Facebook Twitter

საქმე №ას-612-2020 6 ნოემბერი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ი.ს–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.მ. ა.მ–ვი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს.მ.ა-მ–ვის (შემდეგში: მოსარჩელე ან შემკვეთი) სარჩელი ი.ს–ძის (შემდგეში: მოპასუხე, მენარდე, აპელანტი ან აკასტორი) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 5 650 ლარის გადახდა დაეკისრა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 თებერვლის განჩინებით უცვლელად დარჩა.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:

3.1. მოპასუხემ, 2018 წლის იანვრის ბოლოს, მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში, მდებარე: ქ. თბილისი, ...... ქუჩა, წყალსადენის მოწყობის მიზნით, ობიექტზე მიიყვანა ტრაქტორი და 2 საათის განმავლობაში ამუშავა. აღნიშნულის შემდეგ, მას ობიექტზე სამუშაოები აღარ განუხორციელებია. მოცემული ფაქტობრივი გარემოება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

3.2. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2017 წლის დეკემბერში,ზეპირი ნარდობის ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ, იკისრა ვალდებულება, მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში განეხორციელებინა წყალსადენის მოწყობის სამუშაოები, ხოლო, სანაცვლოდ შემკვეთს მენარდისათვის 7000 ლარი უნდა გადაეხადა.

3.3. მხარეთა შორის 2017 წლის დეკემბერში გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მენარდის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ასანაზღაურებლად ამ უკანასკნელს პირად ანგარიშზე შემკვეთმა 5650 ლარი გადაურიცხა (იხ. ტ.1, ს.ფ.15,21-24).

4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ნარდობა სინალაგმატურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რომლის მონაწილეებიც სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე - ურთიერთმოვალეები. ზოგადი წესის თანახმად, შემკვეთს საპასუხო შესრულების ვალდებულება წარმოეშობა მას შემდეგ, რაც მენარდე შეასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას. ნარდობის ხელშეკრულება მიზნად ისახავს შემკვეთისათვის სამუშაოს შედეგის გადაცემას და ამ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს შრომითი საქმიანობის შედეგი. ამასთან, სამოქალაქო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ნარდობის ხელშეკრულების გაფორმებისათვის სპეციალურ ფორმას. შესაბამისად, ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს როგორც წერილობით, ასევე - ზეპირი ფორმით. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან, არსებითად კი მიიჩნევა მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმება.

5. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეები ზეპირი ფორმით შეთანხმებული იყვნენ წყალსადენის მოწყობის სამუშაოების განხორციელების თაობაზე, რის საფუძველზეც მენარდემ, 2018 წლის იანვარში, ობიექტზე ტრაქტორით გარკვეული სამუშაოები განახორციელა. შეთანხმებული იყო, ასევე, საზღაური შესასრულებელი სამუშაოებისათვის - 7 000 ლარის ოდენობით.

6. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ წარმატებით გაართვა თავი იმ ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთს, რომ მხარეებს შორის არსებობდა ზეპირი ფორმით დადებული ნარდობის ხელშეკრულება, რის შესაბამისადაც, მის მიერ აპელანტის (მოპასუხის) ანგარიშზე გადარიცხული იქნა 5650 ლარი, შემდეგ გარემოებათა გამო: მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ 2018 წლის იანვრის ბოლოს, შემკვეთმა მენარდის საცხოვრებელ სახლში წყალსადენის მოწყობის მიზნით, ობიექტზე მიიყვანა ტრაქტორი და ამუშავა 2 საათის განმავლობაში, ხოლო, ამის შემდეგ ობიექტზე სამუშაოები აღარ განხორციელებულა. იმ გარემოების დასადატურებლად, რომ შემკვეთმა მენარდეს, ამ უკანასკნელის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ანაზღაურების მიზნით გარკვეული თანხა გადასცა, მოსარჩელის მიერ წარდგენილია სს „თ.ბ–ის“ საგადახდო დავალებები, საიდანაც დგინდება, რომ 2018 წლის 10 იანვარს შემკვეთმა მენარდეს პირად საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა 2100 ლარი ორ ტრანშად (1600 ლარი და 500 ლარი), ასევე 2018 წლის 4 თებერვალს 1000 ლარი ჩაურიცხა, 2018 წლის 13 თებერვალს 550 ლარი და 2018 წლის 18 აპრილს 2000 ლარი (ტ.1,ს.ფ. 15, 21- 24). ყველა გადარიცხვა განხორციელდა მიმღების - მენარდის (აპელანტის) ერთსა და იმავე საბანკო ანგარიშზე. ამდენად, საერთო ჯამში შემკვეთმა მენარდეს 5650 ლარი გადაურიცხა.

7. უდავოა, რომ ყველა გადარიცხვა შესრულებულია შემკვეთის მიერ, ხოლო, თანხის მიმღებს წარმოადგენს - მენარდე. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მხოლოდ ზეპირსიტყვიერ მითითება, რომ მას შემკვეთისაგან თანხა არ მიუღია, ვინაიდან მოპასუხეს ამის დასამტკიცებლად რაიმე მტკიცებულებაარ წარუდგენია. გადახდის ყველა ქვითარში მიმღები არის მენარდე, ხოლო გადარიცხვები შესრულებულია შემკვეთის მიერ. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არ არსებობს აპელანტის პრეტენზიის გაზიარების წინაპირობა იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემული ქვითრებით ვერ დგინდება თანხის მიმღები პირი, ამასთან, სადავო გარემოებას არც ის წარმოადგენს, რომ მხარეთა შორის სხვა სამართლებრივი ურთიერთობა არ ყოფილა, რასაც ადასტურებს თავად აპელანტიც.

8. სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სსკ-ის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). სსკ-ის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის გაცხადება შესაძლებელია კონკლუდენტური მოქმედებებითაც, მათ შორის, სარჩელის აღძვრით და სასამართლოს მხრიდან სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხისათვის გადაცემის გზით, ასევე, მიღებული საგნის დაბრუნებით, ან გაცემულის უკან მოთხოვნით. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ კონკლუდენტურად იქნა გამოვლენილი ხელშეკრულებიდან გასვლის სურვილი. შესაბამისად, დაცულია ხელშეკრულებიდან გასვლის სსკ-ის 405-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა. რაც შეეხება 355-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაწესს იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით, კანონის აღნიშნული დანაწესი შესრულებულია სასამართლოს მხრიდან სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხისათვის გადაცემის გზით.

9. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეთა შორის 2017 წლის დეკემბერში ზეპირი ფორმით დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მენარდემ იკისრა შემკვეთისათვის შემკვეთის საცხოვრებელ ბინაში წყალსადენის მოწყობის სამუშაოების განხორციელება. მენარდის ანაზღაურება განისაზღვრა 7000 ლარით. ამდენად, სახეზეა ნარდობის ხელშეკრულება. უდავოა, რომ მენარდის არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ნარდობის ზეპირი ხელშეკრულება მხარეებს შორის დადებული იქნა 2017 წლის დეკემბერში, ხოლო, სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2018 წლის 8 ივნისს. საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისას მოსარჩელემ განმარტა, რომ ამ პერიოდში, მან არაერთხელ მიმართა მენარდეს სამუშაოების განხორციელების თაობაზე, თუმცა, უშედეგოდ. სსსკ-ის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ: ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას.

10. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში სამუშაოს სპეციფიკიდან და არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველგვარ აზრს მოკლებულია ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადისა თუ გაფრთხილების მიცემა. მოსარჩელეს (შემკვეთს) ახლანდელი შესრულების მიმართ უკვე დაკარგული აქვს ინტერესი ამასთან, სახეზე არ არის ხელშეკრულებიდან გასვლის გამომრიცხავი გარემოებები. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შემკვეთი უფლებამოსილია გავიდეს მხარეთა შორის არსებული ნარდობის ხელშეკრულებიდან და მოითხოვოს მენარდისათვის გადაცემული თანხის უკან დაბრუნება.

11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

11.1 სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩვრა მენარდემ (მოპასუხემ), რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

13. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

14. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ.

15. განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მხარეთა შორის ნარდობისამართლებრივი ურთიერთობის არსებობა (იხ. წინამდებარე განჩინების 3.1-3.3 ქვეპუნქტები, ასევე- 3-7 პუნქტები) არ არის სადავო. კასატორის მოთხოვნა ეფუძნება მარტოოდენ მის ზეპირ განმარტებას, რაც მართებულად არ იქნა გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მიერ.

16. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ხელშეკრულებიდან გასვლისა და თანხის დაბრუნების მოთხოვნა სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 352.1 მუხლიდან (თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება), 405-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებიდან (თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ) და 405-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება) გამომდინარეობს (შეად. სუსგ-ებს: N ას-1565-2018, 30.04.2020წ; N ას-1516-2019,26.06.2020წ.). საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომელიც წინამდებარე განჩინების 8-10 პუნქტებშია ასახული, ეფუძნება სსკ-ის 355-ე მუხლს (ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით) და განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის გაცხადება შესაძლებელია კონკლუდენტური მოქმედებითაც, მათ შორის, გადაცემულის უკან დაბრუნების მოთხოვნით (შეად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის ელ.ვერსია, მუხლი 355, II. გასვლის გაცხადების წინაპირობები http://www.gccc.ge). ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის კანონისმიერი წინაპირობებია: ა) ხელშეკრულების ნამდვილობა (უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობის ზოგად პირობებს); ბ) ზოგადი წესის მიხედვით, მოვალის მხრიდან ხელშეკრულების მნიშვნელოვანი (არსებითი) დარღვევა (დარღვევა არსებითი ხასიათისაა, თუ მოვალის მხრიდან ძირითადი ვალდებულების დარღვევის გამო, ფაქტობრივი შესრულების დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი ხდება ან იკარგება მომავალში მისი შესრულების იმედი ანდა კრედიტორს ეკარგება შესრულებისადმი ინტერესი; გ) ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ განცხადების გაკეთებით მონაწილე მთლიანად გადის ხელშეკრულებიდან, რადგანაც კანონით დაუშვებელია ხელშეკრულებიდან ნაწილობრივი გასვლა; დ) მიუხედავად ვალდებულების მნიშვნელოვანი დარღვევისა, მოვალეს არ შეუძლია კრედიტორს მოსთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება; ე) ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად არ არის პასუხისმგებელი; ვ) მოთხოვნას არ უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც უკვე წარმოდგენილია ან წარდგენილი იქნება დაუყოვნებლივ მოვალის მიერ, თუკი კრედიტორი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე (მაგალითად, შესაგებელი ვალდებულების გაქვითვაზე); ზ) სახეზეა კრედიტორის მიერ შესაგებელი იურიდიული მოქმედება – ხელშეკრულებიდან გასვლისათვის მოცემული გონივრული ვადა, თუ ხელშეკრულებით ასეთი ვადა არ ყოფილა დადგენილი – ანდა, თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა – გაფრთხილება (შეად.სუსგ-ები Nას-1003-924-2017, 1.12.2017წ; პ.34. Nას-1166-2019, 06.04.2020წ;; N ას-1516-2019, 26.06.2020წ.).

17. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა მართებულად დაადგინეს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია, რის გამოც კანონიერია მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გასვლის გამო გადახდილის უკან დაბრუნების თაობაზე (სსკ-ის 352.1-ე, 405-ე მუხლები). მენარდის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტი კასატორს არც ერთი მტკიცებულებით არ დაუდასტურებია, რაც უსაფუძვლოდ აქცევს მის საკასაციო პრეტენზიას.

18. ზემოხსენებული სამართლებრივი მოტივაციით საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არსებითად განსახილველად, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია დაუშვებლობის გამო, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება, როგორც კანონიერი და დასაბუთებული, უცვლელად დარჩა.

19. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან კასატორს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ჰქონდა გადავადებული, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო მას სახელმწიფო ბაჟის 30 %-ის გადახდა დაეკისრება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ს–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ი.ს–ძეს (პ/ნ .....) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით (საქმე № ას-612-2020) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 30 %-ის 90 ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური