Facebook Twitter

საქმე ას-739-2019 5 მარტი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

I კასატორები – შპს „ბ.კ–ი“, ი.კ–ძე, ნ.ჯ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ტ. მ“ (მოსარჩელე)

II კასატორი - შპს „ტ. მ“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ბ.კ–ი“, ი.კ–ძე, ნ.ჯ–ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება

I კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და,

ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „ტ.-მ“-ის (შემდეგში: მოსარჩელე ან მეორე კასატორი) სარჩელი.

1.1. მოსარჩელის სასარგებლოდ შპს „ბ.კ–ის“ (შემდეგში: პირველი მოპასუხე), ი.კ–ძეს (შემდეგში: მეორე მოპასუხე, პირველი თავდები) და ნ.ჯ–ძეს (შემდეგში: მესამე მოპასუხე, მეორე თავდები, შემდეგში: ერთობლივად მოპასუხეები, აპელანტები ან პირველი კასატორები) შეძენილი საქონლის ღირებულების სახით გადასახდელად დარჩენილი 88 977 ლარის და დარიცხული პირგასამტეხლოს 105 437 ლარის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ. ამასთან, მეორე მოპასუხის (პირველი თავდების) ვალდებულება მხოლოდ 20 000 ლარით განისაზღვრა.

1.2 მოსარჩელეს დანარჩენი მოთხოვნების (ფულადი კურსის შეცვლით მიყენებული ზიანის 30 451 ლარის, საბანკო კრედიტის მომსახურებისათვის გადახდილი სარგებლის 6552 ლარის, მიუღებელი შემოსავლის 127 059 ლარის, ყოველთვიურად 26 693 ლარის ოდენობით დასარიცხი პირგასამტეხლოს, საბანკო პროცენტის ყოველთვიური 819 ლარის, მიუღებელი შემოსავლის ყოველთვიურად 15 882 ლარის და შეძენილი საქონლის ღირებულების გადახდის ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის პერიოდში ფულადი კურსის შეცვლით განცდილი ზიანის (ერთი წლის განმავლობაში) 551 179 ლარის) დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში გაუქმდა, რომლითაც მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად შეძენილი საქონლის ღირებულების სახით - 88 977 ლარიდან 19 152,36 ლარის, პირგასამტეხლოს სახით - 105 437 ლარიდან 97 535,35 ლარის და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5000 ლარის ანაზღაურება დაეკისრათ.

2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად შეძენილი საქონლის ღირებულების - 69824,64 ლარის და პირგასამტეხლოს - 7901,65 ლარის, ასევე უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გაწეული ხარჯის, 150 ლარის ანაზღაურება დაეკისრათ, დარჩა უცვლელი.

2.3. სარჩელი მოპასუხეების მიმართ 19 152,36 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით 97 535,35 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

2.4. მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად სახელმწიფო ბაჟის - 445 ლარის და წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის -1800 ლარის გადახდა დაეკისრათ.

2.5. სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო, მოსარჩელეს, მოპასუხეების სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის - 3432.1 ლარის და წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 2000 ლარის გადახდა დაეკისრა.

3. სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა:

3.1. მოსარჩელეს და პირველ მოპასუხეს შორის ზეპირი ფორმით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2012 წლის 29 თებერვლიდან მოსარჩელე პირველ მოპასუხეს პროდუქციას ეტაპობრივად აწვდიდა.

3.2. მთელი პერიოდის განმავლობაში მოსარჩელემ პირველ მოპასუხეს 971 444,08 ლარის ღირებულების პროდუქცია მიაწოდა.

3.3. პირველმა მოპასუხემ, მოსარჩელეს შეძენილი პროდუქციის ღირებულების ნაწილი - 820 507,7 ლარი გადაუხადა, 69 741,34 ლარის ღირებულების პროდუქცია უკან დაუბრუნა, ხოლო 11 370,4 ლარის ღირებულების პროდუქცია მიჰყიდა და გადასახდელი თანხის ანგარიშში ჩაუთვალა. პირველი მოპასუხის საერთო დავალიანებამ მოსარჩელის მიმართ 971 444,08 - 820 507,7-81 111,74= 69 824,64 ლარი შეადგინა.

3.4. მხარეებმა, 2013 წლის 10 ივლისს ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის მიხედვით, პირველმა მოპასუხემ, მოსარჩელის მიმართ 196 123 ლარის ფულადი ვალდებულების არსებობა დაადასტურა და მისი გადახდა ხელშეკრულების შეწყვეტიდან 3 თვის განმავლობაში იკისრა.

3.4.1. მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულების დადების შემდეგ შეძენილი პროდუქციის ღირებულება პირველ მოპასუხეს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, სასაქონლო ზედნადების გამოწერიდან 41 დღის ვადაში უნდა გადაეხადა.

3.4.2. ხელშეკრულების 6.4 პუნქტის თანახმად, დადგენილ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, პირველ მოპასუხეს მოსარჩელისთვის პირგასამტეხლო, გადასახდელი თანხის 0,2%, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის უნდა გადაეხადა.

3.4.3. სრული ანგარიშსწორების დაგვიანების შემთხვევაში პირველ მოპასუხეს მოსარჩელისათვის პირგასამტეხლო, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის დავალიანების 1% უნდა გადაეხადა.

3.4.4 ვალდებულების შესასრულებლად სოლიდარული თავდებობა მეორე და მესამე მოპასუხეებმა იკისრეს. პირველი მოპასუხის თავდებობის ფარგლები 20 000 ლარით, ხოლო მესამე მოპასუხის - 200 000 ლარით განისაზღვრა.

4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოდავე მხარეებს, მეორე მოპასუხის (პირველი თავდების) ვალდებულების განსაზღვრისა და საფოსტო ხარჯის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში არ გაუსაჩივრებიათ. შესაბამისად, ამ ნაწილში, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და სააპელაციო სასამართლო მას ვერ შეამოწმებს.

5. სასამართლომ მიუთითა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისა და პროდუქციის შეძენის თაობაზე მხარეები არ დავობენ. მათ შორის სადავოა როგორც მიწოდებული, ასევე დაბრუნებული პროდუქციის ღირებულება, გადახდილი ფასი და, ასევე, გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა.

6. სააპელაციო სასამართლომ, საქმეში წარდგენილი სასაქონლო ზედნადებების და თანხის გადახდის დამადასტურებელი საბუთების კვალიფიციურად შესწავლა/შემოწმების მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 162-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 6 თებერვლის განჩინებით ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზა დანიშნა.

7. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში: ექსპერტიზის ბიურო) 2019 წლის 10 იანვრის დასკვნის თანახმად, მთელი სახელშეკრულებო პერიოდისათვის, საბოლოოდ, პირველი მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 69 824,64 ლარს შეადგენდა. 2012 წლის 29 თებერვლიდან 2013 წლის 10 ივლისამდე მოსარჩელემ პირველ მოპასუხეს 856 028,56 ლარის საქონელი მიაწოდა, ხოლო, ამავე პერიოდში მან მოსარჩელეს 657 074,1 ლარი გადაუხადა.

8. 2013 წლის 10 ივლისისათვის პირველი მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ - 856 028,56-657 074,1=198 944,46 ლარი უნდა ყოფილიყო, რაც ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ თანხას, 196 123 ლარს აღემატება კიდეც. ხოლო, თუ მოვალის მიერ გადახდილ თანხას მის მიერვე, ამ პერიოდში, დაბრუნებული პროდუქციის ღირებულებას, 4759,9 ლარს დავუმატებთ, მოვალის დავალიანება 198 944,46-4759,9=194 184,56 ლარს შეადგენს.

9. მხარეებს აღნიშნული დასკვნა სადავოდ არ გაუხდიათ და მისი საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარუდგენიათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა.

10. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ექსპერტიზის ბიუროს დასკვნასა და ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ მონაცემებს შორის ცდომილება დაახლოებით 2000 ლარს შეადგენს, რაც შესაძლოა ხელშეკრულების დადების დროს დაშვებულ არითმეტიკულ შეცდომას გამოეწვია. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ მოვალისათვის მიწოდებული პროდუქციის ღირებულება მთელ რიცხვს ხშირად არ შეადგენდა, სასამართლომ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული მონაცემი არადამაჯერებლადაც მიიჩნია.

11. მოსარჩელის მტკიცებით, მოვალის დავალიანებას შეძენილი საქონლის ღირებულება, 11 370 ლარი არ უნდა გამოაკლდეს, რადგან ეს მოთხოვნა ხანდაზმულია.

12. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოვალის საპასუხო, თუნდაც ხანდაზმული მოთხოვნა მოსარჩელის მიმართ ვალის ოდენობაზე გავლენას ვერ მოახდენს.

13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 442-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა“, ამავე კოდექსის 443-ე მუხლის მიხედვით, „კი მოთხოვნის ხანდაზმულობა არ გამორიცხავს ვალდებულებათა გაქვითვას, თუ მოთხოვნა იმ დროისათვის არ იყო ხანდაზმული, როცა მისი გაქვითვა ჯერ კიდევ შეიძლებოდა“

14. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე მიუთითა, რომლითაც დგინდება, რომ პირველმა მოპასუხემ მოსარჩელეს 11 370,4 ლარის ღირებულების პროდუქცია 2014 წლის 15 ივნისს მიაწოდა. შესაბამისად, როგორც მიწოდების, ასე სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მოთხოვნის შესრულების ვადა დამდგარი იყო და მოვალეს შეეძლო ურთიერთმოთხოვნები გაქვითვით შეეწყვიტა. სასამართლოს შეფასებით, შესაძლოა მოსარჩელის მიმართ მოვალის მოთხოვნა ხანდაზმულიც იყოს, თუმცა ეს ვალდებულებათა გაქვითვას არ გამორიცხავს.

15. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ შეძენილის საქონლის ღირებულების სახით 88 977 ლარიდან - 88 977-69824,64=19152,36 ლარის ანაზღაურება უნდა გაუქმდეს, ხოლო იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, შეძენილი საქონლის ღირებულების 69824,64 ლარის გადახდა დაეკისრათ, უნდა დარჩეს უცვლელი.

16. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 420-ე მუხლით და აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის დროს ყურადღება მისაქცევია დარღვეული ვალდებულების მოცულობა და ხასიათი, თანაფარდობა დარღვეულ ვალდებულებასა და პირგასამტეხლოს ოდენობას შორის, დარიცხვის პერიოდი და ა.შ. საბოლოოდ, პირგასამტეხლოს ოდენობა არც იმდენად დიდი უნდა იყოს, რომ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრება გამოიწვოს და არც იმდენად მცირე, მოთხოვნის უზრუნველყოფა რომ ვერ შეძლოს.

17. სააპელაციო სასამართლომ საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე მითითებით (იხ. სუსგ Nას-164-160-2016, 28.07.2016წ) გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა, ყოველდღიურად, არსებული დავალიანების 0,05%-ით განსაზღვრა.

18. ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით, პირგასამტეხლოს 0,01%-ით განსაზღვრის შემთხვევაში, ჯამურად გადასახდელი პირგასამტეხლო 1580,33 ლარს შეადგენს, ხოლო 0,05%-ით განსაზღვრის შემთხვევაში, გადასახდელი პირგასამტეხლო 1580,33X5=7901,65 ლარს.

19. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით - 105 437 ლარიდან - 105 437-1580,33X5=97 535,35 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში გააუქმა და მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით 7901.65 ლარი გადახდა დააკისრა.

20. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 53-ე მუხლზე მითითებით მხარეებს შორის პროცესის ხარჯების დაკისრების ნაწილშიც იმსჯელა და დაადგინა:

20.1. მოსარჩელე მოპასუხეებისთვის დავალიანების - 88 977 ლარის; პირგასამტეხლოს - 105 437 ლარის; ზიანის - 30 451 ლარის; სარგებლის - 6552 ლარის, მიუღებელი შემოსავლის - 127 059 ლარის და ზიანის - 551 179 ლარის, სულ 902 983 ლარის დაკისრებას მოითხოვდა. საიდანაც, პირველმა მოპასუხემ სარჩელი 31 438,24 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში ცნო. ამის შესაბამისად, მხარეებს შორის სადავო - 902 983-31 438,24=871 544,76 ლარი იყო. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ - 69824,64+7901,65=77 726,29 ლარის, ე.ი. სადავო თანხის 8,9%-ის გადახდა დაეკისრათ. შესაბამისად, მოპასუხეებმა მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურონ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, - 5000 ლარის 8,9% - 445 ლარი.

20.2. თავის მხრივ, მოპასუხეებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით 105 437+88 977=194 414 ლარის გადახდა დაეკისრათ. მოპასუხეებმა გადაწყვეტილება 57938,76+100964=158 502,76 ლარის დაკისრების ნაწილში გაასაჩივრეს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 77 726,29 ლარის გადახდა დაეკისრათ. გადაწყვეტილებით მათი მოთხოვნის 49,03% დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოსარჩელემ მოპასუხეებს მათ მიერ სააპელაციო წარმოებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი, 7000 ლარის 49,03% – 3432,1 ლარი უნდა აუნაზღაუროს.

21. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აპელანტების (მოპასუხეების) მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ამის შესაბამისად, მათ მოსარჩელეს წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ნაწილი - (77 726,29- 31438,24)X4% - 1800 ლარი უნდა აუნაზღაურონ. თავის მხრივ, მოსარჩელემ აპელანტებს (მოპასუხეებს) მათ მიერ წარმომდგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი, 2000 ლარი უნდა გადაუხადოს.

22. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, კერძოდ, 11370 ლარის და იურიდიული მომსახურების ხარჯის - 2000 ლარის დაკისრების ნაწილში გაუქმება მოითხოვა. ხოლო მოპასუხეებმა ასევე გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, კერძოდ, პირგასამტეხლოს - 7901.65 ლარის და პირველი თავდების ვალდებულების - 20 000 ლარის განსაზღვრის ნაწილში გაუქმება მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელისა და მოპასუხეების საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ ისინი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

23. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

24. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორებს არ წარმოუდგენიათ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო საჩივრები.

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

26. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

27. მოცემულ შემთხვევაში პირველი კასატორების ერთ-ერთი პრეტენზია დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობას შეეხება. კასატორებს მიაჩნიათ, რომ სააპელაციო სასამართლომ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო განსაზღვრა, მაშინ, როდესაც ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით, შეუსრულებელი ვალდებულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლომ 0.01%-ის დაანგარიშებით 1580.33 ლარი შეადგინა. სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 420-ე მუხლი და მოპასუხეებს 6321.32 ლარით მეტი დააკისრა.

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის გადახდის წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-428-428-2018, 13.07.2017წ).

30. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება (იხ. სუსგ N ას-816-767-2015, 19.11.2015წ).

31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგულიხმოა პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ არაერთ სამოქალაქო დავაზე განმარტა: „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც მთავარია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ. სუსგ-ები: N ას-708-678-2016, 27.04.2017წ; N ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ; N ას-222-209-2015, 6.05.2015წ).

32. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პირველი კასატორების პრეტენზიას გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს არაგონივრულობასთან მიმართებით და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ პირგასამტეხლო - 7901.65 ლარი, არ არის შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა ძირითადი ვალდებულების დარღვევის მოცულობასა და ვადაგადაცილებით გამოწვეულ შესაძლო ზიანთან მიმართებით. შესაბამისად, მისი მეტად შემცირების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

33. კასატორები ასევე მოითხოვენ, მეორე მოპასუხის (პირველი თავდების) პასუხისმგებლობის ფარგლების განსაზღვრას ხელშეკრულების შესაბამისად, 20 000 ლარით, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილებაში არ არის მსჯელობა თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებთან მიმართებით.

34. საკასაციო სასამართლო კასატორების პრეტენზიის პასუხად განმარტავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ზუსტად და არაორაზროვნად მიეთითა, თუ რა ნაწილში არ დაეთანხმა ზემდგომი ინსტანციის სასამართლო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მასში ცვლილება მხოლოდ მიწოდებული საქონლის ღირებულებასა და პირგასამტეხლოს ოდენობას შეეხო, დანარჩენ ნაწილში, მათ შორის პირველი თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებიც უცვლელი დარჩა. ამასთან საყურადღებოა თავად სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არსებული მსჯელობა, რომ მხარეებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პირველი თავდების ვალდებულების განსაზღვრისა და საფოსტო ხარჯის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში არ გაუსაჩივრებიათ. შესაბამისად, ამ ნაწილში, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და სააპელაციო სასამართლომ მასზე მართებულად არ იმსჯელა.

35. მეორე კასატორის (მოსარჩელის) საკასაციო პრეტენზიები მოპასუხეების სასარგებლოდ 11 370 ლარის გაქვითვას და მისთვის საადვოკატო მომსახურების 2000 ლარის დაკისრებას შეეხება. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით პირველ მოპასუხეს დამოუკიდებლად აღძრულ სარჩელზე, სადაც სადავო თანხის დაკისრებას მოითხოვდა მოსარჩელის მიმართ, არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესული არ იყო, სასამართლომ სსსკ-ის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმე არ შეაჩერა და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო.

36. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა წარმოადგენს მხარის მატერიალურ-სამართლებრივ მოთხოვნას და რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმებით. სსკ-ის 442-ე მუხლის თანახმად, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის წინაპირობები შემდეგია: ორ პირს შორის უნდა არსებობდეს ურთიერთმოთხოვნები და დამდგარი უნდა იყოს ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა, იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მოთხოვნის ვადა არ დამდგარა, ურთიერთმოთხოვნათა გასაქვითად სახეზე უნდა იყოს ორმხრივი თანხმობა, კერძოდ, მხარეთა შეთანხმებით ვადამოსულ მოთხოვნაში შეიძლება გაიქვითოს ის მოთხოვნა, რომლის შესრულების ვადაც არ არის დამდგარი, თუმცა ამ მოთხოვნის უფლების მქონე პირი მხარს უჭერს გაქვითვას. გარდა ამისა, ამავე კოდექსის 447-ე მუხლით დადგენილია მოთხოვნათა გაქვითვის გამომრიცხველი წინაპირობები, კერძოდ, მოთხოვნათა გაქვითვა დაუშვებელია: ა) თუ მოთხოვნათა გაქვითვა შეთანხმებით წინასწარ იყო გამორიცხული; ბ) თუ ვალდებულების საგანზე არ შეიძლება გადახდევინების მიქცევა, ან ვალდებულების საგანს შეადგენს სარჩო; გ) თუ ვალდებულება ითვალისწინებს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გამოწვეულია ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით ან სიკვდილით; დ) კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში (იხ. სუსგ Nას-1632-2019, 12.02.2021წ).

37. დადგენილია, რომ: 1. მხარეებს შორის წლების განმავლობაში არსებობდა ზეპირ ხელშეკრულებაზე დაფუძნებული საქმიანობა; 2. მხარეები ერთმანეთს გარკვეული სახის პროდუქციას აწვდიდნენ; 3. 2014 წლის 15 ივნისს მოსარჩელემ, პირველი მოპასუხისგან შემდგომი გადახდის ვალდებულებით 11 370.4 ლარის ღირებულების საქონელი შეიძინა; 4. მოსარჩელემ პირველ მოპასუხეს ასევე 971 444,08 ლარის ღირებულების პროდუქცია მიაწოდა; 5. პირველმა მოპასუხემ, მოსარჩელეს შეძენილი პროდუქციის ღირებულების ნაწილი - 820 507,7 ლარი გადაუხადა, 69 741,34 ლარის ღირებულების პროდუქცია უკან დაუბრუნა, ხოლო 11 370,4 ლარის ღირებულების პროდუქცია მიჰყიდა და გადასახდელი თანხის ანგარიშში ჩაუთვალა.

38. სსკ-ის 443-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე ხანდაზმული მოთხოვნაც კი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოვალის მიერ კრედიტორის საპასუხო მოთხოვნის გასაქვითად, თუ მოვალის მოთხოვნა მაშინ არ იყო ხანდაზმული, როცა მისი გაქვითვა ჯერ კიდევ შეიძლებოდა. მთავარია შემოწმდეს გასაქვით მოთხოვნათა ხანდაზმულობის საკითხი იმ დროისათვის, როდესაც ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესაძლებლობა ობიექტურად დადგება. თუ გასაქვითი მოთხოვნა ამ დროისათვის ჯერ კიდევ განხორციელებადია, ანუ ხანდაზმული არ არის, მაშინ მოვალეს უფლება აქვს, რომ ამავე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგაც გამოიყენოს ეს მოთხოვნა გასაქვით საშუალებად, თუნდაც სასამართლოში მოთხოვნის დადასტურების შესახებ წარდგენილი არ ჰქონოდა მოთხოვნა (გიორგი სვანაძე, სამოქალაქო კოდექსის ონლაინ კომენტარი - www.gccc.ge; მუხლი 443, ველი 5).

39. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის შედავება, რომ 11 370.04 ლარის ნაწილში (მოვალის) მოთხოვნა ხანდაზმულია და სააპელაციო სასამართლომ იგი სსკ-ის 443-ე მუხლის საფუძველზე უსაფუძვლოდ გაქვითა, არ არის გასაზიარებელი. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ როგორც მიწოდების, ასევე სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მოთხოვნის შესრულების ვადა დამდგარი იყო და მოვალეს შეეძლო ურთიერთმოთხოვნები გაქვითვით შეეწყვიტა, სრულებით იზიარებს საკასაციო სასამართლო და მიიჩნევს, რომ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის მომწესრიგებელი ნორმების გამოყენებით (სსკ-ის 442-ე და შემდეგომი მუხლები) ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაქვითა ზემოაღნიშნული მოთხოვნა.

40. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მეორე კასატორის პრეტენზიას მისთვის საადვოკატო მომსახურების მოპასუხეების სასარგებლოდ არამართებულად დაკისრების თაობაზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის მეორე მხარისათვის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის წესი მოცემულია სსსკ-ის 53-ე მუხლში. ნორმის პირველი ნაწილის დანაწესით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვ.

41. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე, აგრეთვე, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, მათი შემოსავალი და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრული ფარგლების დადგენას განაპირობებს. ნიშანდობლივია, რომ მითითებული გარემოებები გასათვალისწინებელია სასამართლოს მხრიდან საკუთარი დისკრეციის გამოყენების პირობებში, მოგებულ მხარეს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი 4%-მდე აუნაზღაუროს. 4%-იანი ლიმიტი იმ ოდენობის მაქსიმუმია, რომელიც მეორე მხარეს შეიძლება დაეკისროს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. ასეთი წესი ქმნის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს (იხ. სუსგ N ას-818-784-2016, 16.11.2016წ).

42. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოგებული მხარის მიერ გაწეული საადვოკატო ხარჯის წაგებული მხარისათვის დაკისრებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქმის სირთულით, სასამართლო სხდომებში მონაწილეობისათვის დახარჯული დროის, წარმოდგენილი მოსაზრებებისა თუ მტკიცებულებების სიმრავლით და სხვა ამგვარი გარემოებებით, რაც მეორე მხარისათვის დასაკისრებელი საადვოკატო ხარჯის გონივრულობას განაპირობებს, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხარის მოთხოვნის ფარგლებში სასამართლოს მიერ ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს.

43. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 77 726,29 ლარის გადახდა დაეკისრათ. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მათი მოთხოვნის 49,03% დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოპასუხეების მიერ მოსარჩელის მიერ ადვოკატის დახმარებისთვის გაწეულის ხარჯის ნაწილის - 2000 ლარის ანაზღაურების მოსარჩელისთვის (მეორე კასატორისთვის) დაკისრება სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლზომიერად უნდა იქნეს მიჩნეული. ამრიგად, დაუსაბუთებელია მეორე საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზია სასამართლოს მიერ საადვოკატო ხარჯების ანაზღაურების უსაფუძვლოდ დაკისრებასთან მიმართებით.

44. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის შუამდგომლობას საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე ახალი მტკიცებულებების, კერძოდ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებების დართვის თაობაზე, ვინაიდან სსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში.

45. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაფიოდ გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. გამონაკლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ახალი მტკიცებულების წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც (სსსკ-ის 380-ე მუხლი), თუმცა საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია. აღნიშნულ წესზე გავლენას ვერ მოახდენს მხარის მითითება, რომ მისთვის კონკრეტული გარემოების ან მტკიცებულების არსებობის შესახებ ცნობილი გახდა სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ან დოკუმენტები, რომელთა წარდგენაც მხარეს სურდა, შეიქმნა სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ამგვარი მტკიცებულებები მოცემული დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება (ის. სუსგ N ას-431-2019, 05.06.2019წ).

46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრები - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მათი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

47. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ბ.კ–ის“, ი.კ–ძის და ნ.ჯ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ტ. მ“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

3. შპს „ბ.კ–ის“(ს/კ .....), ი.კ–ძეს (პ/ნ ....) და ნ.ჯ–ძეს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ა.ს–ძის (პ/ნ ....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 320 ლარი (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2019 წლის 25 ივნისი, ), 70% – 224 ლარი;

4. შპს "ტ. ."-ს (ს/კ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 568,50 ლარი (საგადახდო დავალება N8212823647, გადახდის თარიღი 2019 წლის 22 ივლისი, ), 70% – 397,95 ლარი;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური