Facebook Twitter

საქმე №ას-340-2020

15 ივლისი, 2021 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შ.გ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ.ფ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების და სააღსრულებო ფურცლის ძალადაკარგულად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

მ.კ–ძემ და შ.გ–ძემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში ბ.ფ–ძის მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების და სააღსრულებო ფურცლის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისის განჩინებით მ.კ–ძისა და შ.გ–ძის საკასაციო საჩივარი მ.კ–ძის ნაწილში დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად, ხოლო ამავე თარიღის განჩინებით შ.გ–ძისა და მ.კ–ძის საკასაციო საჩივარი შ.გ–ძის ნაწილში წარმოებაში იქნა მიღებული.

ბ.ფ–ძე წარდგენილი სააპელაციო შესაგებლით არ დაეთანხმა აპელანტის სააპელაციო მოთხოვნას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ნოემბრის განჩინებით შ.გ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ.გ–ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 16 ივნისის განჩინებით შ.გ–ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

2020 წლის 23 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი იქნა შ.გ–ძის გარდაცვალების მოწმობა და განცხადება საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის განჩინებით შ.გ–ძის საკასაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება ექვსი (6) თვის ვადით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობით დასტურდება, რომ მოსარჩელე (კასატორი) გარდაიცვალა 2020 წლის 01 მარტს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის განჩინებით შ.გ–ძის საკასაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება ექვსი (6) თვის ვადით.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 1319-ე მუხლზე, რომლის თანახმად სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილია, რომ სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო, ხოლო, ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის შესაბამისად, კანონმდებელმა განსაზღვრა შემდეგი: სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს სსსკ-ის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის წარმოება შეჩერდება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები. მოპასუხის გარდაცვალების შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია ერთწლიანი ვადის გასვლამდე მიუთითოს მოპასუხის უფლებამონაცვლე პირი (პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო, უმკვიდრო ქონების შემთხვევაში – სახელმწიფო ან შესაბამისი ორგანიზაცია ან სხვა უფლებამონაცვლე). თუ აღმოჩნდება, რომ სამკვიდრო ქონება არ არსებობს, საქმის წარმოება შეწყდება. მოსარჩელის დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს ერთწლიანი ვადა არა უმეტეს 6 თვით.

ზემოაღნიშნული ნორმა მიმართულია მოდავე სუბიექტთა უფლების ჯეროვან დაცვაზე, რათა თუნდაც მხარის გარდაცვალების შემთხვევაში, იმ პირის უფლება, რომელსაც გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ, არ იქნას უსაფუძვლოდ შელახული და გონივრულ ფარგლებში, სრულყოფილად მოხდეს მართლმსაჯულების სამართლიანი განხორციელება. აღნიშნული ნორმით კანონმდებელმა განსაზღვრა სამართალწარმოების თითოეული მხარის გარდაცვალების შემთხვევაში ქცევის წესი და დაადგინა უფლებამონაცვლედ პირის ჩაბმის შესაძლებლობა. ზემოაღნიშნული ნორმის დათქმა, რომ მოსარჩელის გარდაცვალებებისას, თუ ერთწლიანი ვადის გასვლის შემდგომ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაებმება, სარჩელი განუხილველად დარჩება, მიმართულია ასევე აპელანტისა თუ კასატორის გარდაცვალებისკენ და დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში, ანალოგიურად, განუხილველად იქნება დატოვებული სააპელაციო თუ საკასაციო საჩივარი.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შ.გ–ძე გარდაიცვალა 2021 წლის 01 მარტს. საკასაციო პალატა თვლის, რომ მისი სამკვიდრო გაიხსნა მამკვიდრებლის გარდაცვალებით და სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი 6-თვიანი ვადა ამოიწურა 2020 წლის 01 სექტემბერს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინების გამოტანის დღიდან – 2020 წლის 29 ივნისიდან გასულია 1 წელი და 15 დღე. 2021 წლის 6 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა სასამართლო პროცესი, რათა გამორკვეულიყო გარდაცვლილი კასატორის უფლებამონაცვლის საქმეში ჩაბმის საკითხი. პროცესს ესწრებოდა გარდაცვლილი კასატორის შვილის წარმომადგენელი (სავარაუდო უფლებამონაცვლე) და მოპასუხე. აღნიშნულის შემდგომ, 2021 წლის 13 ივლისს გარდაცვლილი მხარის სავარაუდო უფლებამონაცვლის ადვოკატის მიერ წარმოადგენილი იქნა შუამდგომლობა, სადაც განმარტებულია, რომ პოტენციურ მემკვიდრეს და უფლებამონაცვლეს სამკვიდროს მიღებისა და წინამდებარე საქმეში ჩაბმის სურვილი არ გააჩნია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არსებობს ამ კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმის წარმოების შეჩერებიდან გასულია ერთ წელზე მეტი, ამასთან, კასატორის სავარაუდო უფლებამონაცვლე საქმეში არ ჩაერთო და ცალსახად გამოხატა ნება საქმეში ჩაბმაზე უარის შესახებ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, 283-ე მუხლით და

დაადგინა:

1.შ.გ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად, უფლებამონაცვლის დაუდგენლობის გამო.

2.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ვლადიმერ კაკაბაძე