Facebook Twitter

საქმე №ა-2252-შ-50-2021

14 ივნისი, 2021 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი.კ–ვა

მოწინააღმდეგე მხარე – რ.კ–ვი

განხილვის საგანი – ბელარუსის რესპუბლიკის მოგილიოვის ოლქის, ბობრუისკის რაიონის და ქალაქ ბობრუისკის სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

აღწერილობითი ნაწილი:

ბელარუსის რესპუბლიკის მოგილიოვის ოლქის, ბობრუისკის რაიონის და ქალაქ ბობრუისკის სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით ი.კ–ვა და რ.კ–ვი განქორწინდნენ; რ.კ–ვს ი.კ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 108 რუბლის გადახდა.

ზემოხსენებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წლის 16 მარტს.

შუამდგომლობის ავტორმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის მოგილიოვის ოლქის, ბობრუისკის რაიონის და ქალაქ ბობრუისკის სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების იმ ნაწილის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, რომლითაც რ.კ–ვს ი.კ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 108 რუბლის გადახდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მაისის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ი.კ–ვას შუამდგომლობა, რომლითაც მან მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის მოგილიოვის ოლქის, ბობრუისკის რაიონის და ქალაქ ბობრუისკის სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების იმ ნაწილის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, რომლითაც რ.კ–ვს ი.კ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 108 რუბლის გადახდა, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით რ.კ–ვს ი.კ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 108 რუბლის გადახდა.

საქმის მასალებით დარტურდება, რომ 2021 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება 2021 წლის 16 მარტს შევიდა კანონიერ ძალაში და აღნიშნული გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც რ.კ–ვს ი.კ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 108 რუბლის გადახდა, არ აღსრულებულა. მოწინააღმდეგე მხარე ინფორმირებული იყო ბელარუსის რესპუბლიკაში საქმის განხილვის შესახებ.

ი.კ–ვამ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების იმ ნაწილის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, რომლითაც რ.კ–ვს ი.კ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 108 რუბლის გადახდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მაისის განჩინებით, შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად და საქმის მასალებთან ერთად ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელსაც რაიმე განცხადებით საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს.

„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის (შემდგომში _ მინსკის კონვენცია) 51-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობებით აღიარებს და აღასრულებს სხვა ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე იუსტიციის დაწესებულებების მიერ სამოქალაქო საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებებს, ამავე კონვენციის 53-ე მუხლის თანახმად კი, გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე შუამდგომლობა წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება. შუამდგომლობას თან ერთვის: ა) გადაწყვეტილება ან მისი დამოწმებული ასლი, ასევე ოფიციალური დოკუმენტი იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას ან იმის შესახებ, რომ იგი აღსრულებას ექვემდებარება კანონიერ ძალაში შესვლამდე, თუ ეს არ გამომდინარეობს თავად გადაწყვეტილებიდან; ბ) დოკუმენტი, საიდანაც გამომდინარე, რომ მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, და რომელიც არ მონაწილეობდა პროცესში სათანადო წესრიგში იმყოფებოდა და დროულად გამოიძახეს სასამართლოში, ხოლო მისი პროცესუალური ქმედუუნარობის შემთხვევაში, იგი სათანადოდ იქნა წარმოდგენილი; გ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გადაწყვეტილების ნაწილობრივ აღსრულებას მისი გადაგზავნის მომენტისათვის; დ) დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის საქმეებზე. გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე შუამდგომლობა და მისი თანდართული დოკუმენტები აღიჭურვება თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის ენაზე დამოწმებული თარგმანით ანდა რუსულ ენაზე

რაც შეეხებს გადაწყვეტილების აღსრულების წესს, მას ადგენს კონვენიციის 54-ე მუხლი, რომლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, საკითხის განმხილველი სასამართლო ადგენს, შეესაბამება თუ არა შუამდგოომლობა ამ კონვენციის 53-ე მუხლის მოთხოვნებს.

მინკის კონვენციით დადგენილია, ასევე, იმ მხარის თავდაცვის საშუალებები, რომლის წინააღმდეგაცაა გამოტანილი აღსასრულებელად მისაქცევი გადაწყვეტილება, კერძოდ, 55-ე მუხლის თანახმად, 52-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება, უარი ითქვას, თუკი: ა) ხელმშეკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში და არ ექვემდებარება აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე: ბ) მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება; გ) იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც უნდა აღიარდეს და აღსრულდეს გადაწყვეტილება, საქმეზე ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს მეირ აღიარებული გადაწყვეტილება, ანდა თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება აღნიშნულ საქმეზე; დ) წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება უნდა აღიარდეს და აღსრულდეს, საქმე ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; ე) არ არსებობს დოკუმენტი, რომლიც ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ; ვ) ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, რომელიც გათვალისწინებულია იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს. ანალოგიურ დათქმებს ითვალისწინებს „საერთაშირისო კერძო სამართლის შეახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე და 71-ე მუხლები.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი.კ–ვას შუამდგომლობა და თანდართული მასალები სრულად შეესაბამება კონვენციისა და კანონის მოთხოვნებს, რის გამოც ბელარუსის რესპუბლიკის მოგილიოვის ოლქის, ბობრუისკის რაიონის და ქალაქ ბობრუისკის სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც რ.კ–ვს ი.კ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 108 რუბლის გადახდა, საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ, ცნობილ უნდა იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის 51-ე, 53-ე, 55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5, 70.3 მუხლებით და

დაადგინა:

1. ი.კ–ვას შუამდგომლობა, რომლითაც მან მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის მოგილიოვის ოლქის, ბობრუისკის რაიონის და ქალაქ ბობრუისკის სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების იმ ნაწილის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, რომლითაც რ.კ–ვს ი.კ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 108 ბელორუსული რუბლის გადახდა, დაკმაყოფილდეს:

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ბელარუსის რესპუბლიკის მოგილიოვის ოლქის, ბობრუისკის რაიონის და ქალაქ ბობრუისკის სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც რ.კ–ვს ი.კ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 108 ბელორუსული რუბლის გადახდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე