საქმე №ას-258-258-2018 12 თებერვალი, 2021 წელი,
ე ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ქ.შ–ძე
მოწინააღმდეგე მხარეები – მ.ტ–ძე, ჯ.ტ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა,
ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სესხისა და იპოთეკის
ხელშეკრულების დადგენა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ.შ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი ან კასატორი) სარჩელი მ.ტ–ძის (შემდეგში: პირველი მოპასუხე, გამყიდველი, მსესხებელი ან შეგებებული სარჩელის ავტორი) მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; მოპასუხის შეგებებული სარჩელი შეგებებული სარჩელით პირველი მოპასუხის, თ.ვ–სა (შემდეგში: შეგებებული სარჩელით მეორე მოპასუხე ან მეორე აპელანტი) და ზ.მ–ძეს (შემდეგში: შეგებებული სარჩელით მესამე მოპასუხე და მესამე აპელანტი) წინააღმდეგ, 2014 წლის 2 აპრილის ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, 2016 წლის 27 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების დადგენის თაობაზე, დაკმაყოფილდა:
1.1. ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 2 აპრილს შეგებებული სარჩელის ავტორსა და შეგებებული სარჩელით მეორე და მესამე მოპასუხეებს შორის დადებული გამყიდველის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ქ. ბათუმი, ....., ს/კ #......) ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით;
1.2. ბათილად იქნა ცნობილი 2014 წლის 22 აპრილს შეგებებული სარჩელით მეორე და მესამე მოპასუხეებს შორის უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი, ......, ს/კ #....., - დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება;
1.3. დადგენილ იქნა შეგებებული სარჩელის ავტორსა და შეგებებული სარჩელით მეორე და მესამე მოპასუხეებს შორის 2016 წლის 2 აპრილს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების ფაქტი, რომლითაც შეგებებული სარჩელის ავტორმა შეგებებული სარჩელით მეორე და მესამე მოპასუხეებისაგან ისესხა ფულადი თანხა, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ...., ს/კ #......;
1.4. გადაწყვეტილება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების ფაქტის დადგენის ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი) დაექვემდებარა სსგს-ს საჯარო რეესტრში რეგისტრაციას;
2. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. უძრავი ქონება - 121 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, მდებარე მისამართზე: ქ. ბათუმი, ....., ს/კ №......, 2014 წლის 2 აპრილამდე, წარმოადგენდა გამყიდველის საკუთრებას;
2.2. ჯ.ტ–ძე (შემდეგში: მეორე მოპასუხე) არის პირველი მოპასუხის შვილი;
2.3. მოსარჩელე არის შეგებებული სარჩელით მესამე მოპასუხის შვილი;
2.4. 2014 წელს მეორე მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მკურნალობისათვის დასჭირდათ ფული და მაკლერების მეშვეობით დაუკავშირდნენ შეგებებული სარჩელით მეორე და მესამე მოპასუხეეებს სესხის ასაღებად. სესხის ოდენობა განისაზღვრა 16 000 აშშ დოლარით, თუმცა სესხის ხელშეკრულების ნაცვლად მხარეებს შორის გაფორმდა 02.04.2014წ. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, სადაც შეგებებული სარჩელით მეორე მოპასუხის მიერ მისაღები თანხა 12 000 აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო შეგებებული სარჩელით მესამე მოპასუხის - 7 200 აშშ დოლარს. სესხის დაბრუნების ვადად 6 თვე განისაზღვრა, შესაბამისად ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებაშიც გამოსყიდვის ვადა 6 თვით განისაზღვრა და გამსესხებლების მიერ მისაღები თანხებიდან, სულ 19 200 აშშ დოლარიდან 3 200 აშშ დოლარი არის სარგებელი -პროცენტი;
2.5. მსესხებელმა (პირველმა მოპასუხემ) სესხი ვერ დააბრუნა 6 თვეში, რის გამოც შეგებებული სარჩელით მეორე და მესამე მოპასუხეებმა, 2016 წლის 27 აპრილს, ყოველგვარი შეტყობინების გარეშე, ცალმხრივად გააუქმეს მსესხებლის გამოსყიდვის უფლება და მისი კუთვნილი უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადასცეს მოსარჩელეს (შეგებებული სარჩელით პირველ მოპასუხეს), რომელიც არის შეგებებული სარჩელით მესამე მოპასუხის შვილი;
2.6. მოსარჩელემ, 2016 წლის 1 ივლისის წერილით, გააფრთხილა პირველი და მეორე მოპასუხეები, რომ გაეთავისუფლებინათ უკანონოდ დაკავებული ფართი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოითხოვდა სარგებლობის ქირას - თვეში 650 აშშ დოლარს;
2.7. შეგებებული სარჩელით მეორე და მესამე მოპასუხეები 2010-2016 წლების პერიოდში სისტემატურად გასცემდნენ სესხებს სარგებლის მიღების მიზნით, რასაც უზრუნველყოფდნენ მსესხებელთა უძრავი ქონებების იპოთეკით დატვირთვით, ასევე გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე თავის საკუთრებაში აღრიცხავდნენ უძრავ ქონებებს;
2.8. მხარეთა შორის რეალურად/ფაქტობრივად დადებული სესხის ხელშეკრულებით, მსესხებელმა იკისრა ვალდებულება ყოველთვიურად 400 აშშ დოლარის გადახდაზე, 6 თვის განმავლობაში კი 3 240 აშშ დოლარის გადახდაზე;
2.9. საქმის განხილვის მომენტისათვის უძრავი ქონება - 9121 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, მდებარე მისამართზე: ქ. ბათუმი, ......, ს/კ #....., - მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხება, თუმცა მას ფლობენ და სარგებლობენ პირველი და მეორე მოპასუხეები;
3. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ პირველ მოპასუხეს (მსესხებელს) შეგებებული სარჩელით მეორე და მესამე მოპასუხეებისათვის (გამსესხებლებისათვის) უნდა დაებრუნებინა სესხის თანხა სარგებლის ჩათვლით 19 250 აშშ დოლარი, სანაცვლოდ გამსესხებლები მსესხებელს ქონებას საკუთრებაში უკან გადმოუფორმებდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ ქონებაზე გამოსყიდვის უფლებით არსებული ვალდებულება გაუქმდებოდა და მას გამსესხებლები განკარგავდნენ. ამით დგინდებოდა, რომ მხარეთა მიზანი გარიგების დადებისას მიმართული იყო ქონების მსესხებლისათვის დაბრუნებისაკენ, გამსესხებლების მიერ კუთვნილი თანხის მიღების შემდეგ. ასევე სხვა მტკიცებულებები ადასტურებდა იმას, რომ პირველმა მოპასუხემ გამოავლინა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების ნება. თავის მხრივ გამსესხებლებმაც ანალოგიური ნება გამოავლინეს და მათ არ გამოუვლენიათ ნასყიდობის ნება; შეგებებული სარჩელით მეორე და მესამე მოპასუხეების მიერ შეგებებული სარჩელით პირველ მოპასუხეზე (მოსარჩელეზე) სადავო ქონების საკუთრებაში გადაცემაზე 27.04.2016წ. უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით ამ ხელშეკრულების მხარეებს შორის ნასყიდობის ნება არ ვლინდება. შეგებებულ სარჩელზე მოპასუხეების წარმომადგენლის განმარტება, რომ მათ ერთმანეთში ჰქონდათ ვალი და ანგარიშსწორება, რის საფუძველზეც მის სანაცვლოდ მოსარჩელეს საკუთრებაში ქონება გადასცეს, მხოლოდ ზეპირ განმარტებას წარმოადგენს.
4. შეგებებული სარჩელით მეორე და მესამე მოპასუხეები ერთობლივად ეწევიან საქმიანობას და, შეგებებული სარჩელით პირველი მოპასუხის (მოსარჩელის) ჩათვლით, ურთიერთდაკავშირებული პირები არიან. მოსარჩელეს არ შეიძლება არ სცოდნოდა ამ ქონებაზე მსესხებელთან (პირველ მოპასუხესთან) სესხისა და იპოთეკის გარიგების არსებობა და ნასყიდობის თაობაზე რეგისტრირებული გარიგების მოჩვენებითობა. მასზე სადავო ქონების საკუთრებაში აღრიცხვაც ემსახურებოდა კეთილსინდისიერი შემძენის სტატუსის არსებობას ამ გარიგებათა შესახებ დავის შემთხვევაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, მტკიცების ტვირთი ეკისრებათ შეგებებული სარჩელით მოპასუხეებს, მოწინააღმდეგე მხარეს კი ვერ დაეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რისი დადასტურებაც მისთვის შეუძლებელია. განსახილველ შემთხვევაში ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა შეგებებულ სარჩელზე მოპასუხეებმა ვერ დაამტკიცეს, თავად ფორმალურად დადებული ხელშეკრულება არ გამოხატავდა ხელშეკრულების მხარეთა ნასყიდობაზე ნებას, რაც მის მოჩვენებითობაზე მიუთითებდა და ემსახურებოდა კეთილსინდისიერი შემძენის სტატუსის ხელოვნურად შექმნას.
5. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 317.1-ე, 319.1-ე, 327.1-ე, 56-ე, 623-ე, 286-ე, 289-ე მუხლებით.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 დეკემბრის განჩინებით პირველი, მეორე და მესამე აპელანტების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე სამართლებრივი შეფასებები და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებით არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა შესაბამისი სამართლის ნორმები.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა თავდაპირველმა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
8.1. კასატორის განმარტებით, შეგებებულ სარჩელთან მიმართებით სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსსკ-ის 272-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტი უნდა შეეწყვიტა საქმის წარმოება, რადგან შეგებებული სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა, ერთი მხრივ, გამყიდველს (პირველ მოპასუხეს) და, მეორე მხრივ, მეორე და მესამე აპელანტებს შორის დადებული ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების შეგებებული სარჩელის ავტორის სახელზე აღრიცხვა და იპოთეკის ხელშეკრულების დადგენა, ხოლო კასატორის მიმართ შეგებებული სარჩელის თანახმად არანაირი ინტერესი და მოთხოვნა არ იკვეთება და დავის საგანს არ არსებობს. მოცემულ დავაში ის თანამოპასუხედ არ უნდა ყოფილიყო ჩართული;
8.2. კასატორის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბათუმში ..... მდებარე საცხოვრებელი ფართი მისი ნების საწინააღმდეგოდ დაკავებული აქვთ და, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, პირველი და მეორე მოპასუხეები ოჯახის წევრებთან ერთად არ ათავისუფლებენ;
8.3. კასატორის განმარტებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომელიც სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა, ვერ აღსრულდება, რადგან იგი ეწინააღმდეგება „საჯარო რეესტრის შესახებ“ სპეციალურ კანონს;
8.4. კასატორის განმარტებით არ არის გამოკვლეული შეგებებული სარჩელით მოსარჩელის აღიარებითი მოთხოვნის იურიდიული ინტერესის ნამდვილობა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის (შეგებებული სარჩელით პირველი მოპასუხის) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
15. უპირველესად, საკასაციო სასამართლო იმას აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები.
16. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა (სსსკ-ის მე-3, მე-4 და 102-ე მუხლები). მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (შდრ. სუსგ #ას-1610-2019, 07.02.2020 წ.).
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეული ფაქტების შეფასებისა და დასკვნების გაბათილება.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოჩვენებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის საკითხს არეგულირებს სსკ-ის 56-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს.
19. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოჩვენებითია გარიგება, როცა ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა და არ მოჰყვეს ამ გარიგებისათვის დამახასიათებელი სამართლებრივი შედეგი. მოჩვენებით გარიგებას ორი ძირითადი ნიშანი ახასიათებს: პირველი, ის დადებულია მოსაჩვენებლად და, მეორე, მხარეებს არა აქვთ ამ გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომის განზრახვა. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს (შდრ: სუსგ №ას-976-908-2017, 22.01. 2018 წ. ).
20. იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია, ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს, რომ გარიგების მოჩვენებითად მიჩნევისათვის, დადასტურებული უნდა იყოს, რომ ორივე მხარე აღნიშნული მიზნით მოქმედებს.
21. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის პრეტენზიას პირველი მოპასუხის (მსესხებლის) შეგებებულ სარჩელზე წარმოების შეწყვეტის აუცილებლობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ მსესხებლის შეგებებული სარჩელი პირდაპირ და უშუალოდ მიმართული იყო თავდაპირველი მოსარჩელის (კასატორის) ვინდიკაციური სასარჩელო მოთხოვნის გამორიცხვისაკენ, რის გამოც იგი მართებულად ჩაითვალა როგორც დასაშვებად, ასევე, დასაბუთებულად. იქედან გამომდინარე, რომ გარიგება, რომლითაც მოსარჩელეს უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცა, საიდანაც მოპასუხეების გამოსახლებას ითხოვდა, გაბათილდა, არ არსებობდა კასატორის ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ორი არსებითი წინაპირობა (უძრავი ქონების მესაკუთრე უნდა იყოს მოსარჩელე და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს უძრავი ნივთის ფლობის უფლება).
22. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საფრთხეზე, რადგან მას არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია თუ რა ნაწილში ეწინააღმდეგება გადაწყვეტილება სპეციალურ კანონს.
23. საკასაციო სასამართლო კასატორის ვერც იმ პრეტენზიას გაიზიარებს, რომლითაც პირველი აპელანტი შეგებებული სარჩელის იურიდიულ ინტერესზე მიუთითებს (სსსკ-ის 180-ე მუხლი), რადგან მიზანი, რის მიღწევასაც მსესხებელი ისახავდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებითა და თავდაპირველი სარჩელის უარყოფით მიღწეულია. კასატორი ვერ აქარწყლებს იმ გარემოებათა ლოგიკურ თანმიმდევრულობასა და ურთიერთკავშირს, რაც ამ განჩინების 2.1-2.9 ქვეპუნქტებშია ასახული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ.შ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური