საქმე№ა-3395-შ-93-2021 6 აგვისტო, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – რ.ზ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის, კელნის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აგვისტოს განჩინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გერმანიის, კელნის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აგვისტოს განჩინებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს განჩინება) რ.ზ–ი (1990 წლის 7 ნოემბერს საქართველოში, თელავში დაბადებული) (შემდეგში: განმცხადებელი ან შუამდგომლობის ავტორი) ცნობილ იქნა მ.რ. შ-ვ–ის შვილობილად და მისი გვარი განისაზღვრა გვარით - შ-ვ–.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2021 წლის 9 ივლისს, შუამდგომლობით მომართა განმცხადებელმა და მოითხოვა უცხო ქვეყნის სასამართლოს განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული სასამართლოს განჩინებითა და თავად შუამდგომლობის ავტორის განცხადებით დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის განჩინება კანონიერ ძალაშია შესული და იგი გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
4. უცხო ქვეყნის სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულია, რომ განმცხადებელი კელნში ცხოვრობს. იგი ქორწინებაში არ იმყოფება და არ ჰყავს შვილები. მშვილებელი დაიბადა ვესელიგში 1962 წელს, განქორწინებულია და ჰყავს ორი შვილი. შვილად ასაყვანმა და მშვილებელმა, 2016 წლის 17 მაისს, კელნში განცხადებით მიმართეს ნოტარიუსს პ.ლ.კ–ეს (სანოტარო აქტის ნომერი K468/2016), შვილად აყვანის სამართლებრივი პროცედურის დაწყების თხოვნით. ნოტარიუსმა მხარეებს მოუსმინა საოჯახო საქმეების განხილვის წესის შესახებ ფედერალური კანონის 192-ე მუხლის შესაბამისად.
5. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 აგვისტოს განჩინებით განმცხადებლის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სასამართლოს განჩინებას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
6. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ შვილად აყვანის თაობაზე განცხადება მშვილებელმა და ნაშვილებმა ერთობლივად წარადგინეს.
7. უცხო ქვეყნის სასამართლოს განჩინებით დადგენილია, რომ სახეზე იყო შვილად აყვანის ფორმალური წინაპირობები, მხარეები აგრეთვე აკმაყოფილებენ კანონმდებლის მიერ ასაკთან მიმართებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. შვილად აყვანა მორალური თვალსაზრისით გამართლებულია, რადგან მოცემულ შემთხვევაში მოსალოდნელია დედაშვილური ურთიერთობის ჩამოყალიბება. სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მხარეებს ბევრი რამ აქვთ საერთო და მათ შორის არსებული კავშირი იმდენად მჭიდროა, რომ იგი შეიძლება შეედაროს დედა-შვილის ურთიერთობას. განმცხადებელი 2012 წლის აგვისტოდან 2014 წლის შუამდე და 2015 წლიდან მშვილებელთან ერთად ცხოვრობს.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
9. წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.
10. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად დასტურდება შუამდგომლობის მოთხოვნის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან („საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლი - შვილად აყვანა წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, რომელსაც განეკუთვნება მშვილებელი შვილად აყვანის დროს. შვილად აყვანა ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის მიერ ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, რომელიც ქორწინების ზოგადი შედეგების მიმართ გამოიყენება; სსკ-ის 1239-ე მუხლის 2-ე ნაწილი; 1246-ე მუხლის 2-ე ნაწილი;), აგრეთვე მშვილებლისა და შვილად აყვანილს შორის ასაკობრივი სხვაობა აკმაყოფილებს სსკ-ის 1250-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნას (მშვილებელი უფროსი უნდა იყოს შვილად ასაყვანზე თექვსმეტი წლით მაინც).
11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ.ზ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის, კელნის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აგვისტოს განჩინება, რომლითაც რ.ზ–ი (1990 წლის 7 ნოემბერს საქართველოში, თელავში დაბადებული) ცნობილ იქნა მ.რ. შ-ვ–ის შვილობილად და რ.ზ–ის გვარი განისაზღვრა გვარით - შ-ვ.;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
მ. ერემაძე