საქმე №ას-150-2019 8 ივნისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ვ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ბ.მ–ი, ნ.მ–ი, ნ.ბ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2012 წლის 24 აგვისტოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ 2012 წლის 7 აგვისტოდან თბილისში, .... მდებარე უძრავი ქონება, რეგისტრირებული საკადასტრო კოდით ....... (შემდგომში - „უძრავი ქონება“ ან „ბინა“), ირიცხებოდა მ.ვ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) საკუთრებაში. უძრავი ქონება დატვირთული იყო იპოთეკით.
2. 2014 წლის 18 იანვრის სააღსრულებო ბიუროს განკარგულებით დგინდება, რომ 2014 წლის 10 იანვარს გამართულ აუქციონზე ბ.მ–ი (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“) გახდა უძრავი ქონების მესაკუთრე.
3. 2014 წლის 1 თებერვალს შედგენილი №354332 აქტის მიხედვით, მესაკუთრის - პირველი მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მიერ მოსარჩელე გაფრთხილებული იქნა უძრავი ქონების ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ.
4. 2014 წლის 1 ივლისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა პირველი მოპასუხის სარჩელი და მოსარჩელეს პირველი მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 2304 აშშ დოლარის გადახდა. 2014 წლის 19 აგვისტოს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
5. 2014 წლის 24 სექტემბრის სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ ოქმის თანახმად, აღნიშნულ ბინაში მყოფმა მოსარჩელემ მოითხოვა, რომ ბინაში დარჩენილ ნივთებს ერთ თვეში გაიტანდა, ხოლო კრედიტორმა - პირველმა მოპასუხემ თანხმობა განაცხადა, რის შემდგომაც აღწერილი ნივთები შესანახად პირველ მოპასუხეს ჩაბარდა. ამავე აქტით დგინდება, რომ მოსარჩელემ პირველ მოპასუხეს ბინა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩააბარა.
6. 2014 წლის 27 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2014 წლის 19 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შეადგინა ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი, რომლის შედგენასაც ესწრებოდნენ პირველი მოპასუხე და ნ.მ–ი (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“). აღწერილი და ყადაღადადებული ქონების საერთო ღირებულება განისაზღვრა 555 ლარით.
7. 2014 წლის 29 დეკემბრის აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულებით დგინდება, რომ 2014 წლის 22 დეკემბერს გამართულ აუქციონზე მოვალის (მოსარჩელის) საკუთრებაში რიცხული მოძრავი ქონება პირველმა მოპასუხემ შეიძინა 68,50 ლარად.
8. 2015 წლის 19 აპრილს პირველმა მოპასუხემ მის საკუთრებაში არსებული, აუქციონზე შეძენილი ნივთები, უსასყიდლოდ გადასცა მოსარჩელეს.
9. 2014 წლის 24 დეკემბრიდან უძრავი ქონების მესაკუთრედ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ირიცხება ნ.ბ–ძე (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“).
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მაისის განაჩენით მესამე მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ბინაში უკანონოდ შესვლის გამო მოსარჩელე ცნობილ იქნა დამნაშავედ.
11. 2017 წლის 6 ნოემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში პირველი, მეორე და მესამე მოპასუხეების (შემდგომში ერთობლივად - „მოპასუხეები“) მიმართ და მოითხოვა:
11.1. მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაზიანებული და განადგურებული მოძრავი ნივთების საფასურის ასანაზღაურებლად 3000 ლარის გადახდის დაკისრება;
11.2. მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნით 100 000 ლარის გადახდის დაკისრება.
12. მოსარჩელის განმარტებით:
12.1. მოპასუხეები მოსარჩელეზე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას. მოსარჩელემ რამდენჯერმე მიმართა პოლიციას მათი მხრიდან მუქარის, შანტაჟისა და ზეწოლის გამო, ადგილი ჰქონდა ლანძღვა-გინებას, შეურაცხყოფის მიყენებას, ფიზიკურ შეხებას. მათი ამგვარი ქმედებების გამო მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა, რაც დაფიქსირებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებისა და სტაციონარული დაწესებულებების მიერ გაცემულ სამედიცინო ცნობებში;
12.2. მოპასუხეებმა, გარდა იმისა, რომ მოსარჩელეს წაართვეს ერთადერთი საცხოვრებელი ბინა, ასევე გამოაძევეს ამ ბინიდან, გაუნადგურეს და დაუზიანეს მოძრავი ნივთები, ნაწილი აუქციონზე გაუყიდეს, რისი უფლებაც მათ არ ჰქონდათ. მათ დაუმტვრიეს ავეჯი, ჭურჭელი, გაზქურა, ტელევიზორი და სხვა წვრილმანი საჭირო ნივთები. აღნიშნული ნივთები მათ წაიღეს აგარაკზე, შეყარეს სარდაფში და სამი თვის შემდეგ ნახევარი დაუბრუნეს განადგურებულ მდგომარეობაში;
12.3. სასარჩელო მოთხოვნაში დაფიქსირებული თანხა - 3000 ლარი არის მინიმალური თანხა. მათ მოსარჩელეს პირადი ნივთებიც არ გაატანეს ბინიდან. აღნიშნული თანხა არის მოპასუხეთა მიერ განადგურებული და დაზიანებული ნივთების მინიმალური ღირებულება, რომელიც განსაზღვრულია მეორადი მოხმარების ნივთების ღირებულების მიხედვით.
13. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს.
14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
16. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-10 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
17. სააპელაციო პალატის მითითებით, სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და განმარტა, რომ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა მიმართულია მხოლოდ პირველი მოპასუხის მიმართ, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურებას იგი სამივე მოპასუხისაგან ითხოვს (იხ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის სხდომის ოქმი).
18. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო პრეტენზია და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ მატერიალური ან/და მორალური ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა.
19. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 992-ე მუხლით და მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა მატერიალური ზიანის დაკისრების წინაპირობების არსებობა. მოსარჩელემ ვერ მიუთითა, პირველი მოპასუხის მხრიდან რა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენამ განაპირობა მოსარჩელისათვის 3000 ლარის ოდენობით ზიანის მიყენება. პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის განცხადება, რომ პირველმა მოპასუხემ მას მოძრავი ნივთების ნაწილი გაუნადგურა, ხოლო ნაწილი აუქციონზე გაუყიდა, რომლის უფლებაც მას არ გააჩნდა. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2014 წლის 27 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2014 წლის 19 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოხდა მოსარჩელის მოძრავი ნივთების აღწერა და დაყადაღება, ხოლო 2014 წლის 22 დეკემბერს გამართულ აუქციონზე მოვალის (მოსარჩელის) საკუთრებაში რიცხული მოძრავი ქონება გასხვისდა და იგი შეიძინა პირველმა მოპასუხემ. მოძრავი ნივთების დაყადაღების აქტი და აუქციონზე რეალიზაციის შესახებ განკარგულება მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია და ძალაშია. მოსარჩელემ ვერ მიუთითა, თუ რაში გამოიხატებოდა პირველი მოპასუხის მოქმედების მართლწინააღმდეგობა, რაც დელიქტური ვალდებულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის აუცილებელი წინაპირობაა.
20. რაც შეეხება მორალური ზიანის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნას, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 413-ე მუხლით, სსსკ-ის 102.1 მუხლით და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, გარდა მოსარჩელის ახსნა-განმარტებისა, არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება, რაც მოპასუხეების მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ მუქარისა და შეურაცხყოფის ფაქტებს დაადასტურებდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნევდა მოსარჩელის მიმართ მორალური ზიანის არსებობის ფაქტს, აღნიშნული არ იქნებოდა საკმარისი საფუძველი ზიანის მოთხოვნისთვის, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მორალური ზიანის იურიდიული შემადგენლობისათვის ისეთი აუცილებელი წინაპირობის არსებობა, როგორიც არის მიზეზობრივი კავშირი მოპასუხეთა ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო სსკ-ის 413-ე მუხლით გათვალისწინებული ფაქტობრივი და იურიდიული შემადგენლობა, რაც მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
21. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
22. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
22.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. სასამართლომ არ იმსჯელა იმ გამოუსწორებელ ზიანზე, რომელიც კასატორს მიადგა. განსახილველ შემთხვევაზე ვრცელდებოდა სსკ-ის 413-ე მუხლი არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ. საცხოვრებელი სახლის დაკარგვასთან დაკავშირებული ფსიქოემოციური სტრესი და ისეთი უარყოფითი ფაქტორები, როგორიცაა უბინაობა, გაუთვალისწინებელი ვალები და ამ ფაქტორებით გამოწვეული ჯანმრთელობის გაუარესება, წარმოადგენს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონით გათვალისწინებულ საფუძველს;
22.2. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა ის გარემოება, რომ მოსარჩელე დაზარალებულია. მოპასუხეებმა, გარდა იმისა, რომ მოსარჩელეს წაართვეს საცხოვრებელი ბინა და გააძევეს ამ ბინიდან, ასევე გაუნადგურეს და დაუზიანეს მოძრავი ნივთები. ნივთების ნაწილი გაყიდეს აუქციონზე, რისი უფლებაც მათ არ ჰქონდათ. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაზე არ ვრცელდებოდა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. ამასთან, მატერიალური ზიანის ნაწილში არ არის გათვალისწინებული ყველა ის აუცილებელი ფაქტობრივი გარემოება, რომლებიც ქმნიან მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს;
22.3. სააპელაციო სასამართლოს განჩინებიდან არ იკვეთება ის ფაქტები, რომ მოსარჩელე დახმარებისათვის მიმართავდა ადმინისტრაციულ ორგანოებს. მოპასუხეები მასზე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, მათი ქმედებების გამო მოსარჩელისა და მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან გაუარესდა. მოპასუხეების მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ მუქარამ და შეურაცხყოფის ფაქტებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა მის ჯანმრთელობაზე, რაც დაფიქსირებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟისა და სტაციონალური დაწესებულების მიერ გაცემულ სამედიცინო ცნობებში. ამ შემთხვევაში სასამართლომ უნდა გაარკვიოს როგორც ფსიქოსტრესული სიტუაციის გამომწვევი მიზეზი, ასევე - ის ქონებრივი ზიანი, რაც უნდა აანაზღაუროს მოწინააღმდეგე მხარემ;
22.4. იმ შემთხვევაში, როდესაც სოციალურად დაუცველის სტატუსსა და უსახსრობაზე მითითება წარმოადგენს ქონებრივი დანაკლისის (ზიანის) მოთხოვნის საფუძველს, სასამართლოს უნდა გაერკვია და დაედგინა ფაქტობრივი გარემოებები მოსარჩელის მიერ სადავო პერიოდში მიღებულ ზიანზე. რამდენად წარმოადგენს ეს უკანასკნელი უბინაობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგად გამოწვეული ზიანის უშუალო შედეგს. საკასაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ამ ნაწილში სადავო ურთიერთობის განხილვისას სსკ-ის 413-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენების მიზანშეწონილობაზე.
23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
24. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
25. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
27. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი]. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
28. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კასატორი ვერ უთითებს სააპელაციო პალატის მიერ დაშვებულ ისეთ პროცესუალურ დარღვევებზე, რასაც შეეძლო გამოეწვია ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება-დადგენა. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ მოსარჩელის მიმართ მატერიალური ან/და მორალური ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.
29. მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 992-ე [პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი], 408.1 [იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება], 409-ე [თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება] და 413-ე [1. არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. 2. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.] მუხლები.
30. სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა („გენერალური დელიქტი“). „გენერალური დელიქტის“ ერთ-ერთი მთავარი პირობა მოვალის მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა. თუკი ასეთი ქმედება არ არსებობს, მაშინ დელიქტის შემადგენლობის სხვა წინაპირობების შემოწმება ზედმეტია. მართლსაწინააღმდეგო მოქმედება არამართლზომიერი მოქმედებაა. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. არის თუ არა მოქმედება მართლსაწინააღმდეგო, ეს საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეამოწმოს სასამართლომ. მოქმედება შეიძლება ჩაითვალოს მართლსაწინააღმდეგოდ, თუ: ა. იგი ობიექტურად მიმართულია რომელიმე კანონისმიერი ამკრძალავი ნორმის წინააღმდეგ; ბ. თუ მოქმედება არღვევს სხვა ვალდებულებებს, მათ შორის, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს; გ. თუ მოქმედება არღვევს საგანგებოდ დაცულ უფლებებს (სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების, პირად უფლებებს) (იხ. სუსგ №ას-506-480-2015, 29 ივლისი, 2016 წელი).
31. დადგენილია, რომ 2014 წლის 27 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2014 წლის 19 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შეადგინა ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი, ხოლო 2014 წლის 29 დეკემბრის აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულებით დგინდება, რომ 2014 წლის 22 დეკემბერს გამართულ აუქციონზე მოვალის (მოსარჩელის) საკუთრებაში რიცხული მოძრავი ქონება პირველმა მოპასუხემ შეიძინა 68,50 ლარად.
32. ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ პირველმა მოპასუხემ მას მოძრავი ნივთები გაუნადგურა და დაუზიანა, ნივთების ნაწილი კი აუქციონზე გაუყიდა, უსაფუძვლოა. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის პირველი მოპასუხის ქმედების მართლწინააღმდეგობა, რაც მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას გამორიცხავს.
33. რაც შეეხება არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, აღნიშნულ ნაწილშიც საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს დასაშვებობის წინაპირობებს.
34. კასატორი არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებებზე, რომ მოპასუხეები მასზე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, მათი ქმედებების გამო მოსარჩელისა და მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან გაუარესდა. მოპასუხეების მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ მუქარამ და შეურაცხყოფის ფაქტებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა მის ჯანმრთელობაზე, რაც დაფიქსირებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟისა და სტაციონალური დაწესებულების მიერ გაცემულ სამედიცინო ცნობებში.
35. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ, გარდა მოსარჩელის ახსნა-განმარტებისა, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რაც მოპასუხეების მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ მუქარისა და შეურაცხყოფის ფაქტებს დაადასტურებდა. ამასთან, სახეზე არ არის არც სსკ-ის 413-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგის განმაპირობებელი ისეთი გარემოებები, როგორიცაა სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი და მიზეზობრივი კავშირი მოპასუხეთა ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.
36. რაც შეეხება კასატორის მითითებას საცხოვრებელი სახლის დაკარგვასთან დაკავშირებულ ფსიქოემოციურ სტრესსა და ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა უბინაობა, გაუთვალისწინებელი ვალები და ამ ფაქტორებით გამოწვეული ჯანმრთელობის გაუარესება, აღნიშნული არ წარმოადგენს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონით გათვალისწინებულ საფუძველს. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 413-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით მიუთითებს ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის თანახმად: კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება განპირობებულია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ე.ი კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება დაზარალებულმა მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. ამდენად, კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი. სამართლის მიერ დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფის შედეგად დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება, წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა, კერძოდ, განსახილველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. აღნიშნული ნორმით დადგენილი შედეგის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგად დაზარალებულმა, ასევე განიცადა სულიერი ტანჯვა, ფსიქიკური სტრესი. სხეულის დაზიანებაში ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებაში იგულისხმება ისეთი ზემოქმედება, რომელიც ხელყოფს ადამიანის სხეულს ან ადამიანის ორგანიზმის შინაგან პროცესებს. განსახილველი ნორმის მიზნებიდან გამომდინარე, არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება გათვალისწინებულია ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული სულიერი, ფსიქიკური ტანჯვის გამო, და არა - ქონებრივი ზიანის გამო სულიერი ტანჯვით გამოწვეული ჯანმრთელობის მოშლის შემთხვევებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ნორმის მოქმედება შეიძლება გავრცელდეს ნებისმიერ ქონებრივი ვალდებულების დარღვევისას განცდილი სულიერი ტანჯვის შედეგად ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესებაზე. მაგალითად, ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად და ა.შ., რაც ყოვლად დაუშვებელია [იხ. სუსგ №ას-1156-1176-2011, 20 იანვარი, 2012 წელი].
37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
38. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.ვ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. მ.ვ–ძე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე