საქმე №ას-1765-2019 23 ივლისი, 2020 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „ჩ.რ. .. ბ.ჯ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.გ–ი, ე.გ–ი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით მ. და ე.გ–ების (შემდეგში: მოსარჩელეები) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
1.1. მოსარჩელეთა სასარგებლოდ შპს ,,ჩ.რ. ..ე ბ.ჯ–ს'' (შემდეგში: მოპასუხე, საწარმო, აპელანტი ან კასატორი) 4000 ლარი დაეკისრა.
2. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომელიც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე საწარმომ, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით.
3. სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოპასუხე საწარმოს მუდმივმოქმედი ფილიალი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... აწარმოებდა სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას; მშენებლობის პროცესში ხდებოდა მიწისქვეშა აფეთქებები;
3.2. მოსარჩელეების საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... (1010.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1 საერთო ფართით 210.4 კვ.მ. საკადასტრო კოდით .....).
3.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგეში: სსკ) 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. დასახელებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. სუსგ საქართველოს Nას-72-72-2018, 15.02.2018წ.)
3.4. საქმის მასალებით დადგენილია, რომ უძრავი ნივთი, მდებარე ხაშურის რაიონი, სოფელი ქვიშხეთი, 1010.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1 საერთო ფართით 210.4 კვ.მ. ს/კ ...., საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოსარჩელეთა სახელზე (ტ.1, ს.ფ. 14-15).
4. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების სსსკ-ის 105-ე მუხლის საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეების კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები, ძირითადად მოპასუხე საწარმოს მიერ N9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოებით არის გამოწვეული.
5. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში: ექსპერტიზის ეროვნული ბიურო) 2018 წლის 2 აგვისტოს დასკვნის (ექსპერტიზის კვლევის საგანი იყო მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა სოფელში მოპასუხის მიერ წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების გათვალისწინებით) თანახმად, მოსარჩელეების საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. კედლებზე ბზარების წარმოქმნა ძირითადად გამოწვეულია N9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებების შედეგად წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით. ამავე დროს, გარე კედლებზე ბათქაშის ჩამოშლა ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებითა და ტექნიკური მოუვლელობითაა გამოწვეული, ხოლო, შიდა კედლებსა და ჭერზე ბათქაშის ჩამოშლა ნაწილობრივ დინამიური და ნაწილობრივ ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებისა და ტექნიკური მოუვლელობის შედეგია. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით, საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები I-II (მსუბუქი-საშუალო დაზიანება) ხარისხისაა და მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველი არ არის. სახლის შემდგომი ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის საჭიროა სარემონტო მოპირკეთებითი სამუშაოების ჩატარება ბზარების გამონოლითებით;
5.1. საექსპერტო კვლევა ჩატარებული აქვს ექსპერტ ა.რ–ს - კ.ზ–ის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის (დეპარტამენტის) სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სეისმომედეგობის სამმართველოს ექსპერტს, სპეციალობით მუშაობის 31 წლის სტაჟით (ტ. 1, ს.ფ. 19-40).
6. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით ექსპერტიზის დასკვნა მიუთითებს დაზიანებების გამომწვევ უშუალო მიზეზზე, კერძოდ, დასკვნის მიხედვით, მოსარჩელეების საცხოვრებელი სახლის კედლებზე ბზარების წარმოქმნა, ძირითადად გამოწვეულია N9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად. ამავე დროს, დასკვნის საფუძველზე, გარე კედლებზე ბათქაშის ჩამოშლა ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებითა და ტექნიკური მოუვლელობითაა გამოწვეული, ხოლო, შიდა კედლებსა და ჭერზე ბათქაშის ჩამოშლა ნაწილობრივ დინამიური და ნაწილობრივ ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებისა და ტექნიკური მოუვლელობის შედეგია.
7. მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 15 ნოემბრის დასკვნის თანახმად, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... მოსარჩელეთა საცხოვრებელ სახლზე შესასრულებელი სარემონტო მოპირკეთებითი სამუშაოების ჩატარების ღირებულება, ბზარების გამონოლითების გათვალისწინებით, 2018 წლის III კვარტლის დონეზე ნორმატიული დარიცხვების გათვალისწინებით 7638,35 ლარით განისაზღვრა (ტ.1, ს.ფ. 41-60).
8. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საპირწონედ მოპასუხემ რაიონულ სასამართლოში წარადგინა კომპანია ,,.........“ მიერ გაცემული დასკვნები (ტ.1, ს.ფ. 87-289, ტ. 2. ს.ფ. 25-26). მოპასუხის (აპელანტის) განმარტებით, აღნიშნული მტკიცებულებებით გამოირიცხება მისი ბრალი მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული სახლის დაზიანებაში.
9. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი კომპანია ,,.........“ დასკვნები ვერ აქარწყლებს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებულ ზემოთ აღნიშნულ დასკვნას (2018 წლის 2 აგვისტოს დასკვნა). კერძოდ, კომპანია ,,.........“ მიერ გაცემული დასკვნა „აფეთქებადი ვიბრაციის მონაცემების შეფასება სოფელ ....... მდებარე მე-9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის სამშენებლო ობიექტისათვის“ (E. S.A.) ზოგადი ხასიათისაა. აღნიშნული დასკვნით შეფასდა აფეთქებების ზემოქმედების ზონა და გვირაბის აფეთქებით გამოწვეული ზიანის რისკი შენობებისათვის. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ აღნიშნული დასკვნებით არ მომხდარა კონკრეტული შენობა-ნაგებობების კვლევა, არ შესწავლილა მოსარჩელე მხარის კუთვნილი შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, არ განხორციელებულა მასზე ფაქტობრივი ზემოქმედების დაკვირვება, მისი ხანგრძლივობის შესწავლა და, რაც მთავარია, შენობა-ნაგებობების მდგომარეობის, კერძოდ, მათი სეისმომედეგობის გათვალისწინებით, დამდგარ ზიანთან აფეთქებების მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა. ამასთან, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ,,.........“ დასკვნის შინაარსიდან ირკვევა, რომ დასკვნა ზოგადად სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს შეეხება, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას და არ არის მიღებული კონკრეტული უძრავი ნივთების გამოკვლევის შედეგად. მოპასუხის მტკიცება, რომ მის მიერ წარდგენილი დასკვნით (იხ. წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტი) აფეთქებები წარმოებდა დაშვებული ნორმების ფარგლებში, რასაც არ შეეძლო გამოეწვია სახლების დაზიანება -სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან, ეს აფეთქებები იყო მრავალჯერადი სიხშირის და არა - ერთჯერადი, რაც ნიადაგის ჯდენითი პროცესების პროვოცირებას იწვევდა, შესაბამისად - დაზიანებების წარმოშობას. ამასთან, მოპასუხის დასკვნის თანახმად, სადავო სახლი მდებარეობს N9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს. დახრილი მანძილი გვირაბის ღერძის უახლოეს წერტილსა და საცხოვრებელ სახლს შორის არის 277 მ, ხოლო, ჰორიზონტალური მანძილი - 317 მ. ზემოქმედების ზონის უახლოესი წერტილიდან სახლამდე. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული არ აქარწყლებს მოსარჩელეთა კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ადგილზე დათვალიერების და დაზიანებების შესწავლის საფუძველზე შედგენილ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცალსახა დასკვნას, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელეების სახლის კედლებზე ბზარების წარმოქმნა, ძირითადად, N9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებების შედეგად წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით არის გამოწვეული.
10. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან ......... ტერიტორიაზე N9 სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას, მათ შორის იმას, რომ აფეთქებები 2012 წლის ივლისიდან დაიწყო, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნა კი ასახავს აფეთქებების შედეგად წარმოშობილი ვიბრაციების მონიტორინგის მიმდინარეობას მხოლოდ 09.10.2012 წლიდან. ამდენად, საქმის მასალებში არ მოიპოვება ინფორმაცია, თუ რა სიხშირის და რა სიმძლავრის აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობდა 2012 წლის ივლისიდან - 2012 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით. ასევე, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებით, ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა. არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი. ამდენად, მოპასუხე საწარმოს, ვიდრე მსგავსი მასშტაბის მშენებლობას დაიწყებდა, უნდა გამოეკვლია რისკის ზონაში მყოფი მოქალაქეების საცხოვრებელი სახლების მდგომარეობა, რათა შემდგომ მარტივად ყოფილიყო აღქმადი, თუ რა დაზიანებები გამოიწვია წარმოებულმა მშენებლობამ, ან საერთოდ გამოიწვია თუ არა ის, საქმის მასალებით კი მსგავსი კვლევის ჩატარება არ დასტურდება; აღნიშნული მოპასუხის მტკიცების ტვირთზე ნეგატიურ გავლენას ახდენს და წარმოდგენილი ზოგადი ხასიათის დასკვნით შევსებული ვერ იქნება.
11. სსსკ-ის 172-ე მუხლის შესაბამისად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
12. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებული გარემოების (მოპასუხის ქმედებით ზიანის მიყენების ფაქტი) დასადასტურებლად სასამართლოში წარადგინა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები, მოპასუხე მხარემ კი სათანადო მტკიცებულებებით ვერ შეძლო ამ დასკვნებით დადგენილი ფაქტების უარყოფა (სსკ-ის მე-4, 102-ე მუხლები). მოპასუხე საწარმოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხის მიერ მოსარჩელეებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა 4 000 ლარით განისაზღვრა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა (3 638.35 ლარის ნაწილში) მოსარჩელეებს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ.
13. რაც შეეხება აპელანტს, იგი სადავოდ ხდის დაკისრებული ზიანის ოდენობას და მიუთითებს მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების არასარწმუნოობაზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სარჩელზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა წარადგინა შესაგებელი, რომელშიც მიუთითა, რომ მოპასუხე არ ცნობდა სარჩელს; ამასთან, სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებული გარემოებები ზიანის კონკრეტული ოდენობის შესახებ, რომლებიც ეფუძნებოდა მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებას, მოპასუხემ შესაგებელში უარყო მხოლოდ ზოგადი მითითებით, კერძოდ, სიტყვებით: „არ ვეთანხმები“. ამ საკითხზე რაიმე არგუმენტირებული მოსაზრება შესაგებელში არ ფიქსირდება (ტ. 1, ს.ფ. 76-86).
14. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით მოპასუხის შესაგებელი, ზიანის ოდენობის ნაწილში, საერთოდ არ არის დასაბუთებული და ამ ნაწილში შეიძლება ითქვას, რომ მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.
15. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით აღიარებულია რა სასამართლო წესით უფლების დაცვის საყოველთაო პრინციპი, მისი კონკრეტული რეალიზაცია ასახულია საპროცესო კანონმდებლობაში. სსსკ-ის 4.1 მუხლი ადგენს სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპს, როგორიცაა შეჯიბრებითობა და განსაზღვრავს, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო სამართალწარმოების ეტაპებს კანონმდებელი ორ ძირითად ნაწილად ყოფს, ესაა საქმის მომზადება სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად (იხ. სსკ-ის 203-ე მუხლი) და სასამართლოს მთავარი სხდომის სტადია (სსსკ-ის 207-ე მუხლი). იმის მიხედით, თუ საქმე განხილვის რა ეტაპზეა, განსხვავებულია მხარეთა უფლებრივი მდგომარეობაც, რომელთაგან განსახილველ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია მოპასუხის უფლებები: სსსკ-ის 201-ე მუხლი ადგენს მოპასუხის საპროცესო თავდაცვის ძირითადი ინსტრუმენტს - შესაგებლის ინსტიტუტს, ნორმის მე-4 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრულია, რომ პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა. ამ საპროცესო წესის დარღვევით, ბუნებრივია, ირღვევა შეჯიბრებითობის პრინციპი, რამდენადაც ამავე კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
16. განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოპასუხე სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებელით, მართალია, არ დაეთანხმა სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულ გარემოებას მიყენებული ზიანის ოდენობის შესახებ, თუმცა, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნის დარღვევით, არ აღუნიშნავს ამის მიზეზი და არ დაუსაბუთებია იგი შესაბამისი არგუმენტაციით, ანუ ამ ნაწილში მოპასუხეს მარტივი შედავებაც არ განუხორციელებია.
17. სააპელაციო სასამართლომ შესაგებლის პროცესუალური მნიშვნელობის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტებაზე მიუთითა, რომლის მიხედვით, „შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყარება მათი შესაგებელი. 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება, საქმე №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი).
18. მოცემულ საქმეზე, როგორც აღინიშნა, მოპასუხე საწარმოს მიერ წარდგენილი შესაგებელი (პასუხი) არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილები). ამდენად, ზიანის კონკრეტულ ოდენობასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომასა და სააპელაციო სასამართლოში მოპასუხის (აპელანტის) წარმომადგენლების მიერ მითითებული გარემოებები, საპატიო მიზეზის არარსებობის პირობებში, ვერ იქნება მიღებული და მათზე სააპელაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს სსსკ-ის 219.1-ე და 380.2-ე მუხლების შესაბამისად.
19. საქმის მასალებით დადგენილია, რომ რაიონულმა სასამართლომ ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. იმის გათვალისწინებით, რომ დაუკმაყოფილებელ ნაწილში მოსარჩელეს საჩივარი არ წარმოუდგენია, სააპელაციო სასამართლო მოკლებულია პროცესუალურ შესაძლებლობას, იმსჯელოს ამ ნაწილში რაიონული სასამართლოს დასკვნის დასაბუთებულობის შესახებ. რაც შეეხება მოპასუხე (აპელანტ) მხარეს, მას ზიანის ოდენობის უზუსტობის, სხვა ოდენობით გამოთვლის ან/და სხვა სახის გამაბათილებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნით დაანგარიშებული ზიანის ოდენობა საქმეში არსებული სხვა სახის მტკიცებულებით გაქარწყლებული არ არის, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული ზიანის ოდენობას.
20. სააპელაციო სასამართლომ ყურადღებას გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ რაიონული სასამართლოს მიერ ზიანის ოდენობა შერეული ბრალის პრინციპის გათვალისწინებით დაანგარიშდა (სსკ-ის 415-ე მუხლის მიხედვით, 1. თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. 2. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში- თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი). კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, მხედველობაშია მიღებული, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 2 აგვისტოს დასკვნაში მითითებული იყო ზიანის გამომწვევ სხვა მიზეზზეც (ატმოსფერული ნალექების ზემოქმედება და ტექნიკური მოუვლელობა), ამასთან, ამავე დასკვნის მიხედვით, მოსარჩელეთა სახლის კედლებზე არსებული ბზარების წარმოქმნა ძირითადად გამოწვეულია N9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებების შედეგად წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით; ამ გარემოებათა გათვალისწინებით, დასაბუთებულია რაიონული სასამართლოს დასკვნა, რომლის მიხედვით, მოპასუხის ბრალით გამოწვეული ზიანის ოდენობის ასანაზღაურებლად სარჩელით მოთხოვნილი 7 638.35 ლარიდან მოპასუხეს მხოლოდ 4000 ლარი დაეკისრა.
21. სსსკ-ის 377.3-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. მოპასუხის სააპელაციო საჩივრით, საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად, გასაჩივრებულია ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის განჩინება, რომლითაც, მოპასუხე საწარმოს წარმომადგენლის ოლეგი გრძელიძის შუამდგომლობა, საექსპერტო დასკვნის წარმოდგენამდე მოსამზადებელი სხდომის გადადების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 216.1-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და გონივრული ვადით. ამავე კოდექსის 215.1-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე შუამდგომლობას დააყენებს სასამართლო სხდომაზე. შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული; მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან.
სსსკ-ის 162-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ სასამართლოსგან დამოუკიდებლად უზრუნველყონ ექსპერტიზის ჩატარება. ასეთ შემთხვევაში ექსპერტის დასკვნა სასამართლოს უნდა წარედგინოს სასამართლოში საქმის აღძვრის ან საქმის მომზადების სტადიაზე. სარჩელის (შესაგებლის) წარდგენისას მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს ვადა ექსპერტის დასკვნის წარმოსადგენად. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ ვერ შეეძლო ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა საქმის მომზადების სტადიაზე, ასევე, შესაგებლით რატომ არ მოითხოვა ვადა ექსპერტის დასკვნის წარსადგენად. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგოდ, მოპასუხე მხარეს წარდგენილი ჰქონდა ორი ექსპერტიზის დასკვნა. ის დასკვნა, რომლის წარსადგენად მოპასუხე ითხოვდა ვადას ჯერ კიდევ 2018 წლის 24 დეკემბერს წარდგენილ შესაგებელში, რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის საოქმო განჩინებით მიღებულია და იგი დაერთო საქმეს მტკიცებულების სახით (ტ. 2, ს.ფ. 12, ს.ფ. 23). ამასთან, როგორც აღინიშნა, მოპასუხეს შესაგებელი წარდგენილი აქვს 2018 წლის 24 დეკემბერს, შესაბამისად, მას მოსამზადებელ სხდომამდე (05.02.2019წ.) მტკიცებულებების წარდგენისათვის საკმარისი დრო გააჩნდა.
22. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ხაშურის რაიონულმა სასამართლომ წინამდებარე საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე (სსსკ-ის 390.3-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი).
23. საკასაციო სამართალწარმოები ეტაპი
23.1. მოპასუხე საწარმომ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
24. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე საწარმოს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არ აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ, სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, ატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზიები (შედავება).
26. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად მართებულად შეაფასა.
27. მოპასუხის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ მის მიერ განხორციელებულ აფეთქებით სამუშაოებს არ გამოუწვევია მოსარჩელეთა კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანება, შესაბამისად, კასატორი სადავოდ ხდის მიზეზობრივ კავშირს მის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - მოსარჩელეთა უძრავი ქონების დაზიანებას შორის. საკასაციო სასამართლო, კასატორის აღნიშნულ პრეტენზიას დაუსაბუთებლად მიიჩნევს, სახელდობრ:
27.1. სსკ-ის 992-ე მუხლის მიხედვით, განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება (შეად. სუსგ №ას-72-72-2018, 15.02.2018);
27.2. მიზეზობრივი კავშირის არსებობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე, რომლის თაობაზეც ვრცლად იმსჯელა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ, ხოლო აღნიშნულის საწინააღმდეგო სათანადო მტკიცებულება, მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია. მეტიც, სააპელაციო სასამართლომ სავსებით დასაბუთებულად გაამახვილა ყურადღება მხარეთა მტკიცების ტვირთზე, რადგან საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში;
27.3. მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ბოელინგი/ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.) კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა.
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირისაკენ მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება. მოთხოვნა ძირითადად მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა, საპროცესო-სამართლებრივი გაგებით, ყოველთვის მიმართულია სასამართლო გადაწყვეტილების დადგომისაკენ. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება. მოთხოვნის საფუძველი ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ნორმის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს ცალკეულ წინაპირობას და ბ) სამართლებრივი შედეგი, რომელიც კანონის საფუძველზე დადგება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ნორმის შემადგენლობით განსაზღვრული ყველა წინაპირობა.
29. მოთხოვნა და მოთხოვნის საფუძველი სხვადასხვა ცნებებია და მათი აღრევა არიდებული უნდა იქნეს. ამ გამიჯვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნათა შორის არჩევანის უფლება, მოსარჩელის უფლებამოსილებაა, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დამფუძნებელი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა შორის ერთ-ერთის მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება და ვალდებულებაცაა (იხ. ბოელინგი /ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 42.)
30. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.
31. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). მოსარჩელის სტადიის შემდეგ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოპასუხის სტადია, რაც მოსაჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების პასუხად შესაგებელში შედავებული გარემოებების კვალიფიციურობაზეა დამოკიდებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილებაში (საქმეზე N ას-64-634-2016; პუნქტი 201) მითითებულია: „2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვითთ, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით სავსებით დასაბუთებული და კანონიერი განჩინება მიიღო, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრების გზით მოპასუხემ ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები და ვერ გააქარწყლა ისინი დასაბუთებული საკასაციო შედავებით. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებელი მარტივ შედავებასაც კი არ წარმოადგენს, მოპასუხის შესაგებელი, ზიანის ოდენობის ნაწილში, საერთოდ არ არის დასაბუთებული და ამ ნაწილში შეიძლება ითქვას, რომ მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია (იხ. წინამდებარე განჩინების 14-19 პუნქტები).
32. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
33. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
34. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
35. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
36. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.
37. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).
38. განსახილველ შემთხვევასი საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელეთა კუთვნილი უძრავი ნივთის დაზიანებაში ბრალი მოპასუხეს მიუძღვის, ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ ზიანის ოდენობის განსაზღვრის დროს იხელმძღვანელა სსკ-ის 415-ე მუხლით (იხ. წინამდებარე განჩინების მე-20 პუნქტი).
39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგანაც გამოვლენილია მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, არამართლზომიერ ქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებლის ბრალი, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას და მიიჩნევს, რომ მოპასუხეს, მოსარჩელეთა სასარგებლოდ, ზიანის სახით - 4 000 ლარის ანაზღაურება მართებულად დაეკისრა.
40. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შეად. სუსგ-ებს: N ას-482-2019, 31.05.2019; N ას-280-280-2018, 18.07.2018; N ას-189-189-2018, 23.03.2018; N ას-1052-2019, 20.12.2019წ; N ას-1388-2019, 26.03.2020წ; N ას- 204-2020, 24.06.2020წ).
41.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
42.სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ჩ.რ. 23-ე ბ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ჩ.რ. 23-ე ბ.ჯ–ს“ (ს/კ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N882, გადახდის თარიღი 2020 წლის 23 იანვარი), 70% – 105 ლარი;
3. საკასციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე