Facebook Twitter

საქმე №ას-873-2020 11 დეკემბერი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.შ–ძე, გ.ზ–ი, მ.ა–ა, ი.ჩ–ვა, ი.მ–ა (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით ი.შ–ძის, გ.ზ–ის, მ.ა–ას, ი.ჩ–ვას და ი.მ–ას (შემდეგში: მოსარჩელეები ან დასაქმებულები) სარჩელი დაკმაყოფილდა;

1.1. ბათილად იქნა ცნობილი ი.შ–ძის გათავისუფლების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის (შემდეგში: მოპასუხე, შემოსავლების სამსახური, დამსაქმებელი, აპელანტი ან კასატორი) 15.09.2017 წლის №პ-914 ბრძანება;

1.2. ბათილად იქნა ცნობილი გ.ზ–ის გათავისუფლების შესახებ შემოსავლების სამსახურის 15.09.2017 წლის № პ-913 ბრძანება;

1.3. ბათილად იქნა ცნობილი მ.ა–ას გათავისუფლების შესახებ შემოსავლების სამსახურის 15.09.2017 წლის №-912 ბრძანება;

1.4. ბათილად იქნა ცნობილი ი.ჩ–ვას გათავისუფლების შესახებ შემოსავლების სამსახურის 15.09.2017 წლის №-918 ბრძანება;

1.5. ბათილად იქნა ცნობილი ი.მ–ას გათავისუფლების შესახებ შემოსავლების სამსახურის 15.09.2017 წლის № პ-3816 ბრძანება;

2. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაევალა:

2.1. ი.შ–ძის სამსახურში აღდგენა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში უფროსი აუდიტორის პოზიციაზე;

2.2. ი.ჩ–ვას სამსახურში აღდგენა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში უფროსი აუდიტორის პოზიციაზე;

2.3. გ.ზ–ის სამსახურში აღდგენა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში აუდიტორის პოზიციაზე;

2.4. მ.ა–ას სამსახურში აღდგენა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში აუდიტორის პოზიციაზე;

2.5. ი.მ–ას სამსახურში აღდგენა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში უფროსი აუდიტორის პოზიციაზე.

3. მოპასუხეს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2017 წლის 15 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად:

3.1. ი.შ–ძის შემთხვევაში 1200 ლარის ოდენობით (დაუბეგრავი);

3.2. ი.მ–ას შემთხვევაში 1400 ლარის ოდენობით (დაუბეგრავი);

3.3. ი.ჩ–ვას შემთხვევაში 1100 ლარის ოდენობით (დაუბეგრავი);

3.4. მ.ა–ას შემთხვევაში 1100 ლარის ოდენობით (დაუბეგრავი);

3.5. გ. ზ–ის შემთხვევაში 1000 ლარის ოდენობით

(დაუბეგრავი);

4. მოპასუხეს, მოსარჩელეთა სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის 500 ლარის გადახდა დაეკისრა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში - სახელმწიფო ბაჟის 2052 ლარის გადახდა.

5. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია დადგენილად:

5.1. მოსარჩელე ი.შ–ძე 2011 წლის 15 თებერვლიდან მუშაობდა შემოსავლების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე, 2015 წლის 8 იანვარს იგი გადაყვანილი იქნა იმავე სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში - მთავარი აუდიტორის თანამდებობაზე;

5.2. მოსარჩელე გ.ზ–ი 2014 წლის 10 ოქტომბრიდან მუშაობდა შემოსავლების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე, 2015 წლის 2 სექტემბერს იგი გადაყვანილი იქნა იმავე სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში - აუდიტორის თანამდებობაზე;

5.3. მოსარჩელე მ.ა–ა 2011 წლის 30 ნოემბრიდან მუშაობდა შემოსავლების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე, 2014 წლის 4 ნოემბერს იგი გადაყვანილი იქნა იმავე სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში - აუდიტორის თანამდებობაზე;

5.4. მოსარჩელე ი.ჩ–ვა 2010 წლის 1 ნოემბრიდან მუშაობდა შემოსავლების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე, 2014 წლის 3 იანვარს იგი გადაყვანილი იქნა იმავე სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში - უფროსი აუდიტორის თანამდებობაზე;

5.5. მოსარჩელე ი.მ–ა 2013 წლიდან მუშაობდა შემოსავლების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე, 2017 წლის 28 ივლისს იგი გადაყვანილი იქნა იმავე სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის საგადასახადო რისკების მართვის სამმართველოს - მთავარი ანალიტიკოსის თანამდებობაზე.

6. მოსარჩელეები შემოსავლების სამსახურში დაკავებულ თანამდებობებზე დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებდნენ ჯეროვნად და კეთილსინდისიერად;

7. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოსარჩელეები უვადო შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ დამსაქმებელთან.

8. შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 15 სექტემბერის №პ-914 ბრძანებით, ი.შ–ძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან „საქართველოს შრომის კოდექსის“ (შემდგეში: სშკ ან ორგანული კანონი) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის პირველი პუნქტის, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ დ „კ“ ქვეპუნქტების, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №-34134 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის“ მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-3 პუნქტის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახურის მის განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2017 წლის 12 ივლისის №238 ბრძანების შესაბამისად.

9. შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 15 სექტემბრის №პ-913 ბრძანების თანახმად, გ.ზ–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის პირველი პუნქტის, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტების, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №-34134 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის“ მე-19 მუხლის პირველი პუნქის „ა“ ქვეპუნქტის და მე-3 პუნქტის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახურს მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2017 წლის 2 ივლისის №238 ბრძანების შესაბამისად. ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის“ მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-3 პუნქტის და საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახურის მიერ განსახორციელებულ რიგ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2017 წლის 12 ივლისის №238 ბრძანების შესაბამისად.

10. საქმეში წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ 2017 წლის 12 ივლისის ბრძანება, რომლის მიხედვით განისაზღვრა: - საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - შემოსავლების სამსახურმა 2017 წლის 22 აგვისტომდე, უზრუნველყოს ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელება;

- ბრძანების პირველი პუნქტის აღსრულების მიზნით, შემოსავლების სამსახურმა უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის დასამტკიცებლად/შესათანხმებლად წარდგენა ან/და შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში მათი მიღება.

11. უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს შემოსავლების სამსახურში 2017 წლის 31 აგვისტოს განხორციელებული რეორგანიზაციის ფაქტი, საქმეში წარმოდგენილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 12 ივლისის №238 ბრძანება, რომლის თანახმადაც: "საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახურის მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 12 ივლისის №238 ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

- ,, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - შემოსავლების სამსახურმა 2017 წლის 15 სექტემბრამდე უზრუნველყოს ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელება“;

12. საქმეში წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №23158, რომლითაც ორგანიზაციული ცვლილებების შედეგად საშტატო რიცხოვნობის შემცირებასთან დაკავშირებით თანამშრომელთა შესარჩევი კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ „ორგანიზაციული ცვლილებების შედეგად საშტატო რიცხოვნობის შემცირებასთან დაკავშირებით თანამშრომელთა შესარჩევი კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 17 აგვისტოს №21839 ბრძანებაში შევიდა ცვლილებები.

13. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ორგანიზაციული ცვლილებების შედეგად, საშტატო რიცხოვნობის შემცირებასთან დაკავშირებით, თანამშრომელთა შესარჩევი კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 17 აგვისტოს №21839 ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,დამტკიცდეს ორგანიზაციული ცვლილებების შედეგად საშტატო რიცხოვნობის შემცირებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელთა - შესარჩევი კომისიის შემადგენლობა.'' პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

- „11. დამტკიცდეს ორგანიზაციული ცვლილებების შედეგად საშტატო რიცხოვნობის შემცირებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის თანამშრომელთა შესარჩევი კომისიის შემადგენლობა;

- „ორგანიზაციული ცვლილებების შედეგად საშტატო რიცხოვნობის შემცირებასთან დაკავშირებით თანამშრომელთა შესარჩევი კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 17 აგვისტოს №21839 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: დაემატოს დანართი №-11 თანდართული რედაქციით.

14. საქმეში წარმოდგენილი საშტატო განრიგების მიხედვით აუდიტის დეპარტამენტში შემდეგი ვითარება იკვეთება (სსიპ შემოსავლების სამსახურის, 2017 წლის 31 აგვისტოს №23158 ბრძანება - იხ. ტომი №2, ს.ფ. 3):

14.1. 28.07.2017 წლის საშტატო ნუსხის თანახმად აუდიტის დეპარტამენტში - მთავარი აუდიტორის, უფროსი აუდიტორისა და აუდიტორის პოზიციაზე, საერთო ჯამში, დასაქმებულთა რაოდენობა 359 თანამშრომელს შეადგენს; რეორგანიზაციის შემდეგ -17.08.2017 წლის საშტატო ნუსხის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტში - მთავარი აუდიტორის, უფროსი აუდიტორისა და აუდიტორის პოზიციაზე, საერთო ჯამში, დასაქმებულთა რაოდენობა 371 თანამშრომელს შეადგენს;

14.2. 23.08.2017 წლის საშტატო ნუსხის თანახმად აუდიტის დეპარტამენტში - მთავარი აუდიტორის, უფროსი აუდიტორისა და აუდიტორის პოზიციაზე, საერთო ჯამში, დასაქმებულთა რაოდენობა 367 თანამშრომელს შეადგენს. 19.10.2017 წლის საშტატო ნუსხის თანახმად აუდიტის დეპარტამენტში - მთავარი აუდიტორის, უფროსი აუდიტორისა და აუდიტორის პოზიციაზე, საერთო ჯამში, დასაქმებულთა რაოდენობა 367 თანამშრომელს შეადგენს;

14.3. 26.01.2018 წლის საშტატო ნუსხის თანახმად აუდიტის დეპარტამენტში - მთავარი აუდიტორის, უფროსი აუდიტორისა და აუდიტორის პოზიციაზე, საერთო ჯამში, დასაქმებულთა რაოდენობა 360 თანამშრომელს შეადგენს, ხოლო 17.01.2019 წლის საშტატო ნუსხის თანახმად აუდიტის დეპარტამენტში - მთავარი აუდიტორის, უფროსი აუდიტორისა და აუდიტორის პოზიციაზე, საერთო ჯამში, დასაქმებულთა რაოდენობა 441 თანამშრომელია.

14.4. ზემოხსენებულ თანამდებობათა რაოდენობაში არ იგულისხმება აუდიტის დეპარტამენტში არსებული სხვა თანამდებობები, აღნიშნული მაინც არ ცვლის საერთო სურათს, რადგან თანამშრომელთა რაოდენობა ამჟამად უფრო მეტია, ვიდრე რეორგანიზაციამდე.

15. სადავო არ არის, რომ 2018 წლის ოქტომბრიდან შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, აღნიშნული თანამდებობები მუდმივად მზარდია და ამას მოწმობს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (იხ. „სინერჯი ჯგუფის“ დასკვნა, 2016 და 2017 წლების შემოსავლების სამსახურის წლიური ანგარიშები და 2019 წლის მდგომარეობით არსებული საშტატო ნუსხა; ასევე- იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი 07.02.2019 წ. 10:30:43 სთ. - მოპასუხის ახსნა - განმარტება 2018 წლის ოქტმობრიდან შტატების მატებასთან დაკავშირებით).

16. შემოსავლების სამსახურში არსებული ვაკანსიების შესახებ 24.12.2018 წლის წერილით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტში მრავალი ვაკანტური თანამდებობა არის, მათ შორის: გასვლითი საგადასახადო შემოწმების №1 სამმართველოში აუდიტორის ვაკანტური ადგილის რაოდენობაა 12; საგადასახადო შემოწმების სამმართველოში - უფროსი აუდიტორის 8 ვაკანსიაა, ხოლო აუდიტორის 7 ვაკანტური თანამდებობაა.

17. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელი დაეთანხმა იმ გარემოებას, რომ თანამდებობები, რომლებზე აღდგენასაც ითხოვენ მოსარჩელეები, ნამდვილად იმ თანამდებობების ტოლფასია, რომლებიც მათ დათხოვნამდე ეკავათ; მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ,,სამმართველოებს შორის ფუნქციური განსხვავება არ არის, უბრალოდ დეპარტამენტი დაყოფილია სამმართველოებად''.

18. პირველი სასამართლო საქმეში არსებული ყველა საშტატო განრიგისა და მტკიცებულებების შესწავლის გზით მივიდა დასკვნამდე, რომ რეორგანიზაცია მოჩვენებით ხასიათს ატარებდა. დაუდგენელია ის მიზეზი, თუ რა კრიტერიუმებით იქნენ მოსარჩელეები დათხოვნილი სამსახურიდან, ასევე დაუდგენელია და პასუხგაუცემელია კითხვა, თუ რა დაუწუნა დამსაქმებელმა დასაქმებულებს იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელეთა კვალიფიკაციის, მათ შორის, დაწინაურებებისა და რამდენიმეწლიანი გამოცდილების არაერთი მტკიცებულება.

19. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, ნაწილობრივ გაუქმდა, კერძოდ, დამსაქმებლის (მოპასუხის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დასაქმებულების (მოსარჩელეების) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.

20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-13, მე-14, მე-15, მე-16 და მე-17 პუნქტები და დასაქმებულთა სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა;

21. მოპასუხეს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება:

21.1. გ.ზ–ის სასარგებლოდ, 2017 წლის 15 ოქტომბრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე, ყოველთვიურად - 1000 ლარის გადახდა; 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 2 ოქტომბრამდე ყოველთვიურად -2 300 ლარის გადახდა; 2018 წლის 2 ოქტომბრიდან 2019 წლის 16 იანვრამდე ყოველთვიურად - 2100 ლარის გადახდა; 2019 წლის 16 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად- 2 200 ლარის გადახდა;

21.2. მ.ა–ას სასარგებლოდ, 2017 წლის 15 ოქტომბრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე, ყოველთვიურად - 1000 ლარის გადახდა; 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 2 ოქტომბრამდე ყოველთვიურად -2 300 ლარის გადახდა; 2018 წლის 2 ოქტომბრიდან 2019 წლის 16 იანვრამდე ყოველთვიურად - 2100 ლარის გადახდა; 2019 წლის 16 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად- 2 200 ლარის გადახდა;

21.3. ი.შ–ძის სასარგებლოდ, 2017 წლის 15 ოქტომბრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე, ყოველთვიურად - 1 200 ლარის გადახდა; 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 2 ოქტომბრამდე ყოველთვიურად -2 300 ლარის გადახდა; 2018 წლის 2 ოქტომბრიდან 2019 წლის 16 იანვრამდე ყოველთვიურად - 2 800 ლარის გადახდა; 2019 წლის 16 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად- 2 500 ლარის გადახდა;

21.4. ი.ჩ–ვას სასარგებლოდ, 2017 წლის 15 ოქტომბრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე, ყოველთვიურად - 1 100 ლარის გადახდა; 2018 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად- 2 300 ლარის გადახდა;

21.5. ი.მ–ას სასარგებლოდ, 2017 წლის 15 ოქტომბრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე, ყოველთვიურად - 1 400 ლარის გადახდა; 2018 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად- 2 800 ლარის გადახდა;

22. სააპელაციო სასამართლოს იმავე გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ (კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება).

23. მოპასუხეს, მოსარჩელეთა სასარგებლოდ, ამ უკანასკნელთა მიერ იურიდიული მომსახურების სახით გაწეული ხარჯის სანაცვლოდ, 2400 ლარის გადახდა დაეკისრა;

24. მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით 5 948 ლარის გადახდა დაეკისრა.

25. სააპელაციო სასამართლომ ერთობლივად განიხილა დასაქმებულთა დაზუსტებული სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ მათ (მოსარჩელეთა) მიერ წარდგენილი კერძო საჩივარი და მათივე სააპელაციო საჩივარი, რადგან სწორედ დაზუსტებული სარჩელის განუხილველად დატოვებამ განაპირობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დასაქმებულთა სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის დაკისრება იმ ოდენობით, რის გამოც მათ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

26. დადგენილია და სადავო არ არის ის ფაქტი, რომ მოსარჩელეთათვის ყოველთვიურად ასანაზღაურებელი ხელფასის ოდენობის ზრდის შესახებ ცნობილი გახდა მაშინ, როდესაც მათ დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა. პირველი ინსტანციის სასამართლომ კი მოსარჩელეთა სარჩელი განუხილველად დატოვა იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნის დაზუსტება მოხდა საქმის განხილვის არსებით სტადიაზე და ამას არ დაეთანხმა მოპასუხე (დამსაქმებელი).

27. სააპელაციო სასამართლომ სშკ-ის 32-ე მუხლი მოიხმო, რომლის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით, 44-ე მუხლის საფუძველზე კი, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოცდენად უნდა ჩაითვალოს იმგვარი ვითარებაც, როდესაც შრომითი ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის შედეგად, დასაქმებულს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულების შესაძლებლობა ესპობა, ვინიდან, ამავე დროს, არსებობს დასაქმებულის ნება, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება. შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის მომენტიდან დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენამდე პერიოდი, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული მოცდენაა. შრომითი ხელშეკრულების საფუძვლის ბათილად ცნობა, შედეგობრივი თვალსაზრისით, იწვევს ხელშეკრულების შეწყვეტამდე არსებული მდგომარეობის აღდგენასა და იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც დასაქმებულს დამსაქმებლის მხრიდან არამართლზომიერი გათავისუფლებით მიადგა. შესაბამისად, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება, სსკ-ის 408-ე და 411-ე მუხლების კონტექსტში, ის სამართლებრივი შედეგებია, რაც დამსაქმებლის არამართლზომიერ ქმედებას სდევს თან. აქედან გამომდინარე, იძულებითი განაცდურის მიღება დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენის თანმდევი სამართლებრივი შედეგია, განსახილველ შემთხვევაში სადავო გათავისუფლების ბრძანება ბათილად არის ცნობილი, განისაზღვრა დასაქმებულთა თანამდებობებზე აღდგენის სამართლებრივი საფუძველი, რის შედეგადაც გამოიკვეთა არამართლზომიერად გათავისუფლების გამო თანამდებობებზე აღდგენილი დასაქმებულებისათვის იძულებითი განაცდურის მიცემის საფუძველი.

28. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა განაცდურის ოდენობის დაზუსტების სასარჩელო მოთხოვნის გაზრდად შეფასებაზე და განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც უდავოა, რომ მოსარჩელეთათვის განკუთვნილი ხელფასების გაზრდა მოხდა მათთან ხელშეკრულებების შეწყვეტის შემდეგ, არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს სწორედ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების გზით მოსარჩელეთათვის განაცდურის ოდენობის განსაზღვრას მათივე დაზუსტებული მოთხოვნის საფუძველზე (იხ. წინამდებარე განჩინების 21.1-21.5 ქვეპუნქტები). სააპელაციო სასამართლომ ისიც მიუთითა, რომ მისი მსჯელობა შეესაბამება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების მსჯელობასა და დასკვნებს, რომლის საფუძველზე, სწორედ ანალოგიურ საქმეზე, სასამართლომ დასაქმებულის მოთხოვნაზე მსჯელობისას განაცდური ხელფასის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაზუსტება არ მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნის გაზრდად (იხ. საქმე 2ბ/2580-18).

29. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად და უკანონოდ მიიჩნია დამსაქმებლის (მოპასუხის) სააპელაციო პრეტენზია და მიუთითა სშკ-ის 37.1-ე მუხლის მოქმედ რედაქციაზე, რომელიც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერ საფუძვლებს განსაზღვრავს, ასევე, იმსჯელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 115 - ე მუხლზე, რომლის თანახმად სამოქალაქო უფლება უნდა განხოცილედეს მართლზომიერად და მხარეთა მტკიცების ტვირთზე გაამახვილა ყურადღება. „შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას“ (იხ. სუსგ N ას-98-94-2016, 26.07.2017წ.).

30. საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, შრომით სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალური წესი: „ნიშანდობლივია, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს და ამდენად, უნდა ვიხელმძღვანელოთ მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტით, რომლის თანახმად, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ამგვარი სტანდარტის გამოყენების ნორმატიულ საფუძველს ქმნის ის, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები“ (იხ. სუსგ N ას-483-457-2015, 7.10.2015წ.).

31. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ რეორგანიზაციის პროცესი არ ქმნის ობიექტურობისა და გამჭვირვალობის განცდას, აღნიშნულს ადასტურებს მოსარჩელეთა, მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები. სასამართლო ვალდებულია, გულისხმიერად და თანმიმდევრულად შეამოწმოს დამსაქმებლის ყველა ქმედება, რომელიც მიღებულია რეორგანიზაციის პროცესში. რეორგანიზაცია არ უნდა ატარებდეს მოჩვენებით ხასიათს და ის არათანაზომიერ პირობებში არ უნდა აყენებდეს ერთ კონკრეტულ დასაქმებულს სხვა დასაქმებულებთან შედარებით, რეორგანიზაციის მიზანი არ უნდა იყოს ერთი კონკრეტული თანამშრომლის სამსახურიდან გაშვება. ფაქტების ანალიზით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით დგინდება, რომ რეორგანიზაციის შედეგად შემოსავლების სამსახურში, მოსარჩელეთა გარდა, ყველა თანამშრომელი თანამდებობებზე დარჩა. იმავდროულად სამსახურში საშტატო რიცხოვნობა ჯამურად გაიზარდა (იხ. წინამდებარე განჩინების 14-18 პუნქტები). სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე აპელანტმა ვერ უზრუნველყო, დაესაბუთებინა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა, სასამართლოსათვის წარედგინა შესაბამისი არგუმენტები და მტკიცებულებები. იმ მოცემულობაში, როდესაც არ არსებობს დასაქმებულებთან გასაუბრების ოქმები, ვერ დგინდება მათი კვალიფიკაციის, ცოდნისა და გამოცდილების შეფასებისათვის რა კრიტერიუმები გამოიყენა დამსაქმებელმა მოსარჩელეთათვის ქულების მინიჭების დროს, რომლებიც სამსახურის დაწყებიდან გათავისუფლებამდე არაერთხელ დაწინაურდნენ და მათ მიმართ არასდროს გამოუყენებია დამსაქმებელს დისციპლინური სახდელები (იხ. წინამდებარე განჩინების 6-7 და მე-18 პუნქტები). სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ დამსაქმებელმა დაარღვია კეთილსინდისიერი ქცევის ვალდებულება და გამოვლენილია მოსარჩელეთა გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, რასაც სშკ-ის 38.8-ე მუხლით განსაზღვრული შედეგები უკავშირდება. სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

32. მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც დადასტურებულია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის უსაფუძვლობა, მისი ბათილობის პირობებში, შედეგობრივი თვალსაზრისთ, იგულისხმება, რომ შრომითი ხელშეკრულება არ შეწყვეტილა, შესაბამისად, მოსარჩელეები აღდგენილ უნდა იქნენ დაკავებულ პოზიციებზე.

33. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

33.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დამსაქმებელმა (მოპასუხემ), რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ დამსაქმებლის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

34. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

35. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

36. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).ჩ

37. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

38. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. ქვემორე პუნქტები).

39. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის სწორედ იმ სპეციფიკურობის გათვალისწინებით გადაანაწილა, რაც ახასიათებს შრომითსამართლებრივ ურთიერთობას, შეესაბამება საკასაციო სასამართლოს პარქტიკას შრომითსამართლებრივ დავებზე და იცავს კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს (იხ. წინამდებარე განჩინების 29-30 პუნქტები). აღნიშნული უზრუნველყოფს სამართალწარმოებისას მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე დავის განხილვასა და გადაწყვეტას, ამასთან, დამსაქმებელს მტკიცების უფრო მეტი ტვირთი მოეთხოვება, ვიდრე დასაქმებულს (სსსკ-ის მე-4-5 მუხლები).

40. კასატორის ძირითადი პრეტენზია უკავშირდება იმ გარემოებას, რომ მან კანონიერად ჩაატარა რეორგანიზაცია, რასაც ადასტურებს საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები, ხოლო მოსარჩელეთა სასარგებლოდ გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება პროცესუალურ დარღვევას წარმოადგენს, რადგან მოთხოვნა მთავარ სხდომაზე დაზუსტდა, რაც რეალურად სასარჩელო მოთხოვნის გაზრდას წარმოადგენს და არა- დაზუსტებას (ვრცლად იხ. საკასაციო საჩივარი - ტ.9, ს.ფ.64-83).

41. კასატორის ზემოხსენებული მტკიცების საწინააღმდეგოდ საკასაციო სასამართლო, უპირველესად იმას განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დაადგინა: მოსარჩელეთათვის განკუთვნილი ხელფასების გაზრდა მოხდა მათთან ხელშეკრულებების შეწყვეტის შემდეგ; გარდა ამისა, სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შესახებ მოსარჩელეთა სარჩელი, რომელიც განუხილველად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლომ, დასაქმებულებმა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს და სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორედ კერძო საჩივრის არგუმენტების გაზიარების გზით დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა დაზუსტებული მოთხოვნა, რომელიც არ წარმოადგენს სარჩელის გაზრდას იმ უდავო ფაქტის გათვალისწინებით, რომ სწორედ დასაქმებულთა გათავისუფლების შემდეგ გაიზარდა მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებზე სახელფასო ანაზღაურება, ამდენად, სავსებით მართებულია და პროცესუალურად დასაბუთებული დასაქმებულთა კერძო საჩივრისა და სააპელაციო პრეტენზიის ერთობლივად განხილვა, რადგან მათ შორის მკაფიოდ იკვეთება ისეთი კავშირი, რასაც საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანი სამართლებრივი დატვირთვა აქვს. საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომლებიც წინამდებარე განჩინების 25-28 პუნქტებშია ასახული და დამატებით განმარტავს, რომ სსსკ-ის 219-ე მუხლი ახალ გარემოებებზე მითითებას განსაზღვრავს: „1.მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახალი მტკიცებულებების წარდგენა ან ახალ გარემოებებზე მითითება არ შეიძლება გახდეს საქმის განხილვის გადადების საფუძველი, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ, წარდგენილი მტკიცებულებების სირთულიდან ან/და მოცულობიდან გამომდინარე, მათი გაცნობა სასამართლო სხდომაზე შეუძლებელია, აგრეთვე თუ მხარე არგუმენტირებულად მიუთითებს მათ გასაქარწყლებლად მტკიცებულებების წარდგენის თაობაზე და სასამართლო მიიჩნევს, რომ წარსადგენ მტკიცებულებებს არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმისათვის“. საქართველოს უზენაეს სასამართლოს სსსკ-ის 219-ე მუხლის საპროცესოსამართლებრივ საფუძველზე არაერთ განჩინებაში აქვს ნამსჯელი, მათ შორის, შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შესახებ დავებში (შეად. სუსგ N -1493-1413-2017, 26.01 2018წ; პ-49; N ას-1333-1253-2017, 22.12. 2017 წ; პ-29). ნორმის დანაწესი ზღუდავს მხარეთა საპროცესო შესაძლებლობას ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული (სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამ პრინციპზეა აგებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა თვით დაინტერესებული პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშე არავის აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს. მხარეები თვითონ წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს. ისინი თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, ამასთან, ეს მტკიცებულებები საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით უნდა იქნეს სასამართლოსათვის წარდგენილი. სასამართლო არ გაითვალისწინებს ახალ გარემოებებს, არ მიიღებს არავითარ მტკიცებულებებს, ანგარიშს არ გაუწევს ახალ მოსაზრებებს, თუ საპატიო მიზეზის გარეშე არ იყო წარდგენილი თავის დროზე, ესე იგი ამ საქმის მომზადების სტადიაზე (შეად. სუსგ-ები N ას-816-767-2015, 19.11. 2015 წ; N ას-1390-1310-2017, 06.12.2017 წ; N ას-55-2019, 05.-04.2019წ; პ.127-127).

42. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ერთგვაროვანი პრაქტიკა, რომელიც დასაქმებულის უფლებას იცავს და მისი გათავისუფლების კანონიერების შემოწმებისას სასამართლოსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს (იხ. სუსგ-ები: N ას-1391-1312-2012; N ას-733-701-2016; N ას-570-545-2016; N ას-98-94-2016), რადგან მოქმედებს ე.წ. “favour prestatories”, ანუ დასაქმებულის წესთა უპირატესობის პრინციპი. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოტივაცია იმას ემყარება, რომ დადასტურებულია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის უსაფუძვლობა, რადგან დამსაქმებელმა ვერ დაამტკიცა, თუ რამ განაპირობა მოსარჩელეებთან უვადო შორმითი ურთიერთობის შეწყვეტა, თანაც იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ დასაქმებულები არაერთხელ დაწინაურდნენ, მათ მიმართ არასდროს გამოყენებულა დისციპლინური სახდელი, ხოლო რეორგანიზაციის შედეგად გაიზარდა საშტატო რიცხოვნობა, არსებობს სწორედ იმ სამუშაო აღწერილობისა და ფუნქციების მატარებელი პოზიციები, რომლებიც უკანონო გათავისუფლებამდე ეკავათ დასაქმებულებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებისა და ფაქტების ანალიზით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით დაადგინა, რომ რეორგანიზაციის შემდეგად შემოსავლების სამსახურში, მოსარჩელეთა გარდა, ყველა თანამშრომელი თანამდებობებზე დარჩა. იმავდროულად სამსახურში საშტატო რიცხოვნობა ჯამურად გაიზარდა.

43. სასამართლოსათვის სახელმძღვანელოა ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). მოსარჩელის სტადიის შემდეგ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოპასუხის სტადია, რაც მოსაჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების პასუხად შესაგებელში შედავებული გარემოებების კვალიფიციურობაზეა დამოკიდებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილებაში (საქმეზე N ას-664-635-2016; პუნქტი 201) მითითებულია: „2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“.

44. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

45. საკასაციო სასამართლომ ზემოთ უკვე მიუთითა მხარეთა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების მნიშვნელობასა და იმაზე, რომ სადავო სამართალურთიერთობას სასამართლო მხოლოდ მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში იხილავს, ამასთან, მოსარჩელისა და შესაგებლის სტადიები სამოქალაქო სამართალწარმოებაში განსაზღვრავს იმ საპროცესო ეტაპებს, რომელთა ეფექტიანად გამოყენებით მხარემ უნდა მიუთითოს საქმის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი თითოეული ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც მისი სარჩელი თუ შესაგებელი ემყარება და წარადგინოს შესატყვისი მტკიცებულებები. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ „საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული“ (იხ. სუსგ-ები: N 851-817-2016, 04.11.2016წ; N ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; N ას-1033-2018, 30.10.2018წ; N ას-478-2020, 03.07.2020წ.) შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას (იხ. სუსგ N ას-98-94-2016, 2607.2017წ.).

46. საბოლოოდ, ზემოაღნიშნული მსჯელობის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ დასაქმებულები არმართლზომიერად გათავისუფლდნენ, რაც გასაჩივრებული ბრძანების ბათილობის საფუძველს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს განაპირობებს. მოპასუხემ (კასატორმა) მტკიცების კუთვნილი ტვირთის ფარგლებში ვერ გააბათილა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები, ვერ დაადასტურა დასაქმებულების მართლზომიერად გათავისუფლება. სააპელაციო სასამართლომ დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დასაბუთებულობა ყოველმხრივ და ობიექტიურად გამოიკვლია, შესაბამისად, გადაწყვეტილება გამოიტანა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში და შრომითსამართლებრივ დავებზე დადგენილი მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე მიუთითებს. კასატორს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს დასაშვებად ცნობილი საკასაციო განაცხადი.

47. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლიანობის, კანონიერებისა და მხარეთა კეთილსინდისიერების პრინციპების, შრომითი დავის განხილვისას მხარეთა შორის თანაზომიერი ბალანსის დაცვის გათვალისწინებით, დასაბუთებულია და კანონიერი, შესაბამისად, არ არსებობს დამსაქმებლის საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

48. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე