საქმე №ას-1276-2019 31 მარტი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ბ.ლ–სი“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი.კ.ტ–ის“ უფლებამონაცვლე სს ,,კ.ფ.ს.ნ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ფოთის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „ი.კ.ტ–ის“ უფლებამონაცვლე სს ,,კ.ფ.ს.ნ–ი“-ს (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი. მოსარჩელის სასარგებლოდ შპს „ბ.ლ–ს“ (შემდეგში: მოპასუხე, შემსრულებელი, აპელანტი ან კასატორი) 15 340 ლარის გადახდა დაეკისრა; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, ასევე პირველი ინტსანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის- 460,20 ლარის, სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 613,60 ლარის და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 767 ლარის გადახდა დაეკისრა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივნისის განჩინებით.
3. სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა:
3.1. შპს „ A.H.“-ს (შემდეგში: შუამავალი ან მეორე დამკვეთი) და მ.შ–ას (შემდეგში: პირველი დამკვეთი) შორის, 2013 წლის 13 ივლისს საშუამავლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება დაიდო, რომლის მიხედვით, შუამავალი პირველ დამკვეთს უნდა დახმარებოდა აშშ-დან ავტომობილის - BMW X5, 2001 silver WIN:WBA.... შეძენაში, უზრუნველეყო მისი ამერიკიდან ტრანსპორტირება და მიწოდება, ფოთის ან ბათუმის ტერმინალში, ხოლო პირველმა დამკვეთმა აიღო ვალდებულება, შუამავალისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა გადაეხადა. პირველ დამკვეთს მიეცა გარანტია ძრავზე, კოლოფზე და ვიზუალურ მდგომარეობაზე, ავტომობილის ღირებულება 5400 დოლარს შეადგენდა. თანხა სრულად იქნა დაფარული პირველი დამკვეთის მიერ.
3.2. საშუამავლო მომსახურების ხელშეკრულების შესასრულებლად, შუამავალმა სააგენტოს მომსახურების გაწევაზე, ავტომობილის შეძენასა და ტრანპორტირების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ხელშეკრულება დადო მოპასუხესთან (შემსრულებელთან), რომელსაც უნდა უზრუნველეყო ზემოხსენებული ავტომობილის შესყიდვა და ტრანსპორტირება.
3.3. ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, შემსრულებელი აშშ-ში რეგისტრირებულ კომპანია ,,ბ.კ–ის“ მეშვეობით უზრუნველყოფს მეორე დამკვეთის მიერ ინტერნეტ აუქციონზე შეძენილი ავტომობილის შესყიდვას და ტრანსპორტირებას, მეორე დამკვეთი კი იღებს ვალდებულებას, აანაზღაუროს სააგენტო მომსახურებასთან დაკავშირებით გაწეული ყველა ხარჯი, რომელიც დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი მტკიცებულებებით (გადახდის ქვითრები და სხვა).
3.4. მეორე დამკვეთი ნებისმიერი სახის სააბონენტო კოდით აუქციონზე ავტომობილის შეძენისთანავე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემსრულებელს აძლევს დავალებას, თუ ვის სახელზე უნდა განხორციელდეს ავტომობილის ექსპედირება: უშუალოდ მის სახელზე, თუ მისი დავალებით მესამე პირის სახელზე, ასეთი დავალების მიცემისას შესაბამისი მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია მეორე დამკვეთი (1.3 პუნქტი).
3.5. ავტომობილის (ტვირთის) გადაფორმებისათვის საჭირო დოკუმენტებს შემსრულებელი მეორე დამკვეთს გადასცემს სააგენტო მომსახურების ხარჯების სრულად გადახდის შემდგომ, სხვა შემთხვევაში მეორე დამკვეთს დაეკისრება ავტომობილის შენახვასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯები (1.8 პუნქტი).
3.6. სააგენტოს მომსახურების ხარჯები შეადგენს: ავტომობილის ღირებულებას (ამ თანხის შემსრულებლის მიერ გადახდის შემთხვევაში), საბანკო, საგადასახადო, შიდა გადაზიდვების, სადაზღვევო, სატრანსპორტო ექსპედიციის ხარჯებს, რომელთა გადახდის წესიც წინასწარ ეცნობება მეორე დამკვეთს (2.1 პუნქტი).
3.7. შემსრულებელი ვალდებულია შეისყიდოს (თანხა გადარიცხოს) მეორე დამკვეთის მიერ ინტერნეტ აუქციონზე მოწოდებული საქონელი და განახორციელოს მისი სატრანსპორტო ექსპედირების უზრუნველყოფის ღონისძიებები ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით (3.1 პუნქტი).
3.8. მოპასუხემ ავტომობილი შეიძინა და გადმოზიდა საქართველოში, სადაც ტვირთის მიმღებად თავად შემსრულებელია მითითებული.
3.9. კონტეინერში მოთავსებული ავტომობილი 2013 წლის 18 სექტემბერს ქ. ფოთის საავტომობილო-საკონტეინერო ტვირთების ტერმინალში შევიდა, ხოლო 19 სექტემბერს დაიცალა და ავტომობილი მოსარჩელის საწყობში განთავსდა.
3.10. პირველმა დამკვეთმა, 2013 წლის 8 ოქტომბერს, ავტომობილის მისაღებად წერილობით მოითხოვა კონტეინერის კონოსამენტის ასლი, თუმცა იმ მოტივით, რომ ავტომობილი რეგისტრირებული იყო შემსრულებლის (მოპასუხის) სახელზე, მას ამ მოთხოვნაზე ეთქვა უარი.
3.11. პირველმა დამკვეთმა, სასამართლოში სარჩელი აღძრა მეორე დამკვეთის (მოპასუხის) წინააღმდეგ ავტომობილის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით.
3.12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რომელიც 2015 წლის 3 ივნისს შევიდა ძალაში.
3.13. პირველ დამკვეთს ავტომობილი 2015 წლის 30 ოქტომბერს გადაეცა.
3.14. ავტომობილი, 2013 წლის 19 სექტემრიდან 2015 წლის 30 ოქტომბრამდე, მოსარჩელის საწყობში იყო განთავსებული.
3.15. მოსარჩელე საწარმო 2016 წლის 27 მაისს სს ,,კ.ფ.ს.ნ–ს შეერწყა.
3.16. მოსარჩელემ, 2016 წლის 11 თებერვალს, სარჩელით მიმართა სასამართლოს პირველი დამკვეთის წინააღმდეგ და მიბარების ხელშეკრულების საფუძველზე (ავტომობილის ტერმინალზე დგომისათვის) გაწეული მომსახურების ღირებულების 15340 ლარის ანაზღაურება მოითხოვა, რაც გაანგარიშებული იქნა მოსარჩელის დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ 2012 წლის 1 ივნისის ბრძანების მიხედვით.
3.17. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი პირველი დამკვეთის მიმართ არ დაკმაყოფილდა, რაც უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 სექტემბრის განჩინებით. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
3.18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 10 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
3.19. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელში მოხმობილი ხელშეკრულება სასყიდლიანი გარიგებაა, რამდენადაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 764-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მიბარება უსასყიდლოა, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ შემნახველი ახორციელებს შენახვას სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, მაშინ საზღაური დუმილითაც შეთანხმებულად ჩაითვლება. სსკ-ის 744-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, შემსრულებლის დახმარებით საზღვარგარეთ ავტომობილის შეძენა განხორციელდა პირველი დამკვეთის სახელითა და ხარჯზე, რამდენადაც საშუამავლო საქმიანობის ობიექტი სავაჭრო და სხვა სამოქალაქო ურთიერთობებში მხარეთა მოძიება და მათი დაახლოებაა, ანუ შუამავლობის ბუნებიდან გამომდინარე, მისი ადგილი, სამართლებრივი თვალსაზრისით, არა შემკვეთისათვის სასურველ ხელშეკრულებაში (განსხვავებით მაგ: დავალებისაგან, როდესაც მინდობილი პირი თავად დებს გარიგებას მარწმუნებლის სახელით, შეად. სსკ-ის 709-ე მუხლი), არამედ ამ ხელშეკრულების მიღმაა, რადგანაც შუამავლის ვალდებულება კონტრაჰენტის მოძიება, შემკვეთთან მისი დაკავშირება და ამ გზით მხარეთა შორის ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების მიღწევაა, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ავტოაუქციონზე ხელშეკრულება პირველმა დამკვეთმა საკუთარი სახელით გააფორმა შემსრულებელთან - იმავდროულად უდავოა, რომ იგი წარმოადგენდა გადამზიდველსაც, რომელსაც სსკ-ის 668-ე მუხლის შესაბამისად, ტვირთი უნდა გადაეზიდა დანიშნულების ადგილამდე - ფოთის საზღვაო ნავსადგურამდე. პირველმა დამკვეთმა 2013 წლის 8 ოქტომბერს ავტომობილის მისაღებად, წერილობით მოითხოვა კონტეინერის კონოსამენტის ასლი, თუმცა იმ მოტივით, რომ ავტომობილი რეგისტრირებული იყო შემსრულებლის (გადამზიდველის) სახელზე, მას ამ მოთხოვნაზე ეთქვა უარი. ამის შემდეგ პირველმა დამკვეთმა სარჩელი აღძრა შემსრულებლის (გადამზიდველის) წინააღმდეგ და ავტომობილის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა მოითხოვა.
3.20. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან გადამზიდავს ტვირთმიმღებისათვის არ გადაუცია ტვირთის განმკარგავი დოკუმენტი, ქვემდგომ სასამართლოს უნდა დაედგინა მიბარების ხელშეკრულებაზე პასუხისმგებელი სათანადო მოპასუხის ვინაობა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 85-ე მუხლის შესაბამისად, ემსჯელა პროცესში მის ჩაბმაზე.
3.21. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება და საქმე სათანადო მოპასუხის მიმართ ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
3.22. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ: 1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა არასათანადო მოპასუხის მიმართ, 2. პირველ დამკვეთს მოსარჩელის მიმართ, სსკ-ის 361-ე მუხლის საფუძველზე, ვალდებულება არ წარმოშობია და ამიტომ იგი არ არის ის პირი, ვინც სარჩელზე პასუხი უნდა აგოს. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობაში სათანადო მოპასუხე მოსარჩელისთვის უშუალოდ ნივთის მიმბარებელია (შემსრულებელია).
4. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის განჩინებით არასათანადო მოპასუხე, პირველი დამკვეთი შეიცვალა სათანადო მოპასუხით (შემსრულებლით).
5. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 763-764-ე „მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი“, მიბარება უსასყიდლოა, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ შემნახველი ახორციელებს შენახვას სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, მაშინ საზღაური დუმილითაც შეთანხმებულად ჩაითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საზღაურის ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ ტარიფების არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო ტარიფების არარსებობისას - ჩვეულებრივი საზღაური“ და 775-ე „თუ მიბარება სასყიდლიანია, მაშინ მიმბარებელი მოვალეა ხელშეკრულების შეწყვეტისას შემნახველს გადაუხადოს დათქმული საზღაური“ მუხლებზე დაყრდნობით მიუთითა წინამდებარე განჩინების 3.8, 3.10, 3.13 - 3.14 ქვეპუნქტებში მითითებულ გარემოებებზე და დადგენილად მიიჩნია, რომ მიბარების ხელშეკრულების მხარე სწორედ მოპასუხე იყო, რომელსაც საქალაქო სასამართლოს მიერ მართებულად დაეკისრა მოსარჩელის ტერიტორიაზე ავტომობილის დგომისათვის განსაზღვრული საფასური.
6. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე საწარმომ, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
11. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
12. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი - კერძოდ ავტომანქანის დგომის საფასურის ანაზღაურება სსკ-ის 764-ე და 775-ე (ნორმის დეფინიცია იხ. მე-5 პუნქტში) მუხლებიდან გამომდინარეობს.
13. კასატორის ძირითადი პრეტენზია მის არასათანადო მოპასუხეობას უკავშირდება. მისი მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ იგი განსახილველი დავის სათანადო მოპასუხეა, არასწორია, ვინაიდან მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ იმყოფებოდა. ამასთან, სასამართლოებმა ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დადგენილდ მიიჩნიეს ის გარემოება, რასაც მოპასუხე სადავოდ ხდიდა.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მხრიდან სარჩელის წარმატებულობის საკითხის კვლევისას, უპირველესად პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: ვინ, ვისგან, რას და რის საფუძველზე მოითხოვს? პირველი ორი კითხვა იძლევა პასუხს სათანადო მხარეზე, რომლის შემოწმებაც (ისევე, როგორც შემდგომი საკითხები: მოთხოვნა და მისი სამართლებრივი საფუძველი) სასამართლოს პრეროგატივაა და განპირობებულია მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების მიზნით. აღნიშნული საკითხები ჯერ კიდევ საქმის მომზადების ეტაპზე უნდა დაისვას/გადაწყდეს, რათა სამართალწარმოების შემდგომი ეტაპი (სასამართლოს მთავარი სხდომა) სათანადო მხარეთა შორის შედავებული იმ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების სწორად დადგენას მიეძღვნას, რომლებიც მტკიცების საგანში შედის და მიღწეულ იქნას მართლმსაჯულების მიზანი - კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილებით აღიკვეთოს მხარეთა სადავოდ ქცეული უფლების დარღვევა (იხ. სუსგ №ას-1085-1042-2016, 10.05.2017წ) .
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი იცნობს სათანადო მოპასუხის ინსტიტუტს და ადგენს ქცევის შემდეგ წესს: თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე (სსსკ-ის 85-ე მუხლი).
16. ზემოაღნიშნული ნორმა სასამართლოს ავალდებულებს გამოარკვიოს სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად აირჩია თუ არა მოსარჩელემ ის პირი (მოპასუხე), რომელსაც თავისი დარღვეული უფლების აღდგენა უნდა მოსთხოვოს, რათა დავაში ჩაბმული არ აღმოჩნდეს და მოპასუხის საპროცესო მოვალეობანი არ დაეკისროს ისეთ პირს, რომელსაც მოსარჩელის კანონიერ უფლებებთან კავშირი არ გააჩნია. (იხ. სუსგ №ას-190-179-2017, 30.04.2018წ .).
17. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიას, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა იგი არასწორად მიიჩნიეს სათანადო მოპასუხედ, არ იზიარებს და ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მაისის განჩინებაზე, რომლითაც საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს და პირდაპირ მიეთითა, რომ საქმის დაბრუნების შემდგომ სასამართლოებს უნდა ემსჯელა სათანადო მოპასუხის თაობაზე. სსსკ-ის 412-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასება და მითითებები სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის საქმის ხელახლა განხილვის ეტაპზე
18. საკასაციო სასამართლომ დავაში სათანადო მოპასუხის სწორად განსასაზღვრად საქმეზე დადგენილ გარემოებებზე მიუთითა, რომელთა მიხედვით: 1. პირველმა დამკვეთმა 2013 წლის 8 ოქტომბერს ავტომობილის მისაღებად, წერილობით მოითხოვა კონტეინერის კონოსამენტის ასლი, თუმცა იმ მოტივით, რომ ავტომობილი რეგისტრირებული იყო შემსრულებლის (გადამზიდველის) სახელზე, მას ამ მოთხოვნაზე ეთქვა უარი; 2. აღნიშნულის შემდეგ პირველმა დამკვეთმა სარჩელი აღძრა შემსრულებლის (გადამზიდველის) წინააღმდეგ და ავტომობილის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა მოითხოვა. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან გადამზიდავს ტვირთმიმღებისათვის არ გადაუცია ტვირთის განმკარგავი დოკუმენტი, ქვემდგომ სასამართლოს უნდა დაედგინა მიბარების ხელშეკრულებაზე პასუხისმგებელი სათანადო მოპასუხის ვინაობა და, სსსკ-ის 85-ე მუხლის შესაბამისად, ემსჯელა პროცესში მის ჩაბმაზე.
19. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების შედეგად სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად განსაზღვრა მოსარჩელის მიერ აღძრულ დავაში თანხის ანაზღაურებაზე ვალდებული პირი. სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ წინამდებარე დავაში სათანადო მოპასუხე მოსარჩელისთვის უშუალოდ ნივთის მიმბარებელია (კასატორია).
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობასა და დასკვნებს და აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის ავტომანქანის დგომის საფასურის ანაზღაურების თაობაზე მართებულად დაკმაყოფილდა.
21. საკასაციო სასამართლო კასატორის არც იმ პრეტენზიას გაიზიარებს, რომ მას არ უნდა დაკისრებოდა სააპელაციო და საკასაციო სამართალწარმოების ხარჯების (სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის)_ გადახდა, რომლითაც საქმე ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუბრუნდა, ვინაიდან საქმის განხილვის იმ ეტაპზე მას მოპასუხის სტატუსი არ გააჩნდა.
22. სსსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
23. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როდესაც საქმე ხელახლა განსახილველად უბრუნდება სააპელაციო სასამართლოს, პროცესის ხარჯების საკითხი, სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, წყდება შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას. დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლომ საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე საქმე ქვედა ინსტანციის სასამართლოს სწორედ სათანადო მოპასუხის შეცვლაზე მსჯელობის მიზნით დაუბრუნა. დადგინდა, რომ წინამდებარე დავის სათანადო მოპასუხე კასატორია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საბოლოო, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას მართებულად დააკისრა მოპასუხეს მოსარჩელის მიერ სააპელაციო და საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე გაწეული სასამართლო ხარჯები.
24. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
25. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
26. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ბ.ლ–სი" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "ბ.ლ–სს" (ს/კ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 767 ლარის (საგადახდო დავალება N1571746264, გადახდის თარიღი 2019 წლის 22 ოქტომბერი), 70% – 536,9 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე