Facebook Twitter

საქმე №ას-581-2020 22 იანვარი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ლ. გ–ძე, დ. გ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით, ნ. გ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი ლ. გ–ძისა (შემდეგში: პირველი მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) და დ. გ–ძის (შემდეგში: მეორე მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) მიმართ დაკმაყოფილდა;

1.1. გაუქმდა პირველი მოპასუხისა და მოსარჩელის საზიარო უფლება ქ. თბილისში, ..... მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი: .....); საზიარო უფლების გაუქმება დადგინდა ამ ქონების 2/18 წილის აუქციონზე გაყიდვის გზით და აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილებით, შემდეგნაირად: ამონაგები თანხის 1/18 ნაწილის გადაცემა დადგინდა პირველი მოპასუხისათვის, ხოლო 1/18 ნაწილის -მოსარჩელისათვის;

1.2. ამავე გადაწყვეტილებით ასევე გაუქმდა მეორე მოპასუხისა და მოსარჩელის საზიარო უფლება ქ. თბილისში, ...... მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი: .....); საზიარო უფლების გაუქმება დადგინდა ამ ქონების აუქციონზე გაყიდვის გზით და აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილებით, შემდეგნაირად: ამონაგები თანხის½ ნაწილის გადაცემა დადგინდა მეორე მოპასუხისათვის, ხოლო ½ ნაწილის - მოსარჩელისათვის;

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც სააპელაციო წესით გაასაჩივეს მოპასუხეებმა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 მარტის განჩინებით.

3. სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია დადგენილად:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (საქმე N 2/19582-16) ქ. გ–ძის საკუთრებაში არსებული ქონების, მდებარე ქ. თბილისში, ......... შესახვევი N 5, 1/9 წილის ნაცვლად, ქ. გ–ძე და განსახილველი დავის მოსარჩელე (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი) 1/18-1/18 წილების მესაკუთრეები გახდნენ. ქ. გ–ძემ თავისი წილი უძრავი ქონება, 06.11.2017 წლის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების თანახმად, აჩუქა შვილს - პირველ მოპასუხეს;

3.2. ქ. თბილისში, .......... #5-ში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი: ....) თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნის 8 თანამესაკუთრეს: ლ.ყ–ი - 1/6 ნაწილი (შენობა ნაგებობიდან); ჭ.გ–ი - 1/6 ნაწილი (შენობა ნაგებობიდან); რ.ვ–ძე - 1/6 ნაწილი (შენობა ნაგებობიდან); მ. ჯ. - 1/6 ნაწილი (შენობა ნაგებობიდან); ი.თ–ი - 1/9 ნაწილი (შენობა ნაგებობიდან); პირველი მოპასუხე- 1/18 ნაწილი (შენობა ნაგებობიდან); თ.მ–ი - 1/9 ნაწილი (შენობა ნაგებობიდან); მოსარჩელე - 1/18 ნაწილი (შენობა ნაგებობიდან). უძრავი ქონება მთლიანობაში 892.00 კვ.მ არის, ხოლო მოსარჩელისა და პირველი მოპასუხის თანასაკუთრებაში არსებული 2/18 წილი, ფართის მიხედვით, 98.62 კვ.მ-ს შეადგენს, რაც 2018 წლის 15 მარტს გაცემული სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო (შემდეგში:ექსპერტიზის ეროვნული ბიურო) დასკვნით დასტურდება;

3.3. ქ. თბილისში, ....., სართული პირველი, საკუთრება: ფართი #9, ფართი 100.10 კვ.მ., მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი: .....) თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნით მეორე მოპასუხესა და მოსარჩელეს, საიდანაც თითოეულის კუთვნილი წილი ½ -ს შეადგენს.

3.4. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 15 მარტის № 001711118 დასკვნის მიხედვით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ......... შესახვევი #5-ში, აზომვითი სამუშაოების ჩატარების შედეგად მიღებული მონაცემებით ქ. გ–ძისა (შემდეგში: პირველი მოპასუხის) და მოსარჩელის თანასაკუთრებაში არსებული ფართი 98.62 კვ.მ- ს შეადგენს, რომლის ორ იზოლირებულ ნაწილად გაყოფა, ტექნიკური მოთხოვნათა დაცვით ისე, რომ არ შემცირდეს თითოეული გამოყოფილი ნაწილის ფუნქციური დანიშნულება, შეუძლებელია, რადგან გამიჯვნის შემთხვევაში, გამოყოფილ ნაწილს არ ექნება სამზარეულო, წინა ოთახი, სააბაზანო და საშხაპე, საპირფარეშო, საკუჭნაო რაც გათვალისწინებულია მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების 2.08.01-89-ის 2.2 პუნქტის მოთხოვნებით. კერძოდ, ბინებში საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს საცხოვრებელი ოთახები და დამხმარე სათავსოები: სამზარეულო, წინა ოთახი, სააბაზანო ან საშხაპე, საპირფარეშო, საკუჭნაო. აქედან გამომდინარე, გამოყოფილ ნაწილებს შეუმცირდება ფუნქციური ღირებულება;

3.5. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს' ამავე დასკვნის მიხედვით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...., აზომვითი სამუშაოების ჩატარების შედეგად მიღებული მონაცემებით მეორე მოპასუხისა და მოსარჩელის თანასაკუთრებაში არსებული ფართი 94.23 კვ.მ-ს შეადგენს, რომლის ორ იზოლირებულ ნაწილად გაყოფა, ტექნიკური მოთხოვნათა დაცვით ისე, რომ არ შემცირდეს თითოეული გამოყოფილი ნაწილის ფუნქციური ღირებულება, შეუძლებელია, რადგან გამიჯვნის შემთხვევაში, გამოყოფილ ნაწილს არ ექნება სამზარეულო, წინა ოთახი, სააბაზანო ან საშხაპე, საპირფარეშო, საკუჭნაო რაც გათვალისწინებულია მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების 2.08.01-89-ის 2.2 პუნქტის მოთხოვნებით. კერძოდ, ბინებში საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს საცხოვრებელი ოთახები და დამხმარე სათავსოები: სამზარეულო, წინა ოთახი, სააბაზანო ან საშხაპე, საპირფარეშო, საკუჭნაო. აქედან გამომდინარე, გამოყოფილ ნაწილებს შეუმცირდება ფუნქციური ღირებულება.

4. აპელანტების (მოპასუხეების) მტკიცებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ქ. თბილისში, ..... მდებარე ბინა რეალურად 100,10 კვ. მ-ია, რომელშიც შედის პატარა შესასვლელი და იგი აზომვითი სამუშაოების ჩატარების დროს არ იქნა აზომილი, რაც სრულიად შეცვლიდა ექსპერტიზის დასკვნის შინაარსს.

5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს მოთხოვნის საფუძვლად მითითებულ გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ)102-ე მუხლის თანახმად, მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე (შეად. სუსგ-ები: N ას-533-509-2016; N ას-1646-2018).

6. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ......, აზომვითი სამუშაოების ჩატარების შედეგად მიღებული მონაცემებით მეორე მოპასუხისა და მოსარჩელის თანასაკუთრებაში არსებული ფართი 94.23 კვ.მ-ს შეადგენს, რომლის ორ იზოლირებულ ნაწილად, ტექნიკური მოთხოვნათა დაცვით, ისე, რომ არ შემცირდეს თითოეული გამოყოფილი ნაწილის ფუნქციური (დანიშნულებრივი) ღირებულება, შეუძლებელია, რადგან გამიჯვნის შემთხვევაში, გამოყოფილ ნაწილს არ ექნება სამზარეულო, წინა ოთახი, სააბაზანო ან საშხაპე, საპირფარეშო, საკუჭნაო რაც გათვალისწინებულია მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების 2.08.01-89-ის 2.2პუნქტის მოთხოვნებით. კერძოდ, ბინებში საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს საცხოვრებელი ოთახები და დამხმარე სათავსოები: სამზარეულო, წინ ოთახი, სააბაზანო ან საშხაპე, საპირფარეშო, საკუჭნაო. აქედან გამომდინარე, გამოყოფილ ნაწილებს შეუმცირდება დანიშნულებრივი (ფუნქციური) ღირებულება.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხოლოდ აპელანტი მხარის ზეპირი ახსნა-განმარტება, რომელიც შედავებულია მოწინააღმდეგე მხარის მიერ, სხვა მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, სადავო გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ გამოდგება. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში აპელანტებმა კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება ვერ განახორციელეს, ვერ გააბათილეს მოსარჩელის მტკიცება, რომ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების ტოლ ნაწილებად გაყოფა ისე, რომ არ შემცირდეს მათი ინდივიდუალური ფუნქციური დანიშნულება და ღირებულება, შეუძლებელია. ამავდროულად, ნიშნადობლივია ისიც, რომ აპელანტების მიერ გაჟღერებული პოზიცია დამატებითი ფართის ხარჯზე საზიარო საგნის რეკონსტრუქციის გზით გადაკეთების თაობაზე მხარეთა შეთანხმების საგანს წარმოადგენს და არა საზიარო ქონების ნატურით გაყოფის დამადასტურებელ გარემოებასა და საფუძველს. ამდენად სასამართლომ დაასკვნა, რომ აპელანტებმა ვერ დაუპირისპირეს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს ისეთი მტკიცებულება, რაც მათი სააპელაციო საჩივრის წარმატებას განაპირობებდა.

8. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობები და განმარტებებს და დამატებით აღნიშნა, რომ საზიარო უფლების გაუქმება კანონით გარანტირებული უფლებაა. იგი მესაკუთრის აბსოლუტურ უფლებათა რანგშია აყვანილი იმ თვალსაზრისით, რომ საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნა ხანდაზმულობის ვადას არ ექვემდებარება, ამასთან, პატივსადები ინტერესის არსებობის შემთხვევაში მისი მოთხოვნა მაშინაც შეიძლება, როდესაც შეთანხმებით საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნის უფლება სამუდამოდ ან განსაზღვრული ვადით გამორიცხულია. ამდენად, კანონმდებლის ნება ნათელი და ცალსახაა. საზიარო უფლების მქონეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს თავისი იდეალური წილის რეალურად გამოყოფა. ერთადერთი შეზღუდვა, რასაც კანონმდებელი აღნიშნული უფლების რეალიზაციის მიზნებისათვის აწესებს, ის არის, რომ საზიარო უფლების მქონე პირის უფლებით, მოითხოვოსსაზიარო საკუთრების გააუქმება, არ უნდა შეილახოს სხვა თანაზიარი მესაკუთრის საკუთრების უფლების ხელშეუვალობა. სწორედ ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 963-ე მუხლი ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. ამდენად, დაუშვებელია საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით, თუ შეუძლებელია ყველა თანამესაკუთრის საკუთრების უფლების ღირებულების შენარჩუნება საკუთარი იდეალური წილის შესაბამისად. მხოლოდ ერთი თანამესაკუთრის იდეალური წილის იმგვარი გამოყოფა, რომლითაც დაცულია ამ უკანასკნელის საზიარო საგნის გაყოფამდე არსებული მდგომარეობა (ღირებულება), საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით, სსკ-ის 963-ე მუხლის კონტექსტში ლეგიტიმურს არ ხდის, თუ დაცული და შენარჩუნებული არ არის სხვა თანამესაკუთრეთა იდეალური წილის მდგომარეობა (ღირებულება). იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრეთა იდეალური წილის შესაბამისი რეალური წილის გამოყოფა, მათი კუთვნილი წილის შესაბამისი ნივთის ფუნქციური დანიშნულებისა და ღირებულების შემცირების გარეშე შეუძლებელია, გამოვლენილი საზიარო ქონების აუქციონზე გაყიდვისა და ამონაგები თანხების თითოეული თანამესაკუთრის წილის შესაბამისად განაწილების გზით საზიარო უფლების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობა, რაც გასაცივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1. მოპასუხეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარს თქმა მოითხოვეს.

9.2. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.

12. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი შედავება არ წარმოუდგენია.

13. სააპელაციო სასამართლომ სავსებით დასაბუთებულად გაამახვილა ყურადღება მხარეთა მტკიცების ტვირთზე, რადგან საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში;

14. მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ბოელინგი/ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.) კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირისაკენ მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება. მოთხოვნა ძირითადად მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა, საპროცესო-სამართლებრივი გაგებით, ყოველთვის მიმართულია სასამართლო გადაწყვეტილების დადგომისაკენ. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება. მოთხოვნის საფუძველი ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ნორმის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს ცალკეულ წინაპირობას და ბ) სამართლებრივი შედეგი, რომელიც კანონის საფუძველზე დადგება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ნორმის შემადგენლობით განსაზღვრული ყველა წინაპირობა.

16. მოთხოვნა და მოთხოვნის საფუძველი სხვადასხვა ცნებებია და მათი აღრევა არიდებული უნდა იქნეს. ამ გამიჯვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნათა შორის არჩევანის უფლება, მოსარჩელის უფლებამოსილებაა, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დამფუძნებელი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა შორის ერთ-ერთის მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება და ვალდებულებაცაა (იხ. ბოელინგი /ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 42.)

17. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.

18. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). მოსარჩელის სტადიის შემდეგ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოპასუხის სტადია, რაც მოსაჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების პასუხად შესაგებელში შედავებული გარემოებების კვალიფიციურობაზეა დამოკიდებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილებაში (საქმეზე N ას-664-635-2016; პუნქტი 201) მითითებულია: „2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვითთ, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით სავსებით დასაბუთებული და კანონიერი განჩინება მიიღო, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრების გზით მოპასუხეებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები და ვერ გააქარწყლეს ~ დასაბუთებული საკასაციო შედავებით.

19. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

20. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

21. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

23. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორები საქმეში წარდგენილი არც ერთი მტკიცებულებით, მათ შორის, ვერც საკუთარი ახსნა-განმარტებით აქარწყლებენ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს (სსკ-ის 961-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ საზიარო უფლების გაუქმება საზიარო საგნის აუქციონზე გაყიდვით მოითხოვა, რადგან საქმის მასალებით, ექსპერტიზის დასკვნით, დადასტურებელია, რომ სადავო უძრავი ქონების გაყოფა ტექნიკური თვალსაზრისით შეუძლებელია ისე, რომ არ დაიკარგოს გამოყოფილი ნაწილების ფუნქციური დანიშნულება. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეებს არ წარუდგენიათ. სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია, მოსარჩელისა და მოპასუხეთა თანასაკუთრება დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომლის მიმართაც სსკ-ის 312-ე მუხლის მიხედვით მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, საწინააღმდეგო კასატორს არ დაუდასტურებია.

24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები: N ას1151-1106-2016, 05.05.2017წ; N ას-844-788-2017, 01.12.2017წ; N ას1389-1309-2017, 30.04.2018წ; N ას 1977-2018, 22.03.2019წ; N ას-96-2019, 08.05.2019წ; ას-1232-2018, 13.05.2019წ; N ას-331-331-2018, 15.07.2019წ.).

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ განჩინებაში განმარტებულია შემდეგი: „საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე, მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციონალური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებს გაყოფამდე, ე.ი არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა“ (იხ. სუსგ-ები: N ას-39-39-2016,01.03.2016წ; N ას-67-65-2014, 31.07.2014წ; Nას-774-741-2014, 20.07.2015წ; N ას-59-58-2014, 29.06.2015წ.).

26. სხვა საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა: “სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლისა და 173-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მესაკუთრე თავის ქონებასთან მიმართებით თავისუფალია, მაგრამ მისი უფლებამოსილებანი შესაძლოა, შეზღუდული იყოს ან კანონით, ან ხელშეკრულებით. მესაკუთრის მოქმედებით არ უნდა ილახებოდეს მეზობლების ან მესამე პირთა უფლებები. მოცემულ შემთხვევაში საკუთრების ბუნებიდან (საზიარო საკუთრებიდან) გამომდინარე, ნივთით სარგებლობის თავისუფლება გარკვეულწილად იზღუდება, რაც სხვა თანამესაკუთრეთა არსებობით და მათი ინტერესების გათვალისწინებითაა გამოწვეული. საზიარო საგნის გაყოფა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ იგი გაყოფის შედეგად არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ და სამომხმარებლო დანიშნულებას, რაშიც იგულისხმება ობიექტის გაყოფამდე არსებული საყოფაცხოვრებო დანიშნულება. ნივთის ღირებულებაში იგულისხმება მისი საყოფაცხოვრებო დანიშნულება და არა მხოლოდ ფულადი ერთეულით გამოხატული ღირებულება. პალატას მიიჩნია, რომ საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა საზიარო უფლების გაუქმებისა და საკუთრებაში კუთვნილი წილის კომპენსაციის მიღების თაობაზე და იგი მართებულად იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ“ (სუსგ N ას-1148-1194-2014, 19.03.2015 წ.).

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

28. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. და დ. გ–ძეების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ლ. გ–ძეს (პ/ნ .....) და დ. გ–ძეს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე, ი.დ–ის (პ/ნ .....) მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2020 წლის 19 ოქტომბერი), 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე