Facebook Twitter

საქმე №ას-552-2019 6 ნოემბერი, 2020 weli,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - მ.ხ–ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს "გ.ლ–ი" (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით, სს „გ.ლ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, საწარმო, გამყიდველი ან კრედიტორი) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

1.1. მოსარჩელის სასარგებლოდ მ.ხ–ას (შემდეგში მოპასუხე, მყიდველი, მოვალე, აპელანტი ან კასატორი) დავალიანების ძირითადი თანხის - 14 959.14 აშშ დოლარის და ზიანის - 2240 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა;

1.2. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც მოპასუხეს (პირადი ნომერი .....) აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, ....., სართული 6, 65.00 კვ.მ. ფართი, (მშენებარე), ს/კ. ....., გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინებით.

3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოვლენილი შემდეგი უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მხარეებს სადავო ფაქტობრივ გარემოებებზე არ მიუთითებიათ):

3.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2015 წლის 11 დეკემბერს, დაიდო ხელშეკრულება ტრავენტინის ფილების ნასყიდობის თაობაზე, რომლის საფუძველზეც გამყიდველმა საწარმომ მყიდველს 2015 წლის 24 დეკემბერს და 2015 წლის 29 დეკემბერს, საერთო ჯამში, 13200 აშშ დოლარის ღირებულების ტრავენტინის ფილები მიაწოდა. ამის შემდეგ, 2016 წლის 2 ოქტომბერს და 2016 წლის 4 ოქტომბერს გამყიდველმა მყიდველს 1759.14 აშშ დოლარის ღირებულების ტრავენტინის ფილები მიაწოდა;

3.2. ხელშეკრულების N1 დანართით ფასი განსაზღვრულია აშშ დოლარში, ხოლო მყიდველს ანგარიშსწორება უნდა განეხორციელებინა ანგარიშსწორების დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის ფიქსირებული კურსის მიხედვით. ხელშეკრულების მე-2 პუნქტის მიხედვით ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ქვის ფილების მიღებიდან 3 საბანკო დღის განმავლობაში;

3.3. დადგენილია, რომ 2015 წლის 27 მარტს გამყიდველ საწარმოსა (მოსარჩელეს) და რ.ს–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ 2015 წლის 10 ივნისს სესხის სახით მიიღო 50 000 აშშ დოლარი, წლიური 20%-იანი განაკვეთით, საიდანაც 2015 წლის 10 ივნისს, სომხეთში კომპანია შპს ''ნ–თვის'' საქონლის შესაძენად 18 900 აშშ დოლარი გადაირიცხა;

3.4. დადგენილია, რომ მოპასუხეს (მყიდველს) ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება სრულად და ჯეროვნად არ შეუსრულებია. საერთო ჯამში დავალიანება 14 959.14 აშშ დოლარს შეადგენს.

4. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის (მყიდველის) სააპელაციო საჩივრის ფარგლებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მოვალისათვის მხოლოდ ზიანის - 2240 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში; ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია და მოპასუხე სადავოდ არ ხდის მასსა და მოსარჩელე საწარმოს შორის 2015 წლის 11 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობას;

4.1. უდავოა, რომ მოპასუხეს (მოვალეს) ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, მოსარჩელის (კრედიტორის) მიმართ ერიცხება 14 959.14 აშშ დოლარის დავალიანება. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარი ზიანის 2240 აშშ დოლარის ანაზღაურება დაეკისრა, რაც სააპელაციო საჩივრის საგანს წარმოადგენს.

4.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება, რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. სააპელაციო სასამართლომ დასახელებულ ნორმებთან მიმართებით მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ სხვადასხვა საქმეებზე გაკეთებული განმარტებები, კერძოდ, სსკ-ის 411-ე მუხლის ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება „lucrum cessans“ (შეად.სუსგ N ას-929-869-2017, 27.12 2017 წ.). სხვა სამოქალაქო საქმეში საკასაციო სასამართლომ განმარტა სსკ-ის 411-ე მუხლის შინაარსში ნაგულისხმევი ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულების არსი (შეად. სუსგ N ას-406-383-2014, 17.04. 2015წ.) და აღნიშნა, რომ დასახელებული ნორმა მხოლოდ იმ შემოსავლის ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც ობიექტური მოცემულობითაა ნაკარნახევი და არა კრედიტორის სუბიექტური შეფასებით. მიუღებელი შემოსავალი ეს არის ანაცდენი სარგებელი (მოგება), რომელიც არ გულისხმობს ერთობლივ შემოსავალს, ყოველგვარი ხარჯების გამოქვითვების გარეშე და რომელსაც დაზარალებული ობიექტურად მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად (იხ. სუსგ N ას-218-210-2013, 10.03.2014წ.). მიუღებელი შემოსავალი, თავისი ბუნებით, გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო (იხ. სუსგ N ას-459-438-2015, 07.10. 2015 წელი). იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ Nას-307-291-2011, 24.10. 2011წ.). ამდენად, მიუღებელი შემოსავალი არის სარგებელი, რომელიც შეიძლება დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად (იხ. სუსგ №3კ/629-01, 20.07.2001წ.). მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, რომელიც შეიძლება დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შემთხვევაში. ესაა ანაცდური მოგება, რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელის განსაკუთრებულ კომერციულ ინტერესში შედის, ვინაიდან კომერციულ ბრუნვაში მისი ინტერესი შემოსავლის მიღებისკენაა მიმართული (იხ. სუსგ N ას-509-893-06, 30.03.2007წ.).

4.3. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე თანხის დროულად გადაუხდელობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მიუღებელი შემოსავალი, თავისი სამართლებრივი ბუნებით, ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისთვის არის გათვალისწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი, მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. აღნიშნული მუხლი უშუალოდ გამოხატავს მოვალის ინტერესებს და ათავისუფლებს მას ისეთი რისკისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეული პრინციპისათვის. ამიტომაც, აღნიშნული მუხლი უპირველესად ადგენს, რომ ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო. ეს უკანასკნელი ისეთი ზიანია, რომელიც სავარაუდო იქნებოდა ნებისმიერი გონიერი ადამიანისათვის, კიდევ უფრო ზუსტად - ბრუნვის საშუალო მონაწილისათვის. ამდენად, ზიანის სავარაუდობა ობიექტური მასშტაბით ფასდება და არა კონკრეტული მოვალის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს ის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას არ შეეძლო, ზიანი მისთვის გონივრულად უნდა იყოს სავარაუდო;

4.4. იმის გათვალისწინებით, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფული განიხილება როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, მისი ფლობა უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას. სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 11 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელისათვის 14 959.14 აშშ დოლარი აქვს ასანაზღაურებელი, შესაბამისად, ეს გარემოება იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ მოვალის მიერ გადასახდელი თანხის დროულად გადახდის შემთხვევაში, კრედიტორი, რომელიც მეწარმე სუბიექტი არის, ფულად თანხას შემოსავლის მიღებისკენ მიმართავდა. კერძოდ, კონკრეტულ შემთხვევაში, მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს საბანკო დაწესებულებაში დეპოზიტების წლიური საპროცენტო განაკვეთი, რასაც კრედიტორი მიიღებდა ბრუნვაუნარიანი ობიექტის - ფულის, შეგროვებად ანაბარზე განთავსების შედეგად. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სწორად დადგინდა მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლების წარმოშობის პერიოდი, რაც ფულადი ვალდებულების წარმოშობიდან სარჩელის სასამართლოში წარმდგენამდე ხანგრძლივობით განისაზღვრა (20 თვე; 24.12.2015 წელი - 04.09.2017 წელი).

4.5. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეზე დადგენილი გარემოებებისა და შეფასებული მტკიცებულებების საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ საბანკო დაწესებულებაში დეპოზიტების წლიური საპროცენტო განაკვეთის მხედველობაში მიღებით, მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ და არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

5. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

5.1. მოვალემ (მოპასუხემ) საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამართლებრივ მოტივაციაში აქვს მითითებული საკასაციო სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება/განჩინება.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

9. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობა და ფაქტობრივი გარემოებები არ არის სადავო. კასატორის პრეტენზია მისთვის მიუთებელი შემოსავლის სახით დაკისრებულ თანხას ეხება.

10. სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება სსკ-ის 477-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება, შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე), 400.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი (მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებლად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა), 404-ე (კრედიტორს უფლება აქვს, მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება), 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) და 412-ე (ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს) მუხლებს.

11. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ მოპასუხეს (მყიდველს) ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება სრულად და ჯეროვნად არ შეუსრულებია. საერთო ჯამში დავალიანება 14 959.14 აშშ დოლარს შეადგენს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ზიანის, როგორც მიუღებელი შემოსავლის მტკიცების ტვირთი, მოსარჩელეს ეკისრება, თუმცა, ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით, მიდგომა განსხვავებულია, რაც განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით, კერძოდ, სყიდვითიუნარიანობის მაღალი ხარისხით, რაც, ყველა შემთხვევაში, ფულს სარგებლის მოტანის უნარს ანიჭებს. ფული ყოველთვის შემოსავლის წყაროა, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და, სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტისა და არც მისი ოდენობის დადგენას (შეადრ. სუსგ-ებს: N ას-992-950-2013, 04.03.2014 წ; N ას-1843-2018, 05.04.2019წ).

12. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მიუღებელი შემოსავალი არის ის თანხა, რასაც კრედიტორი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო, ანუ ამგვარი ზიანის მოთხოვნის უფლებას კრედიტორს მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება წარმოუშობს. მოვალემ ვალდებულების დარღვევით, იმით, რომ კრედიტორს დროულად არ გადაუხადა ნასყიდობის საფასური, ლოგიკურად, სავარაუდო შემოსავალი დააკარგვინა მას (სხვა მრავალთა შორის შეად. სუსგ.ებს: N ას-235-2020, 23.09.2020წ; N ას-566-2020, 29.09. 2020წ; N ას-196-2020, 15.10.2020წ.) .

13. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით სავსებით დასაბუთებული და კანონიერი განჩინება მიიღო, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრების გზით მოპასუხემ ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები და ვერ გააქარწყლა ისინი დასაბუთებული საკასაციო შედავებით, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია, დაუშვებლობის გამო.

14. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ხ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. მ.ხ–ას სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ა. მ–ძის (პ/ნ .......) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 313 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2019 წლის 3 ივნისი), 70% – 219,1 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური