასვლის შესახებ ადმინისტრაციის მიერ მომზადებული ფორმულარით შესრულებულ განცხადებებზე ხელმოწერის მიზნით. რთულ ვითარებაში მყოფმა მოსარჩელეებმა ხელი მოაწერეს განცხადებას სამსახურიდან წასვლის შესახებ, რაც მოპასუხე კომპანიამ საფუძვლად დაუდო მათთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას. მოსარჩელეებმა შრომითი უფლებების აღდგენის მოთხოვნით სარჩელი შეიტანეს სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელეების გათავისუფლების შესახებ მოპასუხის მიერ მიღებული ბრძანებები, მოსარჩელეები აღდგენილ იქნენ სამსახურში და თითოეული მათგანის სასარგებლოდ, მოპასუხეს დაეკისრა, მათი გათავისუფლების დღიდან 2013 წლის 2 აპრილამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. ზიანის სრულად ანაზღაურების მიზნით, ისინი მოითხოვენ სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარდგენილ შესაგებელში აღნიშნა, რომ მოსარჩელეების მიერ 2013 წლის 3 აპრილს აღძრული სარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. ამ მოთხოვნის თაობაზე სასამართლოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება 2013 წლის 26 ნოემბერს, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული. მოსარჩელეები განსახილველი სარჩელით კვლავ იმავე საგანზე დავობენ, რაც კანონშეუსაბამოა. მათ შეეძლოთ, განსახილველ სარჩელში მითითებული პერიოდის იძულებითი განაცდურის შესახებ მოთხოვნა დაეყენებინათ 2013 წლის 3 აპრილს აღძრულ სარჩელში ან სარჩელის აღძვრის შემდგომაც, მაგალითად, საქმის მომზადების პერიოდში, რაც მათ არ გაუკეთებიათ. მოპასუხის მოსაზრებით, ზემოხსენებულ გარემოებათა გამო, სარჩელზე საქმის წარმოება უნდა შეწყვეტილიყო.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეთა მიერ, 2013 წელს აღძრული ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნა - იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ და განსახილველი სარჩელი იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ ერთი და იგივე მოთხოვნა იყო, იმავე საფუძვლით. შესაბამისად, განსახილველი სარჩელი წინა სარჩელისგან (სასარჩელო მოთხოვნისგან) მხოლოდ იძულებითი განაცდურის დროის მონაკვეთით განსხვავდებოდა, რაც დაუშვებელი იყო და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

6. ზემოხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაეკისრა 2013 წლის 2 აპრილიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოსარჩელეთა სასარგებლოდ მათი ყოველთვიური ხელფასის შესაბამისად.

8. სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დაასკვნა, რომ დამსაქმებელმა დასაქმებულთან არაკანონიერად შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა 2012 წელს. პალატამ განმარტა, რომ 2013 წელს აღძრული ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ და 2014 წლის დეკემბერში აღძრული სარჩელი იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო ერთი და იგივე სარჩელად, რადგან იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის პერიოდი განსხვავებული იყო.

9. პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ საქმეზე განსხვავებული იყო მოთხოვნის საფუძველიც, რამდენადაც მოსარჩელე დავის საფუძვლად მიუთითებდა 2013 წლის 26 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებას. ამასთან, სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე სადავო არ იყო სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი. შესაბამისად, პალატის შეფასებით, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა:

- სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სსსკ-ის მე-3 და 272-ე მუხლები (არ შეწყვიტა სარჩელზე საქმის წარმოება); ამასთან, არასწორად განმარტა სსსკ-ის 266-ე მუხლი;

- პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის (Nას-268-255-2016 გადაწყვეტილება) შესაბამისად სარჩელი არ დააკმაყოფილა. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ განსხვავებულად განმარტა, სსსკ-ის 266-ე მუხლი და მიუთითა, რომ მოსარჩელეებს უარი არ უთქვამთ სარჩელის აღძვრიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდზე იძულებითი განაცდურის ანაზრაურების მოთხოვნის უფლებაზე;

- მოსარჩელეებმა, შესაბამისი საფუძვლების არსებობის გარეშე, ფაქტობრივად მოითხოვეს საქმისწარმოების განახლება დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, მაშინ როდესაც წინა სარჩელისაგან განსხვავება მხოლოდ ასანაზღაურებელი თანხის დროის მონაკვეთშია და აღნიშნულ დროის მონაკვეთზე სასარჩელო მოთხოვნის განვრცობა სრულიად თავისუფლად იყო შესაძლებელი წინა სასარჩელო წარმოების დროსაც. ამასთან, იმ ვალდებულების შესრულება რასაც მოსარჩელეები მოითხოვენ დამსაქმებლისაგან, არ წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. თუ 2013 და 2014 წელს აღძრულ სარჩელებში სასარჩელო მოთხოვნას (დავის საგანს) წარმოადგენს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და მათში სხვაობა მხოლოდ ასანაზღაურებელი თანხის დროის მონაკვეთშია, ცხადია, რომ ორივე მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და, შესაბამისად, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების (მეორადი) მოთხოვნის დაკმაყოფილება გამომდინარეობს და მთლიანადაა დამოკიდებული გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობაზე, ხოლო უარი ძირითადი მოთხოვნის (გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა) დაკმაყოფილებაზე, გამორიცხავს მეორადი (თანმდევი) მოთხოვნის დაკმაყოფილებას იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე. გამომდინარე აღნიშნულიდან, როგორც დავის საგანი, ისე მისი საფუძველი ორივე სარჩელში სრულიად იდენტურია და მითითება იმის თაობაზე, რომ თითქოს 2014 წლის დეკემბერში აღძრული სარჩელის საფუძველს წარმოადგენს 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება სრულიად უსაფუძვლოა;

- სშკ-ის 32-ე მუხლით გარანტირებულ უფლების რეალიზება დამოკიდებულია თვითონ დასაქმებულზე და ავტომატურად დასაქმებულის მხრიდან შესაბამისი მოთხოვნის არსებობის გარეშე მისი დაკმაყოფილება გამორიცხულია. სააპელაციო სასამართლომ ისე მიუთითა ამ ნორმაზე, რომ არ დაუსაბუთებია, რამდენჯერ შეუძლია მხარეს პროცესუალური თვალსაზრისით (სშკ-ის 32-ე მუხლიდან გამომდინარე) მიმართოს სასამართლოს ერთიდაიმავე საკითხზე, მითუმეტეს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პერიოდი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, თავის მხრივ, საკმაოდ ვრცელია და მოსარჩელის მიერ შეიძლება დაიყოს კიდევ რამდენიმე პერიოდად (მაგალითისთვის: შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან - სარჩელის აღძვრამდე, სარჩელის აღძვრიდან - სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, გადაწყვეტილების გამოტანიდან მის კანონიერ ძალაში შესვლამდე და კანონიერ ძალაში შესვლიდან მის აღსრულებამდე). ძირითად მოთხოვნასთან ერთად (გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა), განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან სარჩელის აღძვრამდე, უნდა განიმარტოს როგორც დარჩენილ პერიოდზე - სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმად და არა პირიქით.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამავე სასამართლოს 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინებით კი, გ. და დ. კ–ძეების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და გ. და დ. კ–ძეები ცნობილ იქნენ მოსარჩელის - ბ.კ–ძის უფლებამონაცვლეებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მოცემულ სარჩელზე საქმისწარმოება უნდა შეწყდეს.

12. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 266-ე მუხლზე, რომელიც გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს ართმევს უფლებას, ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, სარჩელზე საქმისწარმოების შეწყვეტა დასაშვებია, თუ: ა) არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება; ბ) გადაწყვეტილება ეხება იმავე მხარეებს შორის არსებულ დავას, სადაც იგივეა როგორც დავის საგანი (სასარჩელო მოთხოვნა), ასევე საფუძვლები (ფაქტობრივი გარემოებები).

13. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა სასამართლოში სარჩელი აღძრეს მოპასუხის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვეს სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. მოსარჩელეები იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას მოითხოვდნენ სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლოში სარჩელის შეტანის დღემდე - 2013 წლის 2 აპრილამდე. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილება აღსრულდა კიდეც. ამჟამად, მოსარჩელეები მოითხოვენ იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას 2013 წლის 3 აპრილიდან სამსახურში აღდგენამდე, ანუ გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ამდენად, ორივე შემთხვევაში სარჩელის საგანი იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაა, განსხვავებულია მხოლოდ მოთხოვნის პერიოდი. აქედან გამომდინარე, შესაფასებელია, ზემოხსენებულ სარჩელთა დავის საგანი ერთი და იგივეა თუ არა.

14. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოთხოვნათა იგივეობა მატერიალური სამართლის საკითხია და არა - საპროცესო სამართლის. მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა წარმოადგენს სამართლის ნორმით/ნორმებით უზრუნველყოფილ პირის უფლებას კონკრეტული მოვალისაგან მოითხოვოს შესრულება, ასევე მოქმედებისაგან თავის შეკავება (სსკ-ის 316.1 მუხლი). ამ უფლების ძალით კრედიტორს (მოსარჩელეს), კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, კონკრეტული მიზნის მისაღწევად, მხოლოდ ერთხელ შეუძლია აღძრას სარჩელი (შდრ: იხ. სუსგ, Nას-268-255-2016).

15. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება საქართველოს შრომის კოდექსიდან გამომდინარე დასაქმებულის უფლებაა. ეს უფლება რეალიზდება იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო უკანონოდ ცნობს დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებას და მას სამუშაოზე აღადგენს. ამასთან, დასაქმებულს იძულებითი განაცდური აუნაზღაურდება სრულად, იძულებითი მოცდენის მთელი პერიოდისათვის. ამდენად, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა მატერიალურსამართლებრივად ერთიანი (განუყოფადი) მოთხოვნაა. შესაბამისად, მატერიალურსამართლებრივად დაუშვებელია ამ მოთხოვნის ხელოვნურად დაყოფა (დანაწევრება) იძულებითი მოცდენის სხვადასხვა პერიოდებად, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესუალურსამართლებრივადაც დაუშვებელია რამდენიმე სარჩელის წარდგენა იძულებითი მოცდენის სხვადასხვა პერიოდზე.

16. როგორც ითქვა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება დასაქმებულს აქვს შრომითი ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტის მომენტიდან სამუშაოზე აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ამასთან, სსსკ-ის 3.1 მუხლით (მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ) განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, დასაქმებული თავად წყვეტს, თუ იძულებითი მოცდენის რა პერიოდზე მოითხოვოს განაცდურის ანაზღაურება. მთავარი აქ ისაა, რომ ამ მოთხოვნას, როგორც ერთიანს, დასაქმებული ვერ დაანაწევრებს რამდენიმე მოთხოვნად. ამასთან, მისი გადასაწყვეტია, ერთი სარჩელის ფარგლებში, იძულებით განაცდურს სრულად მოითხოვს, თუ ნაწილობრივ. თუ დასაქმებული ნაწილობრივ ანაზღაურებას მოითხოვს, ესეც ერთიანი მოთხოვნის განკარგვად უნდა განვიხილოთ, რაც გამორიცხავს დამატებით ახალი სარჩელის შეტანის შესაძლებლობას.

17. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა თავად განსაზღვრეს დავის საგნის ფარგლები და იძულებითი განაცდურის მოთხოვნა შემოსაზღვრეს სარჩელის აღძვრამდე პერიოდით. ამდენად, მოსარჩელეებს თავდაპირველი სარჩელით შეეძლოთ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოეთხოვათ, რაც არ გააკეთეს. შესაბამისად, მათ დაკარგეს იძულებითი განაცდურის დარჩენილი ნაწილის მოთხოვნის უფლება, რადგან, როგორც ითქვა, მოსარჩელეებს მხოლოდ ერთხელ შეეძლოთ მოეთხოვათ იძულებითი განაცდური მოცდენის მთელ პერიოდზე.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რაკი ორივე შემთხვევაში მოსარჩელეთა მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ორივე სარჩელის დავის საგანი ერთიდაიგივეა, მიუხედავად იმისა, თუ იძულებითი მოცდენის რომელ პერიოდს ეხება მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დასაქმებულისათვის უნდა მიგვეცა უფლება, თავისი მიხედულებით, სხვადასხვა ეპიზოდებად (თუნდაც უსასრულოდ) დაეყო ერთიანი მოთხოვნა და თითოეულ ეპიზოდზე ახალ-ახალი სარჩელით მიემართა სასამართლოსათვის. ეს ეწინააღმდეგება არა მარტო იძულებითი განაცდურის ანაზღაურების, როგორც ერთი მთლიანი და განუყოფადი მატერიალურსამართლებრივი მოთხოვნის შინაარსს, არამედ საპროცესო ეკონომიის პრინციპსაც, რაც დაუშვებელია.

19. პალატა მიიჩნევს, რომ ერთიდაიგივეა ასევე ორივე სარჩელის საფუძველი. კერძოდ, როგორც წინა, ისე ახლანდელი სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელეები დასაქმებული იყვნენ მოპასუხე საწარმოში სხვადასხვა თანამდებობებზე; მხარეთა შორის არსებობდა განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულებები; მოსარჩელეები კეთილსინდისიერად და ჯეროვნად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ შრომით მოვალეობებს; მოპასუხემ, იძულების გამოყენებით, მოსარჩელეები გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე, შესაბამისად, ეს ბრძანებები ბათილია; სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებით, დასაქმებულებს წაერთვათ შრომის ანაზღაურების მიღების უფლება, რასაც მიიღებდნენ შრომითი ურთიერთობა უკანონოდ რომ არ შეწყვეტილიყო.

20. არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ ახალი სასარჩელო მოთხოვნის საფუძველი 26.11.2013 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებაა. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის საფუძველია არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, არამედ ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები, რაც მოსარჩელეს თავდაპირველ სარჩელშიც ჰქონდა მითითებული. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ამ ფაქტებს დამტკიცება აღარ სჭირდება (პრეიუდიციულია). სააპელაციო სასამართლომ სწორედ ეს ფაქტები მიიჩნია პრეიუდიციულად, რაც იმას ადასტურებს, რომ წარმოდგენილი ფაქტები არ არის ახალი და წინა დავაშიც სარჩელი ამ ფაქტებს ეფუძნებოდა. შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ამ ფაქტებს „ახალ“ ფაქტებად კი არ აქცევს, არამედ მხოლოდ პრეიუდიციულობას ანიჭებს მათ. ამდენად, ის გარემოება, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სადავო ფაქტები დადგენილად მიიჩნევა, არ ცვლის იმ სამართლებრივ სურათს, რომ მოსარჩელე ორივე შემთხვევაში ერთსადაიმავე ფაქტებს აფუძნებს თავის მოთხოვნას იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებმა ხელახლა წარადგინეს იგივე სარჩელი იგივე საფუძვლით, რაც ამ სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის წინაპირობაა. ამ სარჩელის განხილვის დაშვება ნიშნავს, არა მარტო ერთი მოთხოვნის არაბუნებრივ დანაწევრებას, არამედ პროცესის დუბლირებასაც, რაც შეუთავსებელია კანონიერი ძალის ინსტიტუტის მიზნებთან - შექმნას სამართლებრივი სტაბილურობა, სამართლებრივი განსაზღვრულობა და მხარეთა ნდობა, რომ „დავა გადაწყვეტილია“. როგორც საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა „სსსკ-ის 272-ე მუხლში გამოხატული კანონმდებლის ნება სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვეციით დადგენილ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას. მართალია, სსსკ-ის მე-2 მუხლი განამტკიცებს ზოგად პრინციპს, რომლის მიხედვითაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. თუმცა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. სწორედ სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვას აწესებს ამავე კოდექსის 272-ე მუხლი ისეთი გარემოებების არსებობისას, როდესაც მხარემ ერთხელ უკვე ისარგებლა ამ უფლებით და სასამართლომ არსბითად გადაწყვიტა დავა. შესაბამისად, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით საქმის კვლავ განხილვა საფრთხეს შეუქმნიდა სასამართლო გადაწყვეტილებათა სავალდებულო ძალას და სამოქალაქო უფლებათა სტაბილურობას (შდრ: სუსგ, №ას-123-117-2013, 13.05.2013 წელი).

22. კასატორის მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებით, რაკი მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია თბილისის საქალაქო სასამართლოს 18.10.2016 წლის საოქმო განჩინება საქმისწარმოების შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ, საკასაციო სასამართლო აღარაა უფლებამოსილი შეწყვიტოს ამ საქმეზე წარმოება. საკასაციო პალატა მოსარჩელის ამ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს. კერძოდ, საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი სამართლის საკითხია და, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლო ვალდებულია, შეწყვიტოს საქმის წარმოება, თუნდაც მხარეები ამას არ მოითხოვდნენ. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, მოითხოვდა თუ არა მოპასუხე საქმის წარმოების შეწყვეტას ან ასაჩივრებს თუ არა ეს უკანასკნელი საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ განჩინებას, საკასაციო სასამართლოს არ ერთმევა უფლება, ამ საქმეზე შეწყვიტოს წარმოება, რადგან არსებობს სსსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული საქმისწარმოების შეწყვეტის საფუძველი. ამასთან, მოსარჩელის ზემოხსენებული მოსაზრება გასაზიარებელიც რომ იყოს, მოცემულ საქმეზე სამართლებრივ სურათს ვერ შეცვლის, რადგან, როგორც ითქვა, მოსარჩელეს ახალი სარჩელის წარდგენის უფლება არ ჰქონდა, ამიტომ საქმის წარმოების არშეწყვეტის შემთხვევაშიც, მისი სარჩელი ვერ დაკმაყოფილდება.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც სსსკ-ის 394.„ე“ მუხლის მიხედვით, ამ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. ამასთან, რაკი არსებობს სსსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული საქმისწარმოების შეწყვეტის საფუძველი, მითითებული ნორმისა და სსსკ-ის 187.2 მუხლის (თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს) მიხედვით, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, შეწყვიტოს საქმის წარმოება სარჩელზე. კერძოდ, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება; საქმისწარმოება უნდა შეწყდეს ბ.კ–ძის უფლებამონაცვლეების - გ. და დ. კ–ძეების, გ. ჯ–ის, მ.გ–ძის, გ. ლ–ძის, ზ.ც–ლის, ლ.გ–ძის, ა.ხ–ის, გ.ხ–ძის, მ.კ–ძის, ო.ყ–ილის, დ. ჯ–ის, ა.წ–ნისა და თ.გ–ძის სარჩელზე სს „თ–ის“ მიმართ, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე; მხარეებს უნდა განემარტოთ, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის გამო დავაზე იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 187-ე, 272-ე, 273-ე, 264.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შეწყდეს საქმისწარმოება ბ.კ–ძის უფლებამონაცვლეების - გ. და დ. კ–ძეების, გ. ჯ–ის, მ.გ–ძის, გ. ლ–ძის, ზ.ც–ლის, ლ.გ–ძის, ა.ხ–ის, გ.ხ–ძის, მ.კ–ძის, ო.ყ–ილის, დ. ჯ–ის, ა.წ–ნისა და თ.გ–ძის სარჩელზე სს „თ–ის“ მიმართ, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის გამო დავაზე იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დაუშვებელია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი