საქმე №ას-1467-2019 10 სექტემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბაერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – ნ.ვ–ა ( მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ჭ–ა, ნ.ფ–ა, ზ.ა–ვი, მ.ჯ–ი, ე.ჩ–ა, ნ..ჭ–ია, მ.ჩ–ა, ე.ჩ–ა, თ.გ–ი, ნ.ჯ–ა (გ–ი), თ. გ–ი, თ. გ–ი (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)
განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (თავდაპირველ სარჩელში), გარიგების ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით ნ.ჭ–ას, ნ.ფ–ას, ზ.ა–ვის, მ.ჯ–ის, ე.ჩ–ას, ნ..ჭ–იას, მ.ჩ–ას, ე.ჩ–ას, თ.გ–ის, ნ.ჯ–ას (გ–ის), თ. გ–ისა და თ. გ–ის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. მხარეთა შუამდგომლობა მტკიცებულებების საქმისათვის დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ნ.ჭ–ასა და ნ.ფ–ას დაუბრუნდათ დაზუსტებულ საკასაციო საჩივარზე დართული ფ–ის საქალაქო სასამართლოს 28.01.2020წ. #3/79-2017 განჩინების ასლი 27 (ოცდაშვიდი) ფურცლად; ე.ჩ–ას, ნ..ჭ–იას, მ.და ე.ჩ–ებს _ დაზუსტებულ საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები: სგს ფ–ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათი, ფ–ის საქალაქო სასამართლოს გზავნილი და ამავე სასამართლოს 28.01.2020წ. #3/79-2017 გადაწყვეტილების ასლი 30 (ოცდაათი) ფურცლად; თ.გ–ს, ნ.ჯ–ას, თ. და თ. გ–ებს _ 02.03.2020წ. #ა-1026-20 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები: ფ–ის საქალაქო სასამართლოს გზავნილი, ამავე სასამართლოს 28.01.2020წ. #3/79-2017 გადაწყვეტილების ასლი, 26.02.2020წ. ოქმი 87 (ოთხმოცდაშვიდი) ფურცლად; ნ.ვ–ას _ საკასაციო შესაგებელზე დართული ქ.ფ–ის მერიის 02.04.2001წ. მიმართვის ასლი 2 (ორი) ფურცლად.
2. 2021 წლის 07 ივლისს ნ.ვ–ამ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.1.3 პუნქტში დაშვებული უსწორობის გასწორება, კერძოდ, ქ. ფ–ი, ..... მდებარე უძრავი ქონების შპს „ი-ფ–ის“ სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის განმცხადებლის მიერ გამოყენებულია ქ. ფ–ის მერის განკარგულება #472 03.10.97, რომელიც დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან( იხ. 01.07 2021 წლის განცხადება).
3. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმის მიზანია, სასამართლოს მიერ მიღებულ საპროცესო დოკუმენტებში დაშვებული ისეთი შეცდომების აღმოფხვრა, რომელიც არსებითად არ ცვლის გადაწყვეტილებას. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია, თავისი განჩინებით გაასწოროს მის მიერ დაშვებული შეცდომა, რის შესახებაც საკითხს, თავისი შეხედულებისამებრ, განიხილავს სასამართლო სხდომაზე ან ზეპირი მოსმენის გარეშე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეცდომის გასწორების შესაძლებლობა ემსახურება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას. დაუშვებელია შეცდომის გასწორების ფარგლებში დავის ხელახლა განხილვა და აღნიშნულის შედეგად სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების ან დადგენილი იურიდიული შედეგის შეცვლა.
6. აღნიშნული მუხლის ნორმატიული შინაარსი ცხადყოფს, რომ მასში საუბარია განჩინებით დაშვებული უსწორობების ან აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორებაზე. მითითებული ნორმის საფუძველზე დაუშვებელია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს. დასაშვებია მხოლოდ ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, როგორიცაა, მაგალითად, მხარეთა გვარი, სახელი, თუ მხარე იურიდიული პირია - მისი სახელწოდების აღნიშვნა, ასევე, არითმეტიკული შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია გადასახდევინებელი თანხის ოდენობის აშკარად შემცირება ან გადიდება, მაგალითად, ციფრის დაკლება, რაც ისე ცვლის თანხის ოდენობას, რომ, საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარად არ შეესაბამება მოთხოვნის ოდენობას (სუსგ № ას-636-597-2011, 24.06.2011წ., № ას-1489-2018, 31.01.2019წ.)
7. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.1.3 პუნქტში გადმოტანილია კასატორების პრეტენზია, რომ „ფ–ის რაიონული პროკურატურის 2017 წლის 17 მაისის დადგენილებით ნ.ვ–ას სისხლის სამართლის საქმეზე შეწდა გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, თუმცა, გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ვ–ამ შეიძინა ყალბი დოკუმენტი, კერძოდ, ქ.ფ–ის პრეფექტურის კაბინეტის სხდომის 1991 წლის 13 დეკემბრის #1/322 გადაწყვეტილება, რომლითაც ქ.ფ–ში, ..... მდებარე #2 და #4 სამხედრო უწყების საცხოვრებელი სახლები გადაეცა ნ.ვ–ას მიერ დაფუძნებულ საზოგადოებას _ შპს „ი-ფ–ს“. ამ ყალბი გადაწყვეტილების გამოყენებით ზემოაღნიშნული ქონება დარეგისტრირდა კომპანიის სახელზე. 1998 წლის 31 დეკემბერს, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ნ.ვ–ა თაღლითურად დაეუფლა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ #2 და #4 საცხოვრებელ ბინებს მიწის ნაკვეთებთან ერთად და ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა გ.კ–ზე. გარიგება თვალთმაქცური და მოჩვენებითია, რადგან ნ.ვ–ამ ქონება გადამალა (ჰყავს უამრავი მევალე და დაყადაღებულია მისი ქონება) და ფიქტიურად გადააფორმა მის ახლობელზე, მანქანის ხელოსან გ.კ–ზე, რადგან ამ უკანასკნელს არანაირი უძრავი ქონების შეძენის საშუალება არ აქვს. სადავო ქონება დღესაც ირიცხება ლოგისტიკის ცენტრის სენაკის სამსახურის ბალანსზე და სამხედრო უწყების საკუთრებაა. წლებია კასატორები ცხოვრობენ სადავო ბინაში და სხვის საკუთრებაში თვითნებურ შეჭრას ადგილი არ ჰქონია. მართალია, ამ ეპიზოდში ნ.ვ–ას მიმართ შეწყდა სისხლის სამართლის საქმის წარმოება, მაგრამ სისხლის სამარლის საქმეში ნათლად ჩანს, რომ მოწინააღმდეგე მხარემ არაკეთილსინდისიერად მიითვისა სხვისი ქონება, რაც არ გაითვალისწინა სასამართლომ“. ( იხ. სუსგ #ას-1467-2019, 26.02.2021, გვ.6-7).
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინების 1.2.2 პუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალა გააჩნიათ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: “ფ–ის რაიონული პროკურატურის 17.05.2017 წლის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ვ–ამ შეიძინა ყალბი დოკუმენტი, კერძოდ, ქ.ფ–ის პრეფექტურის კაბინეტის სხდომის 1991 წლის 13 დეკემბრის #1/322 გადაწყვეტილება, რომლითაც ქ.ფ–ში, სამხედრო უწყების საცხოვრებელი სახლები გადაეცა ნ.ვ–ას მიერ დაფუძნებულ საზოგადოებას _ შპს „ი-ფ–ს“. ზემოაღნიშნული ყალბი გადაწყვეტილების გამოყენებით, ეს ქონება, 1993 წლის 17 მარტს, ტექინვენტარიზაციის ბიუროში დარეგისტრირდა შპს „ი-ფ–ის“ სახელზე, ასევე საზოგადოების სახელზე სარგებლობის უფლებით აღირიცხა 3516 კვ.მ მიწის ნაკვეთი. 1998 წლის 31 დეკემბერს ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ნ.ვ–ა თაღლითურად დაეუფლა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ #2 და #4 საცხოვრებელ სახლებს მიწის ნაკვეთთან ერთად, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულებით გაასხვისა სხვა პირებზე, მათ შორის, 2015 წლის 10 სექტემბერს - 71,13 კვ.მ და 45 კვ.მ ქონება გ.კ–ზე;”
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.1.3 პუნქტში გადმოტანილი კასატორების პრეტენზია, აგრეთვე განჩინების 1.2.2 პუნქტი ეფუძნება ფ–ის რაიონული პროკურატურის 17.05.2017 წლის დადგენილებას, რომლითაც განმცხადებლის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს განცხადების დაკმაყოფილების კანონით გათვალისწინებული საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე მუხლებით, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ვ–ას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლისის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორება შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე