საქმე №ას-1315-2020 9 სექტემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს ,,გ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს ,,მ–ი“-მა (შემდეგში: მენარდე ან მოსარჩელე ან მოწინაააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა შპს ,,გ–ის“ (შემდეგში: შემკვეთი ან მოპასუხე ან კასატორი) მიმართ და მოპასუხისათვის 171 500 აშშ დოლარის (გადახდის დღისათვის არსებული კურსის მიხედვით ექვივალენტ ლარში) დაკისრება მოითხოვა.
2. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს მხარეთა შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, ბათუმში, ....... ქ. 5-ში მშენებლობის წარმოებასთან დაკავშირებით. მენარდეს უნდა აეშენებინა 2500 კვ.მ. ფართი. 1 კვადრატულის აშენების ფასი განისაზღვრა 100 აშშ დოლარით. შენობა-ნაგებობა უნდა ჩაბარებულიყო შავი კარკასის მდგომარეობაში, მშენებლობის საერთო ღირებულება აშენებული ფართის საერთო ოდენობიდან გამომდინარე 250 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს შეადგენდა. ხელშეკრულების თანახმად დამკვეთს მომსახურების თახა უნდა გადაერიცხა ერთი წლის განმალობაში ანუ, 2017 წლის 27 სექტემბრამდე. მენარდემ დაასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოების შესრულება საკუთარი მასალით და ხარჯებით ააშენა შენობა 2500 კვ.მ ოდენობით. შემკვეთმა მას გადაუხადა მხოლოდ 188 000 ლარი. რაც იმ დროისათვის იყო 78 500 აშშ დოლარი. დღეის მდგომარეობით მოპასუხეს დავალიანების სახით გადასახდელი აქვს 250 000 – 78 500 = 171 500 აშშ დოლარი.
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, თუმცა, დაადასტურა მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტი იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება. მოპასუხემ სადავოდ გახადა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ნარდობის ხელშეკრულების 1.4. პუნქტი, სადაც მითითებულია ანგრიშსწორების ოდენობა და იგი 1 კვ.მ ფართზე განსაზღვრულია 100 დოლარით. მოპასუხის განმარტებით, ხელშეკრულება ნამდვილად იყო 3 გვერდიანი, თითოეულ გვერდზე მხარეთა ხელმოწერებით, თუმცა, წარმოდგენილი ხელშეკრულების 1.4 პუნქტის შინაარსი შეცვლილია, რადგან 1 კვ.მ ღირებულება განსაზღვრული იყო 20 დოლარით და არა 100 დოლარით. მოპასუხე დაეთანხმა მოსარჩელის იმ განმარტებას, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს გადაუხადა 78 500 აშშ დოლარი. ამასთან, მოპასუხის განმარტებით მოსარჩელეს ვალდებულება სრულად არ შეუსრულებია, მშენებლობა მიატოვა შუა გზაზე, რომელიც მოპასუხემ გააგრძელა. შესაბამისად დაუდასტურებელია მოსარჩელის განმარტება, იმის თაობაზე რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად შეასრულა. მოპასუხის განმარტებით, მშენებლობის თითოეული ეტაპის დასრულების შემდეგ ფორმა N2 საფუძველზე უნდა მომხდარიყო მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა, ხელმოწერა და სამართლებრივ რეესტრში გატარება, როგორც ამას კანონი ითვალისწინებდა, თუმცა ასე არ მომხდარა. მშენებლობის მხოლოდ 2 ეტაპი გატარდა რეესტრში, მაშინ როცა ყოველი 7 მეტრი მშენებლობის შემდეგ უნდა მომხდარიყო სამშენებლო ეტაპის ჩაბარება. მშენებლობის სიმაღლე პროექტის მიხედვით იყო 33,18, რაც გულისხმობს დაახლოებით 5 ეტაპს. მშენებლობის 3 ეტაპი რეესტრში გატარებული არ არის. მოპასუხემ არაერთხელ მიმართა ხარვეზის გამოსწორებაზე მოსარჩელეს, თუმცა უშედეგოდ. მოსარჩელემ ააშენა მხოლოდ 4 სართული, რის შესაბამისი თანხაც გადახდილი აქვს, დანარჩენი თავად მოპასუხემ ააშენა მე-5 სართულიდან, მან გააგრძელა მშენებლობა და მანვე დაასრულა, შესაბამისად, რაიმე დავალიანება მოპასუხეს არ გააჩნია.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ სახელშეკრულებო დავალიანების გადახდა 171 500 აშშ დოლარის ოდენობით, გადახდის დღისათვის არსებული კურსის მიხედვით ექვივალენტ ლარში.
5. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 163 440 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დროისათვის არსებული კურსით.
7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მენარდემ იკისრა ვალდებულება ქ. ბათუმში, ქ. ....... N5-ში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ დამტკიცებული პროექტის შესაბამისად აეშენებინა შენობა-ნაგებობა, ხელშეკრულების თანახმად სამუშაოების მოცულობა განისაზღვრა მხოლოდ კარკასული ნაწილით. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შპს „მ–ი+“-ის მიერ სამშენებლო სამუშაოების წარმოება 2500 კვმ ფართზე (შემდეგში - ხელშეკრულება).
8. ხელშეკრულების 1.2 პუნქტის თანახმად მენარდე კისრულობდა ვალდებულებას ყველა სამუშაოები ეწარმოებინა საკუთარი სამშენებლო მასალებით.
9. მოპასუხემ სადავო გახადა 1კვ.მ ფართის აშენების ღირებულება და ასევე ის გარემოება, რომ მოსარჩელემ შეთანხმებული 2500 კვ.მ ააშენა.
10. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სადავო იყო 1 კვ.მ-ის ღირებულება ანუ თუ რაზე იყვნენ მხარეები შეთანხმებული: 100 დოლარზე თუ 20 დოლარზე (1 კვ.მ-ის ღირებულება).
11. რაც შეეხება შესრულებული სამუშაოს მოცულობას, მოსარჩელის განმარტებით მან ააშენა შენობის 7 სართული, (მათ შორის, I-ლი სართული ანტრესორით), რაც რეალურად 8 სართულს უდრის, და კვადრატულობაში ეს არის 2500 კვ.მ. აღნიშნულს მოპასუხე არ დაეთანხმა. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელემ რეალურად ააშენა 5 სართული, რაც დაახლოებით 1715-1720 კვ.მ-ია. დანარჩენი ფართი (სართულები) აშენებულია დამკვეთის (მოპასუხე) მიერ.
12. ხელშეკრულების ფასთან მიმართებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ წარმოადგინა ხელშეკრულება, სადაც 1 კვ.მ-ის ფასად დაფიქსირებულია 100 აშშ დოლარი, ხოლო მოპასუხე შეედავა რა შესაგებლით ამ დოკუმენტს, მიუთითა, რომ იგი ნამდვილ ხელშეკრულებას (სადაც ფასი 1 კვ.მ-ისა იქნებოდა 20 აშშ დოლარი) მტკიცებულების სახით სასამართლოს რამდენიმე დღეში წარმოუდგენდა (ს.ფ 57).
13. დადგენილია, რომ მსგავსი შინაარსის ხელშეკრულება მტკიცებულება, (სადაც 1 კვ.მ-ის აშენების ფასად დაფიქსირებული იქნებოდა 20 აშშ დოლარი)- მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
14. ხელშეკრულების 3.1 პუნქტით განისაზღვრა, რომ დამკვეთის მიერ მენარდეზე თანხის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად, მთლიანი პროექტის ღირებულება განაწილდებოდა ერთ წელზე და პროპორციულად ყოველთვიურად ჩაერიცხებოდა მენარდეს შესაბამისი თვის პროპორციით თანხა.ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად ნარდობის ხელშეკრულება მოქმედებდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მომენტამდე.
15. უდავოა, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის გადახდილი აქვს 188 000 ლარი, რაც გადახდის დროისათვის არსებული კურსით 78500 აშშ დოლარს უდრიდა.
16. რაც შეეხება მეორე სადაო ფაქტობრივ გარემოებას, თუ რეალურად რამდენი სართული, (რამდენი კვ.მ ფართი იქნა აშენებული მოსარჩელის მიერ. ამ ფაქტობრივი გარემოების დადასურებას მოპასუხე შეეცადა მის მიერ მოსარჩელისათვის 2017წ.-ს გაგზავნილი წერილებით (ს.ფ. 159-170-ზე). ამ დოკუმენტების შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს წერილები არის დაუმოწმებელი, საწარმოს შესაბამის სტრუქტურაში (კანცელარია) გაუტარებელი დოკუმენტებია. ამასთან, მას შემდეგაა შედგენილი, როცა მოსარჩელეს სამუშაოები დასრულებული ჰქონდა, მიღება-ჩაბარების აქტები კი, მოპასუხისთვის წარდგენილი.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნული წერილები არასათანადო მტკიცებულებებად იქნა მიჩნეული იმ პოზიციის სამტკიცებლად, რომ მოსარჩელეს აშენებული ქონდა 1715 კვ.მ ფართი და არა 7 სართული.
18. ამასთან, მოსარჩელე აცხადებდა, რომ მან ააშენა 8 სართული, აქედან 1 სართული იყო ანტრესოლიანი რაც ფაქტობრივად 2 სართულს უდრის. ეს გარემოება დადასტურებული იქნა საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტით, არქ-პროექტის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლით, ფორმა N2 და განმარტებითი ბარათებით, ხარჯთარღიცხვით (იხ. ს.ფ. 32-33 და ს.ფ. 141-147-ზე, ს.ფ. 319). მენარდის წარმომადგენლის განმარტებით, განმარტებითი ბარათი შედგენილია პროექტის შესაბამისად, რომელიც შეადგინა არქ - პროექტმა, და ზოგადად ამ პროექტის თანახმად მიდიოდა მშენებლობაც.მისივე განმარტებით, ს.ფ. 24-30-ზე წარმოდგენილი დოკუმენტებით დგინდება, თუ რა მასალები (და რა ღირებულების) გამოიყენა მოსარჩელემ მშენებლობისათვის. ეს მტკიცებულებები ადასტურებენ იმასაც, რომ მოსარჩელემ სწორედ 7 სართული ააშენა და არა 5 სართული. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამშენებლო მასალათა ჩამონათვალით შეუძლებელია (მით უფრო, არა სპეციალისტისათვის) იმის გაგება თუ რამდენ სართულს ააშენებდა მოსარჩელის მიერ შეძენილი სამშენებლო მასალები. თუმცა, გარდა ამისა, მოსარჩელეს მისი პოზიციის დასამტკიცებლად სასამართლოს წარმოუდგინა და მიუთითა მოწმის ჩვენებაზე. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულ იქნენ მშენებლობაზე მომუშავე პირები, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის შუამდგომლობით, რომლებმაც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ მოსარჩელემ დაასრულა 7 სართულის მშენებლობა და მოპასუხემ მშენებლობა მე-8 სართულიდან გააგრძელა. მოსარჩელის მიერ 7 სართულის აშენების ფაქტი გარდა მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხული მოწმისა, მოპასუხის მოწმემაც დაადასტურა. სახელდობრ, მოპასუხის მოწმემ რ.დ–ძემ 1-ლი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დაადასტურა, რომ ,,მშენებლობა დახვდა მე-8 სართულამდე მიყვანილი“(იხ. 12.06.19წ. სხდომის ოქმი ს.ფ. 344-დან 15:18:08 ), მშენებლობა დასრულებული არ იყო, მან დააშენა 2 სართული, მე-8 და მე-9 სართული-სხვენი (იხ. 12.06.19წ. სხდომის ოქმი ს.ფ. 344-დან 15:18:34, ამ მოწმის ჩვენება სადაოდ არ გაუხდია არც მოპასუხის წარმომადგენელს (იხ. 19.05.2020წ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი იხ. 12.26.51 სთ).
19. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მენარდემ (მოსარჩელე) ააშენა 7 სართული. ამას ადასტურებდა როგორც საქმეში არსებული მასალები (არქ-პროექტის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებელი, ფორმა N2, მიღება-ჩაბარების აქტი, განმარტებითი ბარათები, ხარჯთარღიცხვა), ისე მოპასუხის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული (მათ შორის, მოპასუხის შუამდგომლობით დაკითხული) მოწმეები. იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მე-8 და მე-9 მათ არ აუშენებიათ და ააშენა სხვა ორგანიზაციამ, ანუ მშენებლობა დაასრულა სხვამ, ამას, მოსარჩელის წარმომადგენელიც ადასტურებდა.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უარყოფილი იქნა მოპასუხის (აპელანტი) შედავება მენარდის (მოსარჩელე) მიერ შესრულებულ სამუშაოს მოცულობასთან მიმართებით, კერძოდ, რომ მოსარჩელის მიერ აშენებული იქნა მხოლოდ 5 სართული, და დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ მერდემ (მოსარჩელე) ააშენა 7 სართული.
21. რაც შეეხება აპელანტის იმ პოზიციას, რომ რადგან მშენებლობის შესრულების 2 ეტაპი გატარდა სამართლებრივ რეესტრში, ხოლო დარჩენილი 3 ეტაპი არ გატარებულა, რისთვისაც მას დაეკისრა ჯარიმები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. სააპელაციო სსამართლოს მოსაზრებით, ადასტურებენ მხოლოდ იმას, რომ მოსარჩელემ დაარღვია ადმინისტრაციული კანონმდებლობა (შესაძლოა მშენებლობის რეგულაციები) და სამშენებლო რეესტრში არ გაატარა მშენებლობის გარკვეული ეტაპები. თუმცა, ეს ფაქტი ვერანაირად ვერ იქნება იმის დამადასტურებელი, რეალურად რამდენი სართული ან რა ოდენობის ფართი იქნა აშენებული მოსარჩელის მიერ, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი კონკრეტული ფაქტის დასადასტურებლად (თუ რამდენი სართული იქნა აშენებული) არარელევანტური მტკიცებულებაა.
22. რაც შეხება ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, თუ რეალურად რამდენი კვადრატული მეტრია მოსარჩელის მიერ აშენებული 7 სართული და შედგენს თუ არა იგი 25000 კვ.მ-ს, საქმეში წარმოდგენილია ე.წ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, რომელიც შედგენილია შპს „ა–ის“ მიერ, არქტიტექტორი შ.დ–ა. (ს.ფ 139-დან-147-ის ჩათვლით) და განმარტებითი ბარათი. მითითებული დოკუმენტი, შეიცავს თითეული სართულის მიხედვით გარკვეული რეკვიზიტების: თუ როგორია აშენებული ფართის დანიშნულება, რამდენი კვ.მ-ია სართულების მიხედვით სარეალიზაციო ფართი და სამშენებლო ფართი. ასე მაგალითად, ს.ფ 140-ზე განთავსებული 1-ლი სართულის გეგმა. გეგმის მიხედვით ამ სართულზე სარეალიზაციო ფართია 219.0 კვ.მ. კიბე, ლიფტი, სადარბაზო კორიდორის ფართი -19.9 კვ,მ/ სართულის სამშენებლო ფართი- 256.2 კვ.მ. ასეთივე შინაარსის მტკიცებულებებია წარმოდგენილი მთლიან შენობასთან დაკავშირებით (სულ 9 სართულისთვის), თუმცა, VII სართულის ჩათვლით მონაცემები. გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელემ სწორედ 7 სართული ააშენა. ამ დოკუმენტებში ფართთან მიმართებით რამდენიმე ტერმინია გამოყენებული, ასე მაგალითად: საცხოვრებელი ფართი, სარეალიზაციო ფართი, სამშენებლო ფართი, საანგარიშო ფართი.
23. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწვეული იქნა და დაკითხა (სპეციალისტის სახით) პროექტის შემდგენი არქიტექტორი - შ.დ–ა. სპეციალისტის მოწვევის ერთადერთი მიზანი იყო სასამართლოს გაერკვია ის საკითხი, ზემოჩამოთვლილ ტერმინთაგან (სამშენებლო, სარეალიზაცია და ა.შ) რომელი ტერმინი გამოხატავს რეალურად აშენებული ფართის ოდენობას.
24. სასამართლოს შეკითხვაზე ,,სამშენებლო, სარეალიზაციო, საანგარიშო, და განაშენიანების ფართი“ - ამ ტერმინებიდან -რომელი შეესაბამება და რომელი ტერმინი აღნიშნავს უშუალოდ აშენებულ ფართს, (მაგალითად სამშენებლო ფართი თუ საანგარიშო ფართი), სპეციალისტამ განმარტა, რომ ტერმინი - ,,სამშენებლო ფართი“ გამოხატავს და ასახავს ფართის იმ ოდენობას რაც რეალურად აშენდა მშენებლის მიერ.
25. ზემოთქმულიდან და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, შპს ,,ა–ის“ მიერ გაცემული პროექტით აშენებული სამშენებლო ფართების ოდენობები თითოეული აშენებული სართულის მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:
26. პირველი სართული- 256,2 კვ.მ. (ს.ფ 140) ანტრესოლის სართული-260,5 კვ.მ. (ს.ფ 141) ;
27. II სართული- 309,6 კვ.მ. (ს.ფ 142 );
28. III სართული- 309,6 კვ.მ. (ს.ფ 143);
29. IV სართული- 316 კვ.მ. (ს.ფ 144);
30. Vსართული- 322,5 კვ.მ. (ს.ფ 145) ;
31. VI სართული- 322,5 კვ.მ. (ს.ფ 146);
32. VII სართული- 322,5 კვ.მ. (ს.ფ 147).
33. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან მოსარჩელის მიერ აშენებული ფართის ოდენობაა- 256.2+260.5+309.6+309.9+316+322.5+322.5+322.5 = 2419.4 კვ.მ.
34. უდავოდ დადასტურებულ ფაქტად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელემ ააშენა არა 2500 კვ.მ. ფართი, არამედ 2419.4 კვ.მ.
35. აქედან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა გადაეხადა 2419.4 კვ.მX100$=241.940 $ და არა 250000 დოლარი.
36. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ გადახდილია 78 500$, ე.ი 241940$-78500$ = 163440 დოლარი.
37. საქმის მასალებით არ დგინდება შესრულებულ სამუშაოთა უხარისხობა, არც შეგებებული სარჩელია წარმოდგენილი არაჯეროვანი შესრულების გამო, ნაკლის აღმოფხვრასთან ან რაიმე სხვა ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე (აპელანტი) ვალდებული იყო მიერ უკვე გადახდილ (შესრულებული ვალდებულების ღირებულების) თანხას 78 500 დოლარზე დაემატებინა და მოსარჩელისათვის გადაეხადა დამატებით 163440 დოლარი.
38. სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი დასკვნა დაასაბუთა სსკ-ის 629-ე და 649-ე მუხლებზე დაყრდნობით და აღნიშნა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების ფარგლებში დაკვეთილი სამუშაოები მენარდის მიერ შესრულდა ნაწილობრივ (ასაშენებელი 2500 კვ.მ. ფართიდან, მან ააშენა 2419.4 კვ.მ. ფართი). სამუშაოები მიღებულია მოპასუხის მიერ, რაც ნიშნავს, რომ რეალურად დადგა ის სამართლებრივი შედეგი, რაც დამახასიათებელია ნარდობის ხელშეკრულებისათვის, კერძოდ, მენარდემ შეასრულა ნაწილობრივ ნაკისრი ვალდებულება - ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური შესრულებული სამუშაოს ღირებულების ფარგლებში სრულად. შესაბამისად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ 163 440 აშშ დოლარის ნაწილში.
39. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აპელანტმა (მოპასუხე) შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
40. კასატორი სადავოდ ხდის მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ღირებულებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ხელშეკრულება, რომლითაც სასამართლოებმა კასატორს დააკისრა თანხა გადასახდელად მოსარჩელის მიერ ფაბრიკაციის შედეგად მიღებული დოკუმენტი იყო, კერძოდ, ხელშეკრულების წინა გვერდები შეცვლილი იყო. სარჩელზე თანდართულ დოკუმენტში მითითებულია, რომ მოსარჩელემ დახარჯა 378 929 ლარი, რაშიც ითხოვს ორჯერ მეტი თანხის ანაზღაურებას.
41. კასატორი ასევე სადავოდ ხდის მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობასაც და აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ დაიწყო სამშენებლო სამუშაოების შესრულება, მან ააშენა 4 სართული კომერციული ფართის ჩათვლით, რაც ანაზღაურებული იქნა. აღნიშნულის შემდგომ მოსარჩელემ მიატოვა მუშაობა და მოპასუხემ საკუთარი ძალებით დაასრულა ობიექტი. შესაბამისად, კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელემ შეასრულა ვალდებულებები და თითქოს მან ეს დაამტკიცა წარმოდგენილი მტკიცებულებებით. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა რაიმე ორმხრივად დადასტურებული, ან მესამე პირის მიერ შექმნილი ვალიდური დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს ჩააბარა საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოთა ეტაპები. მენარდის მიერ მართალაც შესრულდა გარკვეული სამუშაოები, რაზეც მის მიერ გამოწერილი იქნა საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რის საფუძველზეც გადახდილი იქნა სამუშაოს ღირებულება. მოსარჩელეს მოპასუხისათვის ელექტრონულად უნდა წარმოედგინა შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურა, რაც მას არ გაუკეთებია. ასევე საქმეში არ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელემ შესრულებული სამუშაოები, როგორც სამეწარმეო სუბიექტმა აღაირა და დაადეკლარირა.
42. კასატორი შუამდგომლობს, რომ საქმეს მტკიცებულების სახით დაერთოს ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოკითხული მოწმის შპს ,,მ–ი"- ის ბუღალტრის მ.შ–ძის ნოტარიულად დადასტურებული განცხადება, რომლითაც ის აღიარებს, რომ შპს მ–ი–მა შპს გ–ს ....... ქუჩა N5-ში შეუსრულა მხოლოდ კომერციული ფართისა და 3 სართულის კარკასული ნაწილის სამშენებლო სამუშაოები. მას მოცემულ განცხადებაში აღნიშნული აქვს, რომ ის 2017 წელს ესწრებოდა მხარეებს შორის მოლაპარაკებებს, რა დროსაც, მხარეები 80 აშშ დოლარის ფარგლებში შეთანხმდნენ. მოცემულ განცხადებაში აღნიშნული გარემოებები კერძოდ, მოლაპარაკებების თარიღი და შეთანხმებული თანხა, აცდენილია საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებას. ასევე მის ნოტარიულად დადასტურებულ განცხადებაში მოყვნილი თითქმის ყველა გარემოება აცდენილია იმ ჩვენებიდან, რომელიც მან მისცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. კასატორი განმარტავს, რომ ამ დოკუმენტის წარდგენა სხვა ინსტანციის სასამართლოებში ობიექტურად შეუძლებელი იყო, რადგან მ.შ–ძემ აღნიშნული ტიპის განცხადება მხოლოდ 2020 წლის 08 ოქტომბერს გააკეთა, მას შემდეგ, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიღებული ჰქონდა მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
43. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 დეკემბერს განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
44. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
45. საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავებების საფუძვლიანობა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი მატერიალური და პროცესუალური ნორმების დარღვევით;
46. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
47. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მიერ შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვს გასამრჯელოს მოთხოვნის წინაპირობების არსებობა. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
48. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
49. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
50. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ჰ.ბოელინგი, ლ.ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.) კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა. მოთხოვნა და მოთხოვნის საფუძველი სხვადასხვა ცნებებია და სასურველია მათი აღრევა თავიდან იქნეს აცილებული. ამ გამიჯვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნათა შორის არჩევანის უფლება, მოსარჩელის უფლებამოსილებაა, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დამფუძნებელი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა შორის ერთ-ერთის მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება და ვალდებულებაცაა (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ. ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 42.).
51. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირზე მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება. მოთხოვნა ძირითადად მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა საპროცესო-სამართლებრივი გაგებით, ყოველთვის მიმართულია სასამართლო გადაწყვეტილების დადგომისაკენ. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილებაა. მოთხოვნის საფუძველი ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ნორმის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს ცალკეულ წინაპირობას და ბ) სამართლებრივი შედეგი, რომელიც კანონის საფუძველზე დადგება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ნორმის შემადგენლობით განსაზღვრული ყველა წინაპირობა.
52. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა. სადავო ურთიერთობის შეფასებისას, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო არაა შებოჭილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებით, შესაბამისად, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გამოარკვევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, იგი ვალდებულია, ეს გარემოებები თავად შეაფასოს სამართლებრივად სწორად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
53. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ სარჩელის მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრებიდან თუ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
54. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ამ განჩინების პ.1-2 სარჩელში მითითებულ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ მოპასუხის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) განაპირობებს მის სამართლებრივ მოწესრიგებას სსკ-ის 629 I- და 648-ე, 649-ე მუხლების საფუძველზე.
55. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობა ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა (სსკ-ის 629-ე მუხლი), რომლის ორივე ხელშემკვრელმა მხარემ, სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სუსგ 2.08.2019წ. საქმე №ას-764-2019).
56. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ანუ, ნარდობის ძირითადი თავისებურებაა ის, რომ შემკვეთი საკუთრების უფლებას იძენს შესრულებული სამუშაოს რეზულტატზე, რისთვისაც იხდის კონკრეტულ საზღაურს (სუსგ 17.10.2017წ. საქმე №ას-866-808-2017).
57. განსახილველი დავის საგანია მხარეთა შორის წარმოშობილი ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება. მოსარჩელემ (მენარდე) წარმოდგენილი სარჩელით მოითხოვა შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება, რასაც შემკევთი (მოპასუხე/კასატორი) შეედავა. მოპასუხემ (კასატორი) თავისი შედავება იმ გარემოებას დააფუძნა, რომ შემკვეთს არ შეუსრულებია სრულად ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები (არ აუშენებია შეთანხმებული მოცულობის ფართი - 25000 კვ.მ) და ამასთან, მენარდის მიერ მითითებული სახელშეკრულებო ფასი (100 დოლარი- 1კვ.მ) უფრო მაღალი იყო ვიდრე მხარეთა მიერ რეალურად შეთანხმებული ფასი (20 დოლარი - 1კვ.მ).
58. საკასაციო პალატა პირველ რიგში, განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა.
59. ამ განჩინების პპ: 18-23 -ში დადგენილია, რომ მენარდემ (მოსარჩელე) ააშენა 7 სართული. ამას ადასტურებდა როგორც საქმეში არსებული მასალები (არქ-პროექტის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებელი, ფორმა N2, მიღება-ჩაბარების აქტი, განმარტებითი ბარათები, ხარჯთარღიცხვა), ისე მოპასუხის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული (მათ შორის, მოპასუხის შუამდგომლობით დაკითხული) მოწმეები. იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მე-8 და მე-9 მათ არ აუშენებიათ და ააშენა სხვა ორგანიზაციამ, ანუ მშენებლობა დაასრულა სხვამ, ამას, მოსარჩელის წარმომადგენელიც ადასტურებდა.
60. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხემ ვერ გააქარწყლა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს აშენებული ქონდა 1715 კვ.მ ფართი და არა მეტი - 5 სართული და არა 7 სართული. დადგენილია, რომ მოსარჩელის მითითებით, მან ააშენა 8 სართული, აქედან 1 სართული იყო ანტრესოლიანი რაც ფაქტობრივად 2 სართულს უდრის. ეს გარემოება დადასტურებული იქნა საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტით, არქ-პროექტის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლით, ფორმა N2 და განმარტებითი ბარათებით.
61. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მოსარჩელემ, მისი პოზიციის დასამტკიცებლად სასამართლოს წარმოუდგინა და მიუთითა მოწმის ჩვენებაზე. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულ იქნენ მშენებლობაზე მომუშავე პირები, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის შუამდგომლობით, რომლებმაც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ მოსარჩელემ დაასრულა 7 სართულის მშენებლობა და მოპასუხემ მშენებლობა მე-8 სართულიდან გააგრძელა. მოსარჩელის მიერ 7 სართულის აშენების ფაქტი გარდა მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხული მოწმისა, მოპასუხის მოწმემაც დაადასტურა. სახელდობრ, მოპასუხის მოწმემ რ.დ–ძემ 1-ლი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დაადასტურა, რომ ,,მშენებლობა დახვდა მე-8 სართულამდე მიყვანილი“(იხ. 12.06.19წ. სხდომის ოქმი ს.ფ. 344-დან 15:18:08), მშენებლობა დასრულებული არ იყო, მან დააშენა 2 სართული, მე-8 და მე-9 სართული-სხვენი (იხ. 12.06.19წ. სხდომის ოქმი ს.ფ. 344-დან 15:18:34, ამ მოწმის ჩვენება სადაოდ არ გაუხდია არც მოპასუხის წარმომადგენელს (იხ. 19.05.2020წ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი იხ. 12.26.51 სთ).
62. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა ვერ წარმოუდგინა საკასაციო პალატას დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ განჩინების პ.34-ში დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების მიმართ, რომ მენარდემ საბოლოო ჯამში, ააშენა 2419.4 კვ.მ. ფართი.
63. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ნარდობის ხელშეკრულებით შემკვეთის ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს მიიღოს შესრულებული სამუშაო და გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. შესრულებული სამუშაოს მიღებაში ერთმანეთისაგან არის გამიჯნული ორი ეტაპი: მენარდის მიერ სამუშაოს გადაცემა და შემკვეთის მიერ შესრულებული სამუშაოს მიღება. სამუშაოს გადაცემა, ერთის მხრივ წარმოშობს შემკვეთის ვალდებულებას, მიიღოს მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგი, ხოლო მეორეს მხრივ - მენარდის უფლებას, მოითხოვოს შემკვეთისაგან შეთანხმებული საზღაური.
64. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესრულებული სამუშაოს მიღება წარმოშობს შემდეგ სამართლებრივ შედეგებს: ა) იწყება შესრულების ნაკლის გამო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა; ბ) შემკვეთმა უნდა გადაუხადის მენარდეს საზღაური; გ) თუ შემკვეთი გადააცილებს საზღაურის გადახდის ვადას, მას შეიძლება დაეკისროს დამატებითი პასუხისმგებლობა (ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და ა.შ.); დ) შემკვეთზე გადადის შესრულებული სამუშაოს შემთხვევითი დაღუპვის ან დაზიანების რისკი;
65. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სამუშაოები მიღებულია მოპასუხის (კასატორი) მიერ, რაც ნიშნავს, რომ რეალურად დადგა ის სამართლებრივი შედეგი, რაც დამახასიათებელია ნარდობის ხელშეკრულებისათვის, კერძოდ, მენარდემ შეასრულა ნაწილობრივ ნაკისრი ვალდებულება - ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური შესრულებული სამუშაოს ღირებულების ფარგლებში. აღსანიშნავია ისიც, რომ კასატორმა (მოპასუხე) სადავო გახადა 1კვ.მ ფართის აშენების ღირებულება ანუ, თუ რაზე იყვნენ მხარეები შეთანხმებული 100 დოლარზე თუ 20 დოლარზე (1 კვ.მ-ის ღირებულება). მოსარჩელემ წარმოადგინა ხელშეკრულება, სადაც 1 კვ.მ-ის ფასად დაფიქსირებულია 100 აშშ დოლარი, ხოლო კასატორი სადავოდ ხდის აღნიშნულ დოკუმენტს იმაზე მითითებით, რომ იგი მოსარჩელის მიერ ფაბრიკაციის შედეგად მიღებული დოკუმენტია, კერძოდ, ხელშეკრულების წინა გვერდები შეცვლილია. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ამ განჩინების პ15 -ში მითითებულ გარემოებას, რომ მტკიცებულება - ხეშეკრულება, სადაც 1 კვ.მ-ის აშენების ფასად დაფიქსირებული იქნებოდა 20 აშშ დოლარი, მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
66. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
67. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპს. შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეთა თა.სწორობის პრინციპთან ერთად, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე- 4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო უფლების მნიშვნელოვან კომპონენტს.
68. სსსკ-ის მე–4 მუხლის თა.ხმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თა.ბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შეჯიბრებითობის პრინციპმა თავისი ასახვა ჰპოვა სსსკ–ის მთელ რიგ სხვა ნორმებში.
69. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპის შინაარსის ანალიზი საფუძველს გვაძლევს გავაკეთოთ შემდეგი დასკვნები: 1. შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. საკითხი იმის შესახებ, რომ სასამართლო საქმის განხილვას (სამოქალაქო პროცესს) იწყებს მხოლოდ დაინტერესებული პირის მოთხოვნით, ან, რომ სასამართლო არ უნდა გასცდეს მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს და ა.შ. განეკუთვნება არა შეჯიბრებითობის, არამედ დისპოზიციურობის პრინციპის სფეროს. 2. მხარეთა მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი (და არა იურიდიული) დასაბუთება (გამართლება) ეკისრებათ თვითონ მხარეებს. 3. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს (შესაგებელს). ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული აგრეთვე სსსკ-ის 178–ე მუხლის „ ე“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს, აგრეთვე სსსკ-ის 201–ე მუხლში, რომლის თა.ხმად, თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, მან უნდა მიუთითოს რა კონკრეტულ გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ. 4. მხარეებმა თვითონ უნდა მიუთითონ მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზე უნდა დამტკიცდეს (დადასტურდეს) მათ მიერ თავიანთი მოთხოვნის (შესაგებლის) დასაბუთების მიზნით მითითებული ფაქტები. ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული სსსკ 178–ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს (ე.ი. მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებებს), აგრეთვე, სსსკ-ის 201-ე მუხლში, რომლის თანახმად, მოპასუხემ თავის პასუხში (შესაგებელში) უნდა მიუთითოს რა მტკიცებულებებით შეიძლება დამტკიცდეს ეს გარემოებები, (ე.ი. მოპასუხის მიერ თავის შესაგებელში მითითებული გარემოებები.
70. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია სსსკ-ის 102–ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს.
71. საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს იმ საკითხზე, თუ რა როლი შეუძლია შეასრულოს სასამართლომ მხარეთა შეჯიბრების პროცესში. ფაქტიურად ესაა საკითხი, თუ რა ზომითაა გამოყენებული სამძებრო პრინციპის ელემენტები სამოქალაქო სამართალწარმოებაში. სსსკ-ის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თა.ხმად, საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს. სამართლებრივი მნიშვნელობის საკითხია, თუ რა შინაარსის შეიძლება იყოს ეს ღონისძიებები.
72. პირველ რიგში მიზანშეწონილია განხილული იქნეს მტკიცების საგნის ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების წრის ზუსტად და სრულად განსაზღვრის შესახებ საკითხი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს.
73. ამრიგად, სასამართლო ვერ გადაწყვეტს ვერცერთ სამოქალაქო საქმეს, თუ მან წინასწარ არ დაადგინა გარკვეული ფაქტები. ამ ფაქტების დადგენა ხორციელდება უმთავრესად დამტკიცების გზით, შესაბამისი მტკიცებულებების გამოყენებით.
74. ფაქტების დამტკიცების პროცესი საკმაოდ დეტალურად რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, განსაზღვრულია მტკიცების საშუალებათა (მტკიცებულებათა) წრე, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, ამ მტკიცებულებათა დასაშვებობა და განკუთვნადობა, მტკიცების ტვირთის (მოვალეობის) განაწილება მხარეთა შორის, ანუ რომელმა მხარემ რა გარემოება უნდა დაამტკიცოს, მტკიცებულებათა გამოკვლევის წესი, მტკიცებულებათა შეფასების ზოგადი წესები და ა.შ. მხარეები წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს იმ ფაქტების დადასტურების მიზნით, რომლებზეც ისინი ამყარებენ თავიანთ მოთხოვნებს და შესაგებელს. სასამართლო მტკიცებულებათა დასაშვებობის და განკუთვნადობის პრინციპების მოთხოვნა დაცვით იღებს ამ მტკიცებულებებს და აფასებს მათ თავისი შინაგანი რწმენით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სასამართლო მტკიცების პროცესის სხვადასხვა მონაწილე სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს, მაგრამ ყველა მათგანის საქმიანობა მიმართულია ერთი მიზნისაკენ – გაირკვეს სიმართლე, დადგინდეს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
75. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო მტკიცება წარმოადგენს სასამართლოსა და მხარეთა საქმიანობას, რომლის მიზანია საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების (ფაქტების) დადგენა.
76. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება – დადასტურება.
77. შესაბამისად, სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანია მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობის ფაქტები, რომლებზეც მიუთითებენ მხარეები თავიანთი მოთხოვნების (შესაგებლის) დასაბუთება–გამართლების მიზნით. რა კრიტერიუმით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ მტკიცების საგნის განსაზღვრისას? სარჩელის აღძვრით მოსარჩელეს სურს გარკვეული შედეგის დადგომა (ნივთის მიკუთვნება, ვალის დაბრუნება,ზიანის ანაზღაურება, ხელშეკრულების მოშლა და ა.შ.), მისი ეს სურვილი აისახება სარჩელის იმ ელემენტში, რომელსაც სარჩელის საგანი ეწოდება. ამრიგად, სარჩელის საგანს ქმნის მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი. მაგრამ, მოსარჩელისათვის სასურველი შედეგის დადგომა, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც კანონი უკავშირებს მოსარჩელის მატერიალურ სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ზუსტად იგივე უნდა განსაზღვროს იმ ფაქტების წრემ, რომლებსაც უკავშირდება მხარეთა მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი დასაბუთებულობა. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა.
78. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა მტკიცების საგნის განსაზღვრის კრიტერიუმის შესახებ: მტკიცების საგანში შედიან მხარეთა მიერ მითითებული ფაქტები, რომლებიც სასამართლოს შეხედულებით სამართლებრივად ასაბუთებენ (ამართლებენ) მათ მოთხოვნებს და შესაგებელს. კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არაა, ესაა სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. „სამართლებრივი დავისას სამოქალაქო საქმის განმხილველ მოსამართლეს ორი ამოცანა აქვს დასაძლევი: პირველ რიგში, მან უნდა გამოარკვიოს, თუ რა მოხდა სინამდვილეში. მეორე რიგში კი მოსამართლემ სამართლებრივად უნდა შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები და დაადგინოს, არსებობს თუ არა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნას, მაშინ სარჩელი უკვე ამ საფუძველზევე არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასეთ შემთხვევაში მოსამართლეს არა აქვს უფლება, საკუთარი ინიციატივით მოიძიოს სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი გარემოებები და შეაგროვოს მტკიცებულებები. თუ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულია ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ადასტურებენ მოთხოვნის არსებობას, მაშინ უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, ამ გარემოებების არსებობის უარყოფა“ (იხ. თომას ჰერმანი, მტკიცებულებითი სამართალი, GIZ, თბილისი, 2016, გვ.3-4). „მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს“ (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ, ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 200-, გვ.64).
79. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა ნამდვილი შეჯიბრება რეალურად შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ იყვნენ ამ შეჯიბრებაში მონაწილე მხარეები თანასწორნი. მხარეთა პროცესუალური თა.სწორობის განმსაზღვრელი ძირითადი ნიშნები და მიმართულებანი ჩამოყალიბებულია სსსკ-ის 4 I-ელ მუხლში, რომლის თა.ხმად მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეთა პროცესუალური თანასწორობის პრინიციპითაა გამსჭვალული საპროცესო კანონმდებლობის თითქმის ყოველი ნორმა, დაწყებული საქმის მომზადების სტადიით და დამთავრებული გადაწყვეტილების გამოტანით და მისი გასაჩივრებით. მაგალითად, სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ მოპასუხეს ეგზავნება ამ სარჩელისა და მასზე დართული დოკუმენტების ასლები. მოპასუხეს თავის მხრივ შეუძლია ცნოს სარჩელი, ან არ ცნოს, მაგრამ თუ არ ცნობს – უნდა წარმოუდგინოს სასამართლოს წერილობითი ფორმით შედგენილი პასუხი სარჩელზე და მასზე თანდართულ საბუთებზე. ამ წერილობით პასუხში მანვე უნდა აცნობოს სასამართლოს, თუ რა საპროცესო საშუალებებით აპირებს მოსარჩელისაგან თავის დაცვას. ისე, როგორც მოსარჩელეს, მოპასუხეს სრული უფლება აქვს არამარტო გამოთქვას თავისი მოსაზრებები მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფაქტების უარსაყოფად, არამედ წარმოუდგინოს სასამართლოს ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც ამართლებენ მის შესაგებელს, აქარწყლებენ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ადასტურებენ ამ მტკიცებულებების სიყალბეს ან არასარწმუნოობას და ა.შ. სასამართლო ვერ გამოიტანს გადაწყვეტილებას, თუ მან არ მოუსმინა ორივე დაპირისპირებულ მხარეს ან არ მისცა მათ შესაძლებლობა გამოიყენონ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და მექანიზმი თავიანთი პოზიციის გასამართლებლად, თავიანთი უფლებების დასაცავად.
80. „მხარეთა თასწორობა და შეჯიბრებითობა სამოქალაქო საპროცესო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რაც პირველ რიგში გულისხმობს მოსარჩელისა და მოპასუხისათვის თა.ბარი პროცესუალური შესაძლებლობების მინიჭებას. შეჯიბრებითობის პრინციპი ეფუძნება მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას, აღიჭურვონ სათა.დო საპროცესო ინსტრუმენტებით...“ (შდრ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №1/8/594; 2017 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №2/6/746).
81. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.
82. შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“ (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIZ), 2013წ., გვ.19.) კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ცალკეულ შემთხვევაში ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები.
83. სსსკ-ის 4.1 მუხლის მიხედვით, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ამავე კოდექსის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სარჩელში უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომელზეც მოსარჩელე ამყარებს თავისმოთხოვნებს. მოხმობილი ნორმები განსაზღვრავენ მხარეთა ტვირთს ფაქტების მითითების თაობაზე. განსხვავებით მტკიცების ტვირთისაგან, რომელსაც მოსამართლე აქტიურად ხელმძღვანელობს და კარნახობს მხარეებს, თუ ვინ უნდა ამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი, იგი პასიურია ფაქტების მითითებისას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე ვერ დაეხმარება მხარეს სარჩელის/შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთების შედგენაში. მოსამართლეს დავის გადასაწყვეტად სჭირდება რელევანტური ფაქტები, რომელთა წარდგენაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეებს.
84. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით, (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით) დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებენ სასარჩელო მოთხოვნას (მე-4, 102, 178-ე მუხლები). მოპასუხემ კი, სარჩელში მითითებულ ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ადასტურებს მოსარჩელის იმ მოთხოვნის არსებობას, რომელზედაც დამოკიდებულია საქმის განხილვის საბოლოო შედეგი მოპასუხეა დამოკიდებული რამდენად წარმატებით აქარწყლებს იგი სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებსა და აბათილებს მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. თუ მოპასუხე სარჩელში მითითებულ ხელშეკრულების ფასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თავის საფუძვლიან მოსაზრებას არ გამოთქვამს, არ დაასაბუთებს და არ გააბათილებს რელევანტური მტკიცებულებებით, მაშინ, მოპასუხე სათანადოდ ვერ გაუწევს პროცედურულ წინააღმდეგობას მოსარჩელეს (შდრ. ილონა გაგუა., „მტკიცების ტვირთი სამოქალაქო სამართლის პროცესში“, გამომცემლობა ,,მერიდიანი“, თბ., 2013, გვ.23-25, რედაქტორი - ზ. ძლიერიშვილი).
85. განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა კვალიფიციური შედავება ვერ წარმოადგინა ხელშეკრულების ფასთან მიმართებაში და ვერ დაარწმუნა საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში. ( იხ. წინამდებარე განჩინების პ.14,15).
86. კასატორი შუამდგომლობს, რომ საქმეს მტკიცებულების სახით დაერთოს ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოკითხული მოწმის შპს ,,მ"- ის ბუღალტრის მ.შ–ძის ნოტარიულად დადასტურებული განცხადება.
87. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულება საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში უნდა იქნეს სასამართლოსათვის წარდგენილი. ესაა საქმის აღძვრის ან საქმის მომზადების სტადია. სსსკ-ის მე-4 მუხლით რეგლამენტირებულია პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე წარმართვა და დადგენილია, რომ მხარეებს აქვთ მტკიცებულებათა წარდგენის გზით საკუთარი პოზიციის დადასტურების შესაძლებლობა, გარდა ამისა, დემოკრატიულ საზოგადოებაში ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა თანასწორობის დაცვას (სსსკ-ის მე-5 მუხლი), რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის განხილვის თითოეულ ეტაპზე სასამართლო ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს და მოსამართლეს მიუკერძოებლად, მხოლოდ მტკიცებულებათა ობიექტური შეფასების გზით უყალიბდება შინაგანი რწმენა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ამა თუ იმ ფაქტის არსებობის თაობაზე. საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ განსაზღვრავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს როლს საერთო სასამართლოების სიტემაში და ადგენს, რომ უზენაესი სასამართლო დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში. კანონის მითითებული დანაწესიდან გამომდინარეობს მათ შორის, სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის დებულება, რომელიც ადგენს უზენაესი სასამართლოს მხრიდან დავის ფაქტობრივი ნაწილის შეფასების ფარგლებს, კერძოდ, საკასაციო სასამართლო მსჯელობს საპროცესო წესების დაცვით მოპოვებული მტკიცებულებებისა და მხარეთა მიერ მიცემული ახსნა-განმარტებების შეფასების კანონიერებაზე იმგვარად, რომ თავად ვერც ახალ ფაქტებს დაადგენს და ვერც ახალ განმარტებებს მიიღებს მხარეებისგან.
88. შესაბამისად, კასატორის განმარტება, რომ ამ დოკუმენტის წარდგენა სხვა ინსტანციის სასამართლოებში ვერ მოხერხდა, რადგან მ.შ–ძემ აღნიშნული ტიპის განცხადება მხოლოდ 2020 წლის 08 ოქტომბერს გააკეთა, მას შემდეგ, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიღებული ქონდა მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილება, არ წარმოადგენს, მისი საქმისათვის დართვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ საფუძველს.
89. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სსსკ-ის 407.1 მუხლის საფუძველზე შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს და კასატორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება უკან უნდა დაუბრუნდეს კასატორს.
90. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
91. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება.
92. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
93. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,გ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. შპს „გ–ის“ შუამდგომლობა ნოტარიულად დადასტურებული განცხადების საქმისათვის დართვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს და დაუბრუნდეს კასატორს 1 ფურცლად;
3. შპს ,,გ–ს“ (ს.კ: ....) (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს დ.დ–ძის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 22.12.2020-ში №1026162.. საგადახდო დავალებით გადახდილი 8000 ლარის 70% – 5600 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე