საქმე №ას-1427-2019 17 ივლისი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – ნ.ო–ი, გ. გ–ი, მ. გ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს "ტ.ბ–ი" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწვეყილების მიღებით, ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით სს ,,ტ.ბ–ი’’-ს (შემდეგში: მოსარჩელე, ბანკი, კრედიტორი ან იპოთეკარი) სარჩელი ნ.ო–ის (მოპასუხე, მოვალე, მსესხებელი, აპელანტი ან კასატორი), გ. გ–ის და მ. გ–ის (შემდგეში: მოპასუხეები, იპოთეკის საგნების მესაკუთრეები, თავდები პირები, მოვალეები, აპელანტები ან კასატორები) მიმართ დაკმაყოფილდა;
2. მოპასუხეებს ნ.ო–ს და გ. გ–ს, მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 2015 წლის 31 მარტის საბანკო კრედიტის N24.0298787.001-001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 128 552.96 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 122 013.45 აშშ დოლარი, პროცენტი - 4 712.52 აშშ დოლარი და ჯარიმა -1 826. 99 აშშ დოლარი;
2.1. ამავე მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2018 წლის 19 მარტიდან) 2015 წლის 31 მარტის საბანკო კრედიტის N24.0298787.001-001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 122 013.45 აშშ დოლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე დასარიცხი სარგებლის წლიური 12 %-ის გადახდა (რაც ყოველთვიურად 1 220.13 აშშ დოლარს შეადგენს), მაგრამ არა უმეტეს - 14 641.56 აშშ დოლარისა;
2.2. 2015 წლის 31 მარტის N24.0298787.001-001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა კრედიტორის სასარგებლოდ, იპოთეკით დატვირთული, გ. გ–ის კუთვნილი უძრავი ქონება: მდებარე: თბილისი, ......, ბინა N25, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი .......;
2.3. 2015 წლის 31 მარტის N24.0298787.001-001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა კრედიტორის სასარგებლოდ, იპოთეკით დატვირთული, გ. გ–ის კუთვნილი უძრავი ქონება: მდებარე: თბილისი, ........., ბინა N26, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ...........;
2.4. 2015 წლის 31 მარტის N24.0298787.001-001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა კრედიტორის სასარგებლოდ, იპოთეკით დატვირთული, მ. გ–ის კუთვნილი უძრავი ქონება: მდებარე: თბილისი, ........, ბინა N18, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ........;
2.5. იმ შემთხვევაში თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ დაფარავს ბანკის წინაშე არსებულ დავალიანებას, აღსრულება მიექცეს ნ.ო–ის და გ. გ–ის სხვა უძრავ/მოძრავ ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით;
3. საქალაქო სასამართლოს იმავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. გ–ისა და ნ.ო–ის შეგებებული სარჩელი ბანკის წინააღმდეგ.
4. მოპასუხეებს ნ.ო–ს და გ. გ–ს მოსარჩელე ბანკის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1430.75 ლარის ანაზღაურება დაეკისრათ;
5. მოსარჩელეს დაუბრუნდა მის მიერ სს ,,ტ.ბ–ი’’ - ში 23.03.2018წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 5000 ლარიდან 3569.25 ლარი (საგადახდო დავალება # 14);
6. შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალა ბიუჯეტში გადახდილად.
7. მოცემულ საქმეზე შემდეგი უდავო ფაქტობრივი გარემოებებია გამოვლენილი:
7.1. სს ,,კ.ს.ბ–ს’’ და ნ.ო–ს (მსესხებელი) შორის, 2015 წლის 30 მარტს, დაიდო N24.0298787.001 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: მაქსიმალური თანხა - 300 000 აშშ დოლარი, საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა - 36%, მაქსიმალური ლიმიტის მოქმედების ვადა 30.03.2015-დან 30.03.2035 წლის ჩათვლით. ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება და შეთანხმდება მხარეებს შორის დამატებითი ხელშეკრულებით. ხელშეკრულების 22.05 პუნქტის თანახმად, თუკი ბანკი სხვაგვარად არ გადაწყვეტს, ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან მსესხებლის არსებული დავალიანების ძირითად თანხაზე გაგრძელდება შესაბამისი პროცენტის დარიცხვა მის სრულად და ჯეროვნად დაფარვამდე.
7.2. N24.0298787.001 გენერალური ხელშეკრულებით გათვალისწინებული მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით სს ,,კ.ს.ბ–სა’’ და გ. გ–ს შორის 2015 წლის 30 მარტს გაფორმდა იპოთეკის N24.0298787.001/01 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც იპოთეკით დაიტვირთა გ. გ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე თბილისი, ქუჩა ......, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ....... ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, თუ იპოთეკის საგნის ღირებულება ან მისი რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები საკმარისი არ იქნება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად დასაფარად, ვალდებულება შესრულებულად არ ჩაითვლება და მსესხებელს დაეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. ასეთ შემთხვევაში იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს გადახდევინების მიქცევა (აღსრულება) მსესხებლის (აგრეთვე ასეთის არსებობის შემთხვევაში სხვა ვალდებული პირის) სხვა ქონებასა და აქტივებზე. იგივე გავრცელდება იმ ხარჯებზეც, რაც შეიძლება წარმოიშვას იპოთეკის საგნის რეალიზაციის პროცესში.
7.3. N24.0298787.001 გენერალური ხელშეკრულებით გათვალისწინებული მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით სს ,,კ.ს.ბ–სა’’ და გ. გ–ს შორის, 2015 წლის 30 მარტს, გაფორმდა იპოთეკის N24.0298787.001/02 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც იპოთეკით დაიტვირთა გ. გ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე თბილისი, ქუჩა .....’, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ....... ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, თუ იპოთეკის საგნის ღირებულება ან მისი რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები საკმარისი არ იქნება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად დასაფარად, ვალდებულება შესრულებულად არ ჩაითვლება და მსესხებელს დაეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. ასეთ შემთხვევაში იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს გადახდევინების მიქცევა (აღსრულება) მსესხებლის (აგრეთვე ასეთის არსებობის შემთხვევაში სხვა ვალდებული პირის) სხვა ქონებასა და აქტივებზე. იგივე გავრცელდება იმ ხარჯებზეც, რაც შეიძლება წარმოიშვას იპოთეკის საგნის რეალიზაციის პროცესში.
7.4. N24.0298787.001 გენერალური ხელშეკრულებით გათვალისწინებული მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით სს ,,კ.ს.ბ–სა’’ და მ. გ–ს შორის, 2015 წლის 30 მარტს, გაფორმდა იპოთეკის N24.0298787.001/03 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც იპოთეკით დაიტვირთა მ. გ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე თბილისი, ქუჩა ....., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ....... ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, თუ იპოთეკის საგნის ღირებულება ან მისი რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები საკმარისი არ იქნება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად დასაფარად, ვალდებულება შესრულებულად არ ჩაითვლება და მსესხებელს დაეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. ასეთ შემთხვევაში იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს გადახდევინების მიქცევა (აღსრულება) მსესხებლის (აგრეთვე ასეთის არსებობის შემთხვევაში სხვა ვალდებული პირის) სხვა ქონებასა და აქტივებზე. იგივე გავრცელდება იმ ხარჯებზეც, რაც შეიძლება წარმოიშვას იპოთეკის საგნის რეალიზაციის პროცესში.
7.5. 2015 წლის 30 მარტის გენერალური ხელშეკრულების N24.0298787.001 ფარგლებში ,,კ.ს.ბ–სა’’ და ნ.ო–ს (მსესხებელს) შორის 2015 წლის 31 მარტს გაფორმდა N24.0298787.001-001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (გენერალური ხელშეკრულების დამატებითი ხელშეკრულება) შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა - 144 000 აშშ დოლარი; საბანკო კრედიტის დაფარვის ვადა - 31.03.2015-დან 31.03.2025-მდე ყოველთვიურ საფუძველზე, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად; წლიური საპროცენტო განაკვეთი - 12%; პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5 %.
7.6. 2015 წლის 30 მარტის გენერალური ხელშეკრულების N24.0298787.001 უზრუნველყოფის მიზნით სს ,,კ.ს.ბ–სა’’ და გ. გ–ს შორის იმავე თარიღში გაფორმდა N24.0298787.001/01 თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან იკისრა ვალდებულება მთლიანად იყოს პასუხისმგებელი ბანკის წინაშე მსესხებლის იმ ვალდებულებაზე, რომლებიც გათვალისწინებულია 2015 წლის 30 მარტს ბანკსა და მსესხებელს შორის გაფორმებული N24.0298787.001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით. ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა შეადგენს 300 000 აშშ დოლარს. თავდებობის ხელშეკრულების 3.5 პუნქტის თანახმად, თავდების მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს უფლება აქვს სასამართლო წესით პრეტენზია წაუყენოს თავდებსა და მსესხებელს როგორც ერთდროულად (სოლიდარულად), ასევე ცალ-ცალკე, ბანკის არჩევანისამებრ.
8. მსესხებელმა დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით N24.0298787.001-001 ნაკისრი ვალდებულება 2017 წლის დეკემბერში და ამის შემდეგ აღარ განუხორციელებია გადახდა ვალდებულების შესრულების მიზნით.
9. N24.0298787.001-001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება მხარეთა შორის შეწყდა 2018 წლის 26 მარტს.
10. 2018 წლის 19 თებერვალს მოპასუხეებს მოსარჩელის მიერ გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები და განესაზღვრათ დამატებითი ვადა 2015 წლის 31 მარტს გაფორმებული N24.0298787.001-001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების სრულად დაფარვის მიზნით.
11. სს ,,კ.ს.ბ–მა’’ შეიცვალა სახელწოდება და ფუნქციონირებს სს ,,ტ.ბ–ი’’-ს სახელით.
12. მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებით, სამოქალაქო სამართალში და სამოქალაქო საპროცესო სამართალში დამკვიდრებული მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტით და მხარეთა შორის სადავოდ ქცეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა:
12.1. 2018 წლის 19 მარტის მდგომარეობით მსესხებელს, 2015 წლის 31 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან N24.0298787.001-001 გამომდინარე, ბანკის მიმართ - 144 000 აშშ დოლარის დავალიანება ერიცხება, საიდანაც ძირითადი თანხაა - 122 013.45 აშშ დოლარი, პროცენტი - 4 712.52 აშშ დოლარი და ჯარიმა - 1 826.99 აშშ დოლარი.
12.2. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეებმა (მოვალეებმა) წარდგენილი შესაგებლით და ასევე შეგებებულ სარჩელში დაფიქსირებული პოზიციით სადავო გახადეს მოსარჩელის (კრედიტორის) მითითება ძირითადი თანხის ოდენობის დაანგარიშებასთან მიმართებით. კერძოდ, მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ მსესხებლის მიერ ჯამში დაახლოებით 65 000 აშშ დოლარია გადახდილი, საიდანაც ძირითადი თანხიდან მხოლოდ 21 987 აშშ დოლარი დაიფარა. ბანკმა არასწორად დაითვალა ძირითადი თანხა, ვინაიდან ზედმეტადაა ნაანგარიშები 2 000 აშშ დოლარი;
12.3. განსახილველ შემთხვევაში სადავო არაა მხარეთა შორის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების არსებობის და ამ ვალდებულების საფუძველზე მსესხებლის მიერ თანხის მიღების ფაქტი. მოსარჩელეს (კრედიტორს) წარმოდგენილი აქვს აგრეთვე მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების და ამ შესრულების შედეგად დაანგარიშებული დარჩენილი ვალდებულების მოცულობა. მოპასუხეებს კი წარმოდგენილი შედავების ფარგლებში არ მიუთითებიათ, კონკრეტულად რაში გამოიხატა მოსარჩელის მიერ ვალდებულების მოცულობიდან ძირითადი თანხის ოდენობის არასწორი დაანგარიშება და რის საფუძველზე უნდა შემცირდეს ბანკის მიერ მოთხოვნილი ძირითადი თანხის ოდენობა 2 000 აშშ დოლარით;
12.4. საქმეში წარმოდგენილი მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა ახსნა-განმარტების შედეგად პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 19 მარტის მდგომარეობით, მსესხებელს, 2015 წლის 31 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან N24.0298787.001-001 გამომდინარე, ბანკის მიმართ - 144 000 აშშ დოლარის დავალიანება ერიცხება, საიდანაც ძირითადი თანხაა - 122 013.45 აშშ დოლარი, პროცენტი - 4 712.52 აშშ დოლარი და ჯარიმა - 1 826.99 აშშ დოლარი.
13. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა (მოვალეებმა), უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ივნისის განჩინებით.
14. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოცემულ საქმეზე უდავო ფაქტობრივ და დადგენილ სადავო ფაქტობრივ გარემოებებზე და ყურადღება გაამახვილა, რომ მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანია სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მხარის მიერ მოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებების, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით (სსსკ-ის 102.3-ე მუხლი).
15. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე მოსარჩელეს (კრედიტორს) წარმოდგენილი აქვს მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების და ამ შესრულების შედეგად დაანგარიშებული დარჩენილი ვალდებულების მოცულობა. მოპასუხეებს/შეგებებული სარჩელით მოსარჩელეებს კი წარმოდგენილი შედავების ფარგლებში არ მიუთითებიათ, კონკრეტულად რაში გამოიხატა მოსარჩელის მიერ ვალდებულების მოცულობიდან ძირითადი თანხის არასწორად დაანგარიშება და რის საფუძველზე უნდა შემცირდეს ძირითადი თანხის ოდენობა 2000 აშშ დოლარით. ასევე, სრულიად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა მოპასუხეთა (აპელანტთა) მტკიცება, რომ მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი მოლაპარაკება, რომლის თანახმადაც, 20 000 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში, ერთ-ერთ უძრავ ქონებაზე იპოთეკა უნდა გაუქმებულიყო.
16. სსსკ-ის 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითა მათზე.
17. სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო პრეტენზიის ფარგლებში ასევე იმსჯელა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეთათვის დარიცხული პირგასამტეხლოს მართლზომიერებაზე და ამ ნაწილშიც გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები, დაფუძნებული საქართელოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 417-418-ე მუხლებზე. დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 31 მარტს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობას წარმოადგენდა პირგასამტეხლოზე შეთანხმება, კერძოდ, ხელშეკრულების თანახმად ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო განისაზღვრა ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ით. სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეაფასოს სასამართლომ (იხ. სუსგ N ას-1560-1463-2012, 28.12.2012წ.). განსახილველ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში მიიღო დადგენილი გარემოებები და პირგასამტეხლოს ოდენობა 1826.99 აშშ დოლარი ძირითად ვალდებულებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ არ მიიჩნია. თავის მხრივ, აპელანტები არ უთითებენ, თუ რატომ არის სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრული და რა ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველზე უნდა მოხდეს მისი შემცირება, რის გამოც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ეს ნაწილიც დაუსაბუთებელია.
18. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
18.1. მოპასუხეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვეს „ 2000 ლარის ძირითადი თანხის და მისი შესაბამისი პროცენტის 3000 ლარის დაკისრების ნაწილში, პირგასამტეხლოს შემცირების, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფიელბაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე, ყოველთვიურად 1200 ლარის დაკისრების ნაწილში; და საკასაციო მოთხოვნა შემდეგნაირად განსაზღვრეს: განჩინების გაუქმება გასაჩივრებულ ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მოვალეთა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არ აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ, სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, ატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზიები (შედავება).
21. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, მისი სარჩელი დასაბუთებულია და დაკმაყოფილდა, რადგან სსკ-ის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სსკ-ის 463-ე მუხლის საფუძველზე, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. სსკ-ის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება, ხოლო 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. ვალდებულების დარღვევისას, კანონმდებელმა, კრედიტორს მიანიჭა უფლება, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ზოგადი წესი განმტკიცებულია სსკ-ის 394-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურება შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მაგალითად: პროცენტის გადახდა (403-ე მუხლი), პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (408.1 მუხლი), მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება (411-ე მუხლი) და ა.შ. (შეად. სუსგ-ებს: N ას-915-855-2017, 14.09.2017 წ., N ას-681-652-2016, 17.02.2017 წ; N ას-1209-2020, 21.02.2020წ.).
22. საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი უდავო და სადავო ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ, ხოლო საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში (სსსკ-ის 407-ე მუხლი) მსჯელობს წინამდებარე საკასაციო პრეტენზიის დასაშვებობაზე, სავსებით ცხადია, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად მართებულად შეაფასა.
23. მოპასუხის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ ძირითადი თანხის ნაწილში კრედიტორს ზედმეტად აქვს დაანგარიშებული დავალიანება და შესაბამისად, 2000 აშშ დოლარით ნაკლები უნდა დაკისრებოდათ მოვალეებს გადასახდელად, ასევე, დაუსაბუთებელია და შეუსაბამოდ მაღალია პირგასამტეხლო, რომელთა გადახდაც დაეკისრათ მოპასუხეებს. საკასაციო სასამართლო, კასატორის აღნიშნულ პრეტენზიას დაუსაბუთებლად მიიჩნევს.
სააპელაციო სასამართლომ სავსებით დასაბუთებულად გაამახვილა ყურადღება მხარეთა მტკიცების ტვირთზე, რადგან საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში;
24. მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ბოელინგი/ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.) კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა.
25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირისაკენ მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება. მოთხოვნა ძირითადად მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა, საპროცესო-სამართლებრივი გაგებით, ყოველთვის მიმართულია სასამართლო გადაწყვეტილების დადგომისაკენ. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილებაა. მოთხოვნის საფუძველი ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ნორმის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს ცალკეულ წინაპირობას და ბ) სამართლებრივი შედეგი, რომელიც კანონის საფუძველზე დადგება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ნორმის შემადგენლობით განსაზღვრული ყველა წინაპირობა.
26. მოთხოვნა და მოთხოვნის საფუძველი სხვადასხვა ცნებებია და მათი აღრევა არიდებული უნდა იქნეს. ამ გამიჯვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნათა შორის არჩევანის უფლება, მოსარჩელის უფლებამოსილებაა, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დამფუძნებელი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა შორის ერთ-ერთის მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება და ვალდებულებაცაა (იხ. ბოელინგი /ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 42.)
27. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.
28. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). მოსარჩელის სტადიის შემდეგ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოპასუხის სტადია, რაც მოსაჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების პასუხად შესაგებელში შედავებული გარემოებების კვალიფიციურობაზეა დამოკიდებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილებაში (საქმეზე N ას-664-635-2016; პუნქტი 201) მითითებულია: „2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვითთ, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით სავსებით დასაბუთებული და კანონიერი განჩინება მიიღო, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრების გზით მოპასუხემ ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები და ვერ გააქარწყლა ისინი დასაბუთებული საკასაციო შედავებით.
29. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
30. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
31. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
32. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
33. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.
34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).
35. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხეებმა ვერ დაასაბუთეს, თუ რაში მდგომარეობს მათ მიერ შეუსრულებელი ვალდებულების არასწორად დაანგარიშება, რატომ არის ძირითადი თანხა 2000 შშ დოლარით შესამცირებელი, ისევე, როგორც, ზოგადი პრეტენზიაა წარმოდგენილი პირგასამტეხლოს გონივრულობასთან მიმართებით.
36. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: „საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, სს „ს.ბ-ს“, გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება“ (იხ. სუსგ N ას-1385 -1307-2012, 07.02.2013წ; N ას-512-512-2018, 30.07.2018წ; N ას-1209-2019, 21.02.2020წ.). საბანკო საქმიანობა საჯარო კანონმდებლობით რეგულირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კომერციული ბანკები ხელმძღვანელობენ საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებით. შესაბამისად, კასატორის მტკიცება, რომ ბანკთან ზეპირ მოლაპარაკებას აწარმოებდა მარტოოდენ მხარის ზეპირი განცხადებაა, ხოლო რაც შეეხება განსახილველ საკრედიტო ურთიერთობას, მასში მონაწილე კონრაჰენტთა ნება წერილობით არის გამოვლენილი და ნებისმიერი სხვა ცვლილება თუ შეთანხმება სათანადო მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს, რაც ამ შემთხვევაში არ არის წარმოდგენილი.
37.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა მხარემ ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
38.სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ვინაიდან კასატორებს სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადავადებული ჰქონდათ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო მათ სახელმწიფო ბაჟის 30 % დაეკისრებათ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ო–ის, გ. გ–ის და მ. გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ნ.ო–ს (პ/ნ ........), გ. გ–ს (პ/ნ ......) და მ. გ–ს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ივნისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 231 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის 30%-ის – 69,3 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე