Facebook Twitter

საქმე №ას-468-2020 8 ივნისი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.გ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ვ.ლ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.03.2020წ. გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სასამართლოსგარეშე ხარჯების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში; ახალი გადაწყვეტილებით - პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით და სააპელაციო საჩივრით მოპასუხის მიერ მოთხოვნილი სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯების მოსარჩელისათვის სრულად დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძველი:

11.01.2019წ. ვ.ლ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც “მოსარჩელე” ან “მოწინააღმდეგე მხარე”) სარჩელი აღძრა გ.გ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) წინააღმდეგ, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 172.1 მუხლი). მოსარჩელის მტკიცებით, იგი 18.06.2018 წლიდან სადავო ქონების მესაკუთრეა, თუმცა, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მოპასუხე არ ათავისუფლებს მას.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ .... და თბილისში არავის ქონებას არ ფლობს. მოპასუხემ შესაგებლით მოითხოვა მოსარჩელისათვის სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯების დაკისრება.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 12.12.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი, სსკ-ის 168-ე, 170-ე, 172-ე და 312-ე მუხლები გამოიყენა.

4. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფის მოთხოვნით. აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ასევე იშუამდგომლა საქმის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარმოებისათვის ადვოკატის დახმარების ხარჯის ანაზღაურების თაობაზე 5000 ლარის ოდენობით (ტ.2, ს.ფ.32-39; 79-87).

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.03.2020წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნა უარყოფილ იქნა; მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 80 ლარისა და წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის - 100 ლარის გადახდა.

5.2. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და მიუთითა, რომ, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, არ იკვეთებოდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი შემადგენლობა, კერძოდ, უკანონო მფლობელობიდან გამოსათხოვი ნივთის მოპასუხის მიერ ფლობა, სასარჩელო მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა.

5.3. ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ როგორც წესი, მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან... ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. ზემოაღნიშნული მსჯელობის და დავის საგნის სირთულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელისათვის მოპასუხის/აპელანტის სასარგებლოდ წარმომადგენლის ხარჯის სახით 100 ლარის გადახდის დაკისრება.

6. საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:

გადაწყვეტილება ხარჯების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრა აპელანტმა და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღება, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით და სააპელაციო საჩივრით მოპასუხის მიერ მოთხოვნილი სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯების მოსარჩელისათვის სრულად დაკისრება.

6.1. კასატორს მიაჩნია, რომ ადვოკატის დახმარებისთვის დაკისრებული თანხის ოდენობა არ არის სამართლიანი და გონივრული, ვინაიდან წარმომადგენლობა განხორციელდა ჯეროვნად. სასამართლომ არასწორად გამოთვალა სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯი მხოლოდ ქონებრივი ოდენობიდან და არ გაითვალისწინა, რომ სასარჩელო მოთხოვნა არაქონებრივიც იყო.

6.2. გადაწყვეტის მიღმა დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებელში დაყენებული შუამდგომლობები სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით.

6.3. კასატორი ასევე ითხოვს მოწინააღმდეგე მხარეს დაეკისროს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოების სასამართლოსგარეშე ხარჯები.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.

11. კასატორი არის მოპასუხე, რომლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფარგლებშიც გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სავინდიკაციო სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, წინამდებარე საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანია სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯების ოდენობა. კასატორს მიაჩნია, რომ: ადვოკატის დახმარებისთვის დაკისრებული თანხა არ არის სამართლიანი და გონივრული. იგი ითხოვს მოსარჩელეს სრულად დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში და სააპელაციო საჩივარში მითითებული სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯები.

12. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. მითითებული ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები განახორციელა ადვოკატმა, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა (სუსგ Nას-1054-2019 ; 30.09.2019წ., სუსგ Nას-316-316-2018, 07.05.2018წ.).

13. პალატა მიუთითებს, რომ, როგორც წესი, მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან. ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (სუსგ. Nას-330-315-2015, 29.06.2015წ.; სუსგ. Nას-316-316-2018, 07.05.2018წ.).

14. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა (იხ.: რწმუნებულება, ტ.1, ს.ფ.72), რომლის თანახმადაც, მოპასუხემ წარმომადგენელს მიანიჭა თავისი ინტერესების სასამართლოში დაცვის უფლება და საქმის მასალებით დგინდება წარმომადგენლის მონაწილეობა საპროცესო მოქმედებებში, რაც მიუთითებს მხარეთა შორის სსკ-ის 709-ე მუხლით განსაზღვრული დავალების ხელშეკრულების არსებობაზე. შესაბამისად, არსებობს მოპასუხისათვის წარმომადგენლის ხარჯის სსსკ-ის 53-ე მუხლით განსაზღვრულ ფარგლებში ანაზღაურების წინაპირობა (შდრ. Nას-330-315-2015, 29.06.2015წ.; Nას-734-702-2016, 20.01.2017წ.).

15. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა ითვალისწინებს შემდეგ ფაქტორებს: საქმე არ წარმოადგენს რთული კატეგორიის დავას (სარჩელი აღძრული იყო სავინდიკაციო მოთხოვნით - ნივთის გამოთხოვა უკანონო მფლობელობიდან), ადვოკატმა კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები შეასრულა, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე რა მოქმედებები შესრულდა (საქმე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განხილულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე (ტ.2, ს.ფ.95-97; 105-120)) - და ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით წარმომადგენლის დახმარებისათვის დაკისრებული თანხა გონივრულია.

16. რაც შეეხება კასატორის მითითებას მასზე, რომ სააპელაციო სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისას საერთოდ არ იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებელში დაყენებულ შუამდგომლობებზე სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით, აღნიშნული ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევის წინაპირობა. საპროცესო კანონმდებლობა პროცესის ხარჯების საკითხის განხილვის თაობაზე რაიმე სპეციალური წარმოების სახეს არ იცნობს, გარდა სსსკ-ის 261-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს ისეთი ხარვეზის აღმოფხვრის მექანიზმს, როდესაც, მართალია, მხარემ მოითხოვა პროცესის ხარჯების დაბრუნება (ან მხარეთა შორის განაწილება) სასამართლოსაგან, მაგრამ სასამართლოს თავისი მიზეზით გამორჩა მხედველობიდან ამ საკითხის გადაწყვეტა (შდრ. Nას-495-495-2018, 10.04.2019, პუნქტები 39.1.-39.3, 45-51). შესაბამისად, ასეთი ტიპის ხარვეზის აღმოფხვრა შეიძლება მოხდეს კანონით დადგენილი პროცედურის დაცვით.

17. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას საკასაციო ეტაპზე გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების თაობაზე (ადავოკატის დახმარებისათვის 9 000 ლარის, ასევე სხვა ხარჯების დაკისრების თაობაზე (ტ.2, ს.ფ.172-186)), წარმოდგენილი საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველად, რადგან არ არსებობს ამ ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისათვის სრულად თუ ნაწილობრივ დაკისრების წინაპირობა.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერი, ხოლო კასატორის (მოპასუხის) საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელია, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს (შდრ. სუსგ Nას-1054-2019 ; 30.09.2019წ.; სუსგ Nას-316-316-2018, 07.05.2018წ..; Nა-358-343-2016, 03.06.2016; Nას-734-702-2016, 20.01.2017წ.; Nას-495-495-2018, 10.04.2019; №ას-259-2020, 29.12.2020 წ.).

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

21. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. გ.გ–ს (პ/ნ .....) უკან დაუბრუნდეს მ.ა–ის (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება N 23706691, გადახდის თარიღი 9.06.2020წ), 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

მირანდა ერემაძე