Facebook Twitter

საქმე №ა-6971-ა-19-2019 11 მარტი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვა (დისტანციური რეჟიმით)

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

განმცხადებელი – ც.გ–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

წარმომადგენელი - კ.შ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ბ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ბ.ხ–ი

განცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 იანვრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – საზიარო უფლების ნატურით გაყოფა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - განცხადების უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 იანვრის განჩინებით ც.გ–ძის (შემდეგში: განმცხადებელი ან კერძო საჩივრის ავტორი) კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, განუხილველად იქნა დატოვებული კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, გამოუსწორებლობის გამო.

2. უზენაეს სასამართლოს, 2019 წლის 13 თებერვალს, განცხადებით მომართა განმცხადებლის წარმომადგენელმა, კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის აღდგენა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

3. განმცხადებლის წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ნოემბრის განჩინებით განმცხადებელს კერძო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. აღნიშნული ხარვეზის განჩინება განმცხადებელს არ ჩაჰბარებია და განჩინების მიღებიდან ერთის თვის შემდეგ ტელეფონით შეატყობინეს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი. საკასაციო სასამართლოს კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მიღების დროს არ ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, ეცნობა თუ არა კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ზუსტად იმ ფორმულირებით, როგორც ეს განჩინებაში იყო მითითებული. იქედან გამომდინარე, რომ განცხადებელი არის 75 წლის ქალბატონი, მისთვის სრულადაც რომ მიეწოდებინათ სარეზოლუციო ნაწილი, მას არ ეცოდინებოდა საქმის ნომერი, თარიღი და განმხილველი მოსამართლე, ვის სახელზედაც უნდა გაეგზავნა სახელმწიფო ბაჟის ქვითარი.

4. განმცხადებლის წარმომადგენლის მითითებით, განმცხადებელი არის 75 წლის ქალბატონი და მას არ აქვს იურიდიული განათლება, რის გამოც იგი ვერ შეძლებდა საკუთარი უფლებების სასამართლოში დაცვას, შესაბამისად, დაიქირავა ადვოკატი, თუმცა ადვოკატმა ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო კერძო საჩივრის ავტორისათვის იურიდიული დახმარების გაწევა. განცხადებას თან ერთვის ადვოკატის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელი დარჩა დაცვის გარეშე, მან მაინც შეასრულა სასამართლოს დავალება და სახელმწიფო ბაჟი, ხარვეზის შესახებ განჩინების შეტყობინებიდან მეორე დღეს, 2018 წლის 20 დეკემბერს გადაიხადა, განცხადებას თან ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორის განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე დასაშვებად იქნა ცნობილი.

6. უზენაეს სასამართლოს, 2019 წლის 12 აგვისტოს, მოსაზრებით მომართა მ.ბ–მა (შემდეგში: მოწინააღმდეგე მხარე) და განმარტა, რომ განმცხადებლის კერძო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო ნორმების სრული დაცვით დარჩა განუხილველად, რის გამოც არ არსებობს განცხადების დაკმაყოფილების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძვლები. მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, ის ფაქტი, რომ განმცხადებელმა ვერ გაიგო ხარვეზის თაობაზე და ადვოკატი იყო ავად, არ წარმოადგენს საპატიო მიზეზს, რის გამოც შესაძლებელი იქნებოდა გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენა. განცხადებას არ ერთვის ადვოკატის სახელზე გაცემული სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დამოწმებული სამედიცინო ცნობა, რომელშიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 215.3-ე მუხლის თანახმად, პირდაპირ უნდა იყოს მითითებული იმ პერიოდში სასამართლოში გამოუცხადებლობის შეუძლებლობის მიზეზის შესახებ. მოწინააღმდეგე მხარე აღნიშნავს, რომ განცხადებას თან ერთვის განმცხადებლის მიერ გაცემული მინდობილობა, რომლითაც დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორს მეორე ადვოკატიც ჰყავდა, რომელიც ვალდებული იყო, დაეცვა მარწმუნებლის ინტერესები და შეესრულებინა სასამართლოს განჩინება.

7. საკასაციო სასამართლოში, კანონით დადგენილი წესით, განცხადების ზეპირი მოსმენით (დისტანციურ რეჟიმში) განხილვა წარიმართა, სადაც მხარეებმა გაიმეორეს ის პოზიციები, რაც მათ განცხადებებში ჰქონდათ ასახული (იხ. წინამდებარე განჩინების 3-4 და 6 პუნქტები).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის ავტორის განცხადების საფუძვლების შემოწმებისა და მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

8. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (სსსკ-ის 422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (სსსკ-ის 423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

9. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი საქმის წარმოების განახლებას იმ საფუძვლით ითხოვს, რომ მან სასამართლოს განჩინებით დადგენილი ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გამოასწორა, თუმცა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი სასამართლოში არ წარმოუდგენია, რადგან მან სატელეფონო შეტყობინებით ჩაიბარა განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ვერ გაიგო, განჩინება ხარვეზის შესახებ კი ხელზე არ ჩაჰბარებია.

10. სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება) შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს, წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს შემდეგი წინაპირობები:

- მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას;

- ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ;

- მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე (შდრ. სუსგ #ვ-74-ა-5-2016, 17.06.2016 წ.).

12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის #2/8/765 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სსსკ-ის 430-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების /საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე/ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით /კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას/ გათვალისწინებული საფუძვლით კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით, ასევე, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის /თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით/ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით /კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას/ გათვალისწინებული საფუძვლით გაუქმების შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით (ამ განჩინების მიღების დროს მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი).

13. საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილებით ხაზგასმულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუქცევადობის მნიშვნელობა და განმარტებულია, რომ დაუსრულებელი დავის შესაძლებლობა დააფრთხობს პირებს, გაართულებს სამართლებრივი უსაფრთხოების დამყარებას - უფლების მუდმივი საეჭვოობის დაშვება მოსპობს თავად უფლების სიცოცხლისუნარიანობას, რადგან ის ვერ იქნება გამოყენებული მომავალი ურთიერთობების დასამყარებლად, უფლებების შესაძენად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის #3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-27).

14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის განჩინებაში, საქმეზე „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (განაცხადი # 18156/05), განიმარტა: , კანონის უზენაესობის ერთერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმადაც სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (ბრუმანესკუ რუმინეთის წინააღმდეგ, 28342/95). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არც ერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს შენიღბულაპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით. გარდა ამისა, საკუთრების ინტერესის არსებობა, რომელიც დადასტურებულია სავალდებულო და საბოლოო განჩინებით, წარმოადგენს განჩინების ბენეფიციარის „საკუთრებას“ N 1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დადგენილი მნიშვნელობით. ასეთი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა უტოლდება საკუთრებით სარგებლობაში ჩარევას (იხ. სხვათა შორის, ბურდოვი რუსეთის წინააღმდეგ, #59498/00).

15. საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის გამოყენებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება უქმდება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ მტკიცებულებების დროულად წარმოდგენის შემთხვევაში მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა გულისხმობს არა მხოლოდ იმ შემთხვევებს, როდესაც დგინდება, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოება/მტკიცებულება იმდენად ძირეულ გავლენას ახდენს გადაწყვეტილებაზე, რომ მისი არსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება, არამედ ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც ახლად აღმოჩენილ გარემოებას/მტკიცებულებას შეუძლია, განცხადების ავტორის სასიკეთო ცვლილება მოახდინოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში, ნაწილობრივ შეცვალოს მის მიმართ დამდგარი ნეგატიური სამართლებრივი შედეგები.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგია ის, რომ იგი სავალდებულოა, მას აქვს მაღალი ლეგიტიმაცია და სანდოობა, თუმცა, მიუხედავად ამისა, საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას, მათ შორისაა სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმის კონსტიტუციურობა არ დამდგარა ეჭვქვეშ, არამედ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რაც ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა თუ მტკიცებულების არსებობისა და მისი საფუძვლიანობის შემთხვევაში a priori კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას იწვევდა, მიუხედავად იმისა, შეიცვლებოდა თუ არა გადაწყვეტილებით დამდგარი სამართლებრივი შედეგი. საკონსტიტუციო სასამართლოს მიზანია დაადგინოს, რომ სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება დაეფუძნოს სასამართლოს მიერ გამოკვლეულ იმგვარ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებულ დავას თუნდაც ნაწილობრივ, მაგრამ სხვაგვარად მოაწესრიგებენ. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებით არ დაზიანდეს და საფრთხე არ შეექმნას სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ საზოგადოებაში არსებულ მაღალ ნდობას.

17. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თუ მოსამართლე მივა დასკვნამდე, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების შედეგების გაუქმებით შელახული ინტერესები აღემატება განმცხადებლის დაცულ ინტერესს, მაშინ მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, არ გააუქმოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლოს შეფასებით წინამდებარე განჩინების მე-15 პუნქტში მოხმობილი არგუმენტი არის გასაღები, მთავარი მოტივაცია იმ პოზიციისა, რის გამოც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გაუქმების შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით (წინამდებარე განჩინების მიღების დროს საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით მხედველობაშია 31-ე მუხლის პირველი პუნქტი - ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია).

18. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მას სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ (სსსკ-ის 73-ე მუხლი), თუმცა აცხადებს, რომ ვერ გაიგო, რომ სახელმწიფო ბაჟის ქვითარი სასამართლოში უნდა წარედგინა. სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ განმცხადებელს პირადად (სსსკ-ის 70-ე მუხლის თანახმად სასამართლო შეტყობინება ან თავად მხარეს ჰბარდება ან მის წარმომადგენელს, აღნიშნულს სასამართლო წყვეტს) ეცნობა ხარვეზის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და მან დაადასტურა, რომ შეტყობინება მიიღო. სსსკ-ის 70.3-ე მუხლი ითვალისწინებს მხარისათვის სასამართლო შეტყობინების ტელეფონით ჩაბარებას, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის შესახებ განჩინების თაობაზე კანონით გათვალისწინებული წესით ეცნობა. უსაფუძვლოა განმცხადებლის პრეტენზია, რომ მან, როგორც ხანდაზმულმა ქალბატონმა, ვერ გაიგო განჩინების შინაარსი. ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან კერძო საჩივრის ავტორმა შეტყობინების მიღებისას სასამართლო მოხელეს დაუდასტურა, რომ შეტყობინება ჩაიბარა. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის ის პრეტენზიაც ვერ იქნება გაზიარებული, რომ საბანკო რეკვიზეტები მისთვის უცნობი იყო, რადგან განმცხადებელმა სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ხაზინის სწორედ იმ რეკვიზიტებზე გადაიხადა, რაც მხარეს ეცნობა სასამართლო მოხელის მიერ სატელეფონო შეტყობინებით. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს განცხადებას და უარს ამბობს საქმის წარმოების განახლებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით, 257-ე მუხლის პირველი ნაწილით, 421-ე, 423-ე, 430-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ც.გ–ძის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 იანვრის განჩინების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე