Facebook Twitter

საქმე №ას-1643-2018 5 მარტი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „გ–ო“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – შპს „ლ–ა“, დ.გ–ა (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „გ–ოს“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“), შპს „ლ–ასა“ (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“) და დ.გ–ას (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) შორის 2012 წლის 05 მაისს დაიდო თანამშრომლობისა და ნასყიდობის ხელშეკრულება.

2. აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელემ 2014 წლის 03 მარტს სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა პირველი მოპასუხისათვის 85305,80 ლარის დაკისრება.

3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 12 ივნისის განჩინებით და შევიდა კანონიერ ძალაში.

4. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიზნით, მოსარჩელემ მიმართა სააღსრულებო ბიუროს და 2015 წლის 21 დეკემბერს, სარჩელის აღძვრიდან 20 თვის შემდეგ, მიიღო 90132,27 ლარი, რომელიც მოიცავდა, როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებულ ძირითად თანხას, ასევე, საპროცენტო სარგებელს 2014 წლის 03 მარტამდე.

5. სს „ს.ბ–ის“ მიერ გაცემული ცნობის თანახმად, 2014 წლის 03 მარტს იურიდიული პირის ლარის ვადიან ანაბარზე, სარგებლის ვადის ბოლოს გატანის შემთხვევაში, 21 თვეზე, 630-713 დღემდე სარგებელი შეადგენდა 20%-ს. შესაბამისად, 2014 წლის 03 მარტიდან 2015 წლის 21 დეკემბრამდე 85305,80 ლარის 658 დღით განთავსების შემთხვევაში, ვადიან ანაბარზე საპროცენტო სარგებელი იქნებოდა 14148,14 ლარი.

6. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეთა მიმართ და მოითხოვა მათთვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის - 14 148 ლარის დაკისრება.

7. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეებს დროულად რომ შეესრულებინათ ვალდებულება და გადაეხადათ 85305,80 ლარი, იგი შეძლებდა აღნიშნული თანხა განეთავსებინა სს „ს.ბ–ში“ ვადიან ანაბარზე საპროცენტო სარგებლის ვადის ბოლოს გატანით და 2014 წლის 03 მარტიდან 2015 წლის 21 დეკემბრამდე მიეღო საპროცენტო სარგებელი 14 148,14 ლარის ოდენობით.

8. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

9. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 3010,24 ლარის გადახდა.

10. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 03 აგვისტოს, მოპასუხისათვის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული ვალდებულების შესრულების მომენტად უნდა მიჩნეულიყო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე - 2015 წლის 03 აგვისტო. შესაბამისად, მიუღებელი შემოსავლის ოდენობა უნდა გამოთვლილიყო არა 2014 წლის 03 მარტიდან, არამედ 2015 წლის 03 აგვისტოდან, ანუ მას შემდეგ, რაც მოპასუხეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოეშვა თანხის გადახდის ვალდებულება. ამდენად, თუკი 2014 წლის 03 მარტიდან 2015 წლის 21 დეკემბრამდე (658 დღე) მოსარჩელე მიიღებდა საპროცენტო სარგებელს 14148,14 ლარის ოდენობით, 2015 წლის 03 აგვისტოდან 2015 წლის 21 დეკემბრამდე (140 დღე) მისაღები თანხა პროპორციულად შეადგენდა 3010,24 ლარს.

11. მოსარჩელემ და პირველმა მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივრები.

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 08 მაისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილება; პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება, ვინაიდან აპელანტმა უარი თქვა სააპელაციო საჩივარზე.

13. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში სადავოა მხარეთა შორის 2012 წლის 05 მაისს დადებული ნასყიდობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 85305,80 ლარის დროულად გადაუხდელობის გამო წარმოშობილი მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ფაქტობრივი საფუძველი და პერიოდი.

14. სააპელაციო პალატის განმარტებით, ვინაიდან, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 01 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული როგორც ძირითადი დავალიანების, ისე ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, იმავე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, თუნდაც სხვა პერიოდზე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა არ შეიძლება განმეორებით გახდეს იმავე მხარეებს შორის სასამართლოს მსჯელობის საგანი.

15. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მან იმსჯელა გადაწყვეტილების აღუსრულებლობით წარმოშობილ ზიანზე. თუმცა, ვინაიდან გადაწყვეტილებას აპელანტის საუარესოდ ვერ შეაბრუნებდა, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

16. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. მან მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

17. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

17.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლი. მოსარჩელეს სარჩელი არ აღუძრავს იმავე სასარჩელო მოთხოვნით. 17.03.2014წ. და 26.01.2017წ. მის მიერ აღძრული სარჩელები განსხვავებული მოთხოვნებით იყო წარდგენილი;

17.2. მოსარჩელის მოთხოვნის არსი მდგომარეობს შემდეგში: პირველ მოპასუხეს ვალდებულება დროულად რომ შეესრულებინა და სარჩელის აღძვრის დროისათვის გადაეხადა 85305,80 ლარი, მოსარჩელე ამ თანხას ვადიან ანაბარზე განათავსებდა და მიიღებდა საპროცენტო სარგებელს (658 დღე) 14148,14 ლარის ოდენობით, რაც ვერ განახორციელა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო;

17.3. მოსარჩელე 2014 წლის 17 მარტს სასამართლოში წარდგენილი სარჩელით ითხოვდა ნასყიდობის საფასურის გადახდისათვის დადგენილ სახელშეკრულებო პროცენტს, ნასყიდობის საფასურის განაწილვადებით გადახდის სამაგიერო შესრულებას (რომელიც დაანგარიშდა 03.03.2014 წლამდე) და არა პროცენტს ზიანის ანაზღაურებისათვის. აღნიშნული საპროცენტო სარგებლის გადახდა მოპასუხეს მოუწევდა მაშინ, თუ ის განაწილვადებულ ნასყიდობის საფასურს დროულად გადაიხდიდა, ხოლო 2017 წლის 26 იანვარს აღძრული სარჩელით მოთხოვნილია ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით;

17.4. მოპასუხეებს ვადაგადაცილება გააჩნდათ 28.07.2013წ.-დან (არაუგვიანეს 17.03.2014წ.-დან), თუმცა, ვინაიდან 21.12.2015წ. მოხდა მოსარჩელისათვის სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის გადახდა, მოპასუხეები ვალდებულები არიან გადაიხადონ მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი - 14 148,14 ლარის ოდენობით;

17.5. მართალია, პირველმა მოპასუხემ უარი თქვა სააპელაციო საჩივარზე, თუმცა მისმა წარმომადგენელმა დააფიქსირა თავისი პოზიცია და განაცხადა, რომ სრულად ეთანხმებოდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილებას. ამდენად, მან ფაქტობრივად აღიარა ვალდებულების წარმოშობის ფაქტი, რაც კიდევ ერთ არგუმენტს წარმოადგენდა საჩივრის დასაკმაყოფილებლად, თუმცა სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულზე ყურადღება არ გაუმახვილებია.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 05 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

23. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.

24. კასატორის პრეტენზია კანონის არასწორ გამოყენებას ემყარება. მისი მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლით. კერძოდ, განსახილველი სარჩელით იგი ითხოვს მიუღებელ შემოსავალს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, ხოლო 17.03.2014წ. აღძრული სარჩელით იგი ითხოვდა 05.05.2012წ. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს.

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების, როგორც მართლმსაჯულების აქტის დანიშნულებაა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა შორის დავების გადაწყვეტა. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ იგი საბოლოო, სავალდებულო და შეუქცევად ხასიათს იძენს. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერი ძალა იურიდიული წესრიგის სიმტკიცეს უზრუნველყოფს, ანუ სასამართლოს მიერ საბოლოოდ და შეუცვლელად დადასტურებული ფაქტებისა და სამართლებრივი ურთიერთობების, ასევე, მათგან გამომდინარე სუბიექტური უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების სტაბილურობასა და მდგრადობას, შესაბამისად, სასამართლოს მიერ მათ რეალურ დაცვას.

27. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა ორ პრინციპს უკავშირდება: პირველი ეს არის „დავა გადაწყვეტილია“ (Res Juticata), რომელიც მართლმსაჯულების ფუნდამენტური პრინციპია და მეორე - ფაქტების პრეიუდიცია (collateral estopel, issue preclusion). დოქტრინა - „დავა გადაწყვეტილია“ ერთხელ უკვე განხილული სარჩელის ხელახალ განხილვას გამორიცხავს. სასამართლოს მიერ უკვე განხილულ და გადაწყვეტილ დავაზე სამართალწარმოება აღარ გაიმართება, სარჩელი აღარ მიიღება არსებითად განსახილველად სწორედ იმიტომ, რომ სასამართლომ ამ საკითხზე უკვე მიიღო საბოლოო და შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილება. მეორე პროცესუალურ-სამართლებრივი პრინციპი - პრეიუდიცია სასამართლოს მიერ ერთ საქმეზე უკვე განხილული საკითხის ხელახალ განხილვას კრძალავს, კერძოდ, გამორიცხავს იმ ფაქტების ხელახალ დადგენას, რაც დამტკიცებულია სხვა საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (იხ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, რჩეული მუხლები, თბილისი 2020, გვ. 989-990).

28. განსახილველ საქმეში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება 03.03.2014წ.-დან ფოთის საქალაქო სასამართლოს 01.08.2014წ. გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 21.12.2015წ.-მდე. ამასთან, დადგენილია, რომ დასახელებული გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა და პირველ მოპასუხეს დაეკისრა 85305,80 ლარის გადახდა, რაც მოიცავდა, როგორც ძირითად დავალიანებას, ასევე, საპროცენტო სარგებელს 03.03.2014წ.-მდე. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული საპროცენტო სარგებელი იყო ხელშეკრულებით შეთანხმებული პროცენტი ნასყიდობის საფასურის ნაწილ-ნაწილ გადახდისათვის და არა პროცენტი ზიანის ანაზღაურებისათვის.

29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით რეგლამენტირებულია დისპოზიციურობის პრინციპი. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ (დისპოზიციურობის პრინციპი).

30. ამდენად, მხარე თვითონ იღებს გადაწყვეტილებას რა სახის და რა მოცულობის მოთხოვნა (სარჩელი/განცხადება) წარადგინოს ვალდებული პირის მიმართ, ამასთან, მოითხოვოს მხოლოდ ძირითადი ვალდებულების შესრულება, თუ მასთან დაკავშირებული (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამატებითი ვალდებულებების შესრულება ან/და ზიანის ანაზღაურება. აღსანიშნავია ისიც, რომ სახელშეკრულებო სამართალში დამატებითი ვალდებულებების ან/და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ყოველთვის ნაწარმოებია და დაკავშირებულია ძირითად ვალდებულებასთან. შესაბამისად, თუკი არ არსებობს ძირითადი ვალდებულება, მაშინ არ წარმოიშობა არც დამატებითი ვალდებულებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.

31. საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხეთათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება 03.03.2014წ.-დან 21.12.2015წ.-მდე პერიოდში, აღნიშნული მოიცავს, როგორც ფოთის საქალაქო სასამართლოს 01.08.2014წ. გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან (03.08.2015წ.) აღსრულებამდე, აგრეთვე გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე პერიოდს.

32. ზემოაღნიშნული მჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანი, მიუღებელი შემოსავალი შეეძლო მოეთხოვა 17.03.2014წ. აღძრული სარჩელით, ვინაიდან მისთვის ამ დროისათვის უკვე ცხადი იყო ზიანის ანაზღაურების წინაპირობების შესახებ, თუმცა, მას ეს არ გაუკეთებია. აღნიშნული სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა მხოლოდ ნასყიდობის საფასურისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის დაკისრება, რაც გულისხმობს იმას, რომ მოსარჩელემ კონკლუდენტურად გამოხატული ნებით უარი განაცხადა სხვა (სავარაუდო) მოთხოვნებზე, რაც ძირითადი ვალდებულებიდან შეიძლება წარმოშობილიყო.

33. აღნიშნულის სხვაგვარი განმარტება ეწინააღმდეგება სამოქალაქო კანონმდებლობაში დამკვიდრებულ კეთილსინდისიერების სტანდარტს. მას შემდეგ, რაც ძირითად ვალდებულებასთან დაკავშირებული დავა გადაწყდება და გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში, მოპასუხეს აღარ უნდა ჰქონდეს მოლოდინი იმისა, რომ კრედიტორმა შესაძლოა კვლავ მიმართოს სასამართლოს ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე რაიმე მოთხოვნით.

34. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელეს 03.03.2014წ.-დან 03.08.2015წ.-მდე მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე სარჩელი, ფაქტობრივად, აღძრული აქვს იგივე მოთხოვნებით და იმავე საფუძვლით, რაც 17.03.2014 წელს, ვინაიდან ფოთის საქალაქო სასამართლომ 01.08.2014წ. გადაწყვეტილებით უკვე იმსჯელა ძირითად ვალდებულებაზე, ხოლო მოსარჩელეს მიუღებელი შემოსავალი აღნიშნული სარჩელით არ მოუთხოვია.

35. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა 03.03.2014წ.-დან 03.08.2015წ.-მდე მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ნაწილში დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას კანონის არასწორ გამოყენებასთან დაკავშირებით.

36. რაც შეეხება 03.08.2015წ.-დან 21.12.2015წ.-მდე მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან ფოთის საქალაქო სასამართლოს 01.08.2014წ. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 01 აგვისტოს, მოპასუხეს ამ პერიოდიდან წარმოეშვა გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდის ვალდებულება და მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ალბათობა მისთვის ამ პერიოდში სავარაუდო იყო. ამასთან, ვარაუდი, რომ მოპასუხე სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებულ ვალდებულებას ნებაყოფლობით შეასრულებდა, ყოველთვის არსებობს.

37. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Totalreparation-ის პრინციპი). ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს (იხ. საქმე №ას-929-869-2017, 27 დეკემბერი, 2017 წელი).

38. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორს, რომ ამ პერიოდისათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრების შესახებ სარჩელი არ წარმოადგენს იმავე სარჩელს, იმავე საფუძვლებით, რასაც 17.03.2014წ. სარჩელი. თუმცა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილებულია, ხოლო გადაწყვეტილება ჯერ სააპელაციო, ხოლო შემდგომ საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული იყო მხოლოდ მოსარჩელის მიერ. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე საკასაციო სასამართლო დამატებით არ იმსჯელებს.

39. საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას, რომ პირველმა მოპასუხემ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმით, ფაქტობრივად, აღიარა ვალდებულების წარმოშობის ფაქტი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა წარმოადგენს მხარის საპროცესოსამართლებრივ უფლებას და მისი განხორციელება არ გულისხმობს დავასთან დაკავშირებული რაიმე უფლების ან/და ფაქტის დადასტურებას ან/და უარყოფას.

40. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

41. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

42. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ. სუსგ საქმე №ას-929-869-2017, 27 დეკემბერი, 2017 წელი; №ას-250-250-2018, 15 ივნისი, 2018 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

44. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 556,90 ლარის 70% – 389,83 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „გ–ოს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს შპს „გ–ოს“ (ს/კ: .....) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 17 ივლისის №11 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 556,90 ლარის 70% – 389,83 (სამას ოთხმოცდაცხრა ლარი და ოთხმოცდასამი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე