Facebook Twitter

საქმე №ა-3503-შ-97-2021 29 ივლისი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი,

ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ.მ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ფ–ი

განჩინება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უკრაინის, კიევის ოლქის, ბელოე ცერკოვის საქალაქო რაიონული სასამართლოს 06.07.2021წ. განჩინება (საქმე N357/7142/21 2-ს/357/125/21)

შუამდგომლობის ავტორის/განმცხადებლის მოთხოვნა – განჩინების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. უკრაინის, კიევის ოლქის, ბელოე ცერკოვის საქალაქო რაიონული სასამართლოს 06.07.2021წ. განჩინებით (საქმე N357/7142/21 2-ს/357/125/21) მ.მ–ის (შემდეგში ტექსტი მოხსენებული, როგორც "მოსარჩელე", "შუამდგომლობის ავტორი" ან განმცხადებელი") განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ: მიღებულ იქნა ზომები სარჩელის უზრუნველსაყოფად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ნ. ს.“ (LLC N. S.) საწესდებო კაპიტალში წილის 100% (ასი პროცენტი) დაყადაღების გზით (საიდენტიფიკაციო ნომერი: ..., იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. ქუთაისი, ქუჩა .....), რომელიც ეკუთვნის ს. ა. ძე ფ–ს (S.F.) (შემდეგში ტექსტი მოხსენებული, როგორც "მოპასუხე"), სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში - 39 230 111.10 გრივნას ოდენობით.

2. შუამდგომლობის ავტორი ითხოვს უკრაინის, კიევის ოლქის, ბელოე ცერკოვის საქალაქო რაიონული სასამართლოს 06.07.2021წ. განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსასრულებლად მიქცევას. მან ასევე მოითხოვა განჩინების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, ყადაღის დადება მოპასუხის 100%-იან წილზე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ნ.ს–ში“. განმარტა, რომ ვალდებულებებისაგან თავის დაღწევის მიზნით მოპასუხე ცდილობს უკრაინის ტერიტორიაზე არ ფიქსირდებოდეს მისი აქტივები, ქონება დააგროვოს უკრაინის ფარგლებს გარეთ. შესაბამისად, არსებობს გადაუდებელი საფრთხე, რომ შუამდგომლობის შესახებ შეტყობის მომენტიდან, ფორმალურად განკარგოს წილი ("დაიწყოს ქონების გადამალვა").

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.07.2021წ. განჩინებით შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი. 28.07.2021წ. შუამდგომლობის ავტორმა შეავსო დაწესებული ხარვეზი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადება განჩინების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგი გარემოებების გამო:

4. საქართველოს რესპუბლიკასა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ხელშეკრულების (შემდეგში "ორმხრივი ხელშეკრულება") მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ცნობენ და აღასრულებენ იუსტიციის დაწესებულებების კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებს სამოქალაქო საქმეებზე, ასევე განაჩენებს დანაშაულის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების ნაწილში. ორმხრივი ხელშეკრულების 41-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადაწყვეტილებათა აღსრულების ნებართვაზე შუამდგომლობათა განხილვა შედის ხელშეკრულების მონაწილე მხარის სასამართლოთა კომპეტენციაში, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს აღსრულება, 42-ე მუხლი კი ადგენს, რომ აღსრულების წესი რეგულირდება ხელშეკრულების მონაწილე მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს აღსრულება. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილ შუამდგომლობას განიხილავს საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, რაც საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე და 71-ე მუხლებით გაწერილი საერთო წესით განსაზღვრული პროცედურის თანმიმდევრულ დაცვას მოითხოვს (შუამდგომლობის წარმოებაში მიღება, მოპასუხისათვის ჩაბარება და ა.შ.) (იხ.: სუსგ №ა-952-შ-23-2016, 06.07.2015წ.).

5. როგორც წინამდებარე განჩინების აღწერილობით ნაწილშიც აღინიშნა, მოსარჩელე ასევე ითხოვს შუამდგომლობის განხილვამდე მისი აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით საპროცესო უზრუნველყოფის გამოყენებას. შესაბამისად, საკასაციო პალატა უზრუნველყოფის საკითხზე მსჯელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 190-1991 მუხლების შესაბამისად (განჩინების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით საპროცესო უზრუნველყოფის გამოყენებაზე იხ.:№ა-5177-შ-128-2018 ).

6. სსსკ-ის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლით საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ზემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს. გადაწყვეტილების/განჩინების აღსრულების უზრუნველყოფა დაშვებულია სსსკ-ის 271-ე მუხლით. უცხო ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების/განჩინების ცნობისა და აღსრულების თაობაზე შუამდგომლობის წარმოებაში მიღებიდან განჩინების გამოტანამდე დროის მონაკვეთში შესაძლებელია, საჭირო გახდეს აღსრულების უზრუნველყოფა. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტიან საპროცესოსამართლებრივ გარანტიას.

7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არსებობს ყველა განვითარებული ქვეყნის საპროცესო კანონმდებლობაში. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მან პირის მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სამართლებრივი გარანტიები შექმნას (კაჟაშვილი გულიკო. საპროცესო უზრუნველყოფა, როგორც აღსრულებადი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა. დისერტაცია. თბილისი, 2018, გვ. 60).

8. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის ადგენს ქცევის შემდეგ წესს: მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება.

9. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლო დარწმუნდეს კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობაში. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (სუსგ. საქმეზე №ას-939-2019; 15.07.2019წ.).

10. როგორც უკრაინის, კიევის ოლქის, ბელოე ცერკოვის საქალაქო რაიონული სასამართლოს 06.07.2021წ. განჩინებიდან ირკვევა, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი ხასიათისაა - 39 230 111.10 გრივნა. შესაბამისად, თუ შუამდგომლობის განხილვამდე მოპასუხე განკარგავს წილს საწარმოში, განჩინების ცნობის შემთხვევაში მისი აღსრულება ვეღარ მოხდება. წარმოდგენილია ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომენრციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება, რომ შპს „ნ.ს–ის“ 100%-იანი წილის მფლობელია მოპასუხე.

11. შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა იმ გარემოებების არსებობის თაობაზე, რომლებიც ქმნის ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის უცხო ქვეყნის სასამართლოს განჩინების საქართველოში აღსრულებას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას ამართლებს შუამდგომლობის ავტორის ლეგიტიმური მოლოდინი, რომ განჩინება აღსრულდება.

12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების/განჩინების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. საქმე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“). სხვა საქმეში ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ. Hornsby, cited above, §§ 40 and seq.). ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და უცხო ქვეყნის განჩინების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედოს მოპასუხის 100%-იან წილს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ნ.ს–ში“.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს რესპუბლიკასა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ხელშეკრულების 40-42-ე მუხლებით, ასევე სსსკ-ის 399-ე, 372-ე, 191-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.მ–ის განცხადება უკრაინის, კიევის ოლქის, ბელოე ცერკოვის საქალაქო რაიონული სასამართლოს 06.07.2021წ. განჩინების (საქმე N357/7142/21 2-ს/357/125/21) აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. ყადაღა დაედოს ს.ფ–ის (19730725-06974, FT204692) 100%-იან წილს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ნ.ს–ში“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: ......).

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

ლაშა ქოჩიაშვილი