საქმე №ას-752-752-2018 18 მარტი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – დ. მ–ძე, მ. მ–ძე, ე. მ–ძე, მ. მ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.ო.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს ,,მ.ო.ბ–სა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კრედიტორი“) და დ. მ–ძეს (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“, „მსესხებელი“ ან „პირველი კასატორი“) შორის 2014 წლის 04 დეკემბერს დაიდო N1-143 საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა საკრედიტო ხაზის ლიმიტი 20 000 აშშ დოლარის ოდენობით.
2. მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 2014 წლის 04 დეკემბერს დაიდო N796 სესხის ხელშეკრულება (შემდგომში - „სესხის ხელშეკრულება“), რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს სესხის სახით გადასცა 10 000 აშშ დოლარი შემდეგი პირობებით: საპროცენტო სარგებელი -ყოველთვიურად სესხის დარჩენილი ძირი თანხის 2,8%, სესხით სარგებლობის ვადა 60 თვე, სესხის დაფარვის თარიღი 2019 წლის 04 დეკემბერი. ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0,07%-ის ოდენობით.
3. სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2014 წლის 01 დეკემბერს მოსარჩელესა და ე. მ–ძეს (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“ ან „მეორე კასატორი“), მ. მ–ძესა (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“ ან „მესამე კასატორი“) და მ. მ–ძეს (შემდგომში - „მეოთხე მოპასუხე“ ან „მეოთხე კასატორი“) შორის დაიდო N1-143 იპოთეკის ხელშეკრულება (შემდგომში - „იპოთეკის ხელშეკრულება“), რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა აღნიშნული მოპასუხეების კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, დასახლება ...... (ს.კ. .......) (შემდგომში - „იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება“ ან „იპოთეკის საგანი“).
4. იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი მოვალის ვალდებულების დასაფარავად, მოსარჩელე უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს აღსრულების მიქცევა მოვალის კუთვნილ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე დარჩენილი, უკვე არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
5. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ნაწილ-ნაწილ, სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, რაც მოპასუხის მიერ არ იქნა სრულად და ჯეროვნად შესრულებული.
6. პირველი მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ, 2016 წლის 09 დეკემბრის მდგომარეობით, შეადგენს - 37, 141.30 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 20 000 აშშ დოლარი, პროცენტი - 9 682,16 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 7459,14 აშშ დოლარი.
7. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეთა მიმართ და მოითხოვა პირველი მოპასუხისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 37 141,30 აშშ დოლარის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 20 000 აშშ დოლარი, სარგებელი - 9 682,16 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 7459,14 აშშ დოლარი; სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის დაკისრება, ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის - 20 000 აშშ დოლარის 2,8%-ის ოდენობით, 2016 წლის 09 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრება, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის - 20 000 აშშ დოლარის 0,07%-ის ოდენობით, 2016 წლის 09 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; დავალიანების დაფარვის მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ დაფარავს მოსარჩელის მიმართ არსებულ დავალიანებას, მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით, აღსრულების მიქცევა მსესხებლის სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.
8. მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, სესხის ძირითადი თანხის მოთხოვნის ნაწილში.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა: სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 31 682,16 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა არის - 20 000 აშშ დოლარი, სარგებელი - 9 682,16 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 2000 აშშ დოლარი; სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის გადახდა, სესხის ძირი თანხის 2,8%-ის ოდენობით, 2016 წლის 09 დეკემბრიდან 2019 წლის 04 დეკემბრამდე; მოსარჩელის მოთხოვნა პირველი მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის - 20 000 აშშ დოლარის 0,07%-ის ოდენობით, 2016 წლის 09 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე) არ დაკმაყოფილდა; დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, ხოლო, იმ შემთხვევაში თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ დაფარავს მოსარჩელის მიმართ არსებულ დავალიანებას, მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით, დადგინდა აღსრულების მიქცევა პირველი მოპასუხის სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
10. მოპასუხეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივარი. მათ მოითხოვეს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება სარგებლის (ნაწილობრივ), მიუღებელი შემოსავლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება.
12. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
13. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტებს სააპელაციო საჩივრით არ მოუთხოვიათ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უკვე შემცირებული პირგასამტეხლოს შემცირება, არამედ მოითხოვეს პირგასამტეხლოს გაუქმება და მიუთითეს, რომ არ შეიძლებოდა მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეებს პასუხისმგებლობა დაკისრებოდათ იმ ვალდებულების დარღვევისათვის, რომლის არსებობისა და შესრულების შესახებ არც კი იყვნენ ინფორმირებულები. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირველმა მოპასუხემ, რომელიც მოსარჩელის მიერ ინფორმირებული იყო სესხის გადახდასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ, აღნიშნულის თაობაზე არ შეატყობინა მასთან ერთად მცხოვრებ ოჯახის სხვა წევრებს, აპელანტებს ოჯახში გართულებისა და დაძაბულობის თავიდან არიდების მიზნით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელემ შეასრულა იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრეებისათვის შეტყობინების თაობაზე, რის გამოც აპელანტების პრეტენზია უსაფუძვლოდ მიიჩნია.
14. სააპელაციო პალატის განმარტებით, სესხის ხელშეკრულების 5.1.3. პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია კრედიტისა და იპოთეკის ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, სასამართლოში სარჩელის შეტანის დღიდან გადაიხადოს ყოველთვიურად საპროცენტო სარგებელი სესხის ძირი თანხის 2,8%, იგივე შინაარსის დათქმას შეიცავდა იპოთეკის ხელშეკრულება. ამასთან, აპელანტს სადავოდ არ გაუხდია მის მიერ სესხის ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი, შესაბამისად, პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი სესხის ძირი თანხის 2,8%-ის ოდენობით, 2016 წლის 09 დეკემბრიდან 2019 წლის 04 დეკემბრამდე. გარდა ამისა, მოსარჩელე წარმოადგენდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას და მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოგებაზე ორიენტირებულ იურიდიულ პირს. შესაბამისად, აპელანტის მტკიცების ტვირთი იყო დაესაბუთებინა მეწარმე სუბიექტის მიერ აღნიშნულ პერიოდში სესხზე დარიცხული სარგებლის მიღების შეუძლებლობა, რაც მან ვერ შეძლო.
15. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი. მათ მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება 2016 წლის 09 დეკემბრამდე დარიცხული სარგებლის (ნაწილობრივ), მიუღებელი შემოსავლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
16. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
16.1. სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონედ არ მიიჩნია ის ფაქტი, რომ პირველი მოპასუხის გარდა, სხვა მოპასუხეები, რომლებიც არ არიან მსესხებლები, არ იყვნენ ინფორმირებულები ვალდებულების დარღვევის შესახებ;
16.2. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ პირველი მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევისთანავე მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეების მიმართ არ წარდგენილა მოთხოვნა ვალდებულების შესრულების თაობაზე. მათ შეეძლოთ შეესრულებინათ აღნიშნული ვალდებულება, გადაეხადათ სესხის ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი;
16.3. მოსარჩელემ იცოდა პირველი მოპასუხის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, თუმცა, დამატებით გასცა სესხი წინა ვალის დასაფარად ისე, რომ არ შეატყობინა იპოთეკის საგნის მესაკუთრეებს.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
22. მოცემულ შემთხვევაში, კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებიათ.
23. კასატორების პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ისინი არ იყვნენ ინფორმირებულები პირველი მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის შესახებ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს ვალდებულება, მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის შესახებ ეცნობებინა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრეებისათვის.
24. დადგენილია, რომ მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2014 წლის 01 დეკემბერს მოსარჩელესა და მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეებს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა აღნიშნული მოპასუხეების კუთვნილი უძრავი ქონება. შესაბამისად, მათთვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ მსესხებლის მიერ მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, კრედიტორს ჰქონდა უფლება დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის გზით (სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილი). ამასთან, სამოქალაქო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კრედიტორის ვალდებულებას მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის, არაჯეროვანი შესრულების ან/და დავალიანების არსებობის შესახებ აცნობოს იპოთეკის საგნის მესაკუთრეს. ასეთ დათქმას არ შეიცავს არც მხარეთა შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულება.
25. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 292-ე მუხლი ითვალისწინებს უძრავი ნივთის მესაკუთრის უფლებამოსილებას დააკმაყოფილოს კრედიტორი, როცა მოთხოვნის შესრულების ვადა უკვე დამგარია ან როცა პირადი მოვალე უფლებამოსილია შეასრულოს შესაბამისი მოქმედება. ასეთ შემთხვევაში, როცა მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე, მოთხოვნის უფლება გადადის მასზე. შესაბამისად, იპოთეკის საგნის მესაკუთრეები უფლებამოსილები იყვნენ მსესხებლის ნაცვლად შეესრულებინათ ვალდებულება, თუმცა, აღნიშნული არ უნდა განიმარტოს ისე, როგორც ვალდებულების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ისეთ ვითარებაში, როცა კრედიტორს არ შეუტყობინებია იპოთეკის საგნის მესაკუთრისათვის ძირითადი მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შესახებ. აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც სესხის ხელშეკრულების, ისე იპოთეკის ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებას.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორების პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ კრედიტორს არ გააჩნდა ვალდებულება მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის ან/და დავალიანების არსებობის შესახებ ინფორმაცია დამატებით მიეწოდებინა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრეებისათვის, მით უფრო, მოეთხოვა მათგან მსესხებლის ვალდებულების შესრულება.
27. როგორც ზემოთ აღინიშნა, კასატორები სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ასაჩივრებენ 2016 წლის 09 დეკემბრამდე დარიცხული სარგებლის (ნაწილობრივ), მიუღებელი შემოსავლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, თუმცა, მათ არ წარმოუდგენიათ დასაბუთებული საკასაციო შედავება, კერძოდ, გარდა წინამდებარე განჩინების 23-ე პუნქტში მითითებული პრეტენზიისა, ისინი არ მიუთითებენ სხვა გარემოებებზე, რომლებზე დაყრდნობითაც თვლიან, რომ არ არსებობდა სარგებლის (ნაწილობრივ), მიუღებელი შემოსავლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
29. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს საკასაციო საჩივრის ფარგლებს. შესაბამისად, არაკვალიფიციური საკასაციო შედავების პირობებში, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეამოწმოს ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილების მართებულობა.
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორებს არ წარმოუდგენიათ იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
31. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც საკასაციო საჩივრის ავტორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
32. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ. სუსგ №ას-841-805-2014, 23 მარტი, 2015 წელი; №ას-784-784-2018, 13 ივლისი, 2018 წელი; №ას-820-820-2018, 30 ნოემბერი, 2018 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
34. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინების საფუძველზე, კასატორები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დ. მ–ძის, მ. მ–ძის, ე. მ–ძის, მ. მ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. დ. მ–ძე, მ. მ–ძე, ე. მ–ძე, მ. მ–ძე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე