საქმე №ას-25-2019 22 ივლისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორი - გ.შ–ა (მოპასუხე)
II საკასაციო საჩივრის ავტორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინება
I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „გამყიდველი“ ან „მეორე კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.შ–ას (შემდგომში - „მოპასუხე“, „მყიდველი“ ან „პირველი კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს დაეკისროს: 30.01.2010წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ნასყიდობის ფასის დათქმულ ვადაში გადაუხდელობის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს - 24 840 ლარის გადახდა; 19.04.2011წ. ხელშეკრულების საპრივატიზებო საფასურის დათქმულ ვადაში გადაუხდელობის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს - 50 585,28 ლარის გადახდა.
2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2.1. ქ. თბილისის მთავრობასა და მოპასუხეს შორის 2010 წლის 30 იანვარს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ...... მდებარე 714 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები N1 და N2, საერთო ფართობით 400,77 კვ.მ., N3, საერთო ფართობით 23,19 კვ.მ. (ს.კ. №.....); ასევე, ქ. თბილისში, ....... მდებარე 1 567 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1, საერთო ფართობით 717,36 კვ.მ. და N3, საერთო ფართობით 26,5 კვ.მ. (ს.კ....). ნასყიდობის საფასური, 345 000 ლარი მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის ვადაში;
2.2. მოპასუხემ განცხადებებით მიმართა ქ. თბილისის მერს და მოითხოვა ახალი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება, ახალი საპრივატიზებო პირობებით;
2.3. ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 28 მარტის დადგენილებით მოიშალა 2010 წლის 30 იანვრის ხელშეკრულება და მოპასუხეს დაევალა ნასყიდობის საფასურის დათქმულ ვადაში გადაუხდელობის გამო წარმოშობილი პირგასამტეხლოს - 24 840 ლარის გადახდა, 2011 წლის 25 დეკემბრამდე (პირგასამტეხლოს დარიცხვა განხორციელდა 2011 წლის 31 იანვრიდან 2011 წლის 13 აპრილის ჩათვლით), თუმცა მოპასუხეს არ შეუსრულებია აღნიშნული ვალდებულება;
2.4. ქ. თბილისის მთავრობასა და მოპასუხეს შორის 2011 წლის 19 აპრილს გაფორმდა უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს საკუთრებაში გადაეცა წინამდებარე განჩინების 2.1. პუნქტში მითითებული უძრავი ქონება. მყიდველს საპრივატიზებო საფასური, 320 160 ლარი უნდა გადაეხადა 2011 წლის 25 დეკემბრამდე;
2.5. მყიდველმა დადგენილ ვადაში არ გადაიხადა საპრივატიზებო საფასური, რის გამოც მას დაეკისრა პირგასამტეხლო - 50 585,28 ლარის ოდენობით. პირგასამტეხლოს დარიცხვა განხორციელდა 2011 წლის 25 დეკემბრიდან 2012 წლის 31 მაისის ჩათვლით (2012 წლის 31 მაისს მოიშალა აღნიშნული ხელშეკრულება).
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა შემდეგი:
3.1. 2010 წლის 30 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებით პირობას, ნასყიდობის საფასურის გადახდასთან ერთად, წარმოადგენდა სახანძრო ობიექტის (500 კვ.მ. ფართობით და 64 კვ.მ. აუზით) აშენება ქ. თბილისში, .... და ..... ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. ამისათვის მოპასუხეს, ხელშეკრულების შესაბამისად, უნდა გადასცემოდა ქ. თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურთან და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებული პროექტი, მშენებლობის ნებართვა და მიწის ნაკვეთი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხეს არ შეეძლო სახანძრო უსაფრთხოების რაიმე ობიექტის მშენებლობა, თუნდაც ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის შემთხვევაში;
3.2. მოპასუხეს სამშენებლო პროექტი ჩაბადა 2010 წლის დეკემბერში, მშენებლობისათვის გათვალისწინებული ნახევარი ვადის გასვლის შემდეგ. ამასთან, პროექტით ნაცვლად 500 კვ.მ. შენობის აშენებისა, გათვალისწინებული იყო 700 კვ.მ. შენობის აშენება, რითაც, ცხადია, მნიშვნელოვნად ძვირდებოდა მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯები;
3.3. გარდა ამისა, მერიამ ვერ უზრუნველყო სახანძრო ობიექტის ასაშენებლად საჭირო მიწის ნაკვეთის შერჩევა და შეთანხმება ..... ქუჩაზე;
3.4. შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა არ მომხდარა მოპასუხის ბრალით, არამედ აღნიშნული განპირობებული იყო თავად მოსარჩელის ბრალით, რის გამოც პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს მოპასუხეს;
3.5. მოპასუხემ, ასევე, მიუთითა, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა - 25 000 ლარის გადახდა.
5. მხარეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივრები.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2010 წლის 30 იანვარს გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს საკუთრებაში გადაეცა შემდეგი უძრავი ქონება: 1) ქ. თბილისში, ...... მდებარე 714 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები №1 და №2, საერთო ფართობით 400,77 კვ.მ., №3, საერთო ფართობით 23,19 კვ.მ. (ს.კ. №.......); 2.) ქ. თბილისში, ....... (ნაკვეთი ....) მდებარე 1567 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1, საერთო ფართობით 717,36 კვ.მ. (მათ შორის, პირველი სართული, საერთო ფართობით 370,81 კვ.მ.; მე-2 სართული, საერთო ფართობით 346,55 კვ.მ.) და ნაგებობა №3, საერთო ფართობით 26,5 კვ.მ. (ს.კ. №.....). ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, ნასყიდობის საგნები გაიყიდა 345 000 ლარად და თანხის გადახდის საბოლოო ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების დადებიდან ერთი წელი;
7.2. 30.01.2010წ. ხელშეკრულების 4.3 პუნქტის თანახმად, ერთ-ერთ საპრივატიზებო პირობად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში, ქ. თბილისში, ...... და ...... ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს.კ. №.......), სახანძრო განყოფილების განთავსების მიზნით, 500 კვ.მ. შენობისა (ცალკე მისასვლელი გზით) და სახანძრო აუზის (ფართობი 8X8) აშენება;
7.3. 30.01.2010წ. ხელშეკრულების 4.7 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების დამატებითი 3 თვიანი ვადის დარღვევის შემთხვევაში, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება. ამასთან, მყიდველს საკუთრებიდან ჩამოერთმეოდა ხელშეკრულებით გადაცემული ქონება და განხორცილებული ინვესტიცია, ხოლო გადახდილი თანხა უკან არ დაუბრუნდებოდა. გამყიდველს, ასევე, რჩებოდა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;
7.4. 30.01.2010წ. ხელშეკრულების 5.2. პუნქტის თანახმად, გამყიდველის ვალდებულებად განისაზღვრა ქ. თბილისში ..... და ..... ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს.კ. №......) სახანძრო განყოფილების განთავსების მიზნით, 500 კვ.მ. შენობისა (ცალკე მისასვლელი გზით) და სახანძრო აუზის (ფართობი 8X8) პროექტის მომზადება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურთან და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებით;
7.5. 30.01.2010წ. ხელშეკრულების 7.3 პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო ნასყიდობის თანხის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
7.6. ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 28 მარტის №07.53.280 დადგენილებით მოიშალა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2010 წლის 30 იანვარს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და მოპასუხეს დაევალა 2011 წლის 25 დეკემბრამდე გადაეხადა ნასყიდობის ფასის დათქმულ ვადაში გადაუხდელობის გამო წარმოშობილი პირგასამტეხლო;
7.7. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2011 წლის 13 აპრილს გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმად მოპასუხეს დაეკისრა ვალდებულება 2011 წლის 25 დეკემბრამდე გადაეხადა 2010 წლის 30 იანვრის ხელშეკრულებით განსაზღვრული ნასყიდობის ფასის დათქმულ ვადაში გადაუხდელობის გამო წარმოშობილი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 24 840 ლარით;
7.8. ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 15 აპრილის №08.46.329 დადგენილებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოპასუხესთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა 2011 წლის 06 მაისის განკარგულებით განაცხადა თანხმობა;
7.9. ქ. თბილისის მთავრობასა და მოპასუხეს შორის 2011 წლის 19 აპრილს გაფორმდა უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მყიდველს საკუთრებაში გადაეცა: ქ. თბილისში, ...... მდებარე 714 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები №1 და №2, საერთო ფართობით 400,77 კვ.მ., №3, საერთო ფართობით 23,19 კვ.მ. (ს.კ. №.....) და ქ. თბილისში, ..... (ნაკვეთი .....) მდებარე 1567 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1, საერთო ფართობით 717,36 კვ.მ. (მათ შორის პირველი სართული, საერთო ფართობით 370,81 კვ.მ.; მე-2 სართული, საერთო ფართობით 346,55 კვ.მ.) და ნაგებობა №3, საერთო ფართობით 26,5 კვ.მ. (ს.კ. №......). საპრივატიზაციო თანხად განისაზღვრა 320 160 ლარი;
7.10. 19.04.2011წ. ხელშეკრულების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვრა: 1. საპრივატიზებო საფასურის გადახდა 2011 წლის 25 დეკემბრამდე; 2. 30.01.2010წ. ხელშეკრულებით განსაზღვრული ნასყიდობის ფასის დათქმულ ვადაში გადაუხდელობის გამო წარმოშობილი პირგასამტეხლოს - 24 840 ლარის გადახდა 2011 წლის 25 დეკემბრამდე; 3. ქ. თბილისში, ..... და ..... ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს.კ. №......) ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურთან და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოსთან შეთანხმებული, შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით აღჭურვილი 500 კვ.მ. შენობა-ნაგებობის (ცალკე მისასვლელი გზით) და სახანძრო აუზის (ფართობი 8X8) აშენება, ნასყიდობის ხელშეკრულების საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებიდან 24 თვის ვადაში;
7.11. 19.04.2011წ. ხელშეკრულების 7.3 პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო ნასყიდობის თანხის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
7.12. 19.04.2011წ. ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, გამყიდველი ვალდებულია, ამ ხელშეკრულების საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმების შემთხვევაში, 4.1 და 4.2 პუნქტებით განსაზღვრული თანხების სრულად გადახდის დადასტურების შემდგომ, ნასყიდობის საგანზე მყიდველს დაუდასტუროს საკუთრების უფლება შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის გზით, ამ ხელშეკრულების 4.3 და 4.4 პუნქტებით გათვალისწინებული პირობებისა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით;
7.13. ქ. თბილისის მთავრობის 2012 წლის 31 მაისის №15.25.541 დადგენილებით 2012 წლის 31 მაისიდან მოიშალა ქ. თბილისის მთავრობასა და მოპასუხეს შორის 2011 წლის 19 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება და მყიდველს დაეკისრა 30.01.2010წ. ხელშეკრულებით განსაზღვრული ნასყიდობის ფასის დათქმულ ვადაში გადაუხდელობის გამო დარიცხული პირგასამტეხლო 24 840 ლარის ოდენობით. ამასთან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს დაევალა ხელშეკრულების მოშლის დროისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული და სხვა შესასრულებელი ფინანსური ვალდებულებების ოდენობის განსაზღვრა;
7.14. ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 12 ივნისის წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ მას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ერიცხებოდა დავალიანება: 2011 წლის 19 აპრილის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის 50 585,28 ლარის ოდენობით, ასევე, 2010 წლის 30 იანვრის ხელშეკრულებით ნასყიდობის ფასის დათქმულ ვადაში გადაუხდელობის გამო დარიცხული პირგასამტეხლო - 24840 ლარის ოდენობით;
7.15. მოპასუხეს არ შეუსრულებია ნასყიდობის ხელშეკრულებებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულება.
8. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მყიდველის მიერ ნასყიდობის თანხის გადახდამდე გამყიდველს საპასუხო ვალდებულების შესრულება, კერძოდ, პროექტის შედგენა უნდა მოეხდინა. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლით და წინამდებარე განჩინების 7.2 და 7.10 პუნქტებში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ ნასყიდობის საფასურის გადახდა და მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროექტის შესაბამისად მშენებლობის განხორციელება არ წარმოადგენდა ურთიერთდამოკიდებულ ვალდებულებებს და ნასყიდობის საფასურის გადახდა არ უკავშირდებოდა კრედიტორის მიერ შესასრულებელ (პროექტის გადაცემის) ვალდებულებას. შესაბამისად, სახეზე არ იყო დასახელებული სამართლებრივი ნორმის გამოყენების წინაპირობები.
9. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: 30.01.2010წ. ხელშეკრულებით ნასყიდობის საფასურის გადახდის ვადად განისაზღვრა ერთი წელი; ხელშეკრულება მოიშალა 2011 წლის 13 აპრილს, მალევე, ახალი გარიგების დადებით, შესაბამისად გადახდის ვალდებულება დაირღვა 2 თვითა და 13 დღით და წარმოიშვა ახალი ვალდებულება; 19.04.2011წ. ხელშეკრულებით ნასყიდობის საფასურის გადახდის ვადად განისაზღვრა 2011 წლის 25 დეკემბერი; ხელშეკრულება მოიშალა ქ. თბილისი მთავრობის 2012 წლის 31 მაისის დადგენილებით; საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, ის მიწის ნაკვეთი, სადაც უნდა აშენებულიყო სახანძრო, გადაეცა სხვა პირს საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისათვის და სამსახურის 2011 წლის 25 მაისის №710 რეგისტრაციით გაიცა მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობები საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისათვის; უდავოა, რომ სახანძროს აშენება წარმოადგენდა ორივე გარიგების აუცილებელ საპრივატიზებო პირობას, რომლის გარეშეც არ დაიდებოდა ნასყიდობის ხელშეკრულება და, თანხის გადახდის შემთხვევაში, შესაძლოა არც გადასცემოდა მესაკუთრეს შეძენილი ქონება; ორივე გარიგების დარღვევის პირობებში მოსარჩელემ, ერთ შემთხვევაში, ახალი ხელშეკრულება დადო (მართალია იმავე მყიდველთან, თუმცა ეს ვითარებას ვერ შეცვლის) და, მეორე შემთხვევაში, საპრივატიზებო პირობებით განსაზღვრული ქონება გადასცა მესამე პირს.
10. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვალდებულების დარღვევის პერიოდისა და ამ დარღვევის შედეგად დამდგარი გონივრული ზიანის გათვალიწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა, რის გამოც არ არსებობდა გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობები.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. მან მოითხოვა განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
12. პირველმა კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
12.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ ნასყიდობის საფასურის გადახდა და მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროექტის შესაბამისად მშენებლობის განხორციელება არ წარმოადგენდა ურთიერთდამოკიდებულ ვალდებულებებს. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული დასკვნა ემყარება საქმის გარემოებათა არასწორ შეფასებას და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის არასწორ განმარტებას;
12.2. მხარეთა შორის გაფორმებული იყო ორმხრივი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა თითოეული მხარის მიერ რამდენიმე პირობის შესრულების ვალდებულებას. ეს ვალდებულება არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ იმით, რომ მოსარჩელეს თანხის გადახდის სანაცვლოდ მოპასუხისათვის გადაეცა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე. ხელშეკრულება ორივე მხარისათვის ითვალისწინებდა დამატებით საპრივატიზებო პირობებს. კერძოდ, მოსარჩელე ვალდებული იყო შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით მოემზადებინა და მოპასუხისათვის გადაეცა სახანძროს მშენებლობის პროექტი, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს საკუთარი სახსრებით უნდა აშენებინა სახანძრო ნაგებობა;
12.3. აღნიშნული გარემოებები ცალსახად ადასტურებენ, რომ მხარეთა შორის გაფორმებული იყო ორმხრივმავალდებულებელი ხელშეკრულება, რომლის თანახმად შესრულება და საპირისპირო შესრულება ურთიერთდამოკიდებული იყო. ნასყიდობის თანხის გადახდამდე მოსარჩელეს უნდა შეესრულებინა საპასუხო ვალდებულება და მყიდველისათვის გადაეცა შესაბამის უწყებებთან შეთანხმებული პროექტი. შესაბამისად, მოპასუხეს შეეძლო უარი ეთქვა ვალდებულების შესრულებაზე მანამ, სანამ იგი არ მიიღებდა საპირისპირო შესრულებას (სსკ-ის 369–ე მუხლი);
12.4. ხელშეკრულებაში მოსარჩელის ვალდებულების შესრულების კონკრეტული ვადის მიუთითებლობა ვერ გამოდგება იმის საფუძვლად, რომ თავდაპირველად მას არ უნდა შეესრულებინა მოპასუხისათვის პროექტის გადაცემის ვალდებულება და შემდეგ არ მიეღო მისგან საპასუხო შესრულება – აშენებული სახანძრო ნაგებობა და მიწის ნაკვეთის საფასური. თუ მოსარჩელე მოპასუხეს არ გადასცემდა მშენებლობის პროექტს, მოპასუხე ვერ განახორციელებდა სახანძროს მშენებლობას. შესაბამისად, იგი მოკლებული იქნებოდა შესაძლებლობას სრულად შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება თანხის გადახდის თაობაზე. ეს გარემოება მხედველობაშია მისაღები იმის გათვალისწინებითაც, რომ მოპასუხეს ეკისრებოდა არა მარტო ნასყიდობის საფასურის გადახდა, არამედ იმავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნაგებობის აშენების ხარჯების გაღებაც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვან თანხას წარმოადგენდა. ამ თანხის გაღების (სახანძროს აშენების) გარეშე კი, მოპასუხეს თავისი ვალდებულება შესრულებულად ვერ ჩაეთვლებოდა;
12.5. ამდენად, მოპასუხის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევას, ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობაში მას არავითარი ბრალი არ მიუძღვის, რის გამოც არ არსებობდა მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების (თუნდაც შემცირებული ოდენობით) საფუძველი;
12.6. მოცემული დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა იმ ფაქტს, რომ მოსარჩელემ მოპასუხესთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ........ და ........ ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე მიწის ნაკვეთი გადასცა მესამე პირს საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად, რითაც საერთოდ საფუძველი გამოეცალა მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებას. აღნიშნული გარემოება დადასტურებულად მიიჩნია სააპელაციო სასამართლომაც, თუმცა მასზე არ იმსჯელა. ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინება საერთოდ დაუსაბუთებელია.
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. მეორე კასატორმა მოითხოვა განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
14. მეორე კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
14.1. საყურადღებოა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, 30.01.2010წ. ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 14-ჯერ, ხოლო, 19.04.2011წ. ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 7-ჯერ ნაკლებია ძირითადი ვალდებულების მოცულობაზე;
14.2. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის მსჯელობას რასთან მიმართებით არის შეუსაბამო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა და რატომ უნდა შემცირდეს სწორედ იმ ოდენობამდე, რასაც პირველი ინსტანციის სასამართლო მიუთითებს. პირგასამტეხლოს შემცირების არგუმენტი არის ის, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის არაგონივრული. სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს ბუნებას. სასამართლომ უნდა დაასაბუთოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობა.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 03 ივნისის განჩინებით მოსარჩელისა და მოპასუხის საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
16. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა მატერიალური სამართლის ნორმათა არასწორ გამოყენებას და ადმინისტრაციული სამართლის სფეროს მიკუთვნებული საკითხის სამოქალაქო სამართლის ნორმათა ფარგლებში შეფასებას ემყარება, შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევა.
18. წინამდებარე საქმეში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს ქ. თბილისის მთავრობასა და მოპასუხეს შორის ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, რომელიც დაიდო „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
19. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მყიდველს საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ...... მდებარე 714 კვ.მ. და 1567 კვ.მ. მიწის ნაკვეთები და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. ხელშეკრულებით, გარდა საპრივატიზებო საფასურის გადახდისა, დამატებით საპრივატიზებო პირობად განისაზღვრა ქ. თბილისში, ........ ..... ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე 500 კვ.მ. შენობა-ნაგებობისა და სახანძრო აუზის აშენება. მშენებლობის განხორციელებისათვის მიწის ნაკვეთი და შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებული პროექტი უნდა გადაეცა მოსარჩელეს. ხელშეკრულების 4.4. პუნქტის თანახმად, ზემოთ დასახელებული ობიექტების მშენებლობის დასრულებამდე და დასრულებიდან ორი თვის განმავლობაში, ...... მდებარე 1567 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე არსებული სახანძრო ობიექტი ინარჩუნებდა თავის ფუნქციას. ამრიგად, საგულისხმოა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება გარკვეულ საჯარო-სამართლებრივ მიზნებს ემსახურებოდა, კერძოდ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო ობიექტის მშენებლობას.
20. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია - 05.02.2014, №1958) პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად (ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი რედაქცია), ეს კანონი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების კატეგორიებს, მისი შექმნის წესსა და ქონებრივ უფლებებს, ასევე თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირითად პირობებს. იმავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თვითმმართველი ერთეულის ქონება არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, მათ შორის, ქონება, რომელსაც თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადასცემს სახელმწიფო, ან რომელსაც თვითმმართველი ერთეული შექმნის ან შეიძენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ხოლო, იმავე კანონის მე-191 მუხლის პირველი და მე-12 პუნქტების შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვას, განკარგვას, მათ შორის, პრივატიზებას და სარგებლობის უფლებით გადაცემას, ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო, კერძოდ, ქალაქ თბილისის მთავრობა. ხელშეკრულებები ძალაში შედის საქართველოს პრეზიდენტის თანხმობის საფუძველზე.
21. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება განმარტებულია როგორც - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
22. მითითებული სამართლებრივი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების საჯარო-სამართლებრივად მიჩნევისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ხელშეკრულების მიზანს. ხელშეკრულების მიზანი მისი შინაარსით განისაზღვრება. შესაბამისად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების დადების შედეგად წარმოშობილი უფლება-მოვალეობების შინაარსს (იხ. სუსგ საქმე №ბს-31-27(კ-13), 26 დეკემბერი, 2013 წელი).
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის 2011 წლის 19 აპრილს დადებულ ხელშეკრულებას გააჩნია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ხასიათი, შემდეგი გარემოებების გამო: ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, ხელშეკრულების დადების საფუძველია საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ და ხელშეკრულება დადებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, კერძოდ მითითებული კანონით მინიჭებული უფლების - თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვისა და სანაცვლოდ სახანძრო ობიექტის მშენებლობის განხორციელების მიზნით. შესაბამისად, როგორც მისი შეფასება, ასევე მისგან გამომდინარე ვალდებულებების დარღვევაზე მსჯელობა, უნდა მოხდეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით.
24. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები. აღნიშნულ მუხლში კონკრეტულად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიები და დადგენილია, თუ რომელი საქმეები შეიძლება იქნეს განხილული ადმინისტრაციული იურისდიქციის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში. კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რაც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს - ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
25. მოცემულ შემთხვევაში, შეფასების ობიექტს წარმოადგენს საჯარო კანონმდებლობით მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც წარმოშობილია ადმინისტრაციულ ორგანოსა და ფიზიკურ პირს შორის, თუმცა, როგორც სამართლებრივი ურთიერთობის მიზანი, ისე მისი წარმოშობის საფუძველი საჯაროსამართლებრივია. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სააპელაციო სასამართლომ საჯარო ხასიათის ურთიერთობიდან წარმოშობილი მოთხოვნის საფუძვლიანობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმების შესაბამისად შეამოწმა, რის გამოც, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
26. ამ კატეგორიის საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების პროცედურით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან, რომელთა გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები (შედარებისთვის იხ. სუსგ საქმე №ას-559-530-2015, 30 ოქტომბერი, 2015 წელი).
27. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, ამკვიდრებს არა მხოლოდ განსჯადი სასამართლოს პრინციპს, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვან პრინციპს, როგორიცაა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღება. ადმინისტრაციული კანონმდებლობის აღნიშნული პრინციპი კი ასახვას პოულობს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (მუხლი 26) და ითვალისწინებს დავის განხილვასა და გადაწყვეტას უფლებამოსილი სასამართლოს მიერ.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და 26-ე მუხლებით, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით დადგენილი განსჯადობის წესები, ვინაიდან გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს მოცემული საქმის განსჯადობის წესების დაცვით იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის გადაცემის საკითხი.
29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ.შ–ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე