საქმე №ას-1409-2018 30 მარტი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.კ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „რ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს ,,რ–ისა” (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კომპანია“) და მ.კ–ძეს (შემდგომში - „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) შორის 2012 წელს, სხვადასხვა დროს დაიდო ნასყიდობის ზეპირი ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე მოპასუხეს გადასცემდა გამოყვანილ თევზს.
2. მოპასუხეს არ გადაუხდია ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული პროდუქციის საფასური - 16 808 ლარის ოდენობით.
3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისთვის ნასყიდობის საფასურის - 16 808 ლარის დაკისრება.
4. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 16 808 ლარის გადახდა.
6. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი. მან მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 01 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
9. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ის გარემოება, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა ნასყიდობის ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენდნენ მოსარჩელე და მოპასუხე, ხოლო აპელანტის მიერ დასახელებული პირი - მ.შ–ა (შემდგომში - „მესამე პირი“), აღნიშნული ხელშეკრულების კონტრაჰენტი და ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიღებაზე უფლებამოსილი პირი არ ყოფილა. შესაბამისად, თანხის ანაზღაურების პასუხისმგებლობა ხელშეკრულების მხარეს - მოპასუხეს ეკისრებოდა.
10. სააპელაციო პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში მესამე პირისათვის თანხის გადაცემის თაობაზე მტკიცებულება წარდგენილი არ ყოფილა, ხოლო აპელანტის შუამდგომლობა 12.07.2016წ. ხელწერილის საქმეზე დართვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ მოპასუხეს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული პროდუქციის ღირებულება არ ჰქონდა ანაზღაურებული. საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ შესასრულებელი ვალდებულება - გადაცემული პროდუქციის საფასური გადასცა უფლებამოსილ პირს.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელი იყო და არ არსებობდა აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები.
13. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
14. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
14.1. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით;
14.2. სააპელაციო სასამართლომ, ასევე, მხედველობაში არ მიიღო და საქმეს მტკიცებულების სახით არ დაურთო მესამე პირის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ნასყიდობის საფასური მას ჰქონდა მიღებული მოპასუხისაგან;
14.3. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ მესამე პირი ასრულებდა დისტრიბუტორის მოვალეობებს და მას არაერთხელ ჰქონდა მიღებული სარეალიზაციო პროდუქციის ღირებულება, რომელსაც გადასცემდა მოსარჩელეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის დაზუსტებით იყო ცნობილი, რომ მესამე პირი წარმოადგენდა მოსარჩელის თანამშრომელს და უფლებამოსილი იყო მიეღო ნასყიდობის საფასური;
14.4. ვინაიდან მხარეთა შორის არ ყოფილა დადებული წერილობითი ხელშეკრულება, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე მოპასუხე საქონლის მიღების დღესვე გადასცემდა მიმწოდებელს მის ღირებულებას.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 05 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
20. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
21. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია მოთხოვნის ხანდაზმულობას შეეხება. მისი განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელისაგან თავის დაცვის ერთ-ერთი ფორმა არის მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითება. თუმცა, ამგვარი მითითების მიმართ გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავისი ინიციატივით გამოიკვლიოს ხანდაზმულობის საკითხი. ამის შესახებ თავად დაინტერესებულმა პირმა უნდა მიუთითოს. აღნიშნული შეზღუდვა გამომდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან - თუ ერთ მხარეს ენიჭება დარღვეული უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, მეორე მხარე უფლებამოსილია, გამოიყენოს ნებისმიერი სამართლებრივი მექანიზმი მოწინააღმდეგე მხარის პოზიციის გასაქარწყლებლად, ხოლო სასამართლოს მხრიდან ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით ილახება მხარის უფლება. გარდა ამისა, ხანდაზმულობა განიხილება, როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოება, მხარე კი, საპროცესო კანონმდებლობით შეზღუდულია მიუთითოს ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების შესახებ ზემდგომ ინსტანციებში. ამდენად, ჩვეულებრივ პირობებში, ხანდაზმულობის საკითხის დაყენება შესაძლებელია მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში (იხ. სუსგ საქმე №ას-1350-1275-2012, 25 მარტი, 2013 წელი).
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები. ხოლო, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. იმავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
24. ამდენად, ვინაიდან მოთხოვნის ხანდაზმულობა განიხილება როგორც ფაქტობრივი გარემოება, მხარე უფლებამოსილია მასზე სააპელაციო სასამართლოში მიუთითოს მხოლოდ საპატიო მიზეზის არსებობისას, წინააღმდეგ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო მხედველობაში არ მიიღებს ხანდაზმულობასთან დაკავშირებულ ახალ ფაქტობრივ გარემოებას.
25. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით არ მიუთითებია მის მიერ წარდგენილ შესაგებელში. მან აღნიშნულის თაობაზე განმარტება გააკეთა სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე (იხ. 01.05.2018წ. სხდომის ოქმი, 13:29:27-13:29:40სთ.), თუმცა, საპატიო მიზეზის მითითების გარეშე. შესაბამისად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაითვალისწინა აპელანტის მითითება მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
26. კასატორი, ასევე დავობს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეს მტკიცებულების სახით არ დაურთო და შესაბამისად არ გაითვალისწინა მესამე პირის ხელწერილი, რომლითაც იგი აღიარებდა ნასყიდობის საფასურის მიღების ფაქტს.
27. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 01 მაისის ადგილზე თათბირით მიღებული განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულების დართვის თაობაზე.
28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება - მესამე პირის ადგილსამყოფელის არცოდნა (იხ. 01.05.2018წ. სხდომის ოქმი, 13:12:51-13:13:16 სთ.), არ წარმოადგენს იმგვარ საპატიო მიზეზს (სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი), რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლებოდა გამხდარიყო მტკიცებულების საქმეზე დართვის საფუძველი.
29. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად უთხრა მოპასუხეს უარის საქმეზე მტკიცებულების დართვაზე.
30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ანუ, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს (იხ. მაგ. სუსგ საქმე №ას-773-773-2018, 14 იანვარი, 2019 წელი; №ას-1814-2018, 05 ივლისი, 2019 წელი; №ას-462-2019, 31 ივლისი, 2019 წელი).
31. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალე ვალდებულია შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილია მიიღოს შესრულება. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი, ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მაშინ, როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი.
32. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს შესრულებული ვალდებულების მიღებაზე უფლებამოსილ პირთა წრეს. ვალდებულების შესრულების სამართლებრივი შედეგი ვალდებულების შეწყვეტაა, თუმცა, ვალდებულების ყოველი შესრულება არ იწვევს ვალდებულების შეწყვეტას, არამედ მხოლოდ კრედიტორის სასარგებლო შესრულება. შესაბამისად, არაუფლებამოსილი პირის მიმართ შესრულება ვალდებულების შეწყვეტას არ იწვევს. ასეთი შესრულება ნამდვილია, ანუ სამართლებრივი შედეგის წარმომშობია მხოლოდ მაშინ, თუ უფლებამოსილი პირი თანახმაა არაუფლებამოსილი პირის მიერ შესრულების მიღებაზე. წინასწარ თანხმობას უთანაბრდება შემდგომი მოწონება. პროცესუალურ სამართლებრივი კუთხით, თუ სამართალწარმოების მხარეები არიან მოვალე და უფლებამოსილი კრედიტორი, ასეთ შემთხვევაში მოვალეს ეკისრება ვალდებულება დაადასტუროს, რომ არაუფლებამოსილი პირის მიმართ შესრულება უფლებამოსილი კრედიტორის თანხმობით ან შემდგომი მოწონებით განახორციელა ან უფლებამოსილმა სუბექტმა აღნიშნული შესრულებისგან სარგებელი მიიღო (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარები, მუხლი 373, www.gccc.ge).
33. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ დაადასტურა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების ფაქტი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებელია და არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
35. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
36. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ. სუსგ საქმე №ას-936-886-2015, 04 დეკემბერი, 2015 წელი; საქმე №ას-736-704-2016, 25 ნოემბერი, 2016 წელი; №ას-773-773-2018, 14 იანვარი, 2019 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
38. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 840,40 ლარის 70% – 588,28 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.კ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს მ.კ–ძეს (პ/ნ ....) დაუბრუნდეს დ.გ–ის (პ/ნ .....) მიერ 2018 წლის 29 ოქტომბრის №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 840,40 (რვაას ორმოცი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის 70% – 588,28 (ხუთას ოთხმოცდარვა ლარი და ოცდარვა თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე