Facebook Twitter

საქმე№ა-667-შ-13-2021 18 ივნისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვა (დისტანციური)

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

თარჯიმანი - მ.ც–ა

შუამდგომლობის ავტორი – ზ.გ–ი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ვ.კ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ე.კ. (მოპასუხე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ნიდერლანდების, ქ. როტერდამის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2020 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – მეურვეობის უფლების ჩამორთმევა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ნიდერლანდების, ქ. როტერდამის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2020 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით ზ.გ–ის სარჩელი ე. ე. კ–ის წინააღმდეგ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და 2012 წლის 28 აგვისტოს ქ. როტერდამში დაბადებულ არასრულწლოვან შვილზე -გ.გ–ზე შეწყდა მშობლების ერთობლივი მეურვეობა; მეურვის უფლება მამას - ზ.გ–ს მიენიჭა. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მეურვეობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება გულისხმობს იმასაც, რომ გ.გ–მა უნდა იცხოვროს მეურვეობის მქონე მშობელთან, ანუ მამასთან. ამიტომ როტერდამის სასამართლო არ დააკმაყოფილებს მამის და დედის მოთხოვნებს, რომელიც ეხება გ–ის ძირითადი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას თითოეულ მათგანთან.

2. როტერდამის საოჯახო საქმეთა სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვისას წარმოდგენილი დოკუმენტებისა და განცხადებების მეშვეობით, დაადგინა, რომ დედამ გ.გ–ი 2019 წლის 14 დეკემბერს, ვიზიტის, არდადეგების /„უიკენდის“/ დასრულების შემდეგ აღარ დააბრუნა და მამის ან სასამართლოს თანხმობის გარეშე წაიყვანა საზღვარგარეთ, სავარაუდოდ - საქართველოში. როტერდამის სასამართლომ მოიკვლია, რომ დედა სამოქალაქო რეესტრში რეგისტრირებულია შემდეგი შენიშვნით: "იმყოფება საზღვარგარეთ 2020 წლის 6 მარტიდან, ადგილსამყოფელი ქვეყანა და მისამართი უცნობია". აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ დედა აღარ გეგმავს დაბრუნებას და ბავშვთან ერთად საზღვარგარეთ დარჩენას აპირებს. ამრიგად, როტერდამის სასამართლოს შეფასებით ადგილი აქვს არასრულწლოვნის უკანონო გადაადგილებას და სამეურვეო უფლებების დარღვევას (რაც სისხლის სამართლის კოდექსის 279-ე მუხლის ძალით ისჯება).

3. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ როტერდამის სასამართლომ უსაფუძლოდ მიიჩნია ბავშვის დედის ადვოკატის მოთხოვნა მამის საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების გადადების თაობაზე და განმარტა, რომ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე მამის საჩივარზე დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება; როტერდამის სასამართლოს შეფასებით ვითარება შეიცვალა, მამას 2019 წლის დეკემბრის შემდეგ კავშირი აღარ აქვს შვილთან, რადგან ის დედამ ქვეყნიდან (ნიდერლანდებიდან) გაიყვანა.

4. ნიდერლანდების ბავშვთა მეურვეობა-მზრუნველობის ცენტრალურმა ორგანომ 2020 წლის 30 იანვარს არასრულწლოვანის დაბრუნების მოთხოვნით მიმართა საქართველოს შესაბამის ცენტრალურ ორგანოს. გარდა ამისა, დაწესებულებამ 2019 წლის 16 დეკემბერს პოლიციაში შეიტანა საჩივარი კანონით განსაზღვრული სამეურვეო უფლებების დარღვევის შესახებ.

5. „მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ 1996 წლის 19 ოქტომბრის კონვენციის (შემდეგში: 1996 წლის კონვენცია) მე-7 მუხლის თანახმად, ნიდერლანდების სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის უკანონო გადაადგილების თაობაზე და ინარჩუნებს იურისდიქციის მანამდე, სანამ ბავშვი არ შეიძენს ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილს სხვა სახელმწიფოში, ან მამა გამოთქვამს თანხმობას ბავშვის გადაადგილებაზე, ან ბავშვმა იცხოვრა სხვა სახელმწიფოში, სულ ცოტა ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მამისთვის ცნობილი გახდა ბავშვის ადგილსამყოფელის შესახებ და ბავშვმა გაიარა ადაპტაცია ახალ გარემოში. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი გარემოება არ არსებობს ნიდერლანდების სასამართლომ იურისდიქცია შეინარჩუნა.

6. ნიდერლანდების სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია სამეურვეო პირობების შეცვლა. სასამართლოს შეფასებით წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მეტყველებენ იმაზე, რომ დედა ბოროტად იყენებს თავის სამეურვეო უფლებებს და არ მოქმედებს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე. ბავშვის დედამ, მიუხედავად როტერდამის სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებისა (ამ გადაწყვეტილებით არასრულწლოვანს 2020 წლის 12 ნოემბრამდე გაუგრძელდა სამეურვეო ზედამხედველობისადმი დაქვემდებარება, ხოლო ოჯახიდან გამოსახლების და მზრუნველი პროვაიდერის თავშესაფარში განთავსების ორდერი - 2020 წლის 11 მარტამდე; ამავე გადაწყვეტილებით ბავშვის ძირითადი საცხოვრებელი ადგილის განხილვა გადაიდო მანამდე, სანამ არ გაირკვევა დიაგნოსტიკის სერვისცენტრში (KSCD) დაგეგმილი გამოკვლევის შედეგები) და დიაგნოსტიკის სერვისცენტრში დაგეგმილი გამოკვლევისა, დაარღვია როგორც მამის, ისე დაწესებულების სამეურვეო უფლებები.

7. საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2021 წლის 17 თებერვალს შუამდგომლობით მომართა ზ.გ–ის წარმომადგენელმა ვ.კ–მა და უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება მოითხოვა.

8. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტით დასტურდება, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით ზ.გ–ის შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული. განჩინებისა და თანდართული დოკუმენტების ასლები მოსაზრების წარმოსადგენად არაერთხელ გაეგზავნა ე.კ–ს, რომელსაც დოკუმენტაცია საბოლოოდ 2021 წლის 20 აპრილს ჩაჰბარდა.

10. ე.კ–მა 2021 წლის 26 აპრილს შეპასუხება წარმოადგინა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სადაც მიუთითა, რომ ზ.გ–ის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს. არასრულწლოვანის დედის განმარტებით, იგი ბავშვის მამასთან დაშორების შემდეგ საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად. დაახლოებით ერთი წელია შვილთან ერთად ქ. ბათუმში ცხოვრობს. დედის განმარტებით, ბავშვის დაბადებიდან დღემდე, მამას არ აქვს სურვილი შვილთან ურთიერთობა ჰქონდეს, არ მონაწილეობს მის აღზრდაში, არ ეხმარება მას, ბავშვს არ გამოუხატავს სურვილი ურთიერთობა დაამყაროს მამასთან, მათ შორის ემოციური კავშირი არ არის. შუამდგომლობის მოპასუხე მხარე უთითებს ბავშვის უფლებათა კოდექსზე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსზე, რომელთა საფუძველზე უნდა არსებობდეს კომპეტენტური ორგანოს დასკვნა ბავშვის აღსაზრდელად გადაცემის შესახებ.

11. ე.კ–ის შეპასუხებაზე 2021 წლის 31 მაისს მოსაზრებები წარმოადგინა ზ.გ–ის ადვოკატმა - ვ.კ–მა, რომელმაც მიუთითა, რომ ბავშვის დედის პოზიცია არ შეეფერება სინამდვილეს, შუამდგომლობის მოთხოვნა კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს

12. საკასაციო სასამართლოს 2021 წლის 16 ივნისს განცხადებით მომართა ე.კ–მა და განმარტა, რომ სახეზეა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან იგი არ იყო ინფორმირებული როტერდამში გამართული სხდომის თაობაზე, ასევე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში იხილება დავა იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე. ამასთან, ბავშვის დედამ განმარტა, რომ ბავშვს აღენიშნება ფსიქიკური დარღვევები და მისმა დედასთან განშორებამ შეიძლება დამანგრეველი შედეგები მოიტანოს მისთვის.

13. ზ.გ–ის ადვოკატმა - ვ.კ–მა 2021 წლის 16 ივნისს ელფოსტით გამოგზავნა შეტყობინება, რომ ზ.გ–მა გამოიხმო ბათუმის საქალაქო სასამართლოდან სარჩელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, საქმის არსებითად განხილვისას მოისმინა მხარეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები და მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზებით მივიდა დასკვნამდე, რომ ზ.გ–ის შუამდგომლობა, რომლითაც მოთხოვნილია საქართველოს ტერიტორიაზე ნიდერლანდების, ქ. როტერდამის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2020 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილების (რომლითაც ზ.გ–ის სარჩელი ე.კ–ის წინააღმდეგ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და 2012 წლის 28 აგვისტოს ქ. როტერდამში დაბადებულ, არასრულწლოვან შვილზე გ.გ–ზე შეწყდა მშობლების ერთობლივი მეურვეობა და მეურვის უფლება მამას ზ.გ–ს მიენიჭა) ცნობა და აღსრულება უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს იმ ნაწილში, რომლითაც ზ.გ–ის სარჩელი ე.კ–ის წინააღმდეგ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და 2012 წლის 28 აგვისტოს ქ. როტერდამში დაბადებულ, არასრულწლოვან შვილზე გ.გ–ზე შეწყდა მშობლების ერთობლივი მეურვეობა და მეურვის უფლება მამას, ზ.გ–ს მიენიჭა; ხოლო შუამდგომლობის მოთხოვნა ნიდერლანდების, ქ. როტერდამის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2020 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ განუხილველად უნდა დარჩეს;

14. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, იმ პროცესუალურ საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვის სპეციფიკურ მოწესრიგებას ეხება და განმარტავს, რომ ამ კატეგორიის შუამდგომლობის განხილვა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 68-ე (უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო (მე-5 ნაწილი)) და 70-ე („1. სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. 2. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ. 3. შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება“) მუხლებს ეფუძნება და არ განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების იმ წესებით, რაც სასარჩელო წარმოებას გულისხმობს, თუმცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) ცალკეული დებულებები გამოიყენება სწორედ იმ საკითხების შესამოწმებლად, რაც საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობას და/ან აღსრულებას უკავშირდება და საჯარო მართლწესრიგთან შესაბამისობის დადგენის მიხედვით უნდა შეფასდეს. უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულება სხვა ქვეყანაში ამ უკანასკნელის საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტია, რომელთა მიმართებით ეს სახელმწიფო სრული სუვერენიტეტითა და თავისუფლებით სარგებლობს. „უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა ნიშნავს იმას, რომ თავისი ძალმოსილებით და სამართლებრივი შედეგებით იგი უთანაბრდება იმ სახელმწიფოს სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომელმაც ცნო ეს გადაწყვეტილება“ (იხ. თენგიზ ლილუაშვილი, საერთაშორისო კერძო სამართალი, თბილისი, 2001 , გამომცემლობა „ჯი სი აი“, გვ.157)

15. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულების საკითხის განხილვამდე აუცილებელია, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეამოწმოს მისი დასაშვებობა, კონკრეტულ შემთხვევაში კი, შედის თუ არა შუამდგომლობაში დასმული საკითხის განხილვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციაში, გააჩნია თუ არა შუამდგომლობის ავტორს იურიდიული ინტერესი და ა.შ.

16. გადაწყვეტილების ცნობის (აღიარების) საგანს წარმოადგენს არა ზოგადად კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც მართლმსაჯულების აქტი, არამედ მისი გარკვეული სამართლებრივი თვისების მოქმედების გავრცელება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. (იხ. ბაკურ ლილუაშვილი, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება საქართველოში, თბილისი, 2009). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართალში მოქმედი „გათანაბრების თეორიის“ თანახმად, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნეს და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი და ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის თანასწორუფლებიანობის მოსაზრებას. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ან უცხოური საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქმე გვაქვს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური აქტის მოქმედების გაფართოებასთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მის ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები. ამიტომაც უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის პრობლემის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, თუ რა კრიტერიუმების არსებობას უკავშირებს გადაწყვეტილების ცნობას შესაბამისი ქვეყნის სასამართლო. ამგვარი კრიტერიუმები კი სხვადასხვაა. შესაძლებელია გადაწყვეტილების ცნობისას მოცემული ქვეყნის კანონმდებლობა ან მის მიერ გაფორმებული ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმება პირდაპირ ჩამოთვლიდეს კონკრეტულ პრინციპებს. გარდა ზემოაღნიშნულისა, ამ საკითხთან მიმართებით საერთაშორისო სამოქალაქო პროცესში გავრცელება ჰპოვა ე.წ. „სარკისებური ასახვის პრინციპმა“, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების მცნობ სასამართლოს სარკისებურად გადააქვს თავისი ქვეყნის წესები გადაწყვეტილების მიღების კომპეტენციის შესახებ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაზე,

17. საკასაციო სასამართლომ დისტანციურ რეჟიმში გამართულ სხდომაზე მხარეებს, უპირველეს ყოვლისა, განუმარტა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი წინაპირობების შემოწმების პროცესუალური ფარგლები, რაც იმას ნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ე.წ. ზემდგომ ინსტანციას უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობის შემოწმების თვალსაზრისით, რადგან კიდევ ერთი დამატებითი ინსტანციით არსებითად არ იხილავს საქართველოს ტერიტორიაზე საცნობ გადაწყვეტილებას, არამედ მისი მსჯელობა მხოლოდ იმ საფუძვლების გარკვევით შემოიფარგლება, თუ რამდენად არსებობს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების იურიდიული ძალის სხვა ქვეყანაში გავრცელებისათვის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივ საფუძველში იგულისხმება უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების გავრცელება იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელმაც უნდა ცნოს ეს გადაწყვეტილება, ხოლო სამართლებრივ საფუძველში მოიაზრება საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმები, რომლითაც ხორციელდება ცნობა/აღსრულების შემოწმება/განხილვა. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღიარებით ახდენს ამ გადაწყვეტილებით დაცული მხარის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ცნობას, რომლის რეალიზაციის იურიდიული შედეგი უნდა გავრცელდეს საქართველოში (შეად. სუსგ N ა-3968-7-107-2019, 14.02.2020წ.).

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, რაც იმას გულისხმობს, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.

19. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხეს საქართველოში აქვს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მეურვეობისა და მზრუნველობის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ მეურვე, მზრუნველი ან პირი, რომელსაც მეურვეობა ან მზრუნველობა ესაჭიროება, საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს“. საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ პროცესის ერთ-ერთი მხარე საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს. აღნიშნული კანონის 49-ე მუხლის თანახმად კი, „მშობლებსა და შვილებს შორის არსებული პირადი და ქონებრივი ურთიერთობები, მშობლის მზრუნველობის ჩათვლით, ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, სადაც ბავშვს აქვს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი. ამავე დროს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, რომელსაც ბავშვი განეკუთვნება“.

20. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ არ არსებობს წარმოდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმის საფუძველი, რადგან სპეციალური კანონის მოთხოვნების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. შუამდგომლობის ავტორის მოწინააღმდეგე მხარის- ე.კ–ის პოზიცია, რომელიც როტერდამის სასამართლოში გამართული სხდომის შესახებ მის, როგორც სარჩელის მოპასუხე მხარის, არაინფორმირებულობას ეხება, საკასაციო სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის- ე.კ–ის საცხოვრებელი ადგილი უცნობია როგორც ნიდერლანდებში, ისე- საზღვარგარეთ, ხოლო მის ინტერესებს წარმოადგენს ადვოკატი ი.ა. ს–ი, რაც სავსებით საკმარისი და დასაბუთებულია, რადგან შუამდგომლობის მოწინააღმდეგე მხარეს საკასაციო სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც როტერდამის სასამართლოს გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული გარემოების საწინააღმდეგო მსჯელობის განვითარების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რომ აღარაფერი ითქვას იმაზე, რომ შუამდგომლობის პასუხად 2021 წლის 26 აპრილს წარმოდგენილ წერილობით პოზიციაში ე.კ–მა, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად, მხოლოდ იმ არგუმენტზე მიუთითა, რომ ბავშვის მამასთან დაშორების შემდეგ, დედა შვილთან ერთად საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად, დაახლოებით ერთი წელია ქ. ბათუმში ცხოვრობს, ბავშვის დაბადებიდან დღემდე მამას არ გამოუთქვამს შვილთან ურთიერთობის სურვილი, არ მიუღია მონაწილეობა მის აღზრდაში, არ ეხმარება მას, ბავშვს არ გამოუხატავს სურვილი ურთიერთობა დაამყაროს მამასთან, მათ შორის ემოციური კავშირი არ არის; ხოლო მოგვიანებით, 2021 წლის 16 ივნისის განცხადებაში, ე.კ–მა განმარტა, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა აღსრულება დაუშვებელია, რადგან იგი არ იყო ინფორმირებული როტერდამში გამართული სხდომის თაობაზე, რაც გარდა იმისა, რომ არადამაჯერებელია, არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. დადგენილია, რომ მოპასუხე კ–ის ინტერესებს როტერდამის სასამართლოში ადვოკატი წარმოადგენდა. შუამდგომლობის მოწინააღმდეგე მხარემ თავის 2021 წლის 16 ივნისის განცხადებაში კიდევ ერთი არგუმენტი მოიხმო შუამდგომლობის უარყოფის მიზნით და მიუთითა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში იხილება დავა იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე. ამ გარემოებასთან დაკავშირებით შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოს 2021 წლის 16 ივნისს ელ-ფოსტით გამოუგზავნა შეტყობინება იმის თაობზე, რომ ზ.გ–მა გამოიხმო ბათუმის საქალაქო სასამართლოდან სარჩელი, ხოლო 18 ივნისს (საქმის დისტანციური რეჟიმით განხილვის დღეს), საკასაციო სასამართლოს წარუდგინა განცხადება (რეგისტრაციის N 3003-21), რომელიც შეიცავს მხარის პოზიციას ე.კ–ის 2021 წლის 16 ივნისის განცხადებაზე და თან ერთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინება (საქმეზე N 2-1461-2020), ზ.გ–ის სარჩელისა გამო ე.კ–ის მიმართ, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე, მოსარჩელის მიერ სარჩელის გახმობის გამო, მისი განუხილველად დატოვების შესახებ.

21. საკასაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ზ.გ–ის შუამდგომლობა ნაწილობრივ - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის ნაწილში - უნდა დაკმაყოფილდეს. როტერდამის სასამართლოს გადაწყვეტილების დავის საგანია დედისათვის მეურვეობის უფლების ჩამორთმევა, ამ გადაწყვეტილებით დადგინდა მშობლების ერთობლივი მეურვეობის შეწყვეტა და არასრულწლოვან შვილზე მეურვეობის უფლება მამას მიენიჭა. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე (დისტანციურ რეჟიმში) შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც მეურვეობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება გულისხმობს იმასაც, რომ გ.გ–მა უნდა იცხოვროს მეურვეობის მქონე მშობელთან, ანუ მამასთან (იხ. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების 2.3.1 ქვეპუნქტი- ს.ფ.19) და სწორედ ამ ნაწილზე დაყრდნობით განმარტა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის გარდა, მისი აღსრულება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ შუამდგომლობის ავტორთან - არასრულწლოვანის მამასთან უნდა იცხოვროს ბავშვმა. ამ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან დებულებებს შეიცავს „ბავშვის უფლებათა კონვენცია“, რომლის მე-3 მუხლის მიხედვით, ბავშვთა მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური დაცვის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება უნდა დაეთმოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია, რაც იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი უალტერნატივოდ იმის დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში. (იხ: სუსგ-ები # ას-1062-996-2012, 22.01.2013წ ; # ას-53-51-2016, 06.07.2016წ; #ას-1139-1095-2016, 25.09.2017წ, N ას-604-563-2017, 13.10.2017წ; N ას-163-2021, 28.05.2021წ.).

22. საქართველომ 2019 წლის 20 სექტემბერს მიიღო ბავშვის უფლებათა კოდექსი (კანონი N 5004), რომელიც იმავე წლის 27 სექტემბრიდან (საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნების თარიღი; სარეგისტრაციო კოდი 010100000.05.001.019579) ამოქმედდა და მისი მოწესრიგების საგანია ბავშვის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის ფუნქციონირების სამართლებრივ საფუძვლების განსაზღვრა (მუხლი 2.1), ხოლო ბავშვის საუკეთესო ინტერესები განიმარტება, როგორც ბავშვის კეთილდღეობის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, საზოგადოებრივი, ზნეობრივი და სხვა ინტერესები, რომლებსაც პრიორიტეტულად განსაზღვრავს მშობელი ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, მისი მონაწილეობით და მისი მოსაზრების გათვალისწინებით (მუხლი 3, „თ“ ქვეპუნქტი).

23. განსახილველ შემთხვევაში უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ არასრულწლოვანი გ.გ–ის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი ნიდერლანდებია; ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ბავშვი დედამ 2019 წლის 14 დეკემბერს, ვიზიტის, არდადეგების /„უიკენდის“/ დასრულების შემდეგ აღარ დააბრუნა და მამის ან სასამართლოს თანხმობის გარეშე წაიყვანა საზღვარგარეთ, სავარაუდოდ - საქართველოში. როტერდამის სასამართლომ მოიკვლია, რომ დედა სამოქალაქო რეესტრში რეგისტრირებულია შემდეგი შენიშვნით: "იმყოფება საზღვარგარეთ 2020 წლის 6 მარტიდან, ადგილსამყოფელი ქვეყანა და მისამართი უცნობია". აქედან გამომდინარე, როტერდამის სასამართლომ მიიჩნია, რომ დედა აღარ გეგმავს დაბრუნებას და ბავშვთან ერთად საზღვარგარეთ დარჩენას აპირებს. ამრიგად, როტერდამის სასამართლოს შეფასებით, ადგილი აქვს არასრულწლოვნის უკანონო გადაადგილებას და სამეურვეო უფლებების დარღვევას (რაც სისხლის სამართლის კოდექსის 279-ე მუხლის ძალით ისჯება). როტერდამის სასამართლო უთითებს, რომ ვითარება შეიცვალა, მამას 2019 წლის დეკემბრის შემდეგ კავშირი აღარ აქვს შვილთან, რადგან ის დედამ ქვეყნიდან (ნიდერლანდებიდან) გაიყვანა. გარდა ამისა, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომელიც მე-3 პუნქტშია ასახული და ადგენს იმ სამართლებრივ შედეგს, რაზედაც სასამართლომ იმსჯელა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით: „გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე, აგრეთვე მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესზე“), სულ ოთხი ქვეპუნქტისაგან შედგება და სასამართლოს დასკვნები მისი შემაჯამებელი გადაწყვეტილების სახით შემდეგნაირად არის ჩამოყალიბებული (მითითება ეფუძნება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების პუნქტობრივ ნუმერაციას): 3.1. შეწყდეს ერთობლივი მეურვეობა და მიენიჭოს მამას მეურვის უფლება გ.გ–ის მიმართ (დაბადებული როტერდამში 2012 წლის 28 აგვისტოს); 3.2 მიექცეს ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად; 3.3. თითოეულ მხარეს დაეკისროს საკუთარი საპროცესო ხარჯის დაფარვა; 3.4. არ დაკმაყოფილდეს ყველა სხვა მოთხოვნა. საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა შესაძლებელია იმ სამართლებრივი შედეგის (გადაწყვეტილების) მიხედვით, რაც მის დადგენილებით (სარეზოლუციო) ნაწილშია ასახული და საქართველოს უზენაესი სასამართლო არ არის უფლებამოსილი გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობა, საკუთარი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობის საფუძველზე რაიმე ინტერპრეტაციის გზით გადმოიტანოს გადაწყვეტილების იმ ნაწილში, რომელიც სასამართლოს საბოლოო დასკვნას ასახავს. მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორი უთითებს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების 2.3 პუნქტზე, რომელიც საცხოვრებელ ადგილს ეხება, ხოლო 2.3.1 ქვეპუნქტში ფორმულირებულია შემდეგნაირად: „მეურვეობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება გულისხმობს იმასაც, რომ გ–იმ უნდა იცხოვროს მეურვეობის უფლების მქონე მშობელთან, ანუ მამასთან (იხ. სამოქალაქო კოდექსის 1:12 მუხლის 1-ლი პუნქტი). ამიტომ სასამართლო არ დააკმაყოფილებს მამის და დედის მოთხოვნებს, რომელიც ეხება გ–ის ძირითადი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას თითოეულ მათგანთან“ (იხ. ს.ფ. 19). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლომ თავისი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ასახა ის დასკვნები, რაც მეურვეობის უფლებას ეხება, ამასთან, გადაწყვეტილების არა სარეზოლუციო ნაწილში, არამედ სამოტივაციო ნაწილში იმსჯელა არასრულწლოვანის ძირითადი საცხოვრებელი ადგილის შესახებ და არ დააკმაყოფილა არც ერთი მშობლის მოთხოვნა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თითოეულ მათგანთან განსაზღვრაზე, ხოლო რადგან დადგენილია, რომ ვითარება შეიცვალა, მამას 2019 წლის დეკემბრის შემდეგ კავშირი აღარ აქვს შვილთან, რადგან ის დედამ ქვეყნიდან (ნიდერლანდებიდან) გაიყვანა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიდან გამომდინარე, ბავშვზე მეურვეობის უფლება მამას ერთპიროვნულად მიენიჭა, ხოლო როტერდამის სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითება, რომ გ–იმ უნდა იცხოვროს მეურვეობის უფლების მქონე მშობელთან, იმგვარად უნდა შეფასდეს, რომ სამეურვეო საკითხის გადაწყვეტის შემდეგ არასრულწლოვანმა უნდა იცხოვროს მეურვეობის უფლების მქონე მშობელთან. ამდენად, ფაქტობრივი ვითარების ცვლილების გამო, გადაწყვეტილების იმგვარად აღსრულება, როგორც ამას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს, რომ ბავშვმა მამასთან უნდა იცხოვროს, ობიექტურად შეუძლებელია, რადგან ასეთი დასკვნა საქართველოს ტერიტორიაზე საცნობ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ არის ასახული.

24. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ბავშვს აძლევს უფლებას, მის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედებისას ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, შეფასდეს და უპირველესი ყურადღება დაეთმოს მის საუკეთესო/ჭეშმარიტ ინტერესებს როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო სფეროში. ამასთან, იგი ასახავს კონვენციის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს. ბავშვის უფლებათა კომიტეტმა (,,კომიტეტი”) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი მიიჩნია კონვენციის ოთხი ზოგადი პრინციპიდან ერთ-ერთად ბავშვის ყველა უფლების განმარტებისა და განხორციელებისათვის და იყენებს მას, როგორც დინამიკურ ცნებას, რომელიც მოითხოვს კონკრეტული კონტექსტის შესატყვის შეფასებას. ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა გავრცელდეს ყველა საკითხზე, რომელიც შეეხება ბავშვებს, და უნდა იქნეს გათვალისწინებული კონვენციასა თუ ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებებს შორის ნებისმიერი შესაძლო წინააღმდეგობის გადასაწყვეტად. ყურადღება უნდა მიექცეს გადაწყვეტის ისეთი შესაძლო გზების განსაზღვრას, რომლებიც შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტრესებს. ეს გულისხმობს იმას, რომ განხორციელების ღონისძიებების შემუშავებისას სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება, დაადგინონ ყველა ბავშვის, მათ შორის მოწყვლადი ბავშვების, საუკეთესო ინტერესები (შეად. სუსგ-ას N ას-163-2021, 28.05.2021წ.).

25. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას; სამართლის ნორმის განმარტებისას გამოყენებული უნდა იქნეს ის განმარტება, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ყველაზე მეტად შეესაბამება, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად (მუხლი 5.4); სახელმწიფო იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოებმა, ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა ბავშვის საუკეთესო ინტერესები განსაზღვრონ და მათი სავალდებულო შეფასება განახორციელონ შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ა) ბავშვის აზრის მოსმენა და სათანადოდ გათვალისწინება (მუხლი 5.5);

26. როტერდამის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მამას 2019 წლიდან აღარ ჰქონია კონტაქტი შვილთან, შესაბამისად, ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, რაც, ზემოხსენებული საერთაშორისო აქტების გარდა, ბავშვის უფლება თა კოდექსის მე-8 მუხლის პირველ ნაწილსაც ემყარება, რომელიც ადგენს ბავშვის უფლებას, მოუსმინონ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, რომელიც მის რომელიმე უფლებას ეხება ან გავლენას მოახდენს მის რომელიმე უფლებაზე, და გაითვალისწინონ ბავშვის მოსაზრება მისი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების იმგვარად აღსრულება, რომ მამისათვის ერთპიროვნულად მეურვის მინიჭების უფლებამოსილება გულისხმობს ბავშვის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, არ გამომდინარეობს წარმოდგენილი გადაწყვეტილების დასკვნითი ნაწილიდან. ამასთან, საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ – Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ --იხ. სუსგ-ები N ას-967-916-2015, 15.12.2015წ; N ას-1141-1061-2017 17.10.2017წ; N ას-1803-2018, 06.06.2019წ.

27. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ შუამდგომლობა, ნიდერლანდების, ქ. როტერდამის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2020 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.გ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს ნიდერლანდების, ქ. როტერდამის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2020 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც ზ.გ–ის სარჩელი ე.კ–ის წინააღმდეგ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და 2012 წლის 28 აგვისტოს ქ. როტერდამში დაბადებულ, არასრულწლოვან შვილზე გ.გ–ზე შეწყდა მშობლების ერთობლივი მეურვეობა და მეურვის უფლება მამას, ზ.გ–ს მიენიჭა;

3. ზ.გ–ის შუამდგომლობა, ნიდერლანდების, ქ. როტერდამის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2020 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური