საქმე №ას-665-2021 10 სექტემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერკაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ.ჯ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ს.გ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ს.გ–მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.ჯ–ის (შემდგომ – მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ მიუღებელი ქირის სახით მიყენებული ზიანის - თვეში 980 ლარის დაკისრების შესახებ 2018 წლის 22 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მოსარჩელემ 2018 წლის 22 ნოემბერს შეიძინა სადავო უძრავი ქონება იმისთვის, რომ გაექირავებინა და მიეღო ყოველთვიური შემოსავალი. ბინის ყიდვის შემდეგ მოსარჩელემ მოითხოვა ბინაში მცხოვრები პირებისგან საცხოვრებელი სახლის გამოთავისუფლება. ვინაიდან მოპასუხემ არ შეასრულა მოსარჩელის მოთხოვნა, მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ. სასამართლო გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მაინც არ გაუთავისუფლებია უძრავი ქონება, რის გამოც, მოსარჩელეს წაერთვა შესაძლებლობა 2018 წლის 22 ნოემბრიდან მიეღო ბინის გაქირავებით მისაღები ყოველთვიური შემოსავალი, რაც აუდიტის დასკვნით შეადგენს 980 ლარს.
1. მოპასუხის პოზიცია:
2. მოპასუხემ მარტივი შედავებით სარჩელი არ ცნო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 22 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდ მიუღებელი ქირის სახით მიყენებული ზიანი, ყოველთვიურად 980 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო პალატისათვის წარედგინა: ა) დაზუსტებული და დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი; ბ) დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (შემოსავლის ორდერი).
7. აღნიშნული განჩინება 2020 წლის 16 ნოემბერს ჩაბარდა მოპასუხეს (ს.ფ. 111).
8. ხარვეზის შევსებისათვის დადგენილ 10 დღიან ვადაში, 2020 წლის 27 ნოემბერს, ფოსტის მეშვეობით (გზავნილი ფოსტაში წარდგენილ იქნა 26.11.2020წ.) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მოპასუხის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი იქნა წარდგენილი, რომელსაც ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითრის დედანი - 10.00 (ათი) ლარის ოდენობით.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეს გაუგრძელდა ამავე სასამართლოს 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ვადა 10 დღით (ს.ფ. 123-126). აღნიშნული განჩინება აპელანტს (მოპასუხე) 2021 წლის 8 თებერვალს ჩაბარდა (ს.ფ. 133).
10. 2021 წლის 19 თებერვალს, ფოსტის მეშვეობით, ხარვეზის შევსებისათვის დანიშნულ ვადაში, სააპელაციო სასამართლოს მოპასუხემ (აპელანტი) მიმართა განცხადებით და კვლავ 10 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის დედანი წარადგინა, განცხადების გარეშე.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინებით მოპასუხეს (აპელანტი) კვლავ გაუგრძელდა ამავე სასამართლოს 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ვადა 14 დღით (ს.ფ. 137-140). აღნიშნული განჩინება აპელანტს (მოპასუხე) 2021 წლის 13 აპრილს ჩაბარდა (ს.ფ. 145).
12. აპელანტმა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით 2021 წლის 13 მაისს ფოსტის მეშვეობით წარმოადგინა ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი - 10.00 (ათი) ლარის ოდენობით, განცხადების გარეშე (რაც დასტურდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაო საქმეთა პალატის სექტორის სპეციალისტის მიერ შედგენილი აქტით) (ს.ფ. 146-148).
13. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 59-ე და 63-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ განჩინების ჩაბარების შესახებ ხელწერილით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის 14 დღით გაგრძელების შესახებ აპელანტს ჩაბარდა პირადად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შენობაში 2021 წლის 13 აპრილს. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 14 აპრილს და ამოიწურა 2021 წლის 27 აპრილს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით სახელმწიფო ბაჟის სახით თანხა 10.00 ლარის ოდენობით გადახდილია 2021 წლის 28 აპრილს, ხოლო სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილია ფოსტის მეშვეობით 2021 წლის 13 მაისს. ამდენად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილია განჩინებით დადგენილი ვადის დარღვევით. აქვე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სახელმწიფო ბაჟის სახით განსახილველ შემთხვევაში აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრისთვის გადახდილია 30.00 ლარი (10+10+10) ლარი, რაც აპელანტს უნდა დაუბრუნდეს სრულად.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. აღნიშნულის შესახებ აპელანტი გაფრთხილებული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 08 ოქტომბრის განჩინებით.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ (აპელანტი) შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
16. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, აპელანტის მიერ აღმოფხვრილი იქნა ხარვეზი. კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი იქნა სასამართლოში შესაბამისი დოკუმეტაციის ბანკიდან გამოთხოვის შემდგომ. სახელმწიფო ბაჟის გადახდის შემდეგ, სასამართლო ვალდებული იყო დაენიშნა სხდომა და განეხილა საქმე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
17. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
18. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
19. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
20. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი, სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
21. განსახილველ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ აპელანტს დაუდგინა ხარვეზი და დაავალა, ამ განჩინებით ჩაბარებიდან 10 დღეში წარედგინა: 1. კანონით დადგენილი წესით შედგენილი სააპელაციო საჩივარი; ბ) დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (შემოსავლის ორდერი).
22. აღნიშნული განჩინება 2020 წლის 16 ნოემბერს ჩაბარდა მოპასუხეს (ს.ფ. 111).
23. ხარვეზის შევსებისათვის დადგენილ 10 დღიან ვადაში, 2020 წლის 27 ნოემბერს, ფოსტის მეშვეობით (გზავნილი ფოსტაში წარდგენილ იქნა 26.11.2020წ.) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მოპასუხის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი იქნა წარდგენილი, რომელსაც ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითრის დედანი - 10.00 (ათი) ლარის ოდენობით.
24. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეს გაუგრძელდა ამავე სასამართლოს 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ვადა 10 დღით (ს.ფ. 123-126). აღნიშნული განჩინება აპელანტს (მოპასუხე) 2021 წლის 8 თებერვალს ჩაბარდა (ს.ფ. 133).
25. 2021 წლის 19 თებერვალს, ფოსტის მეშვეობით, ხარვეზის შევსებისათვის დანიშნულ ვადაში, სააპელაციო სასამართლოს მოპასუხემ (აპელანტი) მიმართა განცხადებით და კვლავ 10 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის დედანი წარადგინა, განცხადების გარეშე.
26. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინებით მოპასუხეს (აპელანტი) კვლავ გაუგრძელდა ამავე სასამართლოს 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ვადა 14 დღით (ს.ფ. 137-140). აღნიშნული განჩინება აპელანტს (მოპასუხე) 2021 წლის 13 აპრილს ჩაბარდა (ს.ფ. 145).
27. აპელანტმა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით 2021 წლის 13 მაისს ფოსტის მეშვეობით წარმოადგინა ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი - 10.00 (ათი) ლარის ოდენობით, განცხადების გარეშე (რაც დასტურდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაო საქმეთა პალატის სექტორის სპეციალისტის მიერ შედგენილი აქტით) (ს.ფ. 146-148).
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო პალატამ აპელანტს დაუდგინა ხარვეზი ორი მიმართულებით. ერთი მხრივ, მხარეს დაევალა კანონით დადგენილი წესით შედგენილი სააპელაციო საჩივრის, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ამსახველი ქვითრის დედნის წარდგენა.
29. მხოლოდ მითითებული პირობების კუმულატიურად შესრულება ჩაითვლებოდა აპელანტის მიერ ხარვეზის გამოსწორებად.
30. დადგენილია, რომ აპელანტს ევალებოდა სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის დადგენილ ვადაში წარდგენა (იხ., ამ განჩინების პპ: 4, 21). აპელანტის (მოპასუხე) მიერ კი, მთლიანობაში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 30 ლარი (10+10+10) (იხ., ს.ფ. 153).
31. საყურადღებოა რომ აპელანტმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის 14 დღით გაგრძელების შესახებ პირადად ჩაიბარა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შენობაში 2021 წლის 13 აპრილს. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 14 აპრილს და ამოიწურა 2021 წლის 27 აპრილს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით სახელმწიფო ბაჟის სახით თანხა 10.00 ლარის ოდენობით გადახდილია 2021 წლის 28 აპრილს, ხოლო სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილია ფოსტის მეშვეობით 2021 წლის 13 მაისს.
32. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ აპელანტის მიერ აღმოფხვრილი იქნა ხარვეზი. კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი იქნა სასამართლოში შესაბამისი დოკუმეტაციის ბანკიდან გამოთხოვის შემდგომ. სახელმწიფო ბაჟის გადახდის შემდეგ, სასამართლო ვალდებული იყო დაენიშნა სხდომა განეხილა საქმე.
33. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სახელმწიფო ბაჟის არასრულად გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილია განჩინებით დადგენილი ვადის დარღვევით.
34. ამასთან, სახელმწიფო ბაჟის სახით აპელანტის მიერ მთლიანობაში გადახდილია 30 ლარი, ხოლო აპელანტს ევალებოდა დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობის გადახდის დამდასტურებელლი ქვითრის დედნის დადგენილ ვადაში წარდგენა.
35. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე.
36. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს.
37. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.
38. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.
39. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ წინამდებარე სააპელაციო საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა, ვინაიდან აპელანტმა ხარვეზი სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ არცერთ ნაწილში არ გამოასწორა და არც ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადის დამატებით გაგრძელება არ მოითხოვა.
40. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
41. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
42. ვინაიდან კერძო საჩივარი არ დაკმაყოფლდა, კერძო საჩივრის ავტორი ვალდებულია გადაიხადოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ივლისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟი 25 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.ჯ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. ლ.ჯ–ს დაევალოს სახელმწიფო ბაჟის სახით 25 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თანხა ჩარიცხულ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე