საქმე №ას-232-2021 15 ივნისი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს „კ.კ–ი“, შპს „კ.ა–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ ლ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.01.2021წ. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, გირავნობის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.02.2020წ. გადაწყვეტილებით: სს „ლ.ბ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი შპს ,,კ.კ–ისა“ და შპს "კ.ა–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "პირველი მოპასუხე" და "მეორე მოპასუხე", ერთობლივად მოხსენიებული როგორც „მოპასუხეები“, "აპელანტები", "კერძო საჩივრის ავტორები") მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სასარჩელო მოთხოვნები 07.06.2011წ. გენერალური საკრედიტო ხაზის #CMB 00320-2011-ის შემადგენელი #0002/2011/11018, #0002/2011/11121, #0002/2011/11248, #0002/2011/11337, #0002/2011/11457, #0002/2011/11622, #0002/2011/11535 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ჯამური დავალიანების 29 016.32 აშშ დოლარის, (საიდანაც ძირი თანხაა - 12 719.42 აშშ დოლარი, პროცენტი - 1 257.08 აშშ დოლარი, ჯარიმა - 10 000 აშშ დოლარი) გადახდის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხეებისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 12.04.2013წ. გენერალური საკრედიტო ხაზის #CMB 00509-2013-ის შემადგენელი ხელშეკრულებებიდან თანხის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
1.1. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 18.12.2013წ. #0002/2013/17409 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 7 816.04 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 4 715 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 1 529.37 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა - 1 571.67 აშშ დოლარი;
1.2. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 20.01.2014წ. #0002/2014/17654 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 7 098.73 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 4 497.65 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 1 101.86 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა - 1 499.22 აშშ დოლარი;
1.3. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 11.04.2014წ. #0002/2014/18619 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 15 022.15 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 7 018 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 5 664.81 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა - 2 339.34 აშშ დოლარი;
1.4. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 06.08.2014წ. #0002/2014/19341 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 251.69 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 158 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 41.02 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა - 52.67 აშშ დოლარი;
1.5. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 16.09.2014წ. #0002/2014/19564 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 11 725.39 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 7 217.83 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 2 101.61 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა - 2 405.95 აშშ დოლარი;
1.6. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 19.09.2014წ. #0002/2014/19591 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 8 445.7 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 4 795 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 2 052.36 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა - 2 598.34 აშშ დოლარი;
1.7. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 24.09.2014წ. #0002/2014/19622 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 3 522.10 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1 257 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 1 846.1 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა - 419 აშშ დოლარი;
1.8 მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 24.09.2014წ. #0002/2014/19621 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 9 011.66 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 5 882.02 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 1 168.97 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა - 1 960.67 აშშ დოლარი;
1.9. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 07.10.2014წ. #0002/2014/19700 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1 941.01 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1 208.65 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 329.47 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა - 402.89 აშშ დოლარი;
1.10. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 07.10.2014წ. #0002/2014/19712 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 8 428.72 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 4 070 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 3 002.05 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა - 1 356.67 აშშ დოლარი;
1.11. სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხეთათვის 20.02.2014წ. #0002/2014/18050 და 10.04.2014წ. #0002/2014/18588 საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.01.2021წ. განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.02.2020წ. გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.06.2020წ. განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და განესაზღვრათ შვიდდღიანი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
3.2. ხარვეზის განჩინება აპელანტებს არაერთხელ გაეგზავნათ და 05.01.2021წ. ჩაჰბარდა მეორე მოპასუხეს. აპელანტებმა 20.01.2021წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიაში წარადგინეს ერთობლივი განცხადება, რომლითაც მოითხოვეს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება.
3.3. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი 18.01.2021წ. ჩათვლით უნდა შეევსოთ (რადგან ქვეყანაში 15 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები იყო, ხოლო 16-17 იანვარი - არასამუშაო დღეები). აპელანტებმა განცხადება ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის ამოწურვის შემდგომ წარადგინეს. მასში არ არის მითითებული კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოსათვის მიმართვის დამაბრკოლებელ გარემოებებზე. განცხადებას ერთვის კონვერტი, რომელზეც არ არის შტამპი ან რაიმე ამოსაცნობი ნიშანი, შესაბამისად, სასამართლომ იხელმძღვანელა იმ თარიღით, როდესაც სასამართლოში აღნიშნული განცხადება დარეგისტრირდა.
3.4. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის და ამავე კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხეების წარმომადგენელმა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტებმა სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დადგენილი საპროცესო ვადის დაცვით, 18.01.2021წ. მიმართეს სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე შუამდგომლობით. 10.02.2021წ. წარმოდგენილი განცხადებით და ამ განცხადების დანართი წერილით დასტურდება, რომ ფოსტამ 18.01.2021წ. მიიღო აპელანტების გზავნილი, სასამართლოს კი ჩააბარა 20.01.2021წ..
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.03.2021წ. განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
7. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
8. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერების საკითხზე. კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, ხარვეზის შევსების ვადაში მიმართეს სააპელაციო სასამართლოს ვადის გაგრძელების შუამდგომლობით, შესაბამისად, არ არსებობდა მითითებული საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.
9. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება (შდრ.: სუსგ №ას-34-2021, 18.05.2021წ.; Nას-1693-2019, 10.02.2020; სუსგ Nას-1594-2019, 30.03.2020წ.; Nას-320-2019, 24.04.2019).
10. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და არც კერძო საჩივრითაა უარყოფილი გზავნილის 05.01.2021წ. ჩაბარების ფაქტი. შესაბამისად, 06.01.2021წ. დაიწყო ხარვეზის შევსების შვიდდღიანი ვადის დენა.
11. საქართველოს მთავრობის 26.11.2020წ. N698 დადგენილებით 03.01.2021წ.-დან 06.01.2021წ. ჩათვლით დღეები, ასევე, 08.01.2021წ.-დან 15.01.2021წ. ჩათვლით დღეები განსაზღვრული იყო უქმე დღეებად, 7 იანვარი იყო უქმე დღე - შობა, 16, 17 იანვარი კი - ყოველკვირეული დასვენების დღეები (შაბათი და კვირა). შესაბამისად, აპელანტებს ხარვეზის შევსება შეეძლოთ 18.01.2021წ. ჩათვლით.
12. სსსკ-ის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა; სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საქმის მასალებში არსებული 11.02.2021წ. განცხადებაზე თანდართული შპს "ს.ფ–ის" წერილით დგინდება, რომ 18.01.2021წ. ფოსტის საფელდეგერო დეპარტამენტში მოპასუხეებმა წარადგინეს გზავნილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სახელზე, რომელიც ადრესატის კანცელარიას ჩაჰბარდა 20.01.2021წ. 12 საათსა და 19 წუთზე (იხ.: ტ.2, ს.ფ.119-120). საქმის მასალებში არსებულ სასამართლოში 20.01.2021წ. წარდგენილ კონვერტზე საერთოდ არ ფიქსირდება შტამპი თარიღით (იხ.: ტ.2, ს.ფ.114). ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, ვერ იქნება გაზიარებული გასაჩივრებულ განჩინებაში მოცემული მსჯელობა, რომ აპელანტების შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე დაწესებული ვადის გაგრძელების შესახებ წარდგენილ იქნა დადგენილი ვადის დარღვევით. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „კ.კ–ის“ და შპს „კ.ა–ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.01.2021წ. განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ზურაბ ძლიერიშვილი