Facebook Twitter

საქმე №ას-930-2020 27 ნოემბერი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ო.ს. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "მ. ჭ–ძე" (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ო.ს–ის (შემდეგში: მოსარჩელე, მყიდველი, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი შპს "მ. ჭ–ძის" (მოპასუხე, საწარმო ან გამყიდველი) წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე ითხოვდა მის სასარგებლოდ, მოპასუხესთან გაფორმებული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალიწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებას ნასყიდობის ფასის 0.01%-ის ოდენობით, 2018 წლის 10 ივლისიდან 2019 წლის 1 ივნისამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის განჩინებით.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. მოსარჩელესა და მოპასუხე საწარმოს შორის, 13.10.2017 წელს, Nვ50/27 და Nვ50/17 უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებები გაფორმდა, რომელთა თანახმად, მყიდვემა გამყიდველისაგან შეიძინა ქ. თბილისში, ...... მდებარე ორი ავტოსადგომი: ავტოსადგომი N27 და ავტოსადგომი N17 შეიძინა;

3.2. მოსარჩელემ სრულად გადაიხადა 2017 წლის 13 ოქტომბრის 50/27 ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის ფასი - 12 000 (თორმეტი ათასი) აშშ დოლარი და 2017 წლის 13 ოქტომბრის N350/17 ნასყიდობის წინარეხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის ფასი - 15 000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი, რამაც საერთო ჯამში 27 000 (ოცდაშვიდი ათასი) აშშ დოლარი შეადგინა;

3.3. მას შემდეგ რაც შესრულდა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობები, 24.10.2018 წელს მოდავე მხარეთა შორის გაფორმდა Nვ50/27ა და Nვ50/17ა ნასყიდობის ხელშეკრულებები. ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმება იყო წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების ძირითადი მიზანი - საგანი; ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულებების საგანს კი წარმოადგენდა გამყიდველის მიერ, მყიდველისათვის ნასყიდობის საგნის საკუთრებაში გადაცემა;

3.3. მყიდველს (მოსარჩელეს) ნასყიდობის ხელშეკრულებებით საკუთრებაში გადაეცა 2 ავტოსადგმი საკადასტრო კოდებით, N.......... და N..........

4. მყიდველმა სარჩელით მოითხოვა, მის სასარგებლოდ, მოპასუხისათვის მხარეთა შორის არსებული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალიწინებული პირგასამტეხლოს დაკისრება ნასყიდობის ფასის 0.01%-ის ოდენობით, 2018 წლის 10 ივლისიდან - 2019 წლის 01 ივნისამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითა მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაზე, რაც, მისი მტკიცებით, ნივთობრივად ნაკლის მქონე ავტოსადგომების გადაცემასი გამოიხატება, შესაბამისად, მოპასუხისათის პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ საფუძვლად 13.10.2017 წლის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებების 12.1. მუხლზე მიუთითა.

5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ-ები: N ას-1529-1443-2012; N ას-973-1208-2004; N ას - 664-635-2016). მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.

6. მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოპასუხე საწარმოს წინააღმდეგ აღძრული სარჩელი ემყარება სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევას, კერძოდ, მოსარჩელისათვის მოპასუხის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნივთობრივად ნაკლის მქონე ავტოსადგომების (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში:სსკ, 467-488-ე მუხლები) გადაცემას, რაც, მოსარჩელის მტკიცებით, სსკ-ის 417-418-ე მუხლების თანახმად, 13.10.2017 წლის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებების 12.1. მუხლის საფუძველზე, მას მოპასუხისათვის თანხის დაკისრების საფუძველს წარმოუშობს. სწორედ აღნიშნული მუხლები წარმოადგენენ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს.

7. სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე -ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

8. სსკ-ის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სსკ-ის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

9. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. იმავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა.

10. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე (აპელანტი) მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლად მიუთითებს მის მიერ ნაკლიანი ნივთის გადაცემაზე. მოსარჩელე განმარტავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით მისთვის გადაცემული ავტოსადგომები არის ნაკლის მქონე.

სააპელაციო სასამართლომ მხარეთა მტკიცების ტვირთზე მიუთითა და აღნიშნა, რომ საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან (იხ. სუსგ, N ას-1298-2018, 22.03.2019წ.). კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მათ მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა სარჩელის საგანი – მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი, მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ. 64).

11. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა (მოსარჩელემ) შესაბამისი მტკიცებულებით ვერ დაადასტურა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მისთვის გადაცემული ავტოსადგომების ნაკლოვანება. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი დგინდება, რომ 2018 წლის 19 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ....... მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ორივე სამანქანო ლიფტს შპს ,,ს.ე. ი–ის“ მიერ ჩაუტარდა ინსპექტირება, სადაც მითითებულია, რომ: "აღნიშნული ობიექტის ინსპექტირებისას არ დაფიქსირდა არსებითი ან კრიტიკული შეუსაბამობა" შესაბამისად, ორივე სამანქანო ლიფტზე გაიცა ინსპექტირების სერთიფიკატი (სერთიფიკატის ნომერი: 1892-201809-32 და 1893-201809-32). სასამართლომ დამატებით მიუთითა ნასყიდობის ხელშეკრულებების (Nვ50/27ა და Nვ50/17ა) 5.1 პუნქტზე, რომლითაც, მხარეები ადასტურებენ, რომ "ნასყიდობის საგანი არის უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო. ნასყიდობის საგანი ვარგისია ექსპლუატაციისათვის და სრულად შეესაბამება მხარეებს შორის 13.10.2017 გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებაში მოცემულ მახასიათებლებსა და ხარისხს“.

12. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ-ები: N ას-1158-1104-2014, 06.05.2015წ; N ას-1265-1187-2015, 10.02.2016წ.).

13. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებების თანახმად, არ იკვეთება მოდავე მხარეებს შორის შეთანხმება პირგასამტეხლოს არსებობის თაობაზე, რაც თავის მხრივ გამორიცხავს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების კანონიერებას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებისას, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების 12.1. პუნქტით გათვალისწინებული დანაწესით. ამ მტკიცების გასაბათილებლად, სასამართლომ განმარტა წინარე ხელშეკრულების არსი. სსკ-ს 327-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. წინარე ხელშეკრულება არის ვალდებულებით სამართლებრივი გარიგება, რომლითაც მხარეები კისრულობენ სხვა ხელშეკრულების დადების ვალდებულებას, ანუ მხარეები სამართლებრივად იბოჭავენ თავს მომავალში ე.წ. ძირითადი ხელშეკრულების დადების ვალდებულებით. წინარე ხელშეკრულების გაფორმება, ხელს უწყობს სახელშეკრულებო ურთიერთობის გამყარებას, იმყოფება განსაზღვრულ მიმართებაში ე.წ. ძირითად ხელშეკრულებასთან, რომელიც, როგორც წესი, მიმართულია კონკრეტული ეკონომიკური შედეგის მიღწევისკენ მაშინ, როდესაც წინარე ხელშეკრულებით, რომელიც წინ უსწრებს ძირითად ხელშეკრულებას მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ მომავალში დადებენ გარიგებას წინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. წინარე ხელშეკრულებაში მხარეებმა ნათლად უნდა განსაზღვრონ, თუ რა არსებითი პირობებით აპირებენ ისინი მომავალში ძირითადი ხელშეკრულების დადებას. ამავდროულად, წინარე ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს პირობას საგნისა და ვადის თაობაზე, რომელშიც მხარეები კისრულობენ ძირითადი ხელშეკრულების დადებას. წინარე ხელშეკრულების საგანი სხვა უნდა იყოს და ძირითადი - სხვა. წინარე ხელშეკრულების საგანი არის მხარის ვალდებულება, დადოს ხელშეკრულება ანუ იკისროს მომავალში რაიმე ვალდებულება, მაშინ როცა ძირითადი ხელშეკრულებით ეს ვალდებულება უშუალოდ წარმოიშობა.

14. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ, კერძოდ, კი მას შემდეგ, რაც შესრულდა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობები, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2018 წლის 24 ოქტომბერს გაფორმდა Nვ50/27ა და Nვ50/17 ნასყიდობის ხელშეკრულებები. სწორედ ამ ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმება იყო წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების ძირითადი მიზანი - საგანი (N50/27 და N50/17 წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების 3.1 მუხლის თანახმად: "წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე და მისი პირობების შესაბამისად, მხარეები იღებენ ვალდებულბას გააფორმონ ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულება ავტოსადგომის ყიდვა-გაყიდვაზე."). დადგენილია, რომ Nვ50/27ა და Nვ50/17ა ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულებებით, მყიდველს საკუთრებაში გადაეცა ნასყიდობის საგანი - 2 ავტოსადგომი, კერძოდ, Nვ50/27ა და Nვ50/17ა; ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულებების 3.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების საფუძველზე და მისი პირობების შესაბამისად, გამყიდველმა მყიდველს ნასყიდობის საგანი გადასცა, ხოლო მყიდველმა მიიღო ნასყიდობის საგანი. ამასთან, „ნასყიდობის საგანი არის უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო." ნასყიდობის საგანი ვარგისია ექსპლუატაციისათვის და სრულად შეესაბამება მხარეებს შორის 13.10.2017 გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებაში მოცემულ მახასიათებლებსა და ხარისხს." ამასთან, ნასყიდობის ხელშეკრულებების 5.4 მუხლით, "მხარეები ადასტურებენ, რომ მათ შორის 13.10.2017 გაფორმებული ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შესრულებულია სრულად და მათ ერთმანეთის მიმართ აღნიშნული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არანაირი პრეტენზია ან/და საჩივარი არ გააჩნიათ." შესაბამისად, წინარე ხელშეკრულების პუნქტი 12.1-ით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებაზე არ შეიძლება იყოს მსჯელობა, რადგანაც მხარემ (აპელანტმა) დაადასტურა მოპასუხის მიერ მის მიმართ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით არსებული ვალდებულებების სრულად შესრულება. ასევე, Nვ50/27ა და Nვ50/17ა ნასყიდობის ხელშეკრულებების 8.1.4 და 16.36.1 მუხლების თანახმად, "ხელშეკრულება ან და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ი იდება/დაიდება მის მიერ ნებაყოფლობით, გამყიდველის ან მესამე პირების მხრიდან ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომის ან/და რაიმე გარემოების გამოყენების გარეშე“; "მხარეები ადასტურებენ, რომ ხელშეკრულების შინაარსი ზუსტად გამოხატავს მხარეთა ნებას და რომ მათ მიერ ნების გამოვლენა მოხდა ხელშეკრულების შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობით."

15. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, ზემოხსენებული ფაქტები, რომელთა მიხედვით, მხარეთა მიერ გაფორმებული ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულებები ცხადყოფდა, რომ არ არსებობდა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

16. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 377.3-ე მუხლის თანახმად იმსჯელა, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით გამოტანილ იმ განჩინებაზე, რომელიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, რაც შესაძლოა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი იყოს იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მის მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. წინამდებარე სააპელაციო საჩივრით, საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად, აპელანტმა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ნოემბრის საოქმო განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა მოწმის სახით ჩ.ს–ის, ს.ქ–უს და მ.მ–ას გამოკითხვის თაობაზე. სსსკ-ის 4.1-ე მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

17. პირველი ინსტანციის სასამართლოში შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მითითებული მოწმეები დაადასტურებდნენ სადავო გარემოებას მოსარჩელესათვის ნაკლის მქონე ნივთის გადაცემის თაობაზე. სსსკ-ის 140.4-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უარი თქვას გამოძახებული მოწმის დაკითხვაზე ან არ გამოიძახოს იგი, თუ ცნობს, რომ გარემოებებს, რომელთა დასადასტურებლადაც იძახებენ მოწმეს, არა აქვთ რაიმე მნიშვნელობა საქმის არსებითად გადაწყვეტისათვის.

18. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის მიერ საქმის მასალებში წარმოდგენილია სსსკ-ის 102.3-ე მუხლით გათვალისწინებული, სადავო გარემოების დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება - ორივე სამანქანო ლიფტზე ინსპექტირების სერთიფიკატი N1892-201809-32 და N1893-201809-32 (რომელიც ადასტურებს, რომ 2018 წლის 19 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ..... მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ორივე სამანქანო ლიფტს შპს ,,ს. ე. ი–ის“ მიერ ჩაუტარდა ინსპექტირება და დადგინდა, რომ ობიექტის ინსპექტირებისას არ დაფიქსირდა არსებითი ან კრიტიკული შეუსაბამობა), ამავე გარემოების სამტკიცებლად მოწმეთა ჩვენებას, რაიმე არსებითი მნიშვნელობა საქმის არსებითად გადაწყვეტისათვის ვერ ექნება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოწმეთა ჩვენება ვერ განიხილება სსსკ-ის 102.3-ე მუხლით გათვალიწინებულ მტკიცებულებად.

19. ზემოხსენებული ფაქტობრივსამართლებრივი მოტივაციით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი.

20. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

20.1. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არ აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ, სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზიები (შედავება).

23. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად მართებულად შეაფასა.მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში;

24. მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ბოელინგი/ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.) კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა. მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირისაკენ მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება. მოთხოვნა ძირითადად მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა, საპროცესო-სამართლებრივი გაგებით, ყოველთვის მიმართულია სასამართლო გადაწყვეტილების დადგომისაკენ. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება. მოთხოვნის საფუძველი ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ნორმის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს ცალკეულ წინაპირობას და ბ) სამართლებრივი შედეგი, რომელიც კანონის საფუძველზე დადგება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ნორმის შემადგენლობით განსაზღვრული ყველა წინაპირობა.

25. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.

26. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). მოსარჩელის სტადიის შემდეგ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოპასუხის სტადია, რაც მოსაჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების პასუხად შესაგებელში შედავებული გარემოებების კვალიფიციურობაზეა დამოკიდებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილებაში (საქმეზე N ას-644-635-2016; პუნქტი 201) მითითებულია: „2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვითთ, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით სავსებით დასაბუთებული და კანონიერი განჩინება მიიღო, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრების გზით მოსარჩელემ ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები და ვერ გააქარწყლა ისინი დასაბუთებული საკასაციო შედავებით.

27. განსახილველ შემთხვევაში კასატორის ძირითადი პრეტენზია იმას ეფუძნება, რომ მან ნივთობრივად ნაკლიანი ნივთები მიიღო მოპასუხე საწარმოსაგან (გამყიდველისაგან) და ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება პირგასამტეხლოს ანაზღაურების თაობაზე, მოსარჩელის მტკიცებით, უნდა დაემყაროს ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით მხარეთა შორის შეთანხმებულ პირგასამტეხლოს. საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომლებიც წინამდებარე განჩინების 13-14 პუნქტებშია, რადგან ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება (სსკ-ის 327-ე მუხლის მე-3 ნაწილი: „ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალში ხელშეკრულების დადების ვალდებულება. ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე წინარე ხელშეკრულებაზედაც) ითვალისწინებს მომავალში ხელშეკრულების დადების ვალდებულებას და არა გარიგების დადების ფაქტს. წინარე ხელშეკრულება ვალდებულებითსამართლებრივი გარიგებაა, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა სახის არსებით პირობებზე თანხმდებიან მხარეები, რომელიც მომავალში დასადები ხელშეკრულების შინაარსს უკავშირება (იხ. სუსგ N ას-875-817-2017, 21.03.2018წ;), შესაბამისად, წინარე ხელშეკრულების მიხედვით მხარეთა მიერ პირგასამტეხლოზე შეთანხმება არ ნიშნავს იმას, რომ არსებით (ძირითად) ხელშეკრულებაზე, თუკი მასში საგანგებოდ არ არსებობს ასეთი შეთანხმება მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების საფუძველზე, გავრცელდება წინარე ხელშეკრულების რომელიმე პირობა. საკასაციო სასამართლო აღარ გაიმეორებს იმ არგუმენტებს, რომელიც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს როლსა და ფუნქციას უკავშირდება, რადგან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას სავსებით მართებული სამართლებრივი შეფასება მისცა სააპელაციო სასამართლომ, ამის საწინააღმდეგოდ კი კასატორს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

28. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

29. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო.ს.ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ო.ს.ს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზ.ა–ის (პ/ნ ....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2020 წლის 24 აგვისტო), 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე