Facebook Twitter

საქმე №ას-775-2021 9 სექტემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ინდივიდუალური მეწარმე ე.ე–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდივიდუალური მეწარმე ე.ე–ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ დამოითხოვა ქ. თბილისში, ..... მიმდებარედ (ნაკვ. ....) 63.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, N2 და N3 შენობა-ნაგებობების (საკადასტრო კოდი N ....) მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მესაკუთრისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე უკანონოდ ფლობს მის კუთვნილ უძრავ ნივთს და ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს მას.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, სადავოდ გახადა სასარჩელო მოთხოვნაში მითითებულ უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლება და განმარტა, რომ სადავო ფართი იმყოფება შპს ს.ს. გამმართველი სამმართველო „ს–ას“ მფლობელობაში, რომელთანაც გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე იჯარით გადაეცა მითითებულ მისამართზე განთავსებული 1988 წელს გამოშვებული „რონოდა“ ვაგონი ზომით 900X300X279. შესაბამისად, იგი წარმოადგენს აღნიშნული ვაგონის მართლზომიერ მფლობელს.

4. მოპასუხემ უარყო მის მფლობელობაში სადავო 63.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის არსებობის ფაქტი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მაისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 172-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

8. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქ.თბილისში, ...... მიმდებარედ (ნაკვ. ...) არსებული №1, №2 და №3 შენობა-ნაგებობების მესაკუთრეა სახელმწიფო. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს №05/13360 წერილი, დამოწმებული 24.06.2011წ.

9. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №391 დადგენილების მე-2 მუხლის მიხედვით, სააგენტოს მიზანია სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა. ამდენად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს სახელმწიფოს ინტერესებს ქონების მართვის და განკარგვის საკითხებში.

10. მოპასუხე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს ორ გარემოებას: 1. იგი არ ფლობს №2 და №3 შენობას და არც 63 კვ.მ მიწის ნაკვეთს. მის მფლობელობაშია მხოლოდ ვაგონი „რონოდა“ იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც გაფორმებული აქვს შპს ს.ს. გამმართველი სამმართველოს „ს–თან“; 2. სადავო უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელია ზემოაღნიშნული შპს, მას სარჩელი აქვს აღძრული სასამართლოში ქონებაზე საკუთრების უფლების წარმომშობი დოკუმენტის ბათილად ცნობის თაობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სახელმწიფო დაკარგავს საკუთრების უფლებას ქონებაზე.

11. სააპელაციო პალატამ აპელანტის აღნიშნული პოზიცია არ გაიზიარა და მიიჩნია, რომ სადავო ქონების მოპასუხის მიერ მფლობელობა დადასტურებულია საქმის მასალებით, კერძოდ: 14.07.2017წ. დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ შემოწმდა ქ. თბილისი,............ მიმდებარედ არსებული №......, №..... და №..... უძრავი ნივთები, რის შემდეგაც დადგინდა, რომ ს.კ. №.... მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა ნაგებობაში განთავსებულია მოძრავი ნივთები. შენობა არის ავარიულ მდგომარეობაში. ს.კ. ..... დაკეტილი იყო, სავარაუდოდ აღნიშნულ ქონებას იყენებენ, ს.კ. №..... მომიჯნავე შენობას ეზღუდება მისასვლელი გზა გვერდითი მხრიდან. მიმდინარეობს უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. ფართი გაქირავებული აქვს მოქალაქე მოპასუხესა და სხვა ფიზიკურ პირს.

12. სადავო ქონების შემოწმება ასევე განახორციელა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა. მის მიერ 24.01.2020წ. შედგენილ აქტში აღნიშნულია შემდეგი: ადგილზე შემოწმებისას დადგინდა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით ს/კ ..... არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებს იურიდიული/ფიზიკური პირი - მოპასუხე. ამ უკანასკნელს №2 შენობის ნაწილში ულაგია მოძრავი ნივთები, ხოლო ნაწილში აქვს მოწყობილი ლაზერული ხატვის ოთახი. აგრეთვე, შენობა №3 წარმოადგენს ქვაზე სახატავ ოთახს, ხოლო მოძრავი ვაგონი - ოფისს, აქტს ერთვის შესაბამისი ფოტოსურათები.

13. თავად მოპასუხე არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ მოძრავი ვაგონი, რომელსაც ფლობს 10.01.2019წ. შპს „ს.ს. გ.ს–ოს" დირექტორთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, განთავსებულია სადავო ტერიტორიაზე, თუმცა უთითებს, რომ ეს ტერიტორია შპს-ს მართლზომიერ მფლობელობაშია.

14. ამდენად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სადავო უძრავი ქონების მოპასუხის მიერ ფლობის ფაქტი დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, აღნიშნულ საწინააღმდეგოს დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება კი, მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

15. სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება, რომ მოპასუხეს არა აქვს სადავო ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე სადავო უძრავი ქონების მფლობელია.

16. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. იმავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

17. ამდენად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს. მოსარჩელემ წარადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დაადასტურა საკუთრების უფლების არსებობა სადავო ქონებაზე. ასევე, უდავოა, რომ მოპასუხე ფლობს სადავო უძრავ ნივთს. შესაბამისად, სწორედ მოპასუხე მხარეს ეკისრება იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მისი მფლობელობა მართლზომიერია (სუსგ. 17.12.2019წ. საქმეზე Nას-1579-2019).

18. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართლზომიერი მფლობელობის კუთხით, მოპასუხემ მიუთითა, რომ სადავო ქონებაზე პრეტენზია გააჩნია შპს „ს.ს. გ.ს–ოს“ და მას სადავოდ აქვს გამხდარი სახელმწიფოს საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი. მოპასუხე ქონებას ფლობს შპს-თან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

19. სააპელაციო პალატამ განმარტა, ვინდიკაციური დავების განხილვის დროს მნიშვნელოვანია არა საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველის კვლევა, არამედ ის ფაქტი არის თუ არა მოსარჩელე ნივთის მესაკუთრე, ფლობს თუ არა მოპასუხე ნივთს და თუ ფლობს, აქვს თუ არა ფლობის სამართლებრივი საფუძელი. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მესაკუთრეს, ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე ფლობს მოსარჩელის კუთვნილ ნივთს, რაც შეეხება შპს-თან გაფორმებულ ხელშეკრულებას, აღნიშნულ ვერ გახდება სადავო ნივთის ფლობის საფუძველი, ვინაიდან გაფორმებულია არაუფლებამოსილ პირთან.

20. მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ საჩივრის შეტანა, არ არის საკმარისი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის პრეზუმფციის გასაბათილებლად. რეესტრის ჩანაწერის სისწორე მოქმედებს მანამ, სანამ მისი უზუსტობა არ დადასტურდება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან თავად გარიგების მხარეთა მიერ.

21. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდეა კანონიერი, უფლებამოსილ პირს მანამდე შეუძლია, თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება. ეს კი, მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილის სიტყვა-სიტყვითი განმარტებით თუ ვიმსჯელებთ, სასამართლოში საჩივრის (სარჩელის) შეტანა გამორიცხავს ამ ნორმით გათვალისწინებული ვარაუდის მოქმედებას, რაც არასწორია, ვინაიდან მარტოოდენ გასაჩივრების ფაქტი არ აჩერებს საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მოქმედებას, თუ არ დადასტურდა უფლების ნამდვილობის ხარვეზი თავად გარიგების მხარეთა მიერ ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. მანამდე ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და, შესაბამისად, უფლება ნამდვილი (შდრ HTTP://www.gccc.ge/, სსკ-ის 312-ე მუხლის კომენტარი) (იხ:, სუსგ. საქმე №ას-1719-2019 , 22.01.2020წ).

22. ამდენად, თუნდაც ის ფაქტი, რომ შპს-ს ცალკე სარჩელით სადავოდ აქვს გამხდარი მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე, მოცემულ ეტაპზე, წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძელი ვერ გახდება, ვინაიდან საჯარო რეესტრის ჩანაწერის თანახმად, მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე და, სანამ ეს ჩანაწერი არსებობს, მას შეუძლია თავისუფლად განკარგოს ქონება და ისარგებლოს ამ ქონებით.

23. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება. შესაბამისად, ის უკანონოდ ფლობს უძრავ ქონებას. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის, შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები და გამოითხოვოს ნივთი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან.

24. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

25. სსკ-ის 168-ე მუხლისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობს მითითებული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაკმაყოფილდა მესაკუთრის სარჩელი. არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

26. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

27. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ მიიღო მხედველობაში ის გარემოება, რომ შპს, რომლისგანაც იჯახის ხელშეკრულებით მოპასუხეს სადავო ფართი გადაეცა, სადავოდ ხდის სახელმწიფოს მიერ სადავო უძრავი ქონების საკუთრებაში მიღების საფუძველს. აღნიშნულის შესახებ დავა იხილება სასამართლოში. აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო დაკარგავს საკუთრების უფლებას იმ ქონებაზე, რომლის მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვასაც მოსარჩელე მოითხოვს. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, რადგან არ დააკმაყოფილა მოპასუხის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ ზემოხსენებული დავის განხილვის დასრულებამდე. აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში იხილებოდა დავა ფართის უკანონოდ სარგებლობისათვის კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე, რომლის წარმოებაც სასამართლომ ზემოთ მითითებული საფუძვლით შეაჩერა. ამდენად, კასატორმა იშუამდგომლა მოცემულ საქმეზე წარმოების შეჩერების შესახებ ადმინისტრაციული დავის დასრულებამდე.

28. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატას არ გაუთვალისწინებია არც ის გარემოება, რომ მოპასუხე სადავო ფართს სრულად არ ფლობს, ქონების ფაქტობრივ ბატონობას ახორციელებს შპს, რომელიც აწარმოებს დავას სახელმწიფოსთან ქონების საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით.

29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისს განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

30. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

32. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქ.თბილისში, ...... მიმდებარედ (ნაკვ. 08...) არსებული №1, №2 და №3 შენობა-ნაგებობების მესაკუთრეა სახელმწიფო. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს №05/13360 წერილი, დამოწმებული 24.06.2011წ.

33. მოპასუხე ფლობს სადავო ქონებას შპს-სთან დადებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე და, მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად, ნებაყოფლობით მას არ ათავისუფლებს.

34. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარემ განმარტა, რომ სადავო უძრავ ქონებას ფლობს მის მესაკუთრესთან - შპს-სთან ერთად, რომელიც აწარმოებს დავას სახელწმიფოსთან ქონების საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქმის წარმოება უნდა შეჩერდეს მითითებული დავის დასრულებამდე.

35. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

36. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245).

37. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად. (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012).

38. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

39. სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, § 124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).

40. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

41. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

42. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

43. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (სუს 3.02.2021წ. საქმე №ას-136-2019, 29.01.2021წ. საქმე №ას-1437-2020, 24.12.2020წ. საქმე №ას-1274-2020, 31.01.2020წ. საქმე №ას-434-2019 №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება).

44. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ ირიცხება მოსარჩელე, თუმცა ფაქტობრივად ქონება მოპასუხის მფლობელობაშია.

45. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სადავო გარემოებების მტკიცების გარკვეულ სტანდარტს.

46. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

47. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

48. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ წარადგინეს საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დაადასტურა საკუთრების უფლების არსებობა სადავო ქონებაზე. ასევე, უდავოა, რომ მოპასუხე ფლობს სადავო უძრავ ნივთს. შესაბამისად, სწორედ მოპასუხე მხარეს ეკისრებოდა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მისი მფლობელობა მართლზომიერია. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება კი მან სასამართლოს ვერ წარუდგინა (შდრ: სუსგ: №ას-33-2012, 11 მარტი, 2021წ.; №ას-363-2020, 25 თებერვალი, 2021წ.; №ას-1579-2019, 17 დეკემბერი, 2019წ.).

49. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის არგუმენტი, რომ სადავო ნაკვეთს ფლობს შპს-სთან ერთად. მოცემულ დავაში სარჩელი მიმართულია მოპასუხე ფიზიკური პირის მიმართ და შეეხება მისი მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვას. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მოპასუხე ფაქტობრივად ფლობს სადავო ფართს, რასაც საკასაციო საჩივარში, თუნდაც ნაწილობრივ ფლობის სახით, თავადაც ადასტურებს. აღნიშნული ფაქტი დადგენილია სააპელაციო სასამართლოს მიერაც (იხ. წინამდებარე განჩნების 11-13 პპ.).

50. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხემ ვერ მიუთითა ვინდიკაცური სარჩელის დაკმაყოფილების საწინააღმდეგო გარემოებასა ან მტკიცებულებაზე.

51. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

52. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

53. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

54. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

55. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

56. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, ვინაიდან არ არსებობს სსსკ-ის 279-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლოს ვალდებულების წარმომშობი საფუძვლები. მითითებული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

57. აღნიშნული ნორმა საქმის წარმოების შეჩერების აუცილებლობას ითვალისწინებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც განსახილველი დავის გადაწყვეტას სამართლებრივად აფერხებს სხვა სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის გადაწყვეტა. მოცემულ საქმეზე ამგვარი ხელშემშლელი გარემოების არსებობა არ დადასტურებულა.

58. განსახილველ საქმეზე კასატორმა საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლად მიუთითა, რომ შპს-მ, რომლისაგან მოპასუხემ იჯარით სადავო ფართი მიიღო, სარჩელით მიმართა სასამართლოს იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომლითაც მოსარჩელემ სადავო ნივთზე საკუთრების უფლება მოიპოვა. კასატორს მიაჩნია, რომ მოცემული სამოქალაქო საქმის ობიექტურად გადაწყვეტა შეუძლებელია ზემოთ დასახელებული დავის გადაწყვეტამდე.

59. საკასაციო სასამართლო, დაუსაბუთებლობის გამო, არ იზიარებს კასატორის აღნიშნულ პოზიციას და მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით, რომლის თანახმად სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდეა კანონიერი, უფლებამოსილ პირს მანამდე შეუძლია, თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება.

60. საქმის წარმოების შეჩერების შესახებ კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია ისეთ საპროცესო ინსტიტუტთან, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის - პროცესის ეკონომიის პრინციპის რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა (შდრ. სუსგ №ას-415-415-2018, 04.05.2018წ.). ზემოაღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას (შდრ: სუსგ Nას-1719-2019, 22.01.2020წ.).

61. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდე ითვლება კანონიერად, უფლებამოსილ პირს მანამდე შეუძლია, თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

62. როგორც ზემოთ აღინიშნა, საჯარო რეესტრის ამონაწერით დადასტურებულია, რომ სადავო უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე, რომელსაც მოპასუხე არამართლზომიერად ფლობს, ამდენად, არ დადასტურდა ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს გახდიდა წინამდებარე დავის გადაწყვეტას მოპასუხის მიერ აღძრული სხვა სამოქალაქო-სამართლებრივი დავის განხილვის დასრულებამდე, შესაბამისად, კასატორის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო (შდრ. სუსგ №ას-409-2020, 25 თებერვალი, 2021წ.).

63. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 05/07/2021წ. №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ინდივიდუალური მეწარმე ე.ე–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ინდივიდუალურ მეწარმე ე.ე–ს (პირადი №.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 05/07/2021წ. №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

3. ინდივიდუალური მეწარმე ე.ე–ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე