საქმე №ას-798-2019 6 ივლისი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ს. გ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. გ–ი, თ. გ–ი (მოპასუხე)
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.03.2019წ. განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – საკომლო ჩანაწერის გაუქმება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ს. გ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელით მიმართა სასამართლოს ნ. გ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“), თ. გ–ისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე) და მარიამ გ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოპასუხე) მიმართ, მესამე პირი - ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა (ადგილობრივი თვითმმათველობის კოდექსის 48-ე მუხლში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე - ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია) და მოითხოვა: გაუქმდეს ადიგენის რაიონის სოფელ ..... სასოფლო საბჭოს/საკრებულოს საკომლო წიგნში მოსარჩელის კომლში 1986-1994 და 2001-2005 წლების მოპასუხეთა რეგისტრაციის თაობაზე ჩანაწერები.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. მოსარჩელის შვილი, აწ გარდაცვლილი გ. გ–ი, 1991 წლიდან ქორწინებაში იმყოფებოდა პირველ მოპასუხესთან. მეუღლეები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სამხედრო სამსახურში მუშაობდნენ და ახალციხეში ცხოვრობდნენ. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი (მეორე მოპასუხე და მესამე მოპასუხე).
2.2. მოსარჩელეს 19.06.1997წ. მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაეცა მიწის ნაკვეთები და სურს ამ ქონების საჯარო რეესტრში თავის სახელზე აღრიცხვა. ადიგენის რეგიონალურ არქივში დაცული მონაცემების მიხედვით, ადიგენის რაიონის სოფელ ..... სასოფლო საბჭოს/საკრებულოს, კერძოდ, 1986-1994 და 2001-2005 წლების საკომლო წიგნებში მოსარჩელისა და მისი მეუღლის გარდა ირიცხებიან მოპასუხეებიც. საარქივო ცნობაში მითითებულია, რომ 1986-1994 წლების საკომლო წიგნში ცვლილება 1999 წელსაა შეტანილი, ხოლო 2006 წლის საკომლო წიგნები დაცვაზე არ შესულა. საკომლო წიგნების ასლების მიხედვით, სადაც ოჯახის წევრების სიაა წარმოდგენილი, არ ირკვევა რომელი წლიდან და რის საფუძველზე ჩაეწერნენ მოპასუხეები კომლში. შესაბამისად, არ არსებობს მათი თანამესაკუთრეებად რეგისტრაციის საფუძველი.
2.3. საკომლო წიგნის ჩანაწერის გაუქმების მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი 19.06.1997წ. მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაცემული ქონების მის სახელზე აღრიცხვაა.
3. მოპასუხეთა პოზიცია:
3.1. პირველი მოპასუხე 05.06.1991 წლიდან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში აწ გარდაცვლილ გ. გ–თან - მოსარჩელის შვილთან.
3.2. მათ შეეძინათ ორი შვილი - მეორე მოპასუხე (დაბადებული 19.06.1991წ.) და მესამე მოპასუხე, რომლებიც ადიგენის რაიონის სოფელ .... დაიბადნენ, გაიზარდნენ. ისინი მშობლებთან და მოსარჩელესთან ერთად ეწეოდნენ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას.
3.3. საკომლო წიგნში მოპასუხეთა რეგისტრაცია მოხდა შესაბამის დროს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 20.12.2017წ. გადაწყვეტილებით: სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ადიგენის რაიონის სოფელ ..... სასოფლო საბჭოს/საკრებულოს საკომლო წიგნში, მოსარჩელის კომლში 1986-1994 და 2001-2005 წლებში არსებული ჩანაწერი მესამე მოპასუხის კომლში რეგისტრაციის თაობაზე.
5. გადაწყვეტილება პირველი და მეორე მოპასუხის მიმართ (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოპასუხეები) სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
მესამე მოპასუხეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 14.03.2019წ. განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
6.1. 03.04.2017წ. საარქივო ცნობის თანახმად, ახალციხის რეგიონულ არქივში დაცული ადიგენის რაიონის სოფელ ..... სასოფლო საბჭოს/საკრებულოს, კერძოდ, 1986-1994 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია მოსარჩელე. კომლში ირიცხებიან: მოსარჩელე, გ–ი მ.ა. ასული (ცოლი), გ–ი ლ. ს–ის ასული (შვილი (გადახაზულია)), გ–ი გ. ს–ის ძე (შვილი), პირველი მოპასუხე (რძალი), მეორე მოპასუხე (შვილიშვილი), მესამე მოპასუხე (შვილიშვილი).
6.2. ამავე საარქივო ცნობის მიხედვით, 2001-2005 წლის საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია მოსარჩელე (ოჯახის უფროსი). კომლში ირიცხებიან: მოსარჩელე, გ–ი მ.ა–ის ასული (ცოლი), გ–ი გ. ს.ის ძე (შვილი (გადახაზულია, გარდაიცვალა)), პირველი მოპასუხე (რძალი), მეორე მოპასუხე (შვილიშვილი), მესამე მოპასუხე (შვილიშვილი).
6.3. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა მასზე, რომ პირველი და მეორე მოპასუხის კომლის წევრებად რეგისტრაცია განხორციელდა 1999 წელს. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ფაქტის მტკიცება მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, რის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ შეფასდებოდა მის მიერ წარმოდგენილი საარქივო ცნობა. ამ დოკუმენტით არ დგინდებოდა, რომ საკომლო წიგნში შეტანილი ცვლილება სწორედ მოპასუხეთა კომლში რეგისტრაციას შეეხებოდა.
6.4. 19.06.1997წ. მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, სასოფლო-სამეურნეო მიწის რეფორმების შედეგად, მოსარჩელის კომლს საკუთრებაში გადაეცა რეფორმამდე სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი და დამატებით გამოყოფილი მიწის ნაკვეთი. მიღება-ჩაბარების აქტი მოსარჩელის სახელზეა შედგენილი.
6.5. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 1992 წლის რეფორმის შედეგად მოპასუხეებს, კომლის დანარჩენ წევრებთან ერთად, წარმოეშვათ კომლის ქონებაზე თანასაკუთრების უფლება. სასამართლოს ზემოხსენებული დასკვნა შემდეგ ნორმატიულ აქტებს დაემყარა: 1) საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ საქართველოს მთავრობის 22.09.1992წ. №949 დადგენილება; 2) სახელმწიფო საბჭოს 21.10.1992წ. №29 დეკრეტი; 3) საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 18.01.1992წ. №48 დადგენილება; 4) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 18.01.1992წ. №48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებით ღონისძიებათა შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 06.02.1992წ. №128 დადგენილება; 5) საქართველოს რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრებთათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 24.02.1993წ. №148 დადგენილებით დამტკიცებული დებულება.
6.6. დასახელებული ნორმატიული აქტების ანალიზის შედეგად სასამართლომ განმარტა, რომ მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე მიწის ნაკვეთი ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრს გადაეცემოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მიუხედავად ქონების ოჯახის მხოლოდ ერთი სრულწლოვანი წევრისათვის გადაცემისა, მითითებულ ქონებაზე უფლებას ოჯახის სხვა წევრებიც იძენდნენ. ამ მიმართებით არსებითი მნიშვნელობა იმ ფაქტს ენიჭებოდა, რომ ნორმატიული აქტით დადგენილი პერიოდისათვის პირი ოჯახის წევრად უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული (აღრიცხული). დამოუკიდებელ ოჯახად გასულ და რეგისტრირებულ ოჯახს უფლება წარმოეშობოდა, ქონება სხვა ადგილას მიეღო მიღება-ჩაბარების აქტით. ამდენად, დასახელებული ნორმატიული აქტების მიზანი იყო პირთა მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული მიწების დაკანონება. ოჯახის ერთ-ერთი სრულწლოვანი წევრის სახელზე მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლებას იძენდა ამავე ოჯახის ყველა ის წევრი, რომელსაც სხვა მიწის ნაკვეთის მიღებაზე უფლება არ გააჩნდა.
6.7. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე დადგინდა, რომ №61 მიღება-ჩაბარების აქტით მოსარჩელეს 1997 წელს საკუთრებაში გადაეცა რეფორმამდე სარგებლობაში არსებული და დამატებით გამოყოფილი უძრავი ქონება, მოსარჩელისათვის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე უძრავი ქონების გადაცემის მომენტისათვის კი პირველი და მეორე მოპასუხე კომლის წევრებად ირიცხებოდნენ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მათ კომლის ქონებაზე თანასაკუთრების უფლება კომლის დანარჩენ წევრებთან ერთად წარმოეშვათ.
საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია საქმეზე წარდგენილ საარქივო ცნობაზე, რომლითაც დადგენილია, რომ პირველი და მეორე მოპასუხის კომლში რეგისტრაციის საფუძველი არ ვლინდება. კასატორის აზრით, მოპასუხეთა რეგისტრაცია 1999 წელსაა შესრულებული, საკომლო წიგნში ცვლილების შეტანის გზით.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. წინამდებარე საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანია, რამდენად კანონიერად არ დაკმაყოფილდა სარჩელი ადიგენის რაიონის სოფელ ..... სასოფლო საბჭოს/საკრებულოს 1986-1994, 2001-2005 წლების საკომლო წიგნში პირველი და მეორე მოპასუხის რეგისტრაციის ჩანაწერების გაუქმების შესახებ.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად არ გაიზიარეს მოსარჩელის მსჯელობა მასზე, რომ პირველი მოპასუხისა და მეორე მოპასუხის კომლში რეგისტრაცია 1999 წელსაა შესრულებული. სადავო ურთიერთობის მოწესრიგებისას არსებითი მნიშვნელობის მტკიცებულება სწორედ საკომლო წიგნის ჩანაწერია, საიდანაც ცალსახად დგინდება, რომ როგორც 1986-1994 წლების, ისე 2001-2005 წლების საკომლო წიგნში, მოსარჩელის კომლში მასთან ერთად ირიცხებოდნენ პირველი და მეორე მოპასუხე. როგორც საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, საკომლო ჩანაწერები ეფუძნება ჩანაწერის შესრულების დროს მოქმედ კანონმდებლობასა და მის საფუძვლად განხორციელებულ პროცედურებს, ისევე, როგორც კანონით გათვალისწინებულ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, კომლის წევრად პირის რეგისტრაცია თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ იგი აკმაყოფილებდა კომლის წევრად რეგისტრაციის პირობებს (იხ.: სუსგ №ას-1350-1387-2014, 15.07.2015). შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს დასკვნას, რომ საწინააღმდეგოს მტკიცება სწორედ იმ მხარის ტვირთია, რომელიც სადავოდ ხდის ჩანაწერს.
13. სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სსსკ-ის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
14. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, დადგენილ ფაქტობრივ მოცემულობაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ პირველ და მეორე მოპასუხეს კომლის ქონებაზე უფლება წარმოეშვათ კომლის დანარჩენ წევრებთან ერთად. ამ დასკვნის საფუძველს ქმნის სააპელაციო სასამართლოს მიერ დასახელებული ნორმატიული აქტების შინაარსი. როგორც საკასაციო პალატამ არაერთხელ განმარტა, საქართველოში საკოლმეურნეო კომლი 1993 წლამდე არსებობდა. საკოლმეურნეო კომლის ერთ-ერთი და ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი იყო კომლის ყველა შრომისუნარიანი და სრულწლოვანი წევრის კოლმეურნეობის წევრობა, პირადი შრომით-საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი. საკოლმეურნეო კომლის წევრები დამხმარე მეურნეობას კომლისათვის განკუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საერთო ძალებით აწარმოებდნენ და ამ კომლის ქონების თანამესაკუთრეებად გვევლინებოდნენ. თუ ოჯახში კოლმეურნეობის არცერთი წევრი არ რჩებოდა, საკოლმეურნეო კომლი ისპობოდა და მუშა-მოსამსახურის ოჯახი იქმნებოდა, ხოლო დამხმარე მეურნეობის ადგილს მუშა-მოსამსახურის მეურნეობა იკავებდა. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება კომლის წევრებს თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდა. აღნიშნული კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად კი, კომლის ყველა წევრს, მათ შორის - არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც, თანაბარი წილი ეკუთვნოდა. „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 22.09.1992წ. №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 21.10.1993წ. №29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონება და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრება იყო, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის კომლის წევრების საერთო საკუთრება თანაბარი წილით. აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი (შდრ. იხ. სუსგ: №ას-1778-1756-2011, 29.06.2012; №ას-1063-983-2017, 17.10.2017; №ას-1430-1350-2017, 30.04.2018). ამდენად, ნებისმიერი აქტივზე, რაზეც უფლება გააჩნდა კომლს, სხვა წევრების თანაბარი უფლებამოსილება აქვთ მოპასუხეებს.
15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
16. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
17. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 273 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ს. გ–ს (პ/ნ ......) უკან დაუბრუნდეს მარიამ გ–ის (პ/ნ ....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 390 ლარის ( გადახდის ქვითარი 20919601, გადახდის თარიღი 12.07.2019წ.) 70% – 273 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
მირანდა ერემაძე