Facebook Twitter
ბ-1360-18-ა-03 16 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 22 თებერვალს მ. გ-ამ სარჩელით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ¹...... აბაშის საარჩევნო ოლქში 1999წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა, მორალური და ფიზიკური ზიანისათვის ცესკოს მიერ 24000 ლარის კომპენსაციის სახით ანაზღაურება იმ საფუძვლით, რომ იგი რეგისტრირებული იყო საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარ კანდიდატად ¹....... აბაშის საარჩევნო ოლქში. 1999წ. 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევენებზე იმის გამო, რომ მას ცესკომ წინა საარჩევნო კამპანიის ჩასატარებელი თანახა არ ჩაუირიცხა, პროტესტის ნიშნად დაიწყო შიმშილობა. როგორც მოსალოდნელი იყო დეპუტატად არჩეული ვერ იქნა, რაც მ. გ-ას აზრით, მოხდა დაუფინანსებლობის გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001წ. 5 მარტის გადაწყვეტილებით მ. გ-ას სარჩელი ¹....... აბაშის საარჩევნო ოლქში 1999წ. 31 ოქტიმბრის საპარლამენტიო არჩევნების შედგების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა, ხოლო სარჩელი მორალური და ფიზიკური ზიანის ანაზღაურების ნაწილში განსჯადობით განსახილველად გადაეცა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 3 აგვისტოს განჩინებით, საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.
ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 5 დეკემბრის განჩინებით მოპასუხედ მიიჩნია ცესკო, ხოლო ფინანსთა სამინისტრო საქმეში მესამე პირად ჩააბა.
სასამართლოს 2002წ. 17 იანვრის გადაწყვეტილებით მ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რიომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 5 მარტის გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი იყო მხოლოდ საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის განსაზღვრული თანხები, ხოლო რაც შეეხება “საქართველოს პარლამენტის არჩევენების შესახებ" ორგანული კანონის 30-ე მუხლის მესამე პუნქტში მითითებულ საარჩევნო ფონდებს, რომელსაც პარტიები, საარჩევნო ბლოკები და მაჟორიტარი დეპუტატები ქმნიან და რომელიც ნაწილობრივ სახელმწიფოს მიერ ფინანსდება, 1999წ. კანონით “სახლემწიფო ბიუჯეტის შესახებ" ამ ფონდების ნაწილობრივ დაფინანსება ქვეყნის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო არ განსაზღვრულა, ამდენად, საარჩევნო ფონდების დასაფინანსებლად სახელმწიფოს მიერ თანხები არ გამოყოფილა, რის გამოც ვერ მოხდა მათი დაფინანსება. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ცესკოს მიერ შესაბამისი დადგენილებებით განისაზღვრა საარჩევნო ფონდის შექმნისა და გამოყენების წესი, ასევე ხარჯების განაწილების წესი, რაც მ. გ-ას მხრიდან გასაჩივრებული არ ყოფილა.
რაიონულმა სასამართლომ დაუსაბუთებულად მიიჩნია მ. გ-ას სარჩელი იმ მოტივით, რომ ადგილი არ ჰქონდა დელიქტის შედეგად დამდგარ ზიანს და ამავე დროს უსაფუძვლო იყო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში.
აღნიშნული გადაწყვეტილება მ. გ-ამ აპელაციის წესით გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოში.
სააპელაციო საჩივარში მ. გ-ამ მოითხოვა რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და ცესკოსათვის 138000 ლარის დაკისრება შემდეგ გარემეობათა გამო:
აპელანტი აღნიშნავდა, რომ რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გაითვალისწინა კანონის “საქართველოს პარლამენტის არჩევენების შესახებ" 30-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად: “არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების სავარაუდო ოდენობას განსაზღვრავს ცესკო, რომელიც არჩევნების წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში აისახება ცალკე მუხლით"; წარმოდგენილი არ ყოფილა მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ცესკომ და მოითხოვა მათი ასახვა ბიუჯეტში, რის გამოც კომისიის მიერ დარღვეულ იქნა კანონის ეს მოთხოვნა. ქვეყნის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით არ შეიძლება გამართლება დეპუტატობის კანდიდატის დაუფინანსებლობა.
აპელანტის აზრით, სასამართლომ არ მიუთითა დელიქტური ვალდებულებების ნორმებზე, კერძოდ, არ გამოიყენა სკ-ს 1005-ე მუხლის პირველი ნაწილი, სახელმწიფოს ვალდებულებების შესახებ მისი მოსამსახურის განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რასაც შედეგად მოჰყვა მისი მძიმე ავადმყოფობა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 ივლისის გადაწყვეტილებით, მ. გ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ვაკე-საბურთალოს 2002წ. 17 იანვრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომელიც მ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა შემდეგ გარემოებებზე:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ 1999წ. საპარლამენტო არჩევნებისათვის სახელმწიფომ გამოყო მხოლოდ არჩევნებთან დაკავშირებული საარჩევნო კომისიის ხარჯები, ხოლო რაც შეეხება კანონის “საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" 30-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ საარჩევნო ფონდს, იგი სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებული არ ყოფილა. აღნიშნული არც საქმის მასალებით დგინდება, ხოლო, მ. გ-ას მიერ არ გასაჩივრებულა ცესკოს დადგენილებები, რომლებიც შეეხებოდა საარჩევნო ფონდის შექმნასა და ხარჯების განაწილების წესს;
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ რაიონულმა სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მის ჯანმრთელობას ვნება მიადგა მოპასუხის ქმედების გამო, რადგან ასეთი რამ, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, არც რაიონულ სასამართლოში და არც სააპელაციო ინსტანციაში მ. გ-ას მიერ დასაბუთებული არ ყოფილა;
სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, აპელანტის მიერ სკ-ს 1005-ე მუხლზე მითითება, რომელიც თითქოსდა უნდა გამოეყენებინა რაიონულ სასამართლოს, ვინაიდან კანონის აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას მისი მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანისათვის, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, რადგან აპელანტის მიერ კონკრეტულად დასახელებული არ ყოფილა რომელიმე სახელმწიფო მოსამსახურე, რომლის განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით, სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით ზიანი მიადგა სხვა პირს _ მოცემულ შემთხვევაში მ. გ-ას, ამდენად, საქმის გარემოებებით არ დადგინდა მ. გ-ას ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება, რაც გამოიწვევდა სახელმწიფოს მხრიდან ამ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას;
სააპელაციო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტ მ. გ-ას მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილშიც, რადგან აპელანტმა ვერ დაასაბუთა სკ-ს მე-18 მუხლით გათვალისწინებული რომელი სიკეთის ხელყოფა მოხდა და რაში გამოიხატა იგი. აპელანტის მითითება შაქრიანი დიაბეტით დაავადებაზე იმ მიმართებით, რომ იგი წარმოადგენს იმის შედეგს, რომ არჩევენებთან დაკავშირებული ხარჯები არ აისახა სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში, რამაც იგი შეზღუდა საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში, არ იქნა გაზიარებული, რადგან არ იყო დადგენილი განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით ზიანის მიყენების ფაქტი, და ამდენად, მართებულად არ მიიჩნია აპელანტის მხრიდან დაავადებისა და საარჩევნო კამპანიის ჩაშლას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობის მტკიცება.
მ. გ-ამ თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 16 ივლისის გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა ექსპერტიზის დანიშვნა და სასამართლოს საშუალებით მტკიცებულებათა გამოთხოვა, ახალი გადაწყვეტილების მიღება და ცესკოსა და ფინანსთა სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ ფიზიკური და მორალური ზიანის საკომპენსაციოდ 138000 ლარის დაკისრება
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 7 მარტის განჩინებით მ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის და დაუსაბუთებლობის მოტივით და უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 ივლისის გადაწყვეტილება.
2003წ. 29 დეკემბერს მ. გ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოთ აღნიშნულ საქმეზე საქმის წარმოების განახლება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებათა გამო:
მ. გ-ამ განცხადებაში მიუთითა, რომ ცესკო მის სარჩელს უარყოფდა იმ მოტივით, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ცესკოს 1999წ. 10 აგვისტოს ¹26 დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს პარლამენტის არჩევნების ჩასატარებელი თანხის გამოყოფა, რის გამოც ცესკოს 1999წ. 25 აგვისრტოს ¹48 დადგენილებით ხარჯთაღრიცხვა შემცირდა, მაგრამ 1999წ. 10 აგვისტოს ¹26 დადგენილების ხარჯთაღრიცხვაში არსად არ არის მითითებული მაჟორიტარი კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებელი თანხა, რითაც ცესკომ დაარღვია “საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლი და დეპუტატობის კანდიდატების დაუფინანსებლობა ფინანსთა სამინისტროს გადააბრალა. ცესკომ შეგნებულად არ წარმოადგინა აღნიშნული დადგენილებები, მათი წარმოდგენის შემთხვევაში კი სასამართლოს შეეძლო განმცხადებლისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება. Mმ. გ-ამ აღნიშნული გარემოებების საფუძველზე მოითხოვა საქმის წარმოების განახლება და მოპასუხე ცესკოსათვის მორალური და ფიზიკური ზიანის საკომპენსაციოდ 138000 ლარის გადახდის დაკისრება.

სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო და შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ და მიიჩნევს, რომ მ. გ-ას განცხადება განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება. ვინაიდან მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული აქვს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უცვლელად აქვს დატოვებული, სსკ-ს 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მ. გ-ას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 424-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. გ-ას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების ასლები დადგენილი წესით გადაეგზავნოთ მხარეებს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.