Facebook Twitter

საქმე №ას-194-2021 4 ივნისი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ა.ტ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქ. წყალტუბოს N2 საჯარო სკოლა (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღბით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ა.ტ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, დირექტორის მოადგილე ან კასატორი) სარჩელი სსიპ მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქ. წყალტუბოს N 2 საჯარო სკოლის (შემდეგში: მოპასუხე, საჯარო სკოლა ან აპელანტი) მიმართ, გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა;

1.2. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო სკოლის დირექტორის 2019 წლის 4 ივლისის N 1/კ-124 ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ;

1.3. მოსარჩელე აღდგენილ იქნა საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე;

1.4. მოპასუხე საჯარო სკოლას, მოსარჩელის სასარგებლოდ, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება - თვეში 700 (შვიდასი) ლარი დაეკისრა გათავისუფლების დღიდან - 2019 წლის 4 ივლისიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

1.5. მოპასუხე საჯარო სკოლას, მოსარჩელის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 100 (ასი) ლარის გადახდა დაეკისრა;

1.6. მოპასუხე საჯარო სკოლას, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის - 756 ლარის გადახდა დაეკისრა;

1.7. მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილება მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის და მოსარჩელისათვის სამი თვის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე საჯარო სკოლამ, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით. სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს მოპასუხის (აპელანტის) სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 1008 (ათას რვა) ლარის გადახდა.

3. სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. 2014 წლის 1 დეკემბრიდან N 1/კ-68-ბრძანების საფუძველზე მოსარჩელე დაინიშნა N2 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილედ და მასთან დაიდო შრომითი ხელშეკრულება, ხოლო 2014 წლის 17 დეკემბრიდან N 1/კ-78-ბრძანების საფუძველზე მოსარჩელე იმავე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში. მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობა შეადგენდა 700 (შვიდასი) ლარს (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით);

3.2. მოსარჩელეს 2016 წლის 26 ნოემბერს სერტიფიკატი გადაეცა და პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა;

3.3. ბოლო შრომითი ხელშეკრულება მოსარჩელესთან გაფორმებულია 2018 წლის 1 სექტემბერს, რომლის თანახმადაც ის მიღებულია ამავე სკოლაში დირექტორის მოადგილედ. შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულია მხარეთა უფლება - მოვალეობები, ასევე პასუხისმგებლობის წესი. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრულია ერთი წლის ვადით (იხ. ტ.1, ს.ფ. 41-46). პარალელურად, 2015 წლიდან მოსარჩელე იყო ამავე სკოლის მასწავლებელი საგანში ,,სახელმწიფო და სამართალი’’ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე (8 საგაკვეთილო საათი). 2016 წლის 1 სექტემბრიდან მას დაემატა ასევე საგანი ,,საგზაო მოძრაობა და უსაფრთხოება’’ (სულ 10 საგაკვეთილო საათი). 2017 წლის 1 სექტემბრიდან იგი კვლავ აგრძელებდა დირექტორის მოადგილედ მუშაობას და იყო ამავე სკოლის ,,სახელმწიფო სამართლის’’ მასწავლებელი (10 საგაკვეთილო საათი). 2018 წლის 1 სექტემბრიდან მოსარჩელეს დაემატა საგანი ,,საგზაო ნიშნები და უსაფრთხოება’’ და ,,ამერიკანთმცოდნეობა’’;

3.4. შრომითი ხელშეკრულების მიხედვით მოსარჩელის მოვალეობას, სხვა მოვალეობებთან ერთად, წარმოადგენდა: ზრუნვა სკოლის განვითარებაზე, სასწავლო პროცესის მართვა, მონიტორინგის განხორციელება და ანალიზის საფუძველზე გაუმჯობესების მექანიზმების დაგეგმვა, სასწავლო პროცესის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან, სწავლა-სწავლების ხელშემწყობი მექანიზმების სრულყოფა, მონაწილეობის მიღება ეროვნული სასწავლო გეგმის შედგენაში და მისი კოორდინაცია, გაკვეთილების ცხრილის შედგენა, მეთოდურად პასუხისმგებლობა ცხრილის გამართულ მუშაობაზე; ზედამხედველობის გაწევა პედაგოგთა მიერ სამუშაო გეგმის შედგენასა და დირექტორისთვის წარდგენაზე; პირველი - მე-12 კლასების საკლასო ჟურნალების მონიტორინგი; მოსწავლეთა მიერ საგაკვეთილო პროცესის გაცდენების მონიტორინგი, საგნობრივ ოლიმპიადებსა და სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებში მოსწავლეთა ჩართულობის ორგანიზება, როგორც სკოლის შიგნით, ასევე - სკოლის გარეთ; მასწავლებელთა და მოსწავლეთა სხვადასხვა სასწავლო - საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართულობისთვის ხელისშეწყობა; სასწავლო პროცესის მშვიდ გარემოში მიმდინარეობის მიზნით, სკოლაში მშვიდი, საქმიანი, შემოქმედებითი, კოლეგიალური ატმოსფეროს შექმნასა და შენარჩუნებაზე ზრუნვა; სკოლის დირექტორის დავალებების შესრულება სკოლის საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით; სკოლაში დასაქმებულ პირთა მიერ საკუთარი მოვალეობების კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულებაზე ზედამხედველობა; ხელმძღვანელობის გაწევა მასწავლებელთა და მოსწავლეთა მონაწილეობით მოწყობილ სასწავლო ღონისძიებების განხორციელებაში, სწავლის დონის ამაღლების, სკოლის იმიჯის ამაღლებისა და ავტორიტეტის ზრდის, პედაგოგთა და მოსწავლეთა აქტიურ დასვენების უზრუნველყოფისთვის ზრუნვა და სხვ.;

3.5. N2 საჯარო სკოლის დირექტორის 2019 წლის 5 ივნისის N1. 2/132 ბრძანებით, სკოლის დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული იქნა ამავე სკოლის მასწავლებელი ნ.ფ–ვა;

3.6 ამჟამად, მოსარჩელე მოპასუხე საჯარო სკოლაში დასაქმებულია მასწავლებლის პოზიციაზე (საგანი ,,საგზაო მოძრაობა და უსაფრთხოება’’) და მისი ხელფასია 123 ლარი;

3.7. სკოლაში დასაქმებულია 73 პირი, მათგან 52 მასწავლებელი არის;

3.8. 2019 წლის 10 ივნისს მასწავლებელთა ცალკეულმა ნაწილმა (33 პირი) განცხადებით მიმართა სკოლის დირექტორს გ.ბ–ძეს, მოსარჩელის სკოლის დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, ვინაიდან ისინი ამ უკანასკნელისაგან ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიან, რაც ხელს უშლით ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სწავლა-სწავლების პროცესში;

3.9. N2 საჯარო სკოლის დირექტორმა 11.06.2019 წ. მოსარჩელეს მიმართა წარმოედგინა წერილობითი ახსნა-განმარტება 2019 წლის 14 ივნისისთვის მასწავლებელთა ზ/აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით;

3.10. მოსარჩელემ 2019 წლის 14 ივნისს სკოლის დირექტორს წარუდგინა ახსნა-განმარტება, რომელშიც მიუთითა, რომ ,,სკოლაში სასწავლო პერიოდი მთელი წლის მანძილზე მიმდინარეობდა ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. ამ თემაზე მას დირექტორისგან რაიმე სახის შენიშვნა ან წერილობითი საყვედური არ მიუღია. პირიქით, წარმატებული მუშაობისათვის მიღებული აქვს არაერთი მადლობა და ფულადი ჯილდო და მისთვის გაურკვეველია პედაგოგთა გარკვეული ნაწილის პრეტენზია. რომელსაც არ ახლავს წერილობითი დასაბუთება’’;

3.11. სკოლის დირექტორის 2019 წლის 4 ივლისის N1/კ-124 ბრძანებით - სკოლის შინაგანაწესის მე-19 მუხლის მე-8 პუნქტის ,,ბ’’, ,,დ’’, ,,ე’’, ,,კ’’ ქვეპუნქტების დარღვევისათვის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2019 წლის 4 ივლისიდან, ხელფასის ანგარიშსწორებით.

4. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის სააპელაციო პრეტენზიის ფარგლებში მხარეებისა და მათ წარმომადგენლების მოსმენით, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების შემოწმების საფუძველზე დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებით და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სააპელაციო პრეტენზია უნდა დაკმაყოფილდეს და სარჩელი ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით - არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. სააპელაციო სასამართლომ, წინამდებარე განჩინების 3.1-3.11 ქვეპუნქტებში მითითებული გარემოებების გარდა, დამატებით დაადგინა:

5.1. ბოლო შრომითი ხელშეკრულება მოსარჩელესთან გაფორმებულია 2018 წლის 1 სექტემბერს, რომლის თანახმადაც ის მიღებულია ამავე სკოლაში დირექტორის მოადგილედ. შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულია მხარეთა უფლება - მოვალეობები, ასევე პასუხისმგებლობის წესი. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრულია ერთი წლის ვადით (იხ. ხელშეკრულება, ტ.1, ს.ფ 41-45).

5.2. დასაქმებულისთვის ცნობილი იყო შრომითი ხელშეკრულების დარღვევისთვის ამ ხელშეკრულებითა და სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრული პასუხისმგებლობის თაობაზე (ტ.1, ს.ფ. 45).

6. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე არაერთი მოწმე დაიკითხა;

6.1. მოწმეების მოწმე მ.რ–ას, მ.შ–ძის, ქ.ს–ძის, ნ.კ–ის, რ.ქ–ის, ნ.ჩ–ძის, თ.ყ–ის განმარტებით, კონფლიქტური სიტუაცია ძირითადად სკოლის დირექტორს და მოსარჩელეს შორის იყო, ეს უკანასკნელი დირექტორზე ზეწოლას ახდენდა (ლანძღავდა მშობლებისა და პედაგოგების თანდასწრებით, ეძახდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს, როგორიცაა ,,თავგასიებული“), რასაც ყველა პედაგოგი განიცდიდა. მოსარჩელე ცდილობდა თავისი გავლენა და ძალა ეჩვენებინა პედაგოგებისთვის, იყო ირონიული. პედაგოგები მდგომარეობას ყოველდღე არკვევდნენ და მაინც არ გვარდებოდა, რაც ხელს უშლიდა სასწავლო პროცესს და პედაგოგებზეც მოქმედებდა. სკოლაში დაძაბული სიტუაცია იყო, ხშირად იყო ე.წ. ,,გარჩევები“. სკოლაში იყვნენ მოსარჩელის მომხრე და მოწინააღმდეგე მასწავლებლები. დირექტორი ცდილობდა სკოლაში არსებული სიტუაციის მოგვარებას, მაგრამ უშედეგოდ და ყოველთვის უკან იხევდა;

6.2. მოსარჩელე უკრძალავდა მასწავლებლებს ტრენინგებზე წასვლას, არ ესწრებოდა ღია გაკვეთილებს, სასკოლო ღონისძიებებს (რაც მის მოვალეობას წარმოადგენდა). ერთმანეთს ადარებდა პედაგოგთა პირად საქმეებს და ვისიც არ მოსწონდა, ლანძღავდა. სიტუაციის დასარეგულირებლად რესურსცენტრის უფროსიც კი მოიწვიეს, რომელმაც მასწავლებლებს მოუწოდა შერიგებისაკენ, რადგან მათ შორის არსებული ურთიერთობის დარეგულირება მის კომპეტენციაში არ შედიოდა. სკოლაში დირექტორისა და პედაგოგთა მიმართ სულ ქილიკი და დაცინვა იყო და მოსარჩელის პირადი ურთიერთობების განხილვას ეწირებოდა სასწავლო პროცესი. ყოველთვის მოსარჩელე იწყებდა ,,აურზაურს’’, მწყობრიდან გამოჰყავდა მასწავლებლები. მოსარჩელის იძულებით, პირადი განცხადების საფუძველზე, სკოლიდან 3 მასწავლებელი წავიდა;

6.3. მოწმე თ.ჩ–ძის, ნ.ჯ–ის განმარტებით, მოსარჩელემ პედაგოგების ნაწილს შორის შემოიკრიბა „ინფორმატორები“, რომელთაც მოსარჩელესთან ძირითადად სხვა პედაგოგების შესახებ პირადი ინფორმაცია მიჰქონდათ. აღნიშნულით კი მოსარჩელემ ერთმანეთს დაუპირისპირა საკმაოდ მრავალრიცხოვანი პედაგოგიური კოლექტივის (52 მასწავლებელი) წევრები. მოწმე თ.ყ–ის განმარტებით, მისგან მოსარჩელე ითხოვდა ინფორმაციას სპორტის მასწავლებელზე, წინააღმდეგ შემთხვევაში აფრთხილებდა, რომ შეექმნებოდა პრობლემა, ხოლო ნ.ჯ–ის განმარტებით, მას ახსენდება შემთხვევა, როდესაც დაიბარა დირექტორის მოადგილემ (მოსარჩელემ) და სურდა გაეგო, რას ამბობდნენ მასზე სკოლაში და მათი პირადი ამბებიც აინტერესებდა. ამის თაობაზე მოწმემ შეატყობინა სკოლის დირექტორს, რაზედაც მოსარჩელე განაწყენდა;

6.4. მოწმეების მ.რ–ას, რ.ქ–ის, ნ.ჯ–ის, ნ.ჭ–ის განმარტებით, მოსარჩელემ ერთ-ერთ პედაგოგს უთხრა, რომ ,,შუბლს გაუხვრეტდა’’, იგი აცხადებდა, რომ მას ჰქონდა იარაღის ტარების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ მის ხელში იარაღი არ უნახავთ, ემუქრებოდა მასწავლებლებს იარაღის გამოყენებით, მოწმე ნ.ფ–ვას განმარტებით: მოსარჩელე აცხადებდა, რომ მას ჰქონდა იარაღი, რომლის ბუდეც ნანახი აქვს. ნ.ფ–ვა, ცდილობდა დაერეგულირებინა პედაგოგებსა და მოსარჩელეს შორის ურთიერთობა, თუმცა - უშედეგოდ.

7. საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით (ძირითადად კი მოწმეთა ჩვენებებით) სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია გარემოება, რომ ფაქტორივად მოსარჩელის მიერ სისტემატურად ირღვეოდა სკოლის შინაგანაწესით დადგენილი სამართლებრივი რეგულაციები, რაც გათავისუფლების ბრძანებაში მითითებული ამავე სამართლებრივი საფუძვლით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საკმარის საფუძველს წარმოადგენს.

8. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აპელანტის (მოპასუხე საჯარო სკოლის) მოთხოვნების საფუძვლიანობა უნდა შემოწმდეს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების, მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსის, სკოლის შინაგანაწესისა და საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) შესაბამისად;

9. დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების საფუძველია სკოლის შინაგანაწესის მე-19 მუხლის მე-8 პუნქტის ,,ბ’’, ,,დ’’, ,,ე’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტები (იხ. ტ.1, ს.ფ. 29). კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელია შემდეგი სადავო საკითხები: შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დასაქმებულის მიერ ჰქონდა თუ არა ადგილი ხელშეკრულებით (სკოლის შინაგანაწესითა და მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის) განსაზღვრულ ვალდებულებების დარღვევას და რამდენად პროპორციული იყო მოსარჩელის მიმართ დამსაქმებლის მიერ გამოყენებული დისციპლინური სახდელი.

10. სკოლის სამეურვეო საბჭოს 2019 წლის 21 ივნისის N 11 სხდომის ოქმით დამტკიცებული სკოლის შინაგანაწესის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მე-3 პუნქტით დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის, დასაქმებულის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) წერილობითი გაფრთხილება; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) ათ დღემდე სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; ე) სამსახურიდან გათავისუფლება. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით: დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან გათავისუფლება სხვა სახდელების გათვალისწინების გარეშე გამოიყენება: ა) მოსწავლის ან კოლეგის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის; ბ) პედაგოგიური ეთიკის ნორმების უხეში დარღვევისათვის; გ) ზნეობრივ-ეთიკური ნორმების წინააღმდეგ დასაქმებულის, მოსწავლის ან სკოლის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი; დ) დასაქმებულის ქმედება, რომელიც ლახავს სკოლის ავტორიტეტს; ე) მოსწავლეზე/კოლეგაზე ემოციური და ფსიქოლოგიური ზეწოლის წარმოება; ვ) მოსწავლის/კოლეგის პირად ცხოვრებაში ჩარევა; ზ) კონფიდენციალობის პრინციპის დარღვევა; თ) ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ სამუშაოზე გამოცხადება ან მათი სამუშაოზე მიღება; ი) მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის/ სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა; კ) სკოლაში კონფლიქტური სიტუაციების შექმნა; ლ) სკოლისათვის მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალის მიყენება.

11. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით ზემოაღნიშნული იმას ნიშნავს, რომ შინაგანაწესის მე-8 პუნქტში ჩამოთვლილ დარღვევათაგან თუნდაც ერთი რომელიმე დარღვევის შემთხვევაში დასაქმებულის მიმართ გამოყენებული იქნებოდა დისციპლინური სახდელი სამსახურიდან გათავისუფლება.

12. საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით (ძირითადად მოწმეთა ჩვენებები) სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ უტყუარად დასტურდება გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლით გათვალისწინებული რეგულაციის დარღვევის ფაქტი. უფრო კონკრეტულად, დირექტორის ლანძღვა მასწავლებელთა თანდასწრებით და მასთან მუდმივი კონფლიქტი, ე.წ. ,,გარჩევები“ სკოლაში, კოლექტივის გახლეჩა, მასწავლებლებისთვის ,,შუბლის გახვრეტით დამუქრება“, სასწავლო პროცესის, სემინარების „დაბულინგება“ და ა.შ. საკმარის საფუძველს საიმისოდ, რომ დადგენილად იქნეს მიჩნეული მოსარჩელის მხრიდან პედაგოგიური ეთიკის ნორმების უხეში დარღვევის, კოლეგებზე ემოციური, ფსიქოლოგიური ზეწოლის წარმოების, სკოლაში კონფლიქტური სიტუაციების შექმნის ფაქტობრივი გარემობები.

13. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით საქალაქო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა მოწმეების: მ.რ–ას, მ.შ–ძის, ქ.ს–ძის, ნ.კ–ის, რ.ქ–ის, ნ.ჩ–ძის, თ.ყ–ის, თ.ჩ–ძის, ნ.ჯ–ის, ნ.ჯ–ის, ნ.ჭ–ის, ნ.ფ–ვას ჩვენებებს, რომელთა ერთობლივად შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიაჩნია, რომ: არა მხოლოდ სკოლის დირექტორს და მოსარჩელეს შორის იყო კონფლიქტური სიტუაცია, არამედ მოსარჩელე ზეწოლას ახდენდა და შეურაცხყოფდა პედაგოგებს, ცდილობდა თავისი გავლენა და ძალა ეჩვენებინა პედაგოგებისთვის, რის გამოც სკოლაში იყო დაძაბული სიტუაცია, ხშირად იყო ე.წ. ,,გარჩევები“. პედაგოგების ნაწილის ე.წ. „ინფორმატორებად“ (პედაგოგების შესახებ პირადი ინფორმაციის მიმწოდებლები) შემოკრებით მოსარჩელემ მოახდინა პედკოლექტივის ერთგვარი გახლეჩა, პოლარიზაცია და მათი დაპირისპირება (მოწმე ქ.ს–ძის განმარტებით, სკოლაში იყვნენ მოსარჩელის მომხრე და მოწინააღმდეგე მასწავლებლები).

14. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სათანადო შეფასების გარეშე დატოვა მოწმეთა მიერ მითითებული ფაქტები იმის შესახებ, რომ მოსარჩელე კონფლიქტებისა და ე.წ. ,,გარჩევების“ დროს მის მიერ გაკეთებული განცხადებებით, იარაღის ტარების უფლების დემონსტრირებას ახდენდა (მოწმე ნ.ჯ–ის განმარტებით ერთ პედაგოგს უთხრა, რომ ,,შუბლს გაუხვრეტდა’’, ხოლო მოწმე რ.ქ–ის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მის ხელში იარაღი არ უნახავთ, ემუქრებოდა მასწავლებლებს იარაღის გამოყენებით; მოწმე ნ.ფ–ვას განმარტებით კი ა.ტ–ი აცხადებდა, რომ მას ჰქონდა იარაღი, რომლის ბუდეც ნანახი აქვს).

15. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელემ თავისი ქმედებებით, რომელთაც გარკვეული პერიოდის მანძილზე, სისტემატიური ხასიათი ჰქონდა, დაარღვია შრომითი ხელშეკრულებით, მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსით და სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრული ვალდებულებები, რაც მის მიმართ შინაგანაწესის მე-19 მუხლის მე-8 პუნქტის ,,ბ’’, ,,დ’’, ,,ე’’ და ,,კ’’ პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით ხელშეკრულების მოშლის საფუძველი გახდა. კერძოდ: - უხეშად დაარღვია პედაგოგიური ეთიკის ნორმები; - თავისი ქმედებით გამოიწვია სკოლის ავტორიტეტის შელახვა; - კოლეგ(ებ)ზე აწარმოა ემოციური და ფსიქოლოგიური ზეწოლა (პასუხისმგებლობისთვის საკმარისია, სულ მცირე, ერთი მათგანის დადასტურებულად მიჩნევა) - სკოლაში შექმნა კონფლიქტური სიტუაცია.

16. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება სააღმზრდელო დაწესებულების, საჯარო სკოლის ხელმძღვანელი რგოლის (დირექტორის მოადგილის) მუშაობას, სადაც 800-მდე ბავშვი სწავლობს, მოსარჩელის ქმედებები, სააპელაციო სასამართლოს არა მხოლოდ ზნეობრივი ნორმების შეუსაბამოდ მიაჩნია, არამედ, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებითა და სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრული იმ ვალდებულებების დარღვევად, რაც დირექტორის მოადგილის (მოსარჩელის) პირდაპირ მოვალებებს წარმოადგენდა: ზრუნვა სკოლის განვითარებაზე, სასწავლო პროცესის მართვა, მონიტორინგის განხორციელება და ანალიზის საფუძველზე გაუმჯობესების მექანიზმების დაგეგმვა, სასწავლო პროცესის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან და ა.შ. სწავლა-სწავლების ხელშემწყობი მექანიზმების სრულყოფა, მასწავლებელთა და მოსწავლეთა სხვადასხვა სასწავლო - საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართულობისთვის ხელისშეწყობა; სასწავლო პროცესის მშვიდ გარემოში მიმდინარეობის მიზნით, სკოლაში მშვიდი, საქმიანი, შემოქმედებითი, კოლეგიალური ატმოსფეროს შექმნასა და შენარჩუნებაზე ზრუნვა; სკოლის დირექტორის დავალებების შესრულება სკოლის საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით; და ა.შ. (ხელშეკრულების 3.3. მუხლი). სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ირღვეოდა ხელშეკრულების 3.3. პუნქტითა და გათავისუფლების ბრძანებაში მითითებული საფუძვლები.

17. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს იმის შესახებ, რომ მას არ მისცემია ახსნა-განმარტების წარდგენის შესაძლებლობა, რითაც დაირღვა ბრძანების გამოცემის პროცედურული წესი. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო მიუთითებს სკოლის შინაგანწესის მე-19 მუხლის მე-8 პუნქტზე, მე-20 მუხლის 1-9 პუნქტებზე და განმარტავს, რომ სკოლის ადმინისტრაციის (დირექტორის მოადგილის) თანამშრომლის მიერ ჩადენილი ზემოაღნიშნული მინიმუმ ერთი დარღვევისთვისაც კი სკოლის შინაგანაწესი სავალდებულოდ არ მიიჩნევს საკითხის სხდომაზე განხილვას. დისციპლინური სახდელის დადებისთვის საკმარისია დირექციისთვის განცხადებით მიმართვა და პრეტენზიის ადრესატისგან ახსნა-განმარტების მიღება, რაც მოცემულ შემთხვევაში შესრულებულია შინაგანაწესით დადგენილი წესით (იხ. ახსნა-განმარტება, ტ. 1, ს.ფ. 28), ხოლო სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლისათვის დისციპლინური სახდელი გამოყენება-არგამოყენების საკითხის გადაწყვეტა, ამავე შინაგანაწესის თანახმად (მე-20.5-ე მუხლი), დირექტორის სრულ დისკრეციას წარმოადგენს.

18. სააპელაციო სასამართლოს საქმეზე ერთობლივად შეჯერებული მტკიცებულებების, მხარეთა პოზიციების მოსმენის შედეგად ჩამოუყალიბდა შინაგანი რწმენა, რომ მოსარჩელის გათავისუფლება კანონიერია, ამასთან, სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ ხელმძღვანელობითი (მენეჯერული) ფუნქციის განსახორციელებლად, სავალდებულოა, პირი ფლობდეს გარკვეულ უნარ-ჩვევებს, რაც ისეთი დაწესებულებისთვის, როგორიც სკოლაა, პირველ რიგში, ადამიანური რესურსის (სკოლაში დასაქმებული პირებისა და მოსწავლეების) მართვის უნარს გულისხმობს, ეს კი, თავის მხრივ, ადამიანებთან კეთილგონივრულ და საქმიანი ურთიერთობის წარმოების უნარს (დაწესებულების მიზნებიდან გამომდინარე) მოიცავს, წარმოშობილი პრობლემების უკონფლიქტო და გონივრული, პიროვნების (ადამიანის) უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარს გულისხმობს. მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადასტურდა, რომ მოსარჩელის ქმედებები პედაგოგების დიდი ნაწილის საქმიანობის დემოტივაციას იწვევდა. მოსარჩელის ქმედებები არ წარმოადგენდნენ ზემოაღნიშნული უნარების გამოვლენას, რაც სავსებით ამართლებს მის ჩამოცილებას დირექტორის მოადგილის მოვალეობების შესრულებისგან. მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ მოსარჩელე იმავე სკოლაში ახორციელებდა მასწავლებლის უფლებამოსილებას, მის მიერ ამ უფლების გახორციელება კი მოწმეთა განმარტებით, აღარ იწვევდა კანონითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული სკოლის მიზნების შესრულების რაიმე ფორმით შეფერხებას.

19. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სახდელის შეფარდებისას სკოლის დირექტორი ხელმძღვანელობდა სკოლის შინაგანაწესის შესაბამისი ნორმებით, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოპასუხე საჯარო სკოლის დირექტორის 2019 წლის 4 ივლისის N1/კ-124 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი და მოსარჩელის ეს მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. იმის გამო, მოსარჩელის მოთხოვნები: სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება პირდაპირ კავშირშია სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე მიღებული სადავო ბრძანების კანონიერებასთან, რომლის გაუქმების თაობაზე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული გარემოება გამორიცხავს სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

20. ზემოაღნიშნული მსჯელობების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნები დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს, სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

21. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

21.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

21.2. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასების და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

22. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

23. საკასაციო სასამართლო, უწინარეს ყოვლისა, იმას განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო არაა მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან მოსარჩელის გათავისუფლების მართლზომიერება. იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველი საქმე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილესთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას ეხება, საკასაციო სასამართლო მოიხმობს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლს, რომლის პირველი მუხლის მეორე ნაწეილის თანახმად, „ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს“; ამავე კანონის 41-ე მუხლის თანახმად „სკოლის დირექცია შედგება სკოლის დირექტორის, მისი მოადგილის/მოადგილეებისა და ბუღალტერიისაგან“ - ნაწილი პირველი; ხოლო ”დირექტორის, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მათ შორის, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დირექტორის მოადგილის, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – სკოლის იმ თანამშრომლის, რომელიც დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში შეასრულებს მის მოვალეობას, დანიშვნა და განთავისუფლება რეგისტრირდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (28.11.2014. №2822)“ - 21 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი; „დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიშნავს დირექტორის იმ მოადგილეს, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – სკოლის იმ თანამშრომელს, რომელიც დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში შეასრულებს დირექტორის მოვალეობას, და ამ მონაცემს სარეგისტრაციოდ უგზავნის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. (28.11.2014. №2822)“ - ნაწილი 3; „დირექტორის არჩევა ან დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა იწვევს დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას. (28.11.2014. №2822) - ნაწილი 41;

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, ზემოხსენებული სპეციალური კანონიდან კონკრეტული ნორმების მოხმობა განპირობებულია იმით, რომ დირექტორის მოადგილის უფლებამოსილების ვადა ერთგვარად დირექტორზე და მის მიერ მოვალეობის შესრულების შესაძლებლობაზეა დამოკიდებული, იმავდროულად დირექტორის მოადგილის დანიშვნის პროცესში ჩართულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ამასთან, სპეციალური კანონის 41-ე მუხლის კონკრეტულ ნაწილებთან მითითებულია განხორცილებული ცვლილების თარიღი, რაც განსახილველ შემთხვევას ეხება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ დირექტორის/მისი მოადგილის გათავისუფლების მართლზომიერების კვლევისას სპეციალური კანონის ნორმები გამოიყენება.

25. საკასაციო სასამართლოს შეფასებით ზემოხსენებული სპეციალური კანონიდან მოხმობილი ნორმების სისტემური ანალიზი იმ დასკვნის საფუძველს იძლევა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დროს 2020 წლის 24 აპრილს დირექტორის მოადგილის (მოსარჩელის) აღდგენა არა მხოლოდ იმ საფუძვლით იყო შეუძლებელი, რომ მან ჩაიდინა ის დარღვევები, რაზედაც იმსჯელა და დაადგინა სააპელაციო სასამართლომ, არამედ იმიტომ, რომ მოსარჩელესთან ბოლო ხელშეკრულება გაფორმდა 2018 წლის 1 სექტემბერს (იხ. ხელშეკრულება- ტ.1, ს.ფ.41-46), ერთი წლის ვადით, ანუ 2019 წლის 1 სექტემბრამდე, მოსარჩელე სახელშეკრულებო ერთწლიანი ვადის ამოწურვამდე ორი თვით ადრე გათავისუფლდა მოპასუხე სკოლის 2019 წლის 4 ივლისის N 1/კ-124 ბრძანებით, როდესაც მასთან გაფორმებული ერთწლიანი ხელშეკრულება შეწყდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ გარემოებაზე არ მიუთითებია მოპასუხეს შესაგებელში, ეს სამართლებრივი შეფასება სასამართლოს პრეროგატივაა უკვე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე. აღსანიშნავია ისიც, რომ საკასაციო სასამართლოს ანალოგიურ საქმეზე განმარტებული აქვს, რომ „სასამართლო ... უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს შრომის კოდექსის 1-ლი მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანამდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. მოცემულ შემთხვევაში, დავა ეხება შრომით ურთიერთობას ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამ ტიპის დაწესებულებებში შრომითი ურთიერთობები სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის რეგულირდება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით.... საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს სპეციალურ კანონს მასწავლებელსა და სკოლის დირექტორს შორის წარმოშობილი შრომითი ურთიერთობების რეგულირების სფეროში. შესაბამისად, სკოლის დირექტორის ინიციატივით მასწავლებელთან შრომითი ხელშეკრულების ვადამდე მოშლის კანონიერების საკითხი უნდა შემოწმდეს სწორედ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების ფარგლებში.“ (იხ. სუსგ-ები: Nას-996-935-2012, 10.12.2012წ; N ას -1265-1194-2012, 25.01.2013 წ; N ას1391-1312-12, 10.01.2014წ; N ას-1298-1218-2015, 15.03.2016წ; N ას476-457-2016, 10.01.2017წ.). მსგავსი კატეგორიის დავების განხილვისას სასამართლოები ხელმძღვანელობენ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლით, რომლის შესაბამისად განისაზღვრება დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესი და სამართლებრივი საფუძვლები.

26. საკასაციო სასამართლომ იმასაც მიაქცია ყურადღება, რომ მოპასუხემ მოსარჩელის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის პასუხად სააპელაციო შესაგებელს დაურთო სკოლის 2020 წლის 22 ივნისის ბრძანება N 1/კ-75 იმის შესახებ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2020 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეულ ნაწილში - მოსარჩელის აღდგენა და სამი თვის ხელფასის ანაზღაურება, აღსრულდა სასამართლოს გადაწყვეტილება და მოსარჩელე აღდგენილ იქნა დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე, ასევე, მას მიეცა სამი თვის განაცდური ხელფასი იმ პირობებში, როდესაც ერთწლიანი ხელშეკრულების ამოწურვამდე სულ 2 თვე იყო დარჩენილი; ხოლო 2020 წლის 7 ივლისს სკოლამ გამოსცა ბრძანება N 1/კ-77, რომლის მიხედვით გ.ბ–ძე დარეგისტრირდა სკოლის დირექტორის მოადგილედ 2020 წლის 7 ივლისიდან „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41- ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა საფუძველზე (იხ. ტ.3, ს.ფ. 71-74).

27. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, გარდა მოცემული შემთხვევის ზემოხსენებული სპეციალური კანონის საფუძველზე კვლევისა და შეფასებისა, არსებითად მნიშვნელოვანია გათავისუფლების მართლზომიერების დადგენა, რაც მოცემულ შემთხვევაში ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოიკვლია სააპელაციო სასამართლომ, დაადგინა საქმის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი გარემოებები, რასაც სავსებით იზიარებს საკასაციო სასამართლო.

28. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში;

29. მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ბოელინგი/ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.) კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა.

30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირისაკენ მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება. მოთხოვნა ძირითადად მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა, საპროცესო-სამართლებრივი გაგებით, ყოველთვის მიმართულია სასამართლო გადაწყვეტილების დადგომისაკენ. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება. მოთხოვნის საფუძველი ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ნორმის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს ცალკეულ წინაპირობას და ბ) სამართლებრივი შედეგი, რომელიც კანონის საფუძველზე დადგება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ნორმის შემადგენლობით განსაზღვრული ყველა წინაპირობა.

31. მოთხოვნა და მოთხოვნის საფუძველი სხვადასხვა ცნებებია და მათი აღრევა არიდებული უნდა იქნეს. ამ გამიჯვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნათა შორის არჩევანის უფლება, მოსარჩელის უფლებამოსილებაა, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დამფუძნებელი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა შორის ერთ-ერთის მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება და ვალდებულებაცაა (იხ. ბოელინგი /ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 42.)

32. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.

33. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). მოსარჩელის სტადიის შემდეგ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოპასუხის სტადია, რაც მოსაჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების პასუხად შესაგებელში შედავებული გარემოებების კვალიფიციურობაზეა დამოკიდებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილებაში (საქმეზე N ას-664-635-2016; პუნქტი 201) მითითებულია: „2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვითთ, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“.

34. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

35. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

36. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

37. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.

38. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

39. საკასაციო სასამართლო კასატორის არგუმენტებს უარყოფს საქმის არსებითი განხილვის გზით და წინამდებარე განჩინების 23-25 პუნქტებში ასახული სამართლებრივი შეფასების მოხმობით, რაც სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებთან ერთად, არის გაზიარებული, მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფიდეს მოსარჩელის საკასაციო საჩივარი და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლის სამოტივაციო ნაწილი, მიხედავად იმისა, რომ არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას, არსებითად სწორია (სსსკ-ის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

40. სსსკ-ის 55.2-ე მუხლის თანახმად კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო იძულებითი განაცდურის მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5.1 მუხლის თანახმად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის "გ" ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ტ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური