საქმე №ას-407-20201
31 აგვისტო, 2021 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ.ს–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ტ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით სს „ტ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გ.ს–ძეს, მ.ს–ძესა და ნ.ს–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 17 271.05 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხეებს მოსარჩელის გადასახდელად სოლიდარულად დაეკისრათ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 15 715.99 აშშ დოლარზე წლიური 14%-ის სარგებლის გადახდა, 2017 წლის 11 მაისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა; დავალიანების ფარავის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთები: მოპასუხეების საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე, გორის რაიონის სოფ. ....... (საკადასტრო კოდი: #.....); მოპასუხეების საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე, გორის რაიონის სოფ. ....... (საკადასტრო კოდი .....); მოპასუხეების საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე, გორის რაიონის სოფ. ......., ........ (საკადასტრო კოდი: #.....); იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთების რეალიზაციის შესადეგად ამონაგები თანხა არ იქნებოდა საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, დადგინდა აღსრულების მიქცევა გ.ს–ძის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ.ს–ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 27 აპრილის განჩინებით გ.ს–ძეს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 05 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და კერძო საჩივარი დედნის სახით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 ივნისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში მოეძიებინა გ.ს–ძე (მისამართზე: გორი, სოფ. ........., პირადი ნომერი: .......) და უზრუნველეყო მასზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 აპრილის განჩინების ასლის ჩაბარება.
2021 წლის 16 ივლისს (დოკუმენტების ფოსტაში ჩაბარების თარიღია 15.07.2021) გ.ს–ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოგზავნა განცხადება, კერძო საჩივარი დედნის სახით და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ქვითრის დედანი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ს–ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო/კერძო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო/კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო/კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო/კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველი საქმის შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 27 აპრილის განჩინებით გ.ს–ძეს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 05 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და კერძო საჩივარი დედნის სახით.
ზემოაღნიშნული განჩინება გ.ს–ძეს გაეგზავნა ორჯერ საქმეში მითითებულ მისამართზე, თუმცა ადრესატისათვის სასამართლო კორესპონდენციის ჩაბარება ვერ მოხერხდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 ივნისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში მოეძიებინა გ.ს–ძე (მისამართზე: გორი, სოფ. ...., პირადი ნომერი: .......) და უზრუნველეყო მასზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 აპრილის განჩინების ასლის ჩაბარება.
2021 წლის 2 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტიდან საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოგზავნილი იქნა დოკუმენტაცია, რომლიდანაც ირკვევა რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 27 აპრილის განჩინება ჩაბარდა ნ.ს–ძეს, გ.ს–ძის მეუღლეს, 2021 წლის 9 ივლისს.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც სასამართლო კორესპონდენცია მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორის მეუღლისათვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 27 აპრილის განჩინების ჩაბარება კანონით დადგენილ შესაბამის ქმედებას წარმოადგენს და ითვლება, რომ გ.ს–ძეს სასამართლო კორესპონდენცია ჩაბარდა 2021 წლის 9 ივლისს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-ე და 61-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორისათის ხარვეზის შევსების 05 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 10 ივლისიდან, სასამართლო გზავნილის ჩაბარების მომდევნო დღიდან, და ამოიწურა 2021 წლის 14 ივლისს.
კერძო საჩივრის ავტორი ვალდებული იყო კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი შეევსო 2021 წლის 14 ივლისის ჩათვლით.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში გ.ს–ძეს ხარვეზი არ გამოუსწორებია. გ.ს–ძემ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული დოკუმენტები: განცხადება, კერძო საჩივრის დედანი და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ქვითრის დედანი, ფოსტის საშუალებით გადმოგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. აღნიშნული დოკუმენტები ფოსტაში ჩაბარებული იქნა 2021 წლის 15 ივლისს, ხარვეზის გამოსწორებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გასვლის შემდგომ, და საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი იქნა 2021 წლის 16 ივლისს.
სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
საკასაციო პალატა ყურადღებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეცხრე კარით განსაზღვრულ საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, გ.ს–ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს და მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე, 419-ე და 420-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. გ.ს–ძის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად.
2. გ.ს–ძეს დაუბრუნდეს ს. ვ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიში/ სახაზინო კოდი 300773150) (საკრედიტო საგადახდო დავალება 11223084047, გადახდის თარიღი 15.07.2021).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე