საქმე №ას-1296-2019 8 ივნისი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „G.” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს.ლ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.05.2019წ. განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით 2010 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძველი:
შპს „ს.ლ–ი“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სასტუმროების ქსელის მფლობელია და მისი ძირითადი საქმიანობა შესაბამისი მომსახურების გაწევაა. მან სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს „G.T“-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „კასატორი“) წინააღმდეგ და მოითხოვა ჯამში 9 681.90 ლარის ანაზღაურება, რაც მოიცავს: ა) 2017 წლის 3 და 4 ივლისს გაწეულ 1913.92 ლარის ღირებულების მომსახურებას; ბ) მოპასუხის მიერ 08.08.2017 წელს 29.09.2017 წლისათვის 17 ნომრის დაჯავშნით და 27.09.2017წ. ჯავშნის დაგვიანებით გაუქმებით მიყენებულ 3 739.40 ლარის ზიანს; გ) 2017 წლის 4 და 5 ოქტომბრისათვის მოპასუხის მიერ დაჯავშნილი მოსარჩელის სასტუმროს 6 ნომრის ღირებულებას 2010 ლარის ოდენობით, რის თაობაზეც მოპასუხეს ანგარიშ-ფაქტურა დადასტურებული აქვს; დ) 2017 წლის 6 და 7 ოქტომბრისათვის მოპასუხის მიერ დაჯავშნილი მოსარჩელის სასტუმროს 6 ნომრის ღირებულებას 2018,58 ლარის ოდენობით, რის თაობაზეც მოპასუხეს გაეგზავნა ანგარიშ-ფაქტურა (ტ.1, ს.ფ.107,108).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, 1913.92 ლარის ნაწილში და განაცხადა, რომ დანარჩენ ნაწილში უარი ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.12.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია მოთხოვნები 1913,92 ლარის და 2010 ლარის დაკისრების ნაწილში (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ.161-170).
4. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელემ, ისე -მოპასუხემ:
4.1. მოსარჩელემ მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
4.2. მოპასუხემ მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.05.2019წ. სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5.1. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანი იყო 1 913.12 ლარისა და 2 010 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში.
5.2. მოსარჩელის მიერ 1 913.92 ლარის ღირებულების მომსახურების გაწევის ფაქტი მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, უფრო მეტიც, მითითებულ ნაწილში მოპასუხემ სარჩელი ცნო.
5.3. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პრეტენზია 2010 ლარის დაკისრებაზე და საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ გარემოებებზე მიაქცია ყურადღება: საქმეზე წარმოდგენილი ელექტრონული ფოსტის ამსახველი მასალების საფუძველზე დგინდება, რომ 2017 წლის 4-5 ოქტომბრისათვის მოპასუხემ 6 სასტუმრო ნომერი დაჯავშნა; მხარეთა შორის ამ მომსახურების ურთიერთობის ფარგლებში (2 010 ლარის ღირებულების სასტუმროს მომსახურებაზე) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერა, რომელიც მოპასუხემ დაადასტურა. მოპასუხეს ანგარიშ-ფაქტურის კანონიერება კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდია. მოპასუხეს არც სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში მიუთითებია მის საპირისპირო გარემოებებზე, მაგალითად იმაზე, რომ დადასტურება მექანიკური ან სხვაგვარი შეცდომით იყო გამოწვეული. ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლიობამ სასამართლოს საფუძველი შეუქმნა დასკვნისათვის, რომ 2 010 ლარის ნაწილში სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.
5.4. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ 2010 ლარის მომსახურება მიიღო. დამატებით განმარტა, რომ რადგან ჯავშანი არ გაუქმებულა, საწინააღმდეგო მსჯელობის გაზიარების შემთხვევაშიც იარსებებდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 649-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად - სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში.
5.5. სსკ-ის 648-ე, 649-ე მუხლებით, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 105-ე, 102-ე მუხლებით და სააპელაციო საჩივრები არ დააკმაყოფილა.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება 2010 ლარის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში გაასაჩივრა საკასაციო წესით მოპასუხემ.
საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:
6.1. სასამართლოს გამოწერილი და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ უნდა მიეჩნია მოპასუხისათვის თანხის დაკისრების საფუძვლად. არ დასტურდება არც სასტუმრო მომსახურების მოთხოვნა.
6.2. სასამართლო მიუთითებს გაუგებარ ელექტრონულ მიმოწერაზე, საიდანაც შეუძლებელია დადგინდეს, თუ რომელ სასტუმროში იყო სტუმრების მიღება მოთხოვნილი.
6.3. ატვირთული ანგარიშ-ფაქტურა იყო ზოგადი ხასიათის, მოხდა მისი დადასტურება და მხოლოდ მოგვიანებით, ინვოისთან შედარებისას გამოირკვა შეუსაბამობა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ №ას-1465-2020, 18.03.2021წ., 48). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02.03.2017წ., 202).
11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა აღიარებს კერძო სამართლის ისეთ ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს, როგორიცაა მხარეთა კერძო ავტონომია, რომელიც საბაზრო ეკონომიკის პირობებში ეკონომიკური წინსვლისა და კეთილდღეობის საფუძველი ხდება. უპირველესად, ეს გამოიხატება ხელშეკრულების თავისუფლებით, რომელსაც სსკ-ის 319-ე მუხლი განამტკიცებს (შდრ. სუსგ №ას-1333-2019 , 27.11.2019წ., 36). სსკ-ის 319-ე მუხლის თანახმად: კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. შესაბამისად, მხარეები უნდა მოქმედებდნენ სახელშეკრულებო თვითბოჭვის ფარგლებში შეთანხმებული პირობებით.
12. ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზია წამოყენებული არ არის, რომ: 2017 წლის 4 და 5 ოქტომბრისათვის მოპასუხის მიერ დაჯავშნილი იქნა მოსარჩელის სასტუმროს 6 ნომერი; სასტუმროს მომსახურების ღირებულება ჯამში შეადგენდა 2010 ლარს; მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს აღნიშნული თანხა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საპირწონედ მოპასუხეს კვალიფიციური შედავება არ წარუდგენია და საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სარჩელისაგან თავდაცვის საშუალებით სათანადოდ არ უსარგებლია (იხ.: სარჩელი, ტ.1, ს.ფ.5,6; სარჩელზე თანდართული ანგარიშ-ფაქტურა, ტ.1, ს.ფ.47; მოპასუხის დირექტორის მიერ ხელმოწერილი შესაგებელი, ტ.1, ს.ფ.72).
13. შესაბამისად, საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე იმის მითითება, რომ რომ მოპასუხეს არ ჰქონია ჯავშანი 2017 წლის 4 და 5 ოქტომბრისათვის, ვერ გახდება ამ ნაწილში სარჩელის უარყოფის წინაპირობა.
14. როგორც გასაჩივრებულ განჩინებაშია მითითებული, 2017 წლის 4 და 5 ოქტომბრისათვის დაჯავშნული ნომრების ღირებულებაზე ანგარიშ-ფაქტურის დადასტურების ფაქტთან დაკავშირებით მოპასუხე არ აპელირებდა ნების გამოვლენისას მექანიკურ ან სხვაგვარ შეცდომაზე.
15. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურა მოპასუხის ახსნა-განმარტებასთან და ელექტრონულ მიმოწერასთან ერთად მართებულად იქნა მიჩნეული 2010 ლარის დაკისრების საფუძვლად.
16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-1013-2019, 17.07.2020წ.; №ას-514-514-2018, 03.06.2019წ.; №ას-1377-1297-2017, 17.10.2018წ.; №ას-381-381-2018, 04.05.2018წ.).
17. ამრიგად, საქმეზე დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
19. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
20. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „G.”-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შპს „G.”-ს (ს/ნ .....) უკან დაუბრუნდეს ს.ნ–ძის (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 03.10.2019წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
მირანდა ერემაძე