საქმე №ას-48-2021 23 აპრილი, 2021 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ.ნ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ჰ.ჯ–ა" (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - შრომითი ურთიერთობის აღდგენა, იძულებითი განაცდურის და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ.ნ–ძის სარჩელი (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული, აპელანტი ან კასატორი).
1.1. შპს "ჰ.ჯ–ას“ (შემდეგში: მოპასუხე, საწარმო ან დამსაქმებელი), მოსარჩელის სასარგებლოდ გამოუყენებელი შვებულების ასანაზღაურებლად 197.01 ლარის გადახდა დაეკისრა.
1.2 სასარჩელო მოთხოვნები ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ნოემბრის განჩინებით.
3. სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა:
3.1. მოსარჩელე, მოპასუხესთან სხვადასხვა თანამდებობებზე 2011 წლიდან მუშაობდა. მათ შორის, 2018 წლის სექტემბრამდე საწყობის მენეჯერად იყო დასაქმებული.
3.2. მხარეებს შორის, 2018 წლის 5 სექტემბერს წერილობით დადებული H01/09-18 შრომის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ სასწორის ოპერატორის თანამდებობა დაიკავა. ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით დაიდო. შრომის ანაზღაურება ფაქტობრივად ნამუშევარი დროით განისაზღვრებოდა. საათობრივი ხელფასი, გადასახადების ჩათვლით, 7,78 ლარს შეადგენდა. მოსარჩელის სამუშაო საათის ოდენობა ყოველთვიურად 180 საათს, ხოლო შრომის ანაზღაურება ჯამში, ხელზე ასაღები ხელფასის სახით -1133.28 ლარს შეადგენდა.
3.3. დამსაქმებლის 2019 წლის 27 აგვისტოს N55 ბრძანებით მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა. სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია შემდეგი: საწარმოში 2019 წლის 20 ივლისს შრომის დისციპლინის უხეში დარღვევის ფაქტი გამოვლინდა, კერძოდ, მოსარჩელის მიერ ნაყარი ცემენტით დატვირთული ცემენტმზიდის (სახ. ნომერი ,,W....“) წონა მნიშვნელოვანი გადაცდომით დაფიქსირდა, რის შედეგად სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული ტვირთის ზედმეტობამ 12 560 კგ შეადგინა. ბრძანების მიხედვით, დამსაქმებელმა მიიჩნია, რომ ჩადენილი დარღვევის სისტემატურობიდან გამომდინარე შესაძლებელია ჩადენილი იყოს არაერთი მსგავსი დარღვევა და იქმნება დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მოსარჩელე სატრანსპორტო საშუალების აწონვის პროცესში ნებით თუ უნებლიედ, განულების ღილაკის ან სასწორის ელ.კვებიდან გათიშვის გზით გაყიდული ნაყარი ცემენტის წონის არასწორ ფიქსირებას ახდენდა. აღნიშნული გარემოებების გამო მის მიმართ ნდობის დაკარგვის ობიექტური საფუძველი წარმოშვა, რაც მოსარჩელის ამ თანამდებობაზე მისი მუშაობის შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობას გამორიცხავს. მოსარჩელე შინაგანაწესის 6.1.5. (დაიცვას შრომის დისციპლინა. არ დაუშვას ისეთი ქმედება, რაც აფერხებს საწარმოს მუშაობას და ლახავს დამსაქმებლის ავტორიტეტს), 6.1.6. ქვეპუნქტების (გაუფრთხილდეს დამსაქმებლის ქონებას) და საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის დარღვევისათვის გათავისუფლდა.
3.4. დამსაქმებელმა, 2019 წლის 27 აგვისტოს, მოსარჩელისთვის ბრძანების ჩაბარების ნება გამოავლინა, თუმცა მან ჩაბარებაზე უარი განაცხადა, რასაც ბრძანებაზე ხელმოწერით საწარმოს იურისტი, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და HR & ... დირექტორი ადასტურებენ.
3.5. მოსარჩელემ, დამსაქმებლის მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით 2019 წლის 27 აგვისტოს აღძრა სარჩელი. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინების სარჩელი არ იქნა მიღებული განსახილველად. მოსარჩელემ, განმეორებით, 2019 წლის 21 ოქტომბერს წარადგინა სარჩელი.
4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ საწარმოს მიერ გასაყიდი ცემენტის აწონვის დროს დაფიქსირებული წონის ცდომილება მოსარჩელის განზრახი ქმედებით არ არის გამოწვეული.
5. სასამართლომ არ გაიზიარა დამსაქმებლის მტკიცება, რომ დასაქმებული (მოსარჩელე) ე.წ. „განულების ღილაკით“ მანიპულაციებს ცემენტმზიდზე დატვირთული ცემენტის ნაკლები წონის აღრიცხვის მიზნით არაერთჯერადად ახორციელებდა.
6. სასამართლოს შეფასებით, სადავო საკითხი რთული ტექნიკური მოწყობილობის მუშაობის სპეციფიკას შეეხება, რის გამოც მისი მუშაობის თავისებურება უნდა დადასტურდეს სპეციალური სახის მტკიცებულებით. მოპასუხის მიერ წარდგენილი ვიდეოჩანაწერები, ფოტოსურათები და შედგენილი აქტები არ არის საკმარისი იმის სამტკიცებულად, რომ მოსარჩელემ განზრახ, განულების ღილაკი იმ მიზნით გამოიყენა, რომ სარეალიზაციო ცემენტის წონა არასწორად აღრიცხულიყო. საქმეში წარდგენილი არ არის სპეციალური შინაარსის მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რა ფუნქცია გააჩნია განულების ღილაკს და მისი არადანიშნულებით გამოყენებით როგორ მიიღწევა წონის ცდომილება. ამ გარემოების დადასტურების ერთ-ერთი საშუალება შესაძლოა ფაქტების კონსტატაციის ოქმი იყოს, რაც მოპასუხეს არ წარუდგენია. ამასთან, მოპასუხის მიერ წარდგენილ ვიდეოჩანაწერებში არ არის აღწერილი განულების ღილაკის გამოყენების მექანიზმი და მისი გამოყენების შედეგები. სასამართლოს დასკვნით, მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, რომ ცემენტმზიდის წონის ცდომილება მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ შეუსრულებლობით იყო გამოწვეული.
7. სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით სადავოა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი, მნიშვნელოვანია გასაჩივრების ვადის ათვლის თარიღი და გასაჩივრების ვადის დადგენა.
8. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სარჩელში მითითებულ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, დამსაქმებელმა მოსარჩელეს 2019 წლის 27 აგვისტოს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები განუმარტა, კერძოდ, რომ მან უხეშად დაარღვია საწარმოს შინაგანაწესის 6.1.5 და 6.1.6 ქვეპუნქტები და 2019 წლის 27 აგვისტოს ბრძანებით 2019 წლის 1 სექტემბრიდან გათავისუფლებული იყო სამსახურიდან. სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელისთვის სწორედ ამ დროიდან იყო ცნობილი, რომ დამსაქმებლის გადაწყვეტილება 2019 წლის 20 ივლისს მომხდარ შემთხვევას - არასწორად დაფიქსირებული ავტომანქანის წონას უკავშირდებოდა.
9. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილ 2019 წლის 27 აგვისტოს დასაბუთებული ბრძანების ასლზე მიუთითა, რომლის მიხედვით 2019 წლის 27 აგვისტოს მოსარჩელემ ხელი არ მოაწერა ბრძანების გაცნობას, აღნიშნულ ფაქტს ხელმოწერით ადასტურებენ კომპანიის იურისტი და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. სადავო არ არის, რომ 2019 წლის 27 აგვისტოს კომპანიის ოფისში ადმინისტრაციამ მოსარჩელეს გააცნო სადავო ბრძანება და რომ გაცნობილი დოკუმენტი ეხებოდა მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას შრომის შინაგანაწესის 6.1.5 და 6.1.6 ქვეპუნქტების უხეში დარღვევის გამო.
10. სასამართლომ აპელანტის (დასაქმებულის) მტკიცება, რომ, მისთვის 2019 წლის 27 აგვისტოს გაცნობილ ბრძანებას საქმეში წარდგენილი ბრძანებისგან განსხვავებული შინაარსი ჰქონდა, არ გაიზიარა. სასამართლომ აპელანტის არც ის მტკიცება გაიზიარა, რომ 2019 წლის 30 აგვისტომდე (პოლიციის განყოფილებაში ბრძანების ჩაბარებამდე) მისთვის უცნობი იყო გათავისუფლების ბრძანებისა და საფუძვლის შესახებ, რადგან სასარჩელო მოთხოვნას აღნიშნულის საპირისპირო გარემოებებზე აგებდა მოსარჩელე.
11. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ ვინაიდან მასთან შრომითი ურთიერთობა დამსაქმებლის 2019 წლის 27 აგვისტოს ბრძანებით, 2019 წლის 1 სექტემბრიდან შეწყდა, მისი გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა 2019 წლის 2 სექტემბრიდან უნდა აითვალოს.
12. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 130-ე მუხლზე მიუთითა, რომლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სშკ-ის 48-ე მუხლის მე-7 ნაწილი ადგენს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების ვადას - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარულ დღეს. სსკ -ის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნების გამოვლენა ნამდვილია, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა. შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა არის ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა და ნამდვილია იმ მომენტიდან, როდესაც იგი მეორე მხარეს მიუვა.
13. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელისთვის უფლების დარღვევის თაობაზე ცნობილი იყო 2019 წლის 27 აგვისტოს, როდესაც დამსაქმებლის მიერ გამოვლენილ ნებას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დასაბუთებულ ბრძანებას გაეცნო მოსარჩელე. შესაბამისად, ბრძანების გასაჩივრების ვადის ათვლა 2019 წლის 28 აგვისტოს დაიწყო. აპელანტს (მოსარჩელეს) უფლება ჰქონდა 30 დღის ვადაში - 2019 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით სასამართლოში აღეძრა სარჩელი. მას სასამართლოსთვის დარღვეული უფლების დასაცავად არ მიუმართავს ხანდაზმულობის ვადის დენის ფარგლებში. ბრძანების ბათილად ცნობის და სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით სარჩელი აღძრა 2019 წლის 27 სექტემბერს, სშკ-ით დადგენილი გასაჩივრების 30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.
14. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან სადავო ბრძანება აპელანტს სშკ-ით დადგენილ 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში არ გაუსაჩივრებია. ამრიგად, არსებობდა მოთხოვნის განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოება, კერძოდ, სარჩელი ხანდაზმული იყო. სსკ-ის 144-ე მუხლის მიხედვით, კი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
15. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის კუთვნილი გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების საკითხიც შეაფასა და ყურადღება გაამახვილა მოპასუხის მითითებაზე, რომ გამოუყენებელი შვებულების თაობაზე მოთხოვნა ხანდაზმული იყო.
16. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ შრომითი ურთიერთობა სახელშეკრულებო ურთიერთობაა და მასზე ვრცელდება სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნიდან ხანდაზმული არ იყო 2019, 2018 და 2017 წლების საშვებულებო ანაზღაურების მოთხოვნა. ამასთან, რადგან სშკ-ის 25-ე მუხლით დასაშვებია გამოუყენებელი შვებულების ზედიზედ 2 წლის განმავლობაში გადატანა, მნიშვნელოვანია ამ სამი წლის განმავლობაში გამოუყენებელი შვებულების გარემოების დადგენა. თავად მოპასუხე ადასტურებს რომ მოსარჩელემ 2019 წელს ისარგებლა 24 სამუშაო დღის შვებულებით, ასევე 2018 წელს ისარგებლა 24 სამუშაო დღის შვებულებით. შვებულების განცხადებებით და მოპასუხის განმარტებით დასტურდება, რომ 2017 წელს გამოყენებული შვებულების დღეებია 19 დღე, შესაბამისად გამოუყენებელია შვებულების 5 დღე, რის გამოც მოპასუხეს მართებულად დაეკისრა 197,01 ლარის ანაზღაურება.
17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
17.1 მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
17.2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 მარტის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგეში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის (დასაქმებულის) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
19. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
21. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
22. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი შედეგის - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების - სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 38.8 (მოქმედი რედაქციით 48.8 მუხლი) „სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება“ , 44-ე ( მოქმედი რედაქციით 58-ე მუხლი) „შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, ასევე, სსკ-ის 394.1 „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“ და 408.1-ე „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“ მუხლები.
23. კასატორის ძირითადი პრეტენზია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ სასარჩელო მოთხოვნების ხანდაზმულად მიჩნევის საკითხს შეეხება.
24. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ არსებობდა მოთხოვნის განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოება, კერძოდ, სარჩელი ხანდაზმული იყო. დადგენილია, რომ უფლების ფაქტობრივად დარღვევის შესახებ დასაქმებულმა, როგორც სარჩელში თავადვე უთითებს, 2019 წლის 27 აგვისტოს შეიტყო, როდესაც ადმინისტრაციამ დაიბარა და სამსახურიდან გათავისუფლებულის თაობაზე აცნობა; ამ თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელისთვის უფლების დარღვევის თაობაზე 2019 წლის 27 აგვისტოს იყო ცნობილი, როდესაც დამსაქმებლის მიერ გამოვლენილ ნებას გაეცნო. ბრძანების გასაჩივრების ვადის ათვლა 2019 წლის 28 აგვისტოს დაიწყო. დასაქმებულს უფლება ჰქონდა 30 დღის ვადაში - 2019 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით აღეძრა სარჩელი სასამართლოში, მას სასამართლოსთვის დარღვეული უფლების დასაცავად არ მიუმართავს ხანდაზმულობის ვადის დენის ფარგლებში, სარჩელი ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით სასამართლოში 2019 წლის 27 სექტემბერს აღძრა, სშკ-ით დადგენილი გასაჩივრების 30 - დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.
25. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიას, რომ 2019 წლის 30 აგვისტომდე (პოლიციის განყოფილებაში ბრძანების ჩაბარებამდე) მისთვის უცნობი იყო გათავისუფლების ბრძანების და საფუძვლის შესახებ, არ იზიარებს და განმარტავს, რომ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, მიუხედავად იმისა, გადასცემს თუ არა დამსაქმებელი დასაქმებულს წერილობით დასაბუთებას და არც დასაქმებული არ მოითხოვს ასეთ დოკუმენტს, ასეთ შემთხვევაში, გათავისუფლების შესახებ ბრძანების გასაჩივრების უფლებაზე მაინც ვრცელდება სშკ-ის 38-ე მუხლის მე-6 ნაწილით (მოქმედი რედაქციით 48-ე მუხლი) გათვალისწინებული 30-დღიანი ვადა, რომელიც აითვლება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების დასაქმებულისათვის ჩაბარების (შეტყობინების) დღიდან (იხ. სუსგ №ას-1210-2018, 15.02.2019წ).
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სშკ-ს 38-ე მუხლის მე-4 ნაწილის (მოქმედი რედაქციით 48-ე მუხლი) თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბრძანება დასაქმებულს სასამართლოში არ გაუსაჩივრებია სშკ-ით დადგენილ 30 კალენდარული დღის ვადაში, რამაც სარჩელის ხანდაზმულობის ვადის გაშვებით წარდგენა განაპირობა.
27. სშკ-ში 2013 წლის ივნისში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით კანონმდებელმა ახლებურად დაარეგულირა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურა (სშკ-ის 38-ე მუხლის მე-4-მე-7 პუნქტები (ნორმის დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების 26-ე პუნქტში). ზემოაღნიშნული ცვლილებების თანახმად, ცალსახაა, რომ კანონმდებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დაადგინა 30-დღიანი ვადა, რომლის ათვლა დაუკავშირა დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მიღების ან დამსაქმებლის მიერ 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობითი დასაბუთების ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს. აღნიშვნის ღირსია, რომ დასაქმებულისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის უფლების მინიჭება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნოვაციაა დასაქმებულის სამართლებრივი გარანტიების გაზრდის მიზნით 2013 წლის ივნისში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს შორის. დასაქმებულის დასახელებული უფლება კანონმდებელმა უზრუნველყო დამსაქმებლის ვალდებულებით, შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. ამდენად, დასაქმებულის უფლებაა დამსაქმებლისაგან მოითხოვოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთება და, აქედან, გამომდინარე, მას იმის უფლებაც აქვს, არ მოითხოვოს დასაბუთება და პირდაპირ მიმართოს სასამართლოს დარღვეული შრომითი უფლების აღდგენის მიზნით (იხ. სუსგ Nას-11-11-2018, 04.03.2019 წ.).
28. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მოთხოვნა შრომითი სახელშეკრულებო მოთხოვნიდან გამომდინარეობს და სარჩელში მითითებული ფაქტების მიხედვით დადგენილია მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხზე. მით უმეტეს, აღსანიშნავია, რომ მოპასუხის მიერ ხანდაზმულობის ფაქტზე მითითება, ამ უკანასკნელის საპროცესო თავდაცვის იმდენად არსებითი სახეა, რომ მისი დამტკიცების შემთხვევაში სარჩელის წარმატება ფერხდება (სსკ-ის 144.1 მუხლი; შდრ. სუსგ Nას-566-2019, 28.06.19 წ.).
29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. აღნიშნული დანაწესით კანონმდებელმა განსაზღვრა სამოქალაქო უფლების დაცვის გარკვეული ვადებით შეზღუდვის აუცილებლობა, რომელიც მყარ სამოქალაქო ბრუნვაზეა ორიენტირებული და მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლით მხარე კარგავს იმ სამართლებრივ ბერკეტებს, რომელთა საშუალებითაც მოთხოვნის იძულებით აღსრულების შესაძლებლობა ჰქონდა.
30. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას გამოუყენებელი შვებულების დღეების ანაზღაურებასთან მიმართებითაც და მიაჩნია, რომ კასატორს დასაბუთებული შედავება არც ამ კუთხით წარმოუდგენია.
31. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
32. წინამდებარე შემთხვევაში, კასატორის (მოსარჩელის) ერთ-ერთი საკასაციო პრეტენზია აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ განიხილა საქმე ერთპიროვნულად, კოლეგიური შემადგენლობის ნაცვლად.
33. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ზემოაღნიშნულ საკასაციო პრეტენზიას და სსსკ-ის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით ,,სამოქალაქო საქმეებს სააპელაციო წესით განიხილავს 3 მოსამართლე. ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საქმეები, ქონებრივ-სამართლებრივი დავა, რომლის ღირებულება არ აღემატება 20 000 ლარს, სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების განჩინების თაობაზე, აგრეთვე შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ“ განმარტავს, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნაა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება, რაც შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავას განეკუთნება, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, საქმე ერთპიროვნულად განეხილა (იხ. სუსგ Nას-110-2019, 5.07.2019წ).
34. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის შუამდგომლობას საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე ახალი მტკიცებულებების დართვის თაობაზე, ვინაიდან სსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში.
35. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაფიოდ გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. გამონაკლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ახალი მტკიცებულების წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც (სსსკ-ის 380-ე მუხლი), თუმცა საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია. აღნიშნულ წესზე გავლენას ვერ მოახდენს მხარის მითითება, რომ მისთვის კონკრეტული გარემოების ან მტკიცებულების არსებობის შესახებ ცნობილი გახდა სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ან დოკუმენტები, რომელთა წარდგენაც მხარეს სურდა, შეიქმნა სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ამგვარი მტკიცებულებები მოცემული დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება (ის. სუსგ ას N-431-2019, 05.06.2019წ)
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
37. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ნ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. მ.ნ–ძეს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 2021 წლის 12 იანვარი), 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე