Facebook Twitter

საქმე №ას-518-2021

31 აგვისტო, 2021 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი სს ,,R. C.’’ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე ა.შ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

ა.შ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს ,,R.C’’-ის მიმართ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, განაცდურისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების თაობაზე.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 08 ოქტომბერს, შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ა.შ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე სს „R.C”-ს აღმასრულებელი დირექტორის თ.ლ–ას 2020 წლის 10 ივლისის #54955 ბრძანება, მოსარჩელე ა.შ–თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; მოსარჩელე აღდგენილ იქნა მოპასუხე სს „R.C”-ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე; მოპასუხე სს „R.C”-ს მოსარჩელე ა.შ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2020 წლის 10 ივლისიდან (გათავისუფლების დღიდან) მისი სამუშაოზე აღდგენის მომენტამდე განაცდურის გადახდა, - ყოველთვიურად 2000 აშშ დოლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გადასახადების გამოკლებით); მოპასუხე სს „R.C”-ს დაეკისრა მოსარჩელე ა.შ–ის სასარგებლოდ ანგარიშსწორების დაგვიანებისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს გადახდა 0.07%-ის ოდენობით.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 08 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების 2.4. პუნქტის ნაწილი, რომლითაც მოპასუხე სს „R.C ”-ს მოსარჩელე ა.შ–ის სასარგებლოდ დაეკისრა ანგარიშსწორების დაგვიანებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლო - გადასახდელი თანხის 0.07%-ის ოდენობით და ამ ნაწილში განახლდა საქმის წარმოება.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა.შ–ის სარჩელი მოპასუხე სს „ R. C”-ისათვის მოსარჩელე ა.შ–ის სასარგებლოდ ანგარიშსწორების დაგვიანებისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს 0.07%-ის ოდენობით გადახდის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 08 ოქტომბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სს ,,R.C’’-მა წარადგინა საჩივარი, მოპასუხემ ასევე კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 08 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 03 ნოემბრის განჩინებით სს ,,R C’'-ის საჩივარი, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 08 ოქტომბრის დაუსწრებელ გადაწყვეტყილებაზე, წარმოებაში იქნა მიღებული.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 13 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხე სს „ R. C“-ის საჩივარი, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 08 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 08 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 08 ოქტომბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის განჩინებით სს ,,R.C’’-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 08 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2020 წლის 13 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის განჩინებაზე კასატორმა წარადგინა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 31 მაისის განჩინებით სს ,,R. C’’-ის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; სს ,,R.C’’-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1 200 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და საკასაციო საჩივარი დედნის სახით.

2021 წლის 21 ივნისს კასატორის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა საკასაციო საჩივარი დედნის სახით და განცხადებით მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის სამი დღით გაგრძელება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 ივნისის განჩინებით ,,R.C’-ის მოთხოვნა, საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე, დაკმაყოფილდა; სს ,,R.C’’-ს გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და დაევალოს ამ განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1 200 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარის ქვითრის დედანი.

2021 წლის 5 ივლისს კასატორის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება და მოიოთხოვა ხარვეზის შევსების ვადის ორი დღით გაგრძელება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განჩინებით სს ,,R.C’’-ის მოთხოვნა, საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის ორი დღით გაგრძელების თაობაზე, დაკმაყოფილდა; კასატორს გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1 200 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარის ქვითრის დედანი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ სს ,,R.C’’-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის, მიხედვით თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

განსახილველი საქმის შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განჩინებით სს ,,R.C’’-ის მოთხოვნა, საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის ორი დღით გაგრძელების თაობაზე, დაკმაყოფილდა; კასატორს გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1 200 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარის ქვითრის დედანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განჩინება კასატორის წარმომადგენელს, გ.ყ–ს, გაეგზავნა (სამუშაო ადგილის მისამართზე) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და ჩაბარდა მის თანამშრომელს, ნ.ტ–ძეს, 2021 წლის 21 ივლისს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ორ დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2021 წლის 22 ივლისიდან და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2021 წლის 23 ივლისს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. სს ,,R.C’’-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე