Facebook Twitter

საქმე №ას-501-2021 30 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა(ა)იპ „ს.ს.კ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ (შემდგომში - „მოსარჩელე“) ადმინისტრაციული სარჩელი აღძრა სასამართლოში ა(ა)იპ „ს.ს.კ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „აპელანტი“, „განმცხადებელი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 მარტის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 2 254 ლარის გადახდა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მაისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და აღნიშნა, რომ მის წარმომადგენელს ვ.ს–ძეს (შემდგომში - „მოპასუხის პირველი წარმომადგენელი“) წოლითი რეჟიმი ჰქონდა დანიშნული, ხოლო ვ.ბ–ი (შემდგომში - „მოპასუხის მეორე წარმომადგენელი“) საქართველოში არ იმყოფებოდა, რის გამოც მოპასუხე მხარისთვის შეუძლებელი იყო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 სექტემბრის საოქმო განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და განახლდა საქმისწარმოება.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

10. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა 2021 წლის 24 მარტს 11:00 საათზე დაინიშნა, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოპასუხე სხდომაზე არ გამოცხადდა, ხოლო მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

11. სააპელაციო პალატის მითითებით, მოპასუხის პირველ წარმომადგენელს 2021 წლის 5 მარტს განხორციელებული სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2021 წლის 24 მარტს დანიშნული მთავარი სხდომის შესახებ. შესაბამისად, მხარეს გონივრული დრო ჰქონდა იმისთვის, რომ საქმის განხილვაში უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით ან პირადად მიეღო მონაწილეობა.

12. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხეს არ მიუმართავს სასამართლოსათვის სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობით და არც სასამართლოზე მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია.

13. სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 მარტის განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

14. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

14.1. მოპასუხის პირველი წარმომადგენელი, რომელსაც სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2021 წლის 24 მარტის სხდომის შესახებ, არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლით განსაზღვრული პირი, რომელსაც ეზღუდება წარმომადგენლობითი უფლებამოსილება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში, რამდენადაც არ აქვს ჩაბარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არ არის გაწევრებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში;

14.2. მოპასუხის პირველმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მას 2021 წლის 5 მარტს ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია მოსამართლის თანაშემწესთან და აუხსნა მას ზემოაღნიშნულ პუნქტში მითითებული გარემოება. ამასთან, შეატყობინა, რომ აღნიშნულ საქმეზე წარმომადგენელი იქნებოდა ვ.ბ–ი (მეორე წარმომადგენელი) და დაკავშირებოდნენ მას, რათა მომხდარიყო მხარის სათანადოდ ინფორმირება. შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით სასამართლოს მხრიდან არ მომხდარა მხარის ინფორმირება 2021 წლის 24 მარტის სხდომის თაობაზე, რამდენადაც, ასეთ შემთხვევაში, მოსამართლის თანაშემწეს კომუნიკაცია უნდა ჰქონოდა მოპასუხის მეორე წარმომადგენელთან ან უშუალოდ მოპასუხესთან.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

18. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების შემოწმება წარმოადგენს.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია აპელანტის გამოუცხადებლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წესი, თუმცა კანონის ამ სპეციალური დათქმის პარალელურად, საკითხის რეგულირებისათვის განსაზღვრულია პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მომწესრიგებელი ნორმების გამოყენება.

20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ხოლო 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილია ასევე სარჩელის განუხილველად დატოვების შესაძლებლობა, თუ საქმის განხილვაზე მოსარჩელე არ გამოცხადდება, ხოლო მოპასუხე თანახმაა, რომ სარჩელი დარჩეს განუხილველი.

21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნას სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.

24. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი მიღებული განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით მოითხოვს, რომ იგი 2021 წლის 24 მარტის სასამართლო სხდომის შესახებ არ იყო ინფორმირებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, რამდენადაც მოპასუხის პირველი წარმომადგენელი, რომელსაც სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა ზემოაღნიშნული სხდომის შესახებ, წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლით განსაზღვრულ პირს, რომელსაც ეზღუდება წარმომადგენლობითი უფლებამოსილება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში, ვინაიდან არ აქვს ჩაბარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არ არის გაწევრებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში.

25. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2021 წლის 5 მარტს მოპასუხის პირველ წარმომადგენელს ეცნობა 2021 წლის 24 მარტის სხდომის შესახებ (იხ. ტომი 3, ს.ფ.75).

26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს, ხოლო ამავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლოში მხარეების წარმომადგენლად შეიძლება იყვნენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლები – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე.

27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელსაც არ ჩაუბარებია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არ გაწევრებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალება წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლებისა – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე.

28. ზემოაღნიშნული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, ორგანიზაციის თანამშრომელს, მიუხედავად იმისა, ჩაბარებული აქვს თუ არა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არის თუ არა ადვოკატთა ასოციაციის წევრი, უფლება აქვს ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელოს ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში ამავე ორგანიზაციის საქმეებზე.

29. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.

30. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას მიაქცევს 2019 წლის იანვარში მოპასუხე კომპანიის მიერ ვ.ბ–ისა და ვ.ს–ძის სახელზე განუსაზღვრელი ვადით გაცემულ რწმუნებულებას (იხ. ტ. 2, ს.ფ. 226), რომელშიც აღნიშნულია, რომ ვ.ს–ძე (მოპასუხის პირველი წარმომადგენელი) არის კომპანიის იურისტი. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება და არც კერძო საჩივრის ავტორს წარმოუდგენია ზემოაღნიშნული რწმუნებულების გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, ვინაიდან ვ.ს–ძე (მოპასუხის პირველი წარმომადგენელი) არის მოპასუხე კომპანიის იურისტი, მას, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ჩაბარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არის თუ არა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, უფლება აქვს მოპასუხის ინტერესები წარმოადგინოს ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მის სახელზე გაცემულია მინდობილობა, იგი ითვლება კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენლად ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში და მისთვის 2021 წლის 24 მარტის სასამართლო სხდომის შესახებ ინფომაციის მიწოდება 2021 წლის 5 მარტის სატელეფონო შეტყობინებით ითვლება მოპასუხე კომპანიისათვის სასამართლო სხდომის შესახებ ინფორმაციის მიწოდებად.

31. რაც შეეხება წინამდებარე განჩინების 14.2. პუნქტში მითითებულ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორს არც ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარუდგენია სასამართლოსათვის, მარტოოდენ მხარის ახსნა-განმარტებით კი ამ გარემოებების დადგენილად მიჩნევა შეუძლებელია.

32. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ აპელანტს არ მიუმართავს სასამართლოსათვის სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობით და არც სასამართლოზე მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია.

33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა(ა)იპ „ს.ს.კ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი