საქმე №ას-597-2020 10 დეკემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ა.ე. კ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ბ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების და პირგასამტეხლოს ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2017 წლის 4 იანვრიდან 2018 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით თ.ბ–ძე (შემდგომში – „მოსარჩელე“) მუშაობდა სს „ა.ე.კ“-ს (შემდგომში – „მოპასუხე“, „კომპანია“, „მოპასუხე კომპანია“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) იურისტად. მისი ხელზე ასაღები ხელფასი განისაზღვრებოდა: პირველი 6 თვე - 1300 ლარით; 2017 წლის 1 აგვისტოდან - 1500 ლარით; 2017 წლის ივნისიდან - 1800 ლარით და ამოღებული თანხების 5%-ით.
2. 2017 წლის 1 აგვისტოდან მოსარჩელე დაინიშნა იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. 2018 წლის 26 ივნისის ბრძანებით მოსარჩელეს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე ხელფასი - 1800 ლარი (ხელზე მისაღები), გაეზარდა 500 ლარით და იგი 2018 წლის 1 ივლისიდან განისაზღვრა 2300 ლარით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით - 2875 ლარი). ხელფასი უნდა ჩარიცხულიყო ყოველი თვის 25 რიცხვამდე, რასაც სარჩელში მითითებული დროის განმავლობაში მოპასუხე არღვევდა.
3. მოპასუხის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობასთან შეთავსებით დაინიშნა გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად. ამ პოზიციაზე მოსარჩელე შეთავსებით დასაქმდა 2018 წლის 29 ივნისიდან ამავე წლის 8 აგვისტოს ჩათვლით. გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის ხელფასის ოდენობა განისაზღვრებოდა თვეში 1300 აშშ დოლარით.
4. მოპასუხემ მოსარჩელეს ზიანის ანაზღაურების ანგარიშში დაუქვითა 2018 წლის სექტემბრის თვის ხელფასის 50% - 1150 ლარი (ხელზე მისაღები).
5. სარჩელში მითითებული პერიოდის განმავლობაში ხელფასის ანაზღაურება მოპასუხემ დააყოვნა ჯამში 129 დღით, რაც ამ პერიოდში მოსარჩელის საშუალო ხელფასის გაანგარიშებით შეადგენს 162 ლარსა და 54 თეთრს.
6. მოსარჩელეს არ მიუღია 2018 წლის 29 ივნისიდან ამავე წლის 8 აგვისტოს ჩათვლით იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობასთან შეთავსებით გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე მუშაობის ანაზღაურება, თვეში 1300 აშშ დოლარის ოდენობით.
7. 2018 წლის 17 დეკემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში კომპანიის მიმართ და მოითხოვა:
7.1. 2018 წლის სექტემბრის თვის ხელფასიდან დაქვითული 50%-ის - 1150 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება;
7.2. 2018 წლის 29 ივნისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულებისათვის მისაღები ხელფასის სახით 2071 აშშ დოლარისა და 43 ცენტის (5340,14 ლარის) მოპასუხისთვის დაკისრება. ასევე, მოსარჩელის მიერ 2018 წლის 29 ივნისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულებისას ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრება, 2336,31 ლარის ოდენობით;
7.3. მოპასუხისთვის 162,54 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება.
8. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
8.1. მოსარჩელე 2017 წლის 4 იანვრიდან 2018 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით მუშაობდა მოპასუხე კომპანიის იურისტად. მოსარჩელეს 2018 წლის სექტემბრის თვის ხელფასის მხოლოდ ნახევარი ჩაერიცხა. მან 27 ნოემბერს განცხადებით მიმართა კომპანიას, თუმცა პასუხი არ მიუღია;
8.2. 2018 წლის 29 ივნისიდან ამავე წლის 8 აგვისტოს ჩათვლით მოსარჩელე დაინიშნა გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად, რისთვისაც მას უნდა მიეღო ხელფასი. ამ პოზიციაზე შრომის ანაზღაურების ოდენობა შეადგენდა 1500 აშშ დოლარს, თუმცა მოსარჩელეს ამ მოვალეობის შესრულებისათვის ანაზღაურება არ მიუღია. მოსარჩელეს ასევე უნდა აუნაზღაურდეს გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულებისას ზეგანაკვეთურად ნამუშევარი 77 საათი;
8.3. მოპასუხე სისტემატურად არღვევდა ხელფასის გადახდის ვადებს, რამაც, საერთო ჯამში, 129 დაყოვნებული დღე შეადგინა. მოსარჩელის საშუალო ხელფასის - 1800 ლარის 0,07% შეადგენს 1,26 ლარს. შესაბამისად, მოპასუხემ ხელფასის დაყოვნებისთვის მოსარჩელეს 162,54 ლარი უნდა გადაუხადოს.
9. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ:
9.1. მოსარჩელე დროის მითითებულ მონაკვეთში მუშაობდა კომპანიის იურისტად და მისი ხელფასი 2018 წლის 1 ივნისიდან შეადგენდა 2300 ლარს. მოსარჩელემ ერთ-ერთ სამოქალაქო საქმეზე ვერ შეძლო კომპანიის ინტერესების დაცვა. კერძოდ, გაუშვა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა. აღნიშნულის გამო, მოპასუხე იძულებული გახდა კანონიერად დათხოვნილი პირი აღედგინა სამსახურში და მისთვის აენაზღაურებინა განაცდური ხელფასი, რითაც კომპანიას ზიანი მიადგა. აღნიშნული გარემოების გამო, კომპანიამ მოსარჩელეს ხელფასის 49% დაუკავა;
9.2. მოსარჩელე 2018 წლის 29 ივნისიდან ამავე წლის 8 აგვისტოს ჩათვლით ასრულებდა გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას, თუმცა მას შეთავსებით სამუშაოსათვის არ უნდა მიეღო ხელფასი 1500 აშშ დოლარის ოდენობით. რაც შეეხება ზეგანაკვეთურ სამუშაოს, მოსარჩელეს ზეგანაკვეთური სამუშაო არ შეუსრულებია. შესაბამისად, არ არსებობს მისი ანაზღაურების საფუძველი. არ არსებობს მხარეთა შეთანხმება ან ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ვალდებული იყო შეესრულებინა ზეგანაკვეთური სამუშაო;
9.3. მოსარჩელე 2017-2018 წლამდე პერიოდში ხელფასის რამდენიმე დღით დაყოვნების გამო ითხოვს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07%-ის, საერთო ჯამში, 162,54 ლარის მოპასუხისთვის დაკისრებას. მოსარჩელეს დავა უნდა დაეწყო მაშინ, როდესაც უფლების დარღვევის შესახებ შეიტყო. მოსარჩელეს კანონით დადგენილი წესით არ მოუთხოვია ხელფასის რამდენიმე დღით დაგვიანებით გამოწვეული ზიანის სახით 0,07%-ის გადახდა. აღნიშნულის გამო, სარჩელში მითითებულ დროის მონაკვეთში პრეტენზიის გამოუთქმელად ხელფასის მიღებით მოსარჩელემ დაადასტურა ფულადი ვალდებულების შეწყვეტის ფაქტი.
10. 2019 წლის 30 იანვრის მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ წარადგინა შუამდგომლობა კომპანიის ყოფილი გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ა.ბ–ოს მიერ თავისი სახელფასო განაკვეთის შესახებ მოსარჩელისთვის ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიწერილი ინფორმაციის დამატებითი მტკიცებულების სახით საქმისათვის დართვის თაობაზე. მოსარჩელის მითითებით, მან გაყიდვების დეპარტამენტის საქმეები ა.ბ–ოსგან გადაიბარა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ამ მტკიცებულებით დასტურდებოდა ა.ბ–ოს ზუსტი სახელფასო განაკვეთის ოდენობა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი ამცირებდა სასარჩელო მოთხოვნის ოდენობას და იგი 7501,19 ლარს შეადგენდა (იხ. ტ.1., ს.ფ. 140).
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ შრომის ანაზღაურების დავალიანების სახით დაეკისრა 8651 ლარისა და 19 თეთრის გადახდა (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 162 ლარისა და 54 თეთრის გადახდა (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
12. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.
14. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე გადაწყვეტილების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
15. სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა, მოპასუხისათვის 2018 წლის სექტემბრის თვის დაქვითული ხელფასის - 1150 ლარის ანაზღაურების დაკისრება, ასევე, მოპასუხისთვის 2018 წლის 29 ივნისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულებისათვის მისაღები ხელფასის სახით, 7501 ლარისა და 19 თეთრის ანაზღაურების დაკისრება; მოპასუხისთვის მოსარჩელის მიერ 2018 წლის 29 ივნისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულებისას ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების დაკისრება 1461 ლარისა და 68 თეთრის ოდენობით; მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს ანაზღაურების დაკისრება 162 ლარისა და 54 თეთრის ოდენობით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა შრომის ანაზღაურების დავალიანების სახით 8651 ლარისა და 19 თეთრის გადახდა (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) (1150+7501,19 ლარი). ასევე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 162 ლარისა და 54 თეთრის გადახდა (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის პრეტენზია, რომ სასამართლომ მოსარჩელე მხარეს მიაკუთვნა იმაზე მეტი, ვიდრე ის ითხოვდა.
16. სააპელაციო პალატის მითითებით, მოპასუხის სახელფასო დავალიანება მოსარჩელის მიმართ 8651,19 ლარს შეადგენდა, რაც მართებულად დაეკისრა კომპანიას.
17. სააპელაციო პალატის მითითებით, სარჩელის დავის საგანი იყო მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების გადახდის დაკისრება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი მოპასუხესთან არსებული შრომითი ურთიერთობა იყო. ამ მოცემულობაში კი, გასათვალისწინებელი იყო შრომით-სამართლებრივ დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილებას შეეხება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში დამსაქმებელს გააჩნდა მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოსათვის წარედგინა მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე არ ასრულებდა გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობებს და არ უნდა მისცემოდა გაყიდვების დეპარტამენტის უფროსისათვის დადგენილი სარგო. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების საწინაღმდეგოდ მოპასუხეს დასაბუთებული პრეტენზია არ წარუდგენია.
18. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხეს ეკისრებოდა მოსარჩელისათვის 2018 წლის 29 ივნისიდან ამავე წლის 8 აგვისტოს ჩათვლით იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობასთან შეთავსებით გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე მუშაობის ანაზღაურება, თვეში 1300 აშშ დოლარის ოდენობით, რაც ზემოაღნიშნული დროის განმავლობაში 7501 ლარსა და 19 თეთრს შეადგენდა.
19. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, შრომის ანაზღაურების ანგარიშსწორების დაყოვნებასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში (№ას-268-255-2016) არსებულ განმარტებებზე და დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დამსაქმებლის მხრიდან დარღვეული იყო სახელფასო დავალიანების გადახდის გრაფიკი. კერძოდ, სააპელაციო პალატის მითითებით, ხელფასის ანაზღაურება მოპასუხემ 129 დღით დააყოვნა, რაც ამ პერიოდში მოსარჩელის საშუალო ხელფასის გაანგარიშებით 162,54 ლარს შეადგენდა.
20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად.
21. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
21.1. მოსარჩელე სარჩელში უთითებდა, რომ გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის ხელფასი 1500 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს შეადგენდა. მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნის მიხედვით, 2018 წლის 29 ივნისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაყიდვების დეპარტამენტის უფროსისთვის დასარიცხი ხელფასი 2071,4 აშშ დოლარს (5340,14 ლარს) შეადგენდა. მოსარჩელემ აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა იმ მოტივით, რომ გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის ხელფასი აღმოჩნდა არა 1500 აშშ დოლარი, არამედ - 1300 აშშ დოლარი. მოთხოვნის შემცირების შემდეგ უნდა შემცირებულიყო 5340 ლარი. პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა მოსარჩელეს მიაკუთვნეს 7501,19 ლარი, იმაზე მეტი, ვიდრე იგი ითხოვდა;
21.2. 2018 წლის 29 ივნისიდან 8 აგვისტომდე არის 41 დღე (2+31+8=41). მოსარჩელის მითითებით, დროის ამ მონაკვეთში ერთი აშშ დოლარის ფასი იყო 2,578 ლარი. ერთ დღეში მისაღები ხელფასი არის 1300 აშშ დოლარი გაყოფილი 30 დღეზე, რაც შეადგენს 43,33 აშშ დოლარს. 41 დღეში მისაღები ხელფასი არის - 43,33 x 41 = 1776,53 აშშ დოლარი, რაც შეადგენს 1776,53 x 2,578 = 4579,89 ლარს და არა მეორე სასარჩელო მოთხოვნაში მითითებულ 5340,14 ლარს;
21.3. მოსარჩელის მითითებით, ერთი აშშ დოლარის ფასი იყო 2,578 ლარი, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ ამ ნიშნულს (2,5773) 2018 წლის 17 აგვისტოს მიაღწია, ხოლო სარჩელში მითითებულ დროის მონაკვეთში (2018 წლის 29 ივნისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით) 2,4535 – 2,4604-ის ფარგლებში მერყეობდა. 2018 წლის 29 ივნისს ერთი აშშ დოლარის ღირებულება იყო 2,4533 ლარი, ხოლო 2018 წლის 8 აგვისტოს - 2,46 ლარი. აღნიშნულის გათვალისწინებით, 1776,53 აშშ დოლარი 4370,97441 ლარს შეადგენს (1776,53 x 2,4604) (2018 წლის 29 ივნისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით ყველაზე მაღალი ნიშნულის 2,4604 გათვალისწინებით). გასაჩივრებული განჩინების მიხედვით, აღნიშნული რიცხვი 7501 ლარს შეადგენს (41-დღიანი მონაკვეთი, თვეში 1300 აშშ დოლარი, 1 აშშ დოლარის ფასი - 2,578 ლარი). ამრიგად, მოსარჩელეს მიეკუთვნა მოთხოვნილზე მეტი. მოსარჩელე მოთხოვნის შემცირებამდე (1500 აშშ დოლარის 1300 აშშ დოლარამდე შემცირებამდე) 5340,14 ლარს ითხოვდა. სასამართლომ კი 7501 ლარი მიაკუთვნა;
21.4. პირველი სასარჩელო მოთხოვნა იყო მოპასუხისთვის ნახევარი თვის ხელფასის 1150 ლარის დაკისრება. მეორე სასარჩელო მოთხოვნა იყო 5340,14 ლარისა (შეთავსებითი სამუშაოსთვის) (თვეში 1500 აშშ დოლარის ოდენობით, ერთი აშშ დოლარის ფასი - 2,578 ლარი, 2018 წლის 29 ივნისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით) და 2336 ლარის (ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ასანაზღაურებლად) მოპასუხისთვის დაკისრება. მესამე სასარჩელო მოთხოვნა იყო პირგასამტეხლოს სახით მოპასუხისთვის 162,54 ლარის დაკისრება. საერთო ჯამში - 1150 + 5340,14 + 2336 + 162,54 = 8988,68 ლარი. მოსარჩელის გაანგარიშებით მოთხოვნათა ჯამი 7988,99 ლარს შეადგენდა. მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, მიუთითა, რომ გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის ხელფასი იყო არა 1500 აშშ დოლარი, არამედ - 1300 აშშ დოლარი, თუმცა ვერ დააზუსტა რამდენით შეამცირა მოთხოვნა. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მხარის მოთხოვნა ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ნაწილში. შესაბამისად, მოთხოვნათა ჯამს - 8988,68 ლარს - უნდა გამოკლებოდა 2336 ლარი და უნდა გამოკლებოდა გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულებისთვის 41 დღეზე ხელფასი, ანუ გაანგარიშება უნდა მომხდარიყო 1500 აშშ დოლარის ნაცვლად 1300 აშშ დოლარზე. 8988,68 - 2336 = 6652,68. მოსარჩელე სარჩელის ფასად უთითებდა 7988,99 ლარს. შესაბამისად, 7988,99 - 2336 = 5652,99. ამ თანხას უნდა გამოკლებოდა იმ ოდენობის თანხა რა ოდენობითაც მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა (1300 აშშ დოლარამდე). ასეთ პირობებში, სასამართლომ მხარეს მიაკუთვნა 8651 ლარი;
21.5. მოპასუხეს არასწორად დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 162,54 ლარის გადახდა. მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხისთვის ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის 0,07%-ის დაკისრებას, 2 წლის განმავლობაში (რეგულარულად ხელფასის დაგვიანების გამო). სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის დანაწესი ვრცელდება როგორც სახელშეკრულებო, ისე კანონისმიერ ფულად ვალდებულებაზე, მათ შორის, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებებზე. სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფულადი ვალდებულება მოიცავს როგორც ძირითად ვალს, ისე ამ ფულის პროცენტსაც. ამიტომ ვალდებულება მხოლოდ მაშინ ითვლება შესრულებულად, თუ გადახდილია ძირითადი ვალიც და მისი პროცენტიც. პრაქტიკაში, როგორც წესი, შესრულების შესახებ ქვითარი ეხება მთლიანად ვალდებულებას და, არც თუ იშვიათად, არაფერს ამბობს პროცენტზე. აქვს თუ არა ასეთ შემთხვევაში კრედიტორს უფლება ცალკე მოითხოვოს პროცენტის ანაზღაურებაც? ამ კითხვაზე პასუხს იძლევა 429-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ ვალის მიღების დოკუმენტში არაფერია ნათქვამი პროცენტის შესახებ, იგულისხმება, რომ პროცენტიც გადახდილია და ფულადი ვალდებულებაც მთლიანად შეწყვეტილია. მოპასუხემ დაადასტურა, რომ ხელფასი მართლაც დაგვიანებით გაიცემოდა, თუმცა მოსარჩელე ხელფასს 2 წლის განმავლობაში იღებდა. ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტებში ხელფასის დაგვიანების გამო წარმოშობილ დავალიანებაზე არაფერი იყო ნათქვამი. შესაბამისად, იგულისხმება, რომ მოსარჩელეს მიღებული ჰქონდა პროცენტიც. მას ცალკე პროცენტის მოთხოვნის უფლება არ აქვს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხის ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის მე-2 ნაწილი ვრცელდება მხოლოდ სასესხო ურთიერთობებზე. თუ სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის მე-2 ნაწილი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულებების მიმართ, მაშინ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის მე-5 მუხლით და გამოეყენებინა ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა;
21.6. სასამართლომ უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა მოსარჩელის პირველი სასარჩელო მოთხოვნა ხელფასის 50%-ის, 1150 ლარის მოპასუხისთვის დაკისრების შესახებ. საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას მოსარჩელემ მიუთითა, რომ მან, დამსაქმებლის მითითების მიუხედავად, არ გაასაჩივრა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება, რადგან ის არ არის ადვოკატი და არ აქვს სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების უფლება (მის ამ ახსნა-განმარტებაზე არაფერია ნათქვამი სასამართლო გადაწყვეტილებებში, შესაბამისად, სასამართლოს მიერ ეს გარემოება შეფასებული არ არის). სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ორგანიზაციის წარმომადგენელს, მათ შორის, არა ადვოკატს აძლევს შესაძლებლობას მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში - იყოს წარმომადგენელი. სასამართლომ უსაფუძვლოდ ჩათვალა, რომ მოსარჩელეს შეეძლო კვალიფიციურად და ჯეროვნად შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება;
21.7. სასამართლომ არასწორად განმარტა „შეთავსების“ ცნება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას მოსარჩელე ასრულებდა დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში. მას ამ მოვალეობის დაკისრების გამო წინასწარ დაურიცხეს 500 ლარი. ორივე ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არ შეუსრულებია ზეგანაკვეთური სამუშაო. ერთი მხრივ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე კვირაში მუშაობდა 40 საათს, მეორეს მხრივ, კი დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ძირითადი სამუშაოსგან თავისუფალ დროს ასრულებდა სხვა ანაზღაურებად სამუშაოს.
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
24. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 მარტის განჩინება და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
25. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404.1. მუხლის პირველი წინადადება]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლი].
26. თავდაპირველად, საკასაციო პალატა იმსჯელებს კასატორის იმ პრეტენზიაზე, რომ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა მოსარჩელეს მიაკუთვნეს იმაზე მეტი თანხა, ვიდრე იგი სარჩელით ითხოვდა.
27. კასატორის ზემოაღნიშნული პრეტენზიის შემოწმების მიზნით საკასაციო პალატა, უპირველეს ყოვლისა, მიუთითებს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნებზე. მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა:
ა) 2018 წლის სექტემბრის თვის დაქვითული ხელფასის - 1150 ლარის მოპასუხისთვის დაკისრებას;
ბ)2018 წლის 29 ივნისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულებისათვის მისაღები ხელფასის სახით 2071 აშშ დოლარისა და 43 ცენტის (5340,14 ლარის) მოპასუხისთვის დაკისრებას. ასევე, მოსარჩელის მიერ ამ მოვალეობის შესრულებისას ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას 2336,31 ლარის ოდენობით;
გ)მოპასუხისთვის 162,54 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებას.
28. 2019 წლის 30 იანვრის მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ წარადგინა შუამდგომლობა სასარჩელო მოთხოვნის შემცირების თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, იგი სასარჩელო მოთხოვნას ამცირებდა, რადგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ ყოფილი გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის ხელფასი შეადგე.ა არა 1500 აშშ დოლარს, არამედ - 1300 აშშ დოლარს. აღნიშნულის გამო, მოსარჩელემ მოპასუხისათვის 7501,19 ლარის დაკისრება მოითხოვა (იხ. ტ.1., ს.ფ. 140; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის სხდომის ოქმი, 17:14:36-17:15:55).
29. საკასაციო პალატა ეთანხმება კასატორს, რომ გასაჩივრებული განჩინებით (რომლითაც ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება) მოპასუხეს არასწორად დაეკისრა მოსარჩელისათვის 2018 წლის 29 ივნისიდან ამავე წლის 8 აგვისტოს ჩათვლით იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობასთან შეთავსებით გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე მუშაობის ანაზღაურება 7501,19 ლარის ოდენობით.
30. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელე ამ მოვალეობის შესრულებისათვის ხელფასის სახით, აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის შემცირებამდე, მოპასუხისათვის 5340,14 ლარის დაკისრებას ითხოვდა. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ყოფილი გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის ხელფასი შეადგე.ა არა 1500 აშშ დოლარს, არამედ - 1300 აშშ დოლარს. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2018 წლის 29 ივნისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულებისთვის მოსარჩელის მიერ მისაღები ხელფასის ოდენობა უნდა გამოითვალოს შემდეგნაირად: 2018 წლის 29 ივნისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი მოიცავს 41 დღეს (29, 30 ივნისი; ივლისის 31 დღე; აგვისტოს 8 დღე). დადგენილია, რომ კომპანიაში გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის ხელფასი განისაზღვრებოდა თვეში 1300 აშშ დოლარით. შესაბამისად, ამ თანამდებობაზე 41 დღის ხელფასის ოდენობა 1776,67 აშშ დოლარია (1300 აშშ დოლარი : 30 დღეზე x 41 დღეზე), რაც 4580,25 ლარს (1776,67 აშშ დოლარი x 2,578) შეადგენს.
31. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2018 წლის 29 ივნისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულებისთვის ხელფასის სახით მოსარჩელეს უნდა მიეკუთვნოს არა 7501,19 ლარი, არამედ - 4580,25 ლარი.
32. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ ზემოაღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.
33. ევროპის სოციალური ქარტიის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის დადგენილებით) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შრომის უფლების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ ეფექტიანად დაიცვან მუშაკის მიერ ნებაყოფლობით არჩეული სამუშაოს შესრულების გზით ფულადი სახსრების გამომუშავების უფლება. მაშასადამე, ქარტია განამტკიცებს დასაქმებულის უფლებას მიიღოს ანაზღაურება შრომითი მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ, რაც უზრუნველყოფილია ეროვნული კანონმდებლობითაც. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
34. საქმის მასალებით დადგენილია და არც მოპასუხეს გაუხდია სადავოდ, რომ მოპასუხის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობასთან შეთავსებით დაინიშნა გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად. ამ პოზიციაზე მოსარჩელე შეთავსებით დასაქმდა 2018 წლის 29 ივნისიდან ამავე წლის 8 აგვისტოს ჩათვლით. დადგენილია ასევე, რომ გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის ხელფასის ოდენობა განისაზღვრებოდა თვეში 1300 აშშ დოლარით. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს დაეკისრა ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება, ივარაუდება, რომ მას უნდა მიეღო შესაბამისი თანამდებობრივი სარგოც. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი კი მოპასუხე მხარეს ეკისრება, რაც მან სათანადოდ ვერ გასწია და სასამართლოს საკუთარი პოზიციის დამადასტურებელი სარწმუნო მტკიცებულებები ვერ წარუდგინა.
35. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მოსარჩელეს გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულებისთვის წინასწარ დაურიცხეს 500 ლარი.
36. საქმის მასალებით, მართალია, დადგენილია, რომ 2018 წლის 26 ივნისის ბრძანებით მოსარჩელეს ხელფასი - 1800 ლარი (ხელზე მისაღები), გაეზარდა 500 ლარით და იგი 2018 წლის 1 ივლისიდან განისაზღვრა 2300 ლარით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით - 2875 ლარი). თუმცა აღნიშნული ბრძანებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეს ხელფასი გაეზარდა იურიდიული დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე. ბრძანებაში მითითებული არ არის, რომ ხელფასის გაზრდა გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულებას უკავშირდებოდა (იხ. ტ.1., ს.ფ. 66). საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელეს ხელფასი 2018 წლის 26 ივნისის ბრძანებით გაეზარდა. ბრძანებით განისაზღვრა, რომ მოსარჩელეს ხელფასი 2018 წლის პირველი ივლისიდან გაეზრდებოდა. რაც შეეხება გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულებას, მოსარჩელეს აღნიშნული მოვალეობა 2018 წლის 28 ივნისის ბრძანებით დაეკისრა, 2018 წლის 29 ივნისიდან (იხ. ტ.1., ს.ფ. 69). ამრიგად, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მოსარჩელის ხელფასის გაზრდა მისთვის გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულების დაკისრებამ განაპირობა.
37. კასატორი მის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ მოსარჩელის განმარტებით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2,578 ლარს შეადგენდა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. კასატორის მითითებით, ერთი აშშ დოლარის ფასმა ამ ნიშნულს (2,5773) 2018 წლის 17 აგვისტოს მიაღწია, ხოლო 2018 წლის 29 ივნისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით იგი 2,4535 – 2,4604-ის ფარგლებში მერყეობდა.
38. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით მოპასუხეს არც შესაგებლით და არც მოსამზადებელ სხდომაზე კვალიფიციური შედავება არ განუხორციელებია (იხ. შესაგებელი, ტ.1., ს.ფ. 115-124).
39. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს.
40. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული (კვალიფიციური) შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“ (იხ. სუსგ საქმე №ას-201-2019, 8 მაისი, 2019 წელი).
41. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, რადგან მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებლით სარჩელში მითითებული გარემოება ვალუტის კურსთან დაკავშირებით შედავებული არ ყოფილა, იგი დადგენილად ითვლება.
42. საკასაციო პალატა კასატორის ვერც იმ პრეტენზიას გაიზიარებს, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა მოსარჩელის პირველი სასარჩელო მოთხოვნა ხელფასიდან დაქვითული 50%-ის, 1150 ლარის მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე.
43. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების განსაზღვრის შემდეგ სასამართლომ უნდა განსაზღვროს სადავო და უდავო ფაქტები. სადავო ფაქტები მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს წარმოადგენს და მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესიც სწორედ აქ ჰპოვებს გამოვლინებას. სასამართლომ, როგორც საპროცესო საქმიანობის სუბიექტმა, მტკიცების ტვირთი იმგვარად უნდა გაანაწილოს, რომ საფრთხე არ შეექმნას მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი უფლების რეალიზაციას. მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პროცესუალური წესი მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემული მუხლის საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლთან ერთობლიობაში განხილვის შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ მხარეს, რომელმაც სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, აწევს როგორც ამ მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ანუ მტკიცებულებების წარდგენის ტვირთი (იხ. სუსგ საქმე №ას-1485-1401-2012, 2013 წლის 11 ნოემბერი).
44. მხარეთა მიერ მტკიცების ტვირთის რეალიზებასა და მტკიცების საგნის განსაზღვრას ახასიათებს მჭიდრო ურთიერთკავშირი, რადგანაც სასამართლოში ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა დაკავშირებულია განსაზღვრული ფაქტების დადგენასთან. სწორედ ამიტომ მტკიცების საგანს პროცესუალურ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა. ასეთივე პრინციპული მნიშვნელობის მქონეა პროცესუალური საკითხი მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების შესახებ. სამოქალაქო სამართალწარმოებაში არსებობს მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური და ზოგადი წესები. ზოგიერთ შემთხვევაში მტკიცების ტვირთის განაწილების წესები ჩამოყალიბებულია მატერიალურ-სამართლებრივ ნორმებში და გამოხატულია იმპერატიული ფორმით. მატერიალური კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზოგიერთ საგამონაკლისო შემთხვევებში, ფაქტების მითითების ტვირთი და დამტკიცების ტვირთი ერთმანეთს უნდა გაემიჯნოს. ეს ის საგამონაკლისო შემთხვევებია, როდესაც სამართალწარმოება ძირითადად მოწინააღმდეგე მხარის მტკიცების ტვირთი უნდა იყოს (იხ. სუსგ საქმე №ას-1020-963-2015, 2015 წლის 25 ნოემბერი).
45. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შრომით-სამართლებრივ დავებთან დაკავშირებულ საქმეებში არაერთხელ აქვს განმარტებული, რომ აღნიშნულ დავებში მტკიცების ტვირთის განაწილება გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში სწორედ დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს მოსარჩელისათვის ხელფასის დაქვითვის კანონიერება.
46. ერთ-ერთ საქმეში საკასაციო პალატის განმარტების თანახმად: „დასაქმებულის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომის გამოყენების (მაგალითად, შენიშვნა, გაფრთხილება, ხელფასის დაქვითვა და ა.შ.) თაობაზე დამსაქმებელმა აუცილებლად უნდა გამოსცეს შესაბამისი აქტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების თარიღი, დისციპლინური პასუხისმგებლობის კონკრეტული ფაქტობრივი საფუძველი, ანუ ობიექტური გარემოებები, რომლებიც ადასტურებს დასაქმებულის მიერ შრომის დისციპლინის დარღვევას ან შრომის ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობების შეუსრულებლობას (არაჯეროვან შესრულებას), ასევე, მითითებული უნდა იყოს ის კონკრეტული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, რომელიც დამსაქმებელმა ამ დარღვევისთვის განუსაზღვრა დასაქმებულს, აქტი დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ უნდა იყოს დადასტურებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და იგი ჩაბარებული უნდა ჰქონდეს დასაქმებულს, რომელსაც კანონის შესაბამისად, შესაძლებლობა აქვს დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს მის მიმართ გამოყენებულ დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე გამოცემულ აქტს“ (იხ. სუსგ საქმე №ას-249-236-2015, 20 ივლისი, 2015 წელი).
47. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მიმართ გაატაროს შესაბამისი დისციპლინური ღონისძიება ან/და მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა. წინააღმდეგ შემთხვევაში ივარაუდება, რომ დასაქმებული ჯეროვნად ასრულებდა შრომითი ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს (იხ. სუსგ საქმე № ას-366-340-2017, 19 ივლისი, 2018 წელი).
48. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელისთვის ხელფასის დაქვითვის საფუძველი მის მიერ, დამსაქმებლის მითითების მიუხედავად, ერთ-ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გაშვება გახდა. თუმცა მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომის გამოყენების დამადასტურებული დოკუმენტი სასამართლოსათვის არ წარუდგენია. მან ვერც იმ გარემოების დადასტურება შეძლო, რომ მოსარჩელე ინფორმირებული იყო მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით ხელფასის დაქვითვისა და შესაბამისი მიზეზების თაობაზე. გარდა ამისა, მოპასუხემ სარწმუნო მტკიცებულებების წარდგენის გზით მოსარჩელის მიერ კომპანიისთვის ზიანის მიყენების ფაქტიც ვერ დაამტკიცა. ამრიგად, მოპასუხის მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტება, რომ მოსარჩელისთვის ხელფასის დაქვითვა ამ უკანასკნელის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გაშვებამ და კომპანიისთვის ზიანის მიყენებამ განაპირობა, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, მოპასუხის მოქმედების მართლზომიერებას ვერ ადასტურებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა 2018 წლის სექტემბრის თვის ხელფასიდან დაქვითული 1150 ლარის ანაზღაურება.
49. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას ვერც იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ არასწორად დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 162,54 ლარის გადახდა.
50. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად (სშკ-ის ამჟამინდელი რედაქციით 41-ე მუხლი), შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით და დამსაქმებელი ვალდებულია, რომ ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07%. აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა იმ შემთხვევაში, თუ გამოვლენილია დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობა, ანუ - ხელშეკრულების მოქმედების (არსებობის) პერიოდში დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის ამ უკანასკნელის მუშაობის გამო ხელფასის (ანაზღაურების) გადახდის ვალდებულების არსებობა და მისი გადახდის დაგვიანება (დაყოვნება) და/ან საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობა (იხ. სუსგ საქმე №ას-461-429-2017, 10 ნოემბერი, 2017 წელი).
51. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც კასატორი თავად ადასტურებს მოსარჩელისათვის ხელფასის დაგვიანებით გადახდის ფაქტს, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია, რომ მისთვის პირგასამტეხლოს სახით თანხის დაკისრების საფუძველი არ არსებობდა.
52. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის მეორე ნაწილის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე კასატორის მსჯელობას (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 21.5 ქვეპუნქტი) და მიუთითებს, რომ ამგვარი განმარტება ეწინააღმდეგება საქართველოს შრომის კოდექსის 31.3 მუხლის (სშკ-ის ამჟამინდელი რედაქციით 41.4 მუხლის) მიზანს. დასაქმებულის უფლებას მოითხოვოს დამსაქმებლისაგან სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის ანაზღაურება, მის მიერ დაყოვნებული ხელფასის მიღებისთანავე შესაბამისი პრეტენზიის გამოუთქმელობა ვერ გააქარწყლებს.
53. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ხელფასის დაყოვნების გამო პირგასამტეხლოს სახით მართებულად დაეკისრა 162,54 ლარის ანაზღაურება.
54. საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები [სსსკ-ის 411-ე მუხლი]. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ამგვარი საფუძვლები და არ არის საჭირო მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
55. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-5 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ შრომის ანაზღაურების დავალიანების სახით უნდა დაეკისროს 2018 წლის სექტემბრის თვის დაქვითული ხელფასის - 1150 ლარისა და 2018 წლის 29 ივნისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულებისთვის მისაღები ხელფასის - 4580,25 ლარის, საერთო ჯამში, 5730,25 ლარის გადახდა.
56. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
57. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად - 262,88 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხეს, სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად - 163,57 ლარის ოდენობით.
58. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თანდართული მტკიცებულება (ინფორმაცია სტატისტიკის დეპარტამენტის საიტიდან), მთლიანობაში „2“ ფურცლად (ტ. 1. ს.ფ. 352-353).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სს „ა.ე. კო.“-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 მარტის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-5 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. სს „ა.ე. კ.“-ს თ.ბ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს შრომის ანაზღაურების დავალიანების სახით 5730,25 ლარის გადახდა (საშემოსავლო გადასახადის გარეშე);
4. თ.ბ–ძეს (პ/ნ:.....) სს „ა.ე. კ“-ს (ს/კ: ....) სასარგებლოდ დაეკისროს 262,88 (ორას სამოცდაორი ლარი და ოთხმოცდარვა თეთრი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
5. სს „ა.ე. კ“-ს (ს/კ: ....) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაეკისროს 163,57 (ას სამოცდასამი ლარი და ორმოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარის გადახდა;
6. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად;
7. სს „ა.ე. კ“-ს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება (ინფორმაცია სტატისტიკის დეპარტამენტის საიტიდან), მთლიანობაში „2“ ფურცლად (ტ. 1. ს.ფ. 352-353);
8. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი