საქმე №ას-32-2021 23 აპრილი, 2021 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს "დ.კ.ქ–უ" (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სს „ს.კ.ქ–უს“ (შემდეგში: მოპასუხე ან კომპანია) წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
2. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2015 წლის 29 იანვარს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №1/61 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების მეორე პუნქტით განისაზღვრა №1დანართით გათვალისწინებული შემოსავლების სამსახურის ავტოტრანსპორტის დაზღვევა, მათ შორის „ტოიოტა პრადო“, სახელმწიფო ნომრით ....., ახალი ნომრით ..... ხელშეკრულების ამავე პუნქტით ერთ-ერთ სადაზღვევო რისკად განისაზღვრა ავტოსაგზაო შემთხვევით ავტოსატრანსპორტო საშუალების ან მისი ნაწილების დაზიანება ან განადგურება. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 132 125,00 ლარით, ხოლო დაზღვევის მომსახურების გაწევა - 2015 წლის პირველი თებერვლიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
2.2. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების მე-7 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ ზიანის ოდენობის განსაზღვრისა და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის წესზე. ხელშეკრულების 7.11 ქვეპუნქტის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო მომსახურების შეფასება და მომსახურების გაწევა უნდა განხორციელებულიყო შემსყიდველთან შეთანხმებულ ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების ავტორიზებულ სერვისცენტრში.
2.3. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების 9.3 ქვეპუნქტის მიხედვით, შემსყიდველის (დამზღვევის) შესაბამისი წარმომადგენელი (წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტი) უფლებამოსილი იყო ჩაეტარებინა ხარისხის კონტროლი და თუ აღმოჩნდებოდა უხარისხოდ გაწეული მომსახურება, მიმწოდებელი (მზღვეველი) ვალდებული იყო წერილობითი შეტყობინებიდან სამ დღეში გამოესწორებინა წუნი.
2.4. 2015 წლის 3 სექტემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილი „ტოიოტა პრადო“, სახელმწიფო ნომრით ...., ახალი ნომრით .....
2.5. მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის, 2015 წლის 8 ოქტომბერს, გაფორმდა ზარალის დარეგულირების აქტი №013924, რომლის მიხედვითაც საბოლოო ზარალის ოდენობამ 40 292,09 ლარი შეადგინა. ზარალის დარეგულირების აქტის მიხედვით, აქტზე ხელმოწერით დამზღვევი/მოსარგებლე ადასტურებდა, რომ ამ აქტში მითითებული ზიანის ანაზღაურების შემდეგ მას მზღვეველთან პრეტენზია არ ექნებოდა. მოსარჩელეს, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთების მიზნით, გაეწია მომსახურება.
2.6. სადაზღვევო კომპანიამ 2015 წლის 24 დეკემბერს განხორციელებული რეორგანიზაციის შემდეგ შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად.
3. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 327.1-ე, 802.1-ე, 361.2-ე, 799-ე, 394-ე მუხლებით იხელმძღვანელა და განმარტა შემდეგი სამართლებრივი საკითხები:
3.1. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები შეასრულა არაჯეროვნად, ვინაიდან დაზღვეული ავტომანქანა შეკეთებული იქნა უხარისხოდ და არასრულად, რის გამოც მოსარჩელეს ხელახლა შეკეთების საჭიროება წარმოეშვა, რითაც მოსარჩელეს 8750,2 ლარის ზიანი მიადგა.
3.2. სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. ამავე კოდექსის 395-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
3.3. სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, სსკ-ის 394-ე მუხლის მიხედვით, პირს დაეკისრება ერთდროულად შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში: უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, სახეზე უნდა იყოს ზიანი, უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.
3.4. მოსარჩელე ზიანის მტკიცებისას მიუთითებდა მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ სადაზღვევო კომპანიამ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, რამაც გამოიწვია მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება. თუმცა, მოსარჩელე არ მიუთითებდა კონკრეტულად რა ქმედებით თუ უმოქმედობთ გამოიხატა სადაზღვევო კომპანიის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება.
3.5. მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ ზიანის ოდენობის განსაზღვრისა და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის წესზე. ხელშეკრულების 7.11 ქვეპუნქტის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო მომსახურების შეფასება და მომსახურების გაწევა სადაზღვევო კომპანიას შემსყიდველთან შეთანხმებულ ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების ავტორიზებულ სერვისცენტრში უნდა განეხორციელებინა. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ფაქტი იმის შესახებ, რომ მოპასუხემ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად შეათანხმა მოსარჩელესთან ავტომობილის შემკეთებელი კომპანია, რომელიც მოხსენიებულია ზარალის დარეგულირების აქტში, რასაც თავად მოსარჩელე აწერს ხელს.
3.6. ხელშეკრულებით მხარეებმა გაითვალისწინეს სსიპ შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილება, ჩაატაროს ხარისხის კონტროლი და თუ აღმოჩნდება უხარისხოდ გაწეული მომსახურება, მიმწოდებელი (მზღვეველი) ვალდებულია წერილობითი შეტყობინებიდან სამ დღეში გამოასწოროს წუნი. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურს, მას შემდეგ რაც მოსარჩელეს გადაეცა შეკეთებული ავტომანქანა, დეფექტთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს.
3.7. მოსარჩელის მითითება მხარეთა შორის ხელშეკრულების დარღვევისა და არაჯეროვანი შესრულების შესახებ, დაუსაბუთებელია, ვინაიდან მოსარჩელე ვერ უთითებდა, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მოპასუხის მხრიდან დარღვევა და შესაბამისად, არაჯეროვანი შესრულება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო ზიანის ანაზღაურების არა თუ ყველა პირობა, არამედ - თავად ზიანის გამომწვევი ქმედების არსებობა.
3.8. სასამართლომ განმარტა, რომ ვერ გაიზიარებდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას (ავტომანქანის „ტოიოტა პრადოს“, სახელმწიფო ნომრით ...., ჩარჩოს დეფორმაციიდან გამომდინარე, ექსპლუატაცია მიზანშეწონილი არ არის, აღდგენითი სამუშაოების უხარისხოდ და არასრულად ჩატარების გამო), რამდენადაც მოცემული დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს არც უარყოფდა და არც ადასტურებდა - ვერ ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ სწორედ მოპასუხის ქმედებით ან უმოქმედობით გამოწვეული რაიმე ზიანი მიადგა მოსარჩელეს.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 აპრილის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები.
6. აპელანტმა საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
13. უპირველესად, საკასაციო სასამართლო იმას აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები.
14. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა (სსსკ-ის მე-3, მე-4 და 102-ე მუხლები). მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (შდრ. სუსგ #ას-1610-2019, 07.02.2020 წ.).
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეული ფაქტების შეფასებისა და დასკვნების გაბათილება.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობა სსკ-ის 799-ე (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება; დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი(პრემია)), 394.1-ე (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლების წინაპირობებში მითითებული წინაპირობების არარსებობამ გამოიწვია,
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი განამტკიცებს ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და კრედიტორს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს, ხოლო მისი გამოყენების წინაპირობებია მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და ზიანი. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ (სსკ-ის 408-ე მუხლი). ანაზღაურებას ექვემდებარება პირდაპირი ზიანი და არა არაპირდაპირი ზიანი. პირდაპირ ზიანს მიეკუთვნება როგორც უშუალოდ მიყენებული ზიანი, ისე -მიუღებელი შემოსავალი. არაპირდაპირი ზიანი, ეს ისეთი ზიანია, რომელიც გონივრული ვარაუდის ცნებიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდა სავარაუდო საერთოდ მოვალისათვის. როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს, ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში მოსარჩელეს წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის შემთხვევაში ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ განხორციელდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე. ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ იარსებებდა ვალდებულების დარღვევის არარსებობის შემთხვევაში, ე.ი. ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან მიმართებით, სასამართლომ უპირველესად, უნდა შეაფასოს ზიანის, როგორც მეორადი მოთხოვნის, წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლების არსებობა (შდრ. სუსგ №ას-167- 163-2016, 01.07.2016).
18. ზემოხსენებული სამართლებრივი მოტივაციით საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არსებითად განსახილველად, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია დაუშვებლობის გამო, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება, როგორც კანონიერი და დასაბუთებული, უცვლელად დარჩა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური