Facebook Twitter

საქმე №ა-5772-შ-177-2019

23 აპრილი, 2020 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ფედერალური სახელმწიფო უნიტარული საწარმო „სრულიად რუსეთის სახელმწიფო სატელევიზიო და რადიო სამაუწყებლო კომპანია" (ვგტრკ)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,კ-მ–ა“

განხილვის საგანი – რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს „კ-მ–ას“ (ადგილმდებარეობა: საქართველო, ქ. რუსთავი, ........... ქუჩა, სახლი 3, ბინა 8) ფედერალური სახელმწიფო უნიტარული საწარმო „სრულიად რუსეთის სახელმწიფო სატელევიზიო და რადიო სამაუწყებლო კომპანიის“ (ვგტრკ) (ადგილმდებარეობა: რუსეთის ფედერაცია, ქალაქი მოსკოვი, ......, სახლი 19-21; ძირითადი სარეგისტრაციო ნომერი #1027700310076, გგსნ #7714072839) სასარგებლოდ 2014 წლის 28 ნოემბრის N623-1/3000 ხელშეკრულების საფუძველზე დაეკისრა 15 840 ევროს და სახელმწიფო ბაჟის 23 005 რუსული რუბლის გადახდა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გადმოგზავნა შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების თაობაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობისა და საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების მარეგულირებელ მატერიალურ სამართლის ნორმებს ასევე განსაზღვრავს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ კონვენციის (ე.წ მინსკის კონვენცია) ნორმები, რომლებიც სპეციალურ წინაპირობებს ადგენენ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით სისრულეში მოყვანისათვის.

„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“’ ქვეპუნქტით შუამდგომლობას გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე თან უნდა ერთვოდეს დოკუმენტი, საიდანაც გამომდინარეობს, რომ მხარე, რომლის წინააღმდეგაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, და რომელიც არ მონაწილეობდა პროცესში, სათანადო წესრიგში იმყოფებოდა და დროულად იქნა გამოძახებული სასამართლოში, ხოლო მისი პროცესულაური არაქმედუნარიანობის შემთხვევაში სათანადოდ იქნა წარმოდგენილი.

ასევე ამავე კონვენციის 55-ე მუხლის ,,ბ’’ პუნქტით თუ მოპასუხეს არ მიუღია პროცესში მონაწილეობა იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახების შესახებ შეტყობინება, ეს გარემოება შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ისაა, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის თაობაზე. მოპასუხის (რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია გადაწყვეტილება) ინფორმირების ფაქტის დადასტურებას, ზემოხსენებული კონვენციის მიზნებისათვის არა ფორმალური, არამედ, არსებითი მნიშვნელობა გააჩნია, ვინაიდან კონვენციის 55-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით ეს გარემოება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის ერთ ერთ საფუძველს წარმოადგენს.

განსახილველ საქმეში წარმოდგენილია შუამდგომლობის ავტორსა და შპს ,,კ -მ–ას შორის“ 2014 წლის 28 ნოემბერს გაფორმებული #623-1/3000 სალიცენზიო ხელშეკრულება.

ხელშეკრულების შესაბამისად ლიცენზიანტ მხარეს წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი - შპს "მ–ა - კი", რომლის საიდენტიფიკაციო მონაცემები ასახულია ხელშეკრულებაში. კერძოდ, გარიგების მხარის საიდენტიფიკაციო ნომერია #..... ხოლო მისამართია: თბილისი, ....... , ეს ინფორმაცია მითითებულია 2014 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულებასა და მის დანართებში.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს, რომ შუამდგომლობას თანდართული მტკიცებულებებიდან გამომდინარე მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოში სამართალწარმოება მიმდინარეობდა საქართველოში ქალაქ რუსთავში, ........... ქუჩა #3 ბინა #8-ში მდებარე იურიდიული პირის წინააღმდეგ.

თავად შუამდგომლობაშიც მოვალე მხარის მისამართად მითითებულია: ქ. რუსთავი ........... ქუჩა #3 ბინა #8. ანალოგიურ მისამართზეა გაგზავნილი მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო მოპასუხისთვის განკუთვნილი საპროცესო დოკუმენტები.

ზემოაღწერილი ფაქტებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს უყალიბდება მოსაზრება, რომ რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ საპროცესო კომუნიკაცია განხორციელდა არა გარიგების მხარესთან არამედ სხვა იურიულ პირთან, რომელსაც „სრულიად რუსეთის სახელმწიფო სატელევიზიო და რადიო სამაუწყებლო კომპანიასთან" სახელშეკრულებო ურთიერთობები არ აკავშირებს.

დასკვნის სახით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქალაქ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება მიღებულია სათანადო მოპასუხის ინფორმირებისა და მოწვევის, ასევე მისთვის საპროცესო დოკუმენტების გადაცემის გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე ქალაქ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში ასახულ ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტით კი, თუ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს, საქართველოს ტერიტორიაზე ასეთი გადაწყვეტილების ცნობა დაუშვებელია. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-ე და 55-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და შესაბამისად იკვეთება შუამდგომლობის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სსსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევას, მას უფლება აქვს საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-ე, 54-ე და 55-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. ფედერალური სახელმწიფო უნიტარული საწარმო „სრულიად რუსეთის სახელმწიფო სატელევიზიო და რადიო სამაუწყებლო კომპანიის (ვგტრკ) შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე