Facebook Twitter

საქმე №ას-574-2021 9 სექტემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს ,,ს.მ–ა “ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „კ–მა“ (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა შპს „ს.გ. ს.ს.კ–იის“ (შემდეგში: მოპასუხე ან აპელანტი ან კასატორი) მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისთვის 202 963.85 ლარის დაკისრება.

2. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე, რომლის საგანსაც წარმოადგენდა "ხ-ს–ის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის აღდგენა რეაბილიტაციის" სამუშაოების განხორციელება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მთლიან ღირებულება შეადგენდა 2 149 999 ლარს. ამავე ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოთა შესრულების ვადად თავდაპირველად განსაზღვრულ იქნა 280 კალენდარული დღე. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეებს შორის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა ვალდებულების შესრულების საბანკო გარანტია 53 750 ლარის ოდენობით და ავანსის საბანკო გარანტია 131118,85 ლარის ოდენობით, დადებულ იქნა რა შესაბამისი ხელშეკრულებები სს "ტ.ბ–სა" და მოსარჩელეს შორის.( ხელშეკრულების დადების მომენტში სს კ.ბ–ი). აღნიშნულმა ხელშეკრულებებმა მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე განიცადეს ცვლილებები მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადის შეცვლის ნაწილში. მოსარჩელე სამუშაოების განხორციელებას შეუდგა დაუყოვნებლივ ხელშეკრულების გაფორმებიდან. აღნიშნული სამუშაოების განხორციელება მიმდინარეობდა საქართველოს ურთულესი მდინარის, მდ. ცხენისწყლის კალაპოტში. ვალდებულებების შესრულება ხორციელდებოდა სრულად მოპასუხის მიერ წარმოდგენილი პროექტის ზედმიწევნით დაცვით. სწორედ აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს სახელმძღვანელოს თუ როგორ უნდა განხორციელებულიყო სარეაბილიტაციო სამუშაოები. დროთა განმავლობაში ცხადი გახდა, რომ პროექტი ფაქტიურად მოწყვეტილი იყო რეალობას, არ იყო რა გათვალისწინებული მთელი რიგი სამუშაოები, მათ შორის, უმნიშვნელოვანესი წყლის მოცილების სამუშაოები, რომელიც საკვანძო გარემოებას წარმოადგენდა შემდგომი საქმიანობისა და ვალდებულების შესრულების პროცესში, შესრულების ვადებზე. გარდა ამისა, გამოვლინდა გარემოებები, რომლებმაც ობიექტურად გავლენა იქონიეს მოსარჩელის მიერ განსახორციელებელ სამუშაოთა ვადებზე, რაზეც იმთავითვე წერილობით ეცნობა მოპასუხე მხარეს. მნიშნელოვანია ის გარემოება, რომ მდინარის ამ ნაწილში, სადაც ხორციელდებოდა სამუშაოები, ხშირი იყო წყალმოვარდნები და ამ პერიოდში ადგილი ჰქონდა სტიქიურ მოვლენებსაც, რამაც რამოდენიმეჯერ გაანადგურა ამ დროს უკვე დასრულებული გარკვეული სამუშაოები. ყოველივე ეს კი ბუნებრივად ხელს უშლიდა სამუშაოთა განხორციელებას. ამასთან, 2016 წლის 01 მაისს მოულოდნელად აზვირთებულმა მდინარემ მთლიანად წალეკა ბალასტისა და რკინაბეტონის დროებითი ძელყორები, რომელიც ხელახლა აღსადგენი გახდა და რომელთა გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა სამუშაოთა განხორციელება. მოსარჩელის განმარტებით, გარდა მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებისა, რომელიც ობიექტურად უნდა ყოფილიყო საფუძველი ხელშეკრულების მისადაგებისა შეცვლილი გარემოებისადმი, რაც თავის მხრივ განაპირობებდა ერთი მხრივ, მოსარჩელე მხარის მხრიდან ვალდებულების სრულ შესრულებას, მეორე მხრივ, დაკმაყოფილებულ იქნებოდა მოპასუხე მხარის ინტერესები და ხელშეკრულება შესრულდებოდა, თუმცა მოპასუხემ შესაბამისი მუშაკების მიერ სამუშაოთა განხორციელების პროცესში, გამოავლინა არაკომპეტენტურობა, გულგრილობა და იმდაგვარი ქმედებები, რომელიც ზიანის მომტანი გახდა მოსარჩელისათვის, რომელიც ყველა ღონეს და ხერხს იყენებდა ვალდებულება რომ შესრულებულიყო სრულად. სწორედ ამის გამო, 2016 წლის 18 მაისს მიმართა მოპასუხე ორგანიზაციას დასაბუთებული წერილით და მოითხოვა ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილ გარემოებებთან, რომელიც მთლიანად ეყრდნობოდა ობიექტურ და იმ დროისათვის არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს, სამოქალაქო კოდექსისა და მოქმედი კანონმდებლობის ნორმებს, თუმცა, აღნიშნულიც უგულებელყოფილი იქნა მოპასუხის მიერ. ამ დროისათვის მიუხედავად მთელი რიგი წინააღმდეგობისა, მოსარჩელის მხრიდან სამუშაოთა უდიდესი ნაწილი შესრულდა. ნაცვლად იმისა, რომ მოპასუხე მხარეს ობიექტურად შეეფასებინა რეალობა და ხელი შეეწყო მოსარჩელისათვის ვალდებულების შესრულებაში, გაეთვალისწინებინა წარმოშობილი გაუთვალისწინებელი გარემოებები, მან დაიწყო ჯარიმების დარიცხვა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.07% - ის ოდენობით. ჯარიმა დაერიცხა მოსარჩელეს მთლიანი ღირებულებიდან, (როდესაც მას უკვე ამ დროისათვის შესრულებული ჰქონდა სამუშაოთა ღირებულების 75 %-ზე მეტი), რომელმაც ყოველდღიურად შეადგინა 1504,99 ლარი. საერთო ჯამში, მოპასუხეს ჯარიმის სახით მიღებული აქვს 90299,95 ლარი. ამასთან, მიუხედავად მოსარჩელის წერილობითი მოთხოვნისა და იმის განმარტებისა, რომ თუ ხელშეკრულება არ იქნებოდა მისადაგებული შეცვლილ გარემოებებთან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოპასუხე მხარეს უფლება არ ჰქონდა მოეთხოვა ხელშეკრულების პირობების ზედმიწევნით დაცვა, მან ცალმხრივად, ყოველგარი შეტყობინების გარეშე შეწყვიტა ხელშეკრულება და მიმართა სს „ტ.ბ–ს“, როგორც გარანტიის გამცემს და მოითხოვა საგარანტიო თანხების უპირობოდ გადარიცხვა, რომლის თაობაზეც კანონმდებლობით დადგენილი წესით და დროში ეცნობა მოსარჩელეს წერილობით ბანკის მიერ. იმის გათვალიწინებით, რომ აღნიშნული წარმოადგენდა უპირობო ვალდებულებას, სს „ტ.ბ–ის“ მიერ გადარიცხულ იქნა საგარანტიო თანხები სრული მოცულობით, რაც შემდგომ გადახდილ იქნა მოსარჩელის მიერ. მთლიანობაში აღნიშნულმა თანხამ შეადგინა 163829,5 ლარი.

3. 2018 წლის 09 ოქტომბრის პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მოსარჩელე მხარემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა 202 953.85 ლარის ოდენობით, საიდანაც ხარისხის 5% შეადგენს 79 979.8 ლარს, საგარანტიო თანხა 53 760 ლარს, პირგასამტეხლო 69 224 ლარს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1504.99 ლარის ოდენობით.

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარდგენილ შესაგებელში განმარტა, რომ პროექტის მიხედვით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო მდინარის კალაპოტში, სათავე ნაგებობის ზედა და ქვედა ბიეფში დროებითი ძელყორული ზღუდარების მოწყობა წყალარინების უზრუნველსაყოფად და წყლის ნაკადის მიმართვა სათავე ნაგებობის წყალსაშვიან ნაწილზე, რაც ჰიდროტექნიკურ მშენებლობაში ფართოდ გამოიყენება, მრავალგზის აპრობირებულია და გათვალისწინებულია სამშენებლო ნორმებით და წესებით. ზღუდარების პარამეტრები გაანგარიშებულია მდ. ცხენისწყალში 10 წელიწადში ერთჯერ განმეორებადი მაქსიმალური საანგარიშო ხარჯის (+730 კბმ/წმ) გათვალისწინებით. აღნიშნულ საპროექტო გადაწყვეტილებაზე მიღებულია ექსპერტიზის დადებითი დასკვნა. დროებითი ზღუდარის კონსტრუქციული გადაწყვეტა მოცემულია პროექტის გრაფიკულ ნაწილში, შესასრულებელი სამუშაოების სახეობები და მოცულობები - გრაფიკულ ნაწილსა და სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში, სამუშაოთა წარმოების ძირითადი მოთხოვნები - ტექნიკურ სპეციფიკაციებსა და ეკოლოგიურ უსაფრთხოებაში. მოსარჩელემ სამუშაოთა პირველი და უმთავრესი ეტაპი - ძელყორული ზღუდარების მოწყობა - ფაქტობრივად დაიწყო 2015 წლის მარტის ბოლოს, ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის შემდგომ. დაუყოვნებლივ ხელშეკრულების გაფორმებიდან პრაქტიკულად ვერ დაიწყებდა იმ მარტივი მიზეზით, რომ მის მიერ ვერ იქნა მოძიებული ხის მორები. ძელყორის კონსტრუქციაში ცვლილების (ხის მორების რკინაბეტონის კოჭებით ჩანაცვლების) მოთხოვნით მოსარჩელემ მიმართა 11.02.2015წ. 10 წერილით, ზღუდარის რკინაბეტონის კოჭის კონსტრუქციული ნახაზის წარმოდგენა მოეთხოვა მოპასუხის 19.02.2015წ. წერილით, ხოლო პროექტის ავტორის მიერ დადასტურებული ნახაზები წარმოდგენილია 20 თებერვალს. მოპასუხემ გაითვალისწინა მოსარჩელის უშედეგო მცდელობა ხის მორების უკრაინიდან შემოტანაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობისა და მათი განსაზღვრულ დროში დასრულების ხელშეწყობის მიზნით, პროექტის ავტორთან შეთანხმებით განხორციელდა ცვლილება: დაერთო ნება მოსარჩელეს, ძელყორული ზღუდარები მოეწყო ანაკრები რკინაბეტონის კოჭებით, ნაცვლად პროექტით გათვალისწინებული ხის მორებისა. ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა შესაბამისი ცვლილება. საწყისი ეტაპისათვის აუცილებელი რაოდენობის რკინაბეტონის კოჭების დამზადებას სამშენებლო მოედანზე კუსტარული წესით დასჭირდა დაახლოებით ერთი თვე, რის შემდგომაც დაწყებულ იქნა მდინარის კალაპოტის დარეგულირების (წყალარინების) სამუშაოები.

5. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ რეაბილიტაციის პროცესში გამოვლენილი, პროექტით გაუთვალისწინებელი სამუშაოების არსებობით განპირობებული დამატებითი დროის საჭიროება არაერთხელ იქნა გათვალისწინებული მოპასუხის მიერ, კერძოდ, სატენდეროდ შემოთავაზებული მშენებლობის ხანგრძლივობა (286 კალენდარული დღე) 23.09.2015წ. #3, 31.12.2016წ. #5 და 19.02.2016წ. #6 შეთანხმებებით საერთო ჯამში გაიზარდა 172 დღით და შეადგინა 458 კალენდარული დღე, რაც სრულიად საკმარისი იყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა და ვადაგადაცილება გამოწვეულია იმით, რომ მოსარჩელე სამუშაოებს აწარმოებდა წყვეტილად, მის მიერ წარმოდგენილი გეგმა გრაფიკის დარღვევით, არ იცავდა საპროექტო დოკუმენტაციის მოთხოვნებს, სამშენებლო ნორმებსა და წესებს, არ განახორციელა დროული მობილიზება წყალმცირეობის პერიოდში მდ. ცხენიწყლის კალაპოტში დროებითი ზღუდარების მოწყობის უზრუნველსაყოფად. მშენებლობის დაბალი ტემპი და ხარვეზები დაფიქსირებულია შპს „ა-პ–ის“ საავტორო ზედამხედველობის მაისი–სექტემბრის პერიოდის ანგარიშებშიც. ხელშეკრულების გაფორმებიდან 400 დღის შემდეგ მოსარჩელეს კვლავ არ ჰქონდა დაწყებული ნაბურღ-ნატენი ხიმინჯების მოწყობამ რასთან დაკავშირებით დამატებით იქნა გაფრთხილებული 15.01.2016წ. გ-112 წერილით. ხიმინჯების მოწყობა ფაქტობრივად დაიწყო 2016 წლის იანვრის ბოლოს, რამაც სხვა ფაქტებთან ერთად განაპირობა მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა.

6. ყოველივე ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელე არაერთხელ იქნა გაფრთხილებული წერილობით. კერძოდ: ზღუდარების თხემის ნიშნულები არ შეესაბამება საპროექტო ნიშნულებს (დაბალია). ორმაგი შეფიცვრის ნაცვლად მოწყობილია ერთმაგი შეფიცვრა ფილტრაციის საწინააღმდეგო შუასადების (ტოლის საფენის) გარეშე, რამაც გამოიწვია ზღუდარის გარეცხვა და დაზიანება (მოპასუხის წერილი 11.12.2015წ. გ-1484); სამუშაოები შეჩერებულია, არ გაუტარებია ღონისძიებები 11.12.2015წ. გ-1484 წერილში მითითებული დეფექტებისა და პროექტთან შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად; შექმნილია მდინარის წყალმცირეობის პერიოდის მაქსიმალურად გამოყენებისა და ნაკისრი ვალდებულებების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის რეალური საშიშროება; საჭიროა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დაუყონებლივ განახლება და წარმოება არსებული პროექტისა და სამშენებლო ნორმების განუხრელი დაცვით (15.01.2016წ. გ-112); არ გაუტარებია ღონისძიებები კომპანიის 11.12.2015წ. გ-1484 წერილში მითითებული დეფექტებისა და პროექტთან შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად. იმის გათვალისწინებით, რომ მოახლოებულია მდ.ცხენისწყლის გაზაფხულის წყალდიდობის პერიოდი, რეალური საფრთხის წინაშე დგას სარეაბილიტაციო სამუშაოთა დასრულება და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება (23.03.2016წ. გ-883).

7. მოპასუხის მითითებით, მოსარჩელის მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოება, რომ მოხდა ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა, არ შეესაბამება რეალობას. მოპასუხემ აღნიშნა, რომ ხელშეკრულებას დაუსრულდა მოქმედების ვადა, რომლის განმავლობაშიც მოსარჩელემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები.

8. მოპასუხის მითითებით, ჰიდროტექნიკური მშენებლობა განეკუთვნება არაზუსტ მეცნიერებათა კატეგორიას. მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება არსებული ნაგებობის რეაბილიტაციას. ამ შემთხვევაში, ყოველი დეტალის წინასწარ დაგეგმვა პრაქტიკულად შეუძლებელია. ითვალისწინებდა რა აღნიშნულს, მოპასუხე, პროექტის ავტორთან ერთად, რეგულარულად ახდენდა საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებას რეაბილიტაციის პროცესში ფაქტობრივად გამოვლენილი გარემოებების შესაბამისად და ხელშეკრულების მისადაგებას შეცვლილი გარემოებებისადმი როგორც კონსტრუქციული თვალსაზრისით, ასევე ვადებთან მიმართებაში. მოსარჩელის მიერ სატენდეროდ შემოთავაზებული მშენებლობის ხანგრძლივობა (286 კალენდარული დღე) 23.09.2015წ. #3, 31.12.2016წ. #5 და 19.02.2016წ. #6 შეთანხმებებით საერთო ჯამში გაიზარდა 172 დღით და შეადგინა 458 კალენდარული დღე, 2016 წლის 21 მარტის ჩათვლით. შესაბამისად, 2016 წლის 21 მაისის წყალდიდობისას სარეაბილიტაციო სამუშაოები 40 დღის დასრულებული უნდა ყოფილიყო. ზღუდარების პარამეტრები გაანგარიშებული იყო მდ. ცხენისწყალში მაქსიმალური საანგარიშო ხარჯის (=730 კბმ/წმ) გათვალისწინებით. ასეთი ხარჯი ხსენებული მომენტისათვის მდინარის კალაპოტში არ დაფიქსირებულა. ზღუდარების რღვევა გამოიწვია მათმა არასწორად მოწყობამ (ზღუდარების თხემის ნიშნულების შეუსაბამობა საპროექტო ნიშნულებთან, ორმაგი შეფიცვრის ნაცვლად ერთმაგი შეფიცვრის მოწყობა ფილტრაციის საწინააღმდეგო შუასადების (ტოლის საფენის) გარეშე), რაზეც მოპასუხე აფრთხილებდა მოსარჩელეს 11.12.2015წ. გ-1484 წერილით.

9. მოპასუხის მითითებით, 2016 წლის 18 მაისისათვის (ხელშეკრულების გაფორმებიდან 516 დღის განმავლობაში) მოსარჩელეს შესრულებული ჰქონდა სახელშეკრულებო ღირებულების 74%, რისი გათვალისწინებითაც შეუძლებლად იქნა მიჩნეული ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება. მოპასუხის მითითებით, ხელშეკრულების 14.2.1 პუნქტით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლოს დარიცხვა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 0,07%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვინაიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების შედეგად მიიღებოდა ერთიანი ნაგებობა (კომპლექსი), რომელიც უზრუნველყოფდა ხ - ს–ის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის უსაფრთხო და გარანტირებულ ფუნქციონირებას. ცალ-ცალკე ვალდებულებებად სახელშეკრულებო ღირებულების დაყოფა არ იქნებოდა მიზანშეწონილი, რადგან ყოველივე ერთად წარმოადგენს ერთიანს და განუყოფელს. ამასთან, სამუშაოთა გარკვეული ნაწილი (მაგალითად, წყალარინება) წარმოადგენს წინმსწრებ სამუშაოს, რომელთა განხორციელება განმეორებით გახდა საჭირო დამატებით ჩატარებული ტენდერის ფალებში. მაგალითად, ჯამურად შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების ერთ მესამედზე მეტი (5572381 ლარი) გადახდილია მდინარეში დროებითი წყალამრიდი ძელყორული ზღუდარების მოწყობაზე, რაც წარმოადგენს მხოლოდ მშენებლობის პროცესის ხელშემწყობ ღონისძიებას. აღნიშნული სამუშაო მოსარჩელემ განახორციელა უხარისხოდ, პროექტისა და სამშენებლო ნორმების დარღვევით, რამაც გამოიწვია ზღუდარების რღვევა მცირე წყალმოვარდნებისას (იხილეთ ფაქტობრივი გარემოებები #4 და #6). მათი განმეორებით მოწყობა განხორციელდა დამატებით ჩატარებული ტენდერის ფალებში. მოყვანილი აუმენტებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა მომხდარიყო მთლიან სახელშეკრულებო ღირებულებაზე.

10. რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას, რომ მოპასუხემ ცალმხრივად, ყოველგვარი შეტყობინების გარეშე შეწყვიტა ხელშეკრულება, მოპასუხის მოსაზრებით, არ შეესაბამება რეალობას შემდეგ მიზეზთა გამო:

11. 2016 წლის 31 მაისს ხელშეკრულებას დაუსრულდა მოქმედების ვადა; ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებისა და საბანკო გარანტიის გამოთხოვნის შესახებ მოსარჩელეს ეცნობა კომპანიის 31.05.2016წ. #გ-1749 წერილით, რომელიც მეორე დღეს ჩაბარდა ხელზე მოსარჩელის წარმომადგენელს. იმის მტკიცება, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, არ შეესაბამება რეალობას. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ იქნა განხორციელებული ისეთი სამუშაოებიც კი, რომელიც არანაირად არ უკავშირდებოდა მდინარის კალაპოტს და წყალმოვარდნებს. ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულების შემდგომ მის მიერ მოტანილი ძრავები აღმოჩნდა პროექტთან შეუსაბამო. იმის მტკიცება, რომ მოსარჩელის მიერ საკუთარი სახსრებით იქნა მოწყობილი 1,5კმ ბერმა, არ შეესაბამება რეალობას. აღნიშნული სამუშაო გათვალისწინებულ იქნა ხელშეკრულების ცვლილებისას და 233 533 ლარი (დღგ-ს ჩათვლით) ანაზღაურებულია სრულად.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის დეკემბრის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 149 203.80 ლარის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა.

13. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

15. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 19 დეკემბერს მხარეთა შორის სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე ხელშეკრულება დაიდო, რომლის საგანსაც „ხ -ს–იის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის აღდგენა რეაბილიტაციის“ სამუშაოების განხორციელება წარმოადგენდა (შემდეგში - ხელშეკრულება). ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მთლიან ღირებულება 2 149 999 ლარს შეადგენდა. ამავე ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოთა შესრულების ვადად თავდაპირველად 280 კალენდარული დღე განისაზღვრა.

16. ხელშეკრულების 5.1 მუხლის თანახმად, სამუშაოს მიღება-ჩაბარება, შესრულებული სამუშაოების აქტის (ფორმა 2) საფუძველზე, მიმწოდებლის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ან მისი ნაწილის მოცულობის შესაბამისად, ხორციელდებოდა.

17. ხელშეკრულების 6.6 მუხლის თანახმად, გარდა ავანსის დაქვითვისა, შემსყიდველი დაუკავებს მიმწოდებელს თითოეული გადახდიდან გადასახდელი თანხის 5%-ს სამუშაოს მთლიანად დასრულებამდე. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ობიექტის ჩაბარების შემდეგ მიმწოდებელს დაკავებული თანხის ნახევარი დაუბრუნდებოდა, ხოლო მეორე ნახევარი მას დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდის (1 წელი) გასვლის შემდეგ დაუბრუნდებოდა, მას შემდეგ, რაც შემსყიდველი დაამოწმებდა, რომ მის მიერ მითითებული ყველა დეფექტი მიმწოდებლის მიერ დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდის დასრულებამდე გასწორებული იყო. სამუშაოს მთლიანად დასრულების შემდეგ მიმწოდებელს შეეძლო თანხის დაკავება უპირობო „მოთხოვნამდე“ საბანკო გარანტიით შეცვალა.

18. ხელშეკრულების 6.9 მუხლის თანახმად, შემსყიდველის მიერ 2014 წლის 13 თებერვლის #258 განკაულების ფალებში ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა 500 000 ლარს შეადგენდა, ხოლო დარჩენილი თანხის ანაზღაურება 2015 წლის ასიგნებების ფალებში განხორციელდებოდა.

19. ხელშეკრულების 13.1 მუხლის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი იყო საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 2.5%-ის 53 750 ლარის ოდენობით. საბანკო გარანტია მიმწოდებელს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებისას დაუბრუნდებოდა.

20. ხელშეკრულების 4.2.1 პუნქტით მოსარჩელე კისრულობდა პასუხისმგებლობას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, გადაეხადა პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.07% ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ს.ფ. 19-24).

21. 2015 წლის ივნისი, ივლისი და აგვისტოს თვეში შემსყიდველი ორგანიზაციისა და მუნიციპალიტეტის მოთხოვნით, მხარეთა შეთანხმებით, სამუშაოები მოსახლეობისათვის სარწყავი წყლის მიწოდების საჭიროების გათვალისწინებით, შეწყდა.

22. 2015 წლის 23 სექტემბრის შეთანხმების თანახმად, რომელიც მხარეთა შორის დაიდო, ცვლილება შევიდა #79-ბ/14 ხელშეკრულების პირველ მუხლში („ხელშეკრულების საგანი და ღირებულება“) და სამუშაოს შესრულების ვადა 377 კალენდარული დღით (2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) განისაზღვრა; #79-ბ/14 ხელშეკრულების მეთხუთმეტე მუხლში („ხელშეკრულების მოქმედების ვადა“) შევიდა ცვლილება და შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: „15.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედიოდა ხელმოწერისთანავე და მოქმედებს 2016 წლის 28 თებერვლის ჩათვლით“. შეთანხმება ძალაში იყო მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან. ამასთანავე, „მიმწოდებელი“ კისრულობდა ვალდებულებას „შემსყიდველს“ წარმოუდგინოს შეთანხმების გაფორმებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია 2016 წლის 28 მარტის ვადით, წინააღმდეგ შემთხვევაში, „შემსყიდველი“ იტოვებდა უფლებას ეხელმძღვანელა #79-ბ/14 ხელშეკრულების საბანკო გარანტიით და საგარანტიო თანხა მოეთხოვა.

23. 2014 წლის 19 დეკემბრის ხელშეკრულების სხვა პირობები უცვლელი დარჩა. წინამდებარე შეთანხმება 2014 წლის 19 დეკემბრის ხელშეკრულების შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა (ს.ფ. 159).

24. 2015 წლის 31 დეკემბრის შეთანხმების ოქმი #5-ის თანახმად, რომელიც მხარეთა შორის დაიდო, ცვლილება შევიდა #79- ბ/14 ხელშეკრულებაში, შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შემდეგი სახის ცვლილება შევიდა: ხელშეკრულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების მიწოდების ვადა ნაცვლად 428 კალენდარული დღისა (2016 წლის 20 თებერვლის ჩათვლით) 458 კალენდარული დღით (2016 წლის 21 მარტის ჩათვლით) განისაზღვრა. შეთანხმება მხარეთა შორის 2014 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული #79-ბ/14 ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა უცვლელი დარჩა (ს.ფ. 160).

25. 2016 წლის 19 თებერვლის შეთანხმების ოქმი #6-ის თანახმად, რომელიც მხარეთა შორის დაიდო, შემდეგი ცვლილება შევიდა #79-ბ/14 ხელშეკრულებაში: პირველ მუხლში („ხელშეკრულების საგანი და ღირებულება“) და სამუშაოს შესრულების ვადა ნაცვლად 428 კალენდარული დღისა (2016 წლის 20 თებერვლის ჩათვლით) 458 კალენდარული დღით (2016 წლის 21 მარტის ჩათვლით) განისაზღვრა. ხელშეკრულების მეთხუთმეტე მუხლში (ხელშეკრულების მოქმედების ვადა) შევიდა ცვლილება და შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: -15.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შევიდა ხელმოწერისთანავე და 2016 წლის 31 მაისის ჩათვლით მოქმედებდა. -შეთანხმება მხარეთა შორის 2014 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული #79- ბ/14 ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა, შემკვეთს უფლება ჰქონდა საგარანტიო თანხა მოეთხოვა. 2014 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული #79-ბ/14 ხელშეკრულების სხვა პირობები უცვლელი დარჩა (ს.ფ. 161).

26. 2016 წლის 06 იანვარს, სს „კ.ბ–ს“ და მოსარჩელეს შორის საბანკო გარანტიის გაცემის შესახებ ხელშეკრულება დაიდო, რომლის თანახმად, გარანტმა პრინციპალის წინაშე აიღო ვალდებულება, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, მოპასუხის (ბენეფიციარი) სასარგებლოდ საბანკო გარანტია გაეცა, ხოლო პრინციპალი იღებდა ვალდებულებას გარანტისთვის მომსახურების საზღაური გადაეხადა, ყველა ხარჯი აენაზღაურებინა, რომლებიც საგარანტიო ოპერაციის განხორციელებასთან იქნებოდა დაკავშირებული და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები სრულად შეესრულებინა. ხელშეკრულების 1.3 მუხლის თანახმად, გარანტიის მაქსიმალური თანხა 53 750 ლარის ოდენობით განისაზღვრა. 1.4 მუხლის თანახმად, გარანტიის მოქმედების ვადა 2016 წლის 28 მარტს (28 მარტის ჩათვლით) წყდებოდა (ს.ფ. 25-28).

27. 2016 წლის 06 იანვარს, სს „კ.ბ–ს“ და მოსარჩელეს შორის საბანკო გარანტიის გაცემის შესახებ ხელშეკრულება დაიდო, რომლის თანახმად, გარანტმა პრინციპალის წინაშე აიღო ვალდებულება, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, მოპასუხის (ბენეფიციარი) სასარგებლოდ საბანკო გარანტია გაეცა, ხოლო პრინციპალი იღებდა ვალდებულებას გარანტისთვის მომსახურების საზღაური გადაეხადა, ყველა ხარჯი აენაზღაურებინა, რომლებიც დაკავშირებული იქნება საგარანტიო ოპერაციის განხორციელებასთან და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები სრულად შეესრულებინა. ხელშეკრულების 1.3 მუხლის თანახმად, გარანტიის მაქსიმალური თანხა 131 118.84 ლარის ოდენობით განისაზღვრა. 1.4 მუხლის თანახმად, გარანტიის მოქმედების ვადა 2016 წლის 28 მარტს (28 მარტის ჩათვლით) წყდებოდა (ს.ფ. 29-32).

28. 2016 წლის 18 მაისის აქტის თანახმად, ხ-ს–ის სამელიორაციო სისტემის სათავე ნაგებობის უფროსმა, მოპასუხე კომპანიის ტექ. ზედამხედველმა, მოსარჩელის მთ. ინჟინერმა და სამუშაოს მწარმოებელმა შეადგინეს აქტი მასზედ, რომ 01/05/2016 წელში დღის 12:00 სთ-ზე მოვარდნილმა აზვირთებულმა ცხენის წყალმა გაარღვია და ბალასტისა და რკინა ბეტონის დროებითი ძელყორები მთლიანად წალეკა. ასევე, 2016 წელში კვლავ მოხდა ბალასტისაგან შექმნილი ძელყორის განგრევა. მთლიანობაში ცხენისწყალმა 500 გრძ/მ ბალასტისა და 48 ჰრძ/მ რკ/ბეტ ძელყორი - მოცულობით 7500 მ3 და 80.6 მ3 რკ/ბეტ მოიტაცა, რასაც ზემოხსენებული პირები ხელმოწერით ადასტურებდნენ (ს.ფ. 47).

29. 2016 წლის 18 მაისს მოსარჩელემ მოპასუხეს წერილობით მიმართა და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების პროცესში წარმოქნილი სირთულეების (როგორიცაა მდინარე ცხენისწყალზე, მისი არაპროგნოზირებადობის გამო, ხშირი წყალმოვარდნები, რაც განაპირობებდა მიმდინარე სამუშაოების შეფერხებას), გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 398-ე მუხლის საფუძველზე, ხელშეკრულების პირობების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგება მოითხოვა, რაზეც მოპასუხემ უარი განაცხადა (ს.ფ. 48-56).

30. მოპასუხემ მოსარჩელეს 2016 წლის მაისის წერილის საპასუხოდ წერილობით განუმარტა, რომ მხარეთა შორის 2014 წლის 19 დეკემბერს გაფორმებულ #79-ბ/14 ხელშეკრულებას (ხელშეკრულების 14.3.1 პუნქტით გათვალისწინებული ფორს-მაჟორული ან/და სხვა ობიექტური მიზეზით გამოწვეული 15 ხელისშემშლელი გარემოებების არარსებობა) მიმდინარე წლის 31 მაისს მოქმედების ვადა ამოეწურა, რის საფუძველზეც კომპანიის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები განხორციელდა და აღნიშნულის შესახებ მოსარჩელეს ეცნობა. მოპასუხემ მოსარჩელეს ასევე წერილობით განუმარტა, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანიას უკვე დაკავებული ჰქონდა პირგასამტეხლო 69 224.02 ლარის ოდენობით, ხოლო მის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლოს თანხა 2016 წლის 31 მაისის მდგომარეობით 37 621.75 ლარს შეადგენდა (ს.ფ. 162; 165).

31. მხარეთა შორის 2014 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული #79-ბ/14 ხელშეკრულების ფალებში მოსარჩელე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები/სამუშაო ხელშეკრულების მოქმედების ვადაში სრულად ვერ დასრულდა. მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა რომ შესრულებული სამუშაოს მოცულობა საორიენტაციოდ 74%-ს შეადგენდა (ს.ფ. 19-24, 167-182, 183).

32. ხელშეკრულების ფალებში შესრულებული სამუშაოს ასანაზღაურებელი თანხიდან მოპასუხე მხარის მიერ პირგასამტეხლოს სახით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადაგადაცილების საფუძვლით 69 224 ლარი, დაკავდა. აღნიშნული პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდი 2016 წლის 21 მარტიდან 31 მაისამდე პერიოდს მოიცავდა (ს.ფ. 162; 165).

33. მხარეთა შორის 2014 წლის 19 დეკემბერს გაფორმებულ #79-ბ/14 ხელშეკრულების ფალებში მოპასუხის მიერ საბანკო გარანტია 53 750 ლარის ოდენობით იქნა გამოთხოვილი (ს.ფ. 57-67, 165).

34. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 6.6. პუნქტით გათვალისწინებული ხარისხის პროცენტის დაკავების ფაქტობრივი წინაპირობები არ არსებობდა, რის გამოც, მოპასუხეს/აპელანტს 79 979.8 ლარის მოსარჩელისთვის (მოწინააღმდეგე მხარე) გადახდის ვალდებულება მართებულად დაეკისრა.

35. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 629-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად: „ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური“. ამავე კოდექსის 648-ე მუხლის მიხედვით, „შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას“, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად კი, „ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას“. სსკ-ის 648-ე მუხლი ადგენს პრეზუმფციას, რომ მენარდემ მისი ვალდებულება შეასრულა და მას შესრულების საფასური უნდა აუნაზღაურდეს.

36. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული პრეზუმფცია არ არის შეუქცევადი და მისი შებრუნება 3 გზით შეიძლება: ა) შემკვეთმა უნდა მოითხოვოს გონივრულ ვადაში ნაკლოვანების აღმოფხვრა მენარდის ხარჯზე; ბ) ნაკლოვანების შეფასების პროპორციულად შეამციროს გადასახდელი თანხა; გ) თავად გამოასწოროს ნაკლი და მოითხოვოს ხარჯის ანაზღაურება. შემკვეთს ასევე შეუძლია ამტკიცოს, რომ შესრულებული სამუშაო სრულიად უხარისხო და გამოუსადეგარია.

37. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ (შემკვეთმა) მოსარჩელეს (მენარდეს) ხელშეკრულებით გათვალისწინებული 5%-იანი დაქვითვა იმის გამო არ დაუბრუნა, რომ მენარდემ ნაკისრი ვალდებულებები არაჯეროვნად (უხარისხოდ) შეასრულა. ამდენად, შემკვეთი თავადვე ადასტურებს მენარდის მიერ სამუშაოების შესრულების ფაქტს, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს სამუშაოები არაჯეროვნად (უხარისხოდ) შესრულდა.

38. მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 5.1 მუხლის თანახმად, სამუშაოს მიღება-ჩაბარება ხორციელდება შესრულებული სამუშაოების აქტის (ფორმა 2) საფუძველზე, მიმწოდებლის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ან მისი ნაწილის მოცულობის შესაბამისად. ასევე, ამავე ხელშეკრულებით სამუშაოს შემსრულებელი ვალდებული იყო სამუშაოების დასრულების შესახებ შემკვეთისთვის შეეტყობინებინა, რის შემდეგაც არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში სამუშაოთა მიმღები კომისია განისაზღვრებოდა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გასაფორმებელად საჭირო შემოწმება დაიწყებოდა. აგრეთვე 5.6 პუნქტით, შემსყიდველი ვალდებულებას იღებდა ოპერატიულად, სიტყვიერი ან/და წერილობითი სახით მიმწოდებლისთვის საბოლოო შემოწმების შედეგები ეცნობებინა და დაწუნებული სამუშაოს მოცულობა და მიზეზები შეეტყობინებინა.

39. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გარემოება მასზედ, რომ შესრულებული სამუშაოს ხარისხის შემოწმება შემკვეთის და არა შემსრულებლის პრეროგატივა იყო დავის განხილვის არცერთ ეტაპზე სადავო არ გამხდარა.

40. ამასთან, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 6.6 პუნქტის თანახმად, გარდა ავანსის დაქვითვისა, შემსყიდველი მიმწოდებელს თითოეული გადახდიდან გადასახდელი თანხის 5%-ს, სამუშაოს მთლიანად დასრულებამდე დაუკავებდა. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ობიექტის ჩაბარების შემდეგ მიმწოდებელს დაკავებული თანხის ნახევარი დაუბრუნდებოდა, ხოლო მეორე ნახევარი მას დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდის (1 წელი) გასვლის შემდეგ დაუბრუნდებოდა, მას შემდეგ, რაც შემსყიდველი დაამოწმებდა, რომ მის მიერ მითითებული ყველა დეფექტი მიმწოდებლის მიერ დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდის დასრულებამდე გასწორებული იყო.

41. პალატამ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების 6.6 მუხლის, როგორც სიტყვა-სიტყვითი ასევე აზრობრივი განმარტებიდან, ცალსახად და მკაფიოდ დგინდება შესრულების 5%-ის დაკავების მიზნობრიობა, კერძოდ, აღნიშნული ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით უნდა მომხდარიყო. მოცემულ შემთხვევაში, შემკვეთის მიერ სწორედ ხარისხის უზრუნველსაყოფად დაკავებული 5%-ის უკან დაბრუნებაა სადავოდ გამხდარი, რომელიც მენარდის მიერ უკვე შესრულებული ვალდებულებიდან დაკავდა. განსახილველ შემთხვევაში, გარემოება მასზედ, რომ შემკვეთმა მენარდის მიერ განხორციელებული ნაკლის გამო პრეტენზია განაცხადა, მენარდეს დამატებითი ვადა დაუწესა საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. საქმის მასალებით არც ის ფაქტი დგინდება, რომ ნაკლიანი შესრულება შემკვეთმა არ მიიღო.

42. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტს რაიმე პრეტენზია ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოსთან მიმართებით არ გააჩნდა. მას ამ თვალსაზრისით შედავება არ წარმოუდგენია და არც საქმეში არსებული რომელიმე მტკიცებულება ადასტურებს, რომ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოები ხელშეკრულების მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა, პირიქით, მართალია უდავოა, რომ მხარეთა შორის ნაკისრი ვალდებულებები მენარდის მიერ სრულად არ დასრულებულა, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2021 წლის 18 მარტს გამართულ ზეპირ სხდომაზე თავად აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სამუშაოების დასრულება სხვა მენარდის მიერ მოხდა, რა დროსაც მოსარჩელის მიერ განხორციელებული სამუშაოების შესწორება, მისი მოშლა და სამუშაოების თავიდან ჩატარება ან/და სხვა მსგავსი ქმედება არ განხორციელებულა, ახალმა მენარდემ მხოლოდ ის დაუმთავრებელი სამუშაო დაასრულა, რომლიც ვადაში დასრულებაც ვერ მოხერხდა. მითითებული ცხადყოფს, რომ მოსარჩელის მიერ სამუშაოების 74% შესრულდა, რომლის ხარისხის შემოწმებაც შემკვეთის ვალდებულება იყო, რაც შემკვეთმა არ განახორციელა. მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების უხარისხობის ფაქტი საქმის მასალებში წარდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება.

43. მხარეები მიუთითებდნენ, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების გაფორმება, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, არ მომხდარა, რაც შემკვეთს მენარდის მიერ შესრულებული 74%-იანი შესრულების ხარისხის შემოწმების ვალდებულებას არ წარმოუშობდა. ამ მიმართებით პალატამ განმარტა, რომ მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაუფორმებლობა არ ცვლის იმ ფაქტს, რომ მენარდის მიერ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული და ნაწილობრივ შესრულებული სამუშაოები შესრულებულია ჯეროვნად, რაც მას უფლებას აძლევს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შეთანხმებული საზღაურის გადახდა მოითხოვოს. ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების არც ერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით. ამასთან, მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის შემოწმება შემკვეთს მისცემდა შესაძლებლობას არა სრულად დაეკავებინა ხარისხის უზრუნველსაყოფად მიღებული თანხა, არამედ მხოლოდ იმ 26%-იანი შეუსრულებლობის ნაწილი გამოექვითა, რაც მენარდის მიერ არ შესრულდა, შესაბამისად არაჯეროვანი იყო. თუმცა ის ქმედება, რომ მენარდემ საერთოდ უგულებელყო მოსარჩელის მიერ სამუშაოების ძირითადი ნაწილის შესრულების ფაქტი და მისი ჯეროვანების დადგენა საჭიროდ არ ჩათვალა, კერძო სამართალში მხარეთა კეთილსინდისიერი ქცევის პრინციპს სცილდება და მხოლოდ მენარდის მიმართ სადამსჯელო ხასიათის ზომების გატარებას ემსახურება, რაც მხარეთა შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობისთვის ზიანის მომტანია და მისი ვალდებულებისგან გათავისუფლების საფუძველი არ შეიძლება გახდეს.

44. ასევე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფალებში შეთანხმებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისგან მხარე მართებულად გათავისუფლდა. კერძოდ, სააპელაციო სასამაღთლოს მითითებით, კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სსკ-ის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda-ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს. მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ხელშეკრულების 4.2.1 მუხლის თანახმად, მიმწოდებელი კისრულობდა პასუხისმგებლობას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველს პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.07% ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაეხადა (ს.ფ. 19-24). სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი. სსკ-ის 417-ე მუხლის მიხედვით კი, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. საქმის მასალებში წარმოდგენილ 2016 წლის 18 მაისის აქტის თანახმად, ხ-ს–ის სამელიორაციო სისტემის სათავე ნაგებობის უფროსმა მ.თ–ამ, შპს „ს–ის“ ტექ. ზედამხედველმა რ.გ–ამ, შპს „კ–ის“ მთ. ინჟინერმა ი.ლ–მა და სამუშაოს მწარმოებელმა რ.შ–ამ შეადგინეს აქტი მასზედ, რომ 01/05/2016 წელში დღის 12:00 სთ-ზე მოვარდნილმა აზვირთებულმა ცხენის წყალმა გაარღვია და ბალასტისა და რკინა ბეტონის დროებითი ძელყორები მთლიანად წალეკა. ასევე, 2016 წელში კვლავ მოხდა ბალასტისაგან შექმნილი ძელყორის განგრევა. მთლიანობაში ცხენისწყალმა 500 გრძ/მ ბალასტისა და 48 ჰრძ/მ რკ/ბეტ ძელყორი - მოცულობით 7500 მ3 და 80.6 მ3 რკ/ბეტ მოიტაცა, რასაც ზემოხსენებული პირები ხელმოწერით ადასტურებდნენ (ს.ფ. 47).

45. 2016 წლის 11 ნოემბრის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, სამშენებლო ნორმების და წესების მიხედვით ხ-ს–ის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის ნაბურღ ნატენი ხიმინჯების სამუშაოების ხანგრძლივობა გაზრდილი მოცულობების (541,2 მეტრი), მეშვიდე კატეგორიის გრუნტისათვის ორი საბურღი აგრეგატით მუშაობის (24 საათიანი) პირობებში 277 დღეს შეადგენს, რაც არსებული კალენდარით გათვალისწინებულ ვადას აღემატება (ს.ფ. 33-37). ამასთან, საქმის მასალებში წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, რომელიც 2016 წლის 26 დეკემბრითაა დათარიღებული, მითითებულია, რომ სამშენებლო ნორმების და წესების მიხედვით ხ-ს–ის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის ნაბურღ ნატენი ხიმინჯების სამუშაოების ხანგრძლივობა გაზრდილი მოცულობების (541,2 მეტრი), მეშვიდე კატეგორიის გრუნტისათვის ორი საბურღი აგრეგატით მუშაობის (20 საათიანი) პირობებში 332,4 დღეს შეადგენს, რაც არსებული კალენდარული გრაფიკით გათვალისწინებულ ვადას 294 დღით აღემატება (ს.ფ. 39-45).

46. 2016 წლის 11 აპრილით დაღარიღებულ წერილში, რომელიც მენარდის მიერ შემკვეთისთვისაა გაგზავნილი საუბარია, სამუშაოების განსახორციელებელ პროექტში მითითებული პირობებისგან განსხვავებული რეალობის არსებობა, კერძოდ მენარდის მიერ სამუშაოების შესრულების პროცესში აღმოჩნდა, რომ წყალსაცემი ჭის ფსკერზე დანგრეული რკინაბეტონის ფილის ნაცვლად, გრანიტის ლოდნარი იყო ჩაყრილი, რომელთა გაბურღვაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ამიტომ დადგა მათი გამოტანის საჭიროება, რაც პროექტით განსაზღვრულ დროს უცილობლად გაზდიდა. აქვე საყურადღებოა, რომ ამ წერილზე საპასუხო წერილის გაგზავნის ფაქტი საქმის მასალებით არ დგინდება. ასევე, საქმის მასალებში წარმოდგენილია მენარდის მიერ შემკვეთისთვის 2016 წლის 18 მაისს გაგზავნილი წერილი, რომლითაც იგი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების პროცესში წარმოქნილი სირთულეების (როგორიცაა მდინარე ცხენისწყალზე, მისი არაპროგნოზირებადობის გამო, ხშირი წყალმოვარდნები, რაც განაპირობებდა მიმდინარე სამუშაოების შეფერხებას), გათვალისწინებით, სსკ-ის 398-ე მუხლის საფუძველზე, ხელშეკრულების პირობების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგება მოითხოვა, რაზეც შპს „ს.მ–ამ“ უარი განაცხადა (ს.ფ. 48-56).

47. სააპელაციო პალატის აზრით, საქმის მასალებში მენარდის მიერ წარმოდგენილი და შემკვეთის მიერ გაუქარწყლებელი მტკიცებულებათა ერთობლიობით იქმნება მყარი ვარაუდი იმისა, რომ ნაკისრი სამუშაოების განხორციელება მიმდინარეობდა საქართველოს ურთულესი მდინარის, მდ. ცხენისწყლის კალაპოტში. ვალდებულებების შესრულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ხდებოდა. ექსპერტიზის დასკვნებით, მხარეთა შორის ნაწარმოები მიმოწერისა და სხვათა გათვალისწინებით დგინდება, რომ პროექტს გარკვეული ხარვეზები გააჩნდა, რადგან მუშაობის პროცესში ჩნდებოდა დამატებით შესასრულებელი ისეთი სამუშაოები, რომელსაც პროექტით მითითებულ ვადაში ობიექტურად ვერ შესრულდებოდა. მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოება, რომ მდინარის ამ ნაწილში, სადაც ხორციელდებოდა სამუშაოები, ხშირი იყო წყალმოვარდნები და ამ პერიოდში ადგილი ჰქონდა სტიქიურ მოვლენებსაც, რაც წარმოდგენილი და შეუცილებელი წერილობითი მტკიცებულებებითაცაა დადასტურებული, და რამაც რამოდენიმეჯერ იმ დროს უკვე დასრულებული გარკვეული სამუშაოები გაანადგურა. აღნიშნული, ადასტურებდა, რომ ხელშეკრულების დათქმულ ვადაში დაუსრულებლობა მხოლოდ და იმპერატიულად მენარდის ბრალით არ იყო გამოწვეული, შემკვეთს კი, არ მიუთითებია იმგვარ კონკრეტულ გარემოებებზე და არ წარმოუდგენია ამ გარემოებების გამამაყარებელი მტკიცებულებები, რომლებიც სახელშეკრულებო ვადის ცალსახად მენარდის ბრალეული ქმედების გამო დარღვევას დაადასტურებდა.

48. ყურადღება მიექცა აპელანტის მსჯელობას მასზედ, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სასამართლოს მხოლოდ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების და არა მის დარიცხვაზე უარის თქმის საფუძველს აძლევდა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულებით მხარეები ცალსახად და არაორაზროვნად არიან შეთანხმებულნი პირგასამტეხლოს ოდენობის გამოთვლის პრინციპზე, ამ შემთხვევაში სასამართლო არ არის უფლებამოსილი საკუთარი გადაწყვეტილებით ხელშეკრულების მხარეებს პირგასამტეხლოს გამოთვლის სხვაგვარი პრინციპი დაუწესოს. სულ სხვა შემთხვევაა, როდესაც ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი შეთანხმებული არ არის და მხარეებმა კონსენსუსს მხოლოდ ოდენობის შესახებ მიაღწიეს, ამ შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს კრედიტორის მოქმედების ფალები და სამოქალაქო სამართალში მოქმედი კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე, განსაჯოს, თუ რამდენად სამართლიანი პრინციპით მოხდა პირგასამტეხლოს გამოთვლა. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მართალია სასამართლო ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპს ვერ შეცვლის, თუმცა განსახილველ დავასთან მიმართებით აღინიშნა, რომ ვადაგადაცილების პირგასამტეხლოს მთლიანი შესრულების თანხიდან გამოთვლა, მაშინ როდესაც სამუშაოების 74% უკვე შესრულებული იყო, მიუხედავად მისი კანონშესაბამისობისა, კეთილსინდისიერების პრინციპიდან არ გამომდინარეობს და მომხმარებელს გაუმართლებლად ზღუდავს.

49. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აპელანტმა (მოპასუხე) შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა მოპასუხისათვის 149203,80 ლარის დაკისრების ნაწილში, შემდეგი საფუძვლებით:

50. კასატორი აღნიშნავს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარებლოდ 149203,80 ლარი დაეკისრა, საიდანაც 69 224 ლარი წარმოადგენდა პირგასამტეხლოს, ხოლო 79 979,80 ლარი - ხარისხის 5%-ს. პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, სასამართლომ არაწორად მიიჩნია, რომ ვალდებულების შესრულებაზე. მოპასუხე უფლებამოსილი იყო დაერიცხა მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს სახით სახელშეკრულებო ღირებულების 0.07% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე. პირგასამტეხლოს დაკისრება უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, რასაც დაეთანხმა მოსარჩელე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით. პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდია 2016 წლის 21 მარტი - 2016 წლის 31 მაისი (სულ 71 დღე). ამდენად, მისი დარიცხვა დაიწყო ვალდებულების შესრულებისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან. ვალდებულების შესრულება კი გულისხმობს მის 100%-ით შესრულებას და არა ნაწილობრივ 74%-ით შესრულებას. შესაბამისად, მოპასუხე წარმოეშვა უფლება ხელშეკრულების 14.2.1 პუნქტის საფუძველზე დაერიცხა პირგასამტეხლო. კასატორი აღნიშნავს, რომ 2016 წლის 2 მარტს გავიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადა, შესაბამისად, ამ დროიდან სწორად ეკისრებოდა პირგასამტეხლო მოსარჩელეს. კასატორი აღნიშნავს, რომ რამდენჯერმე მოხდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ვადების კორექტირება. ამასთან, ხელშეკრულება გაფორმდა სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე, რომლის დროსაც, პოტენციური ხელშემკრველი მხარისათვის წინასწარვე იყო ცნობილი ხელშეკრულების პირობები. შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, მიიღოს სანქციები. მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის კიდევ უფრო მეტი დროით გახანგრძლივება შუძლებელი იყო, რადგან მოპასუხე წარმოადგენს სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს რომელსაც ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე ჰქონდა ვალდებულებები აღებული.

51. ხარისხის 5%-ის დაბრუნების ნაწილში (79 979,80 ლარი) კასატორმა აღნიშნა, რომ სამუშაოები მოწმდება დეფექტებზე, რის შემდეგაც ხდება აღნიშნული თანხის დაბრუნების საკითხის განხილვა შემსყიდველის (მოპასუხე) მიერ. პირდაპირ თანხის დაკისრება მოპასუხისათვის არ არის სწორი, რადგან მიმართვა მოსარჩელისგან მოპასუხეს არ აქვს მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

52. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

53. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

54. საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავებების საფუძვლიანობა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი მატერიალური და პროცესუალური ნორმების დარღვევით;

55. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

56. განსახილველი დავის ფალებში საკასაციო სასამართლოს მიერ შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვის მოთხოვნის წინაპირობების არსებობა. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

57. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფალებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

58. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

59. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს. (იხ. ჰ.ბოელინგი, ლ.ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.) კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა. მოთხოვნა და მოთხოვნის საფუძველი სხვადასხვა ცნებებია და სასურველია მათი აღრევა თავიდან იქნეს აცილებული. ამ გამიჯვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნათა შორის არჩევანის უფლება, მოსარჩელის უფლებამოსილებაა, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დამფუძნებელი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა შორის ერთ-ერთის მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება და ვალდებულებაცაა (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ. ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 42.).

60. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირზე მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება. მოთხოვნა ძირითადად მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა საპროცესო-სამართლებრივი გაგებით, ყოველთვის მიმართულია სასამართლო გადაწყვეტილების დადგომისაკენ. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილებაა. მოთხოვნის საფუძველი ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ნორმის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს ცალკეულ წინაპირობას და ბ) სამართლებრივი შედეგი, რომელიც კანონის საფუძველზე დადგება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ნორმის შემადგენლობით განსაზღვრული ყველა წინაპირობა.

61. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა. სადავო ურთიერთობის შეფასებისას, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო არაა შებოჭილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებით, შესაბამისად, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გამოარკვევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, იგი ვალდებულია, ეს გარემოებები თავად შეაფასოს სამართლებრივად სწორად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

62. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ სარჩელის მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრებიდან თუ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

63. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ამ განჩინების პ.1-3 სარჩელში მითითებულ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ მოპასუხის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) განაპირობებს მის სამართლებრივ მოწესრიგებას სსკ-ის 629 I მუხლის საფუძველზე.

64. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობა ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა (სსკ-ის 629-ე მუხლი), რომლის ორივე ხელშემკვრელმა მხარემ, სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სუსგ 2.08.2019წ. საქმე №ას-764-2019).

65. განსახილველ შემთხვევაში კასატორის პრეტენზია მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების არაჯეროვან შესრულებასა და თანხის დარიცხვის საფუძვლიანობაზეა დამყარებული. კერძოდ, კასატორი განმარტავს, რომ მის მიერ სადავოდ გამხდარი - მოპასუხისთვის დაკისრებული 149203,80 ლარიდან 69 224 ლარი წარმოადგენდა პირგასამტეხლოს, ხოლო 79 979,80 ლარი - ხარისხის 5%-ს.

66. პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, კასატორის პრეტენზია იმ მოსაზრებაზეა დამყარებული, რომ მოპასუხე უფლებამოსილი იყო დაერიცხა მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს სახით სახელშეკრულებო ღირებულების 0.07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პირგასამტეხლოს დაკისრება უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, რასაც დაეთანხმა მოსარჩელე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით. პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდია 2016 წლის 21 მარტი - 2016 წლის 31 მაისი (სულ 71 დღე). მისი დარიცხვა დაიწყო ვალდებულების შესრულებისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან. ვალდებულების შესრულება გულისხმობს მის 100%-ით შესრულებას და არა ნაწილობრივ 74%-ით შესრულებას. შესაბამისად, მოპასუხე წარმოეშვა უფლება ხელშეკრულების 4.2.1 პუნქტის საფუძველზე დაერიცხა პირგასამტეხლო.

67. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს დარიცხვის მართლზომიერებასთან მიმართებით შემდეგ გარემოებათა გამო: ხელშეკრულების 4.2.1 მუხლის თანახმად, მიმწოდებელი კისრულობდა პასუხისმგებლობას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, გადაეხადა პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.07% ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ს.ფ. 19-24).

68. საქმის მასალებში წარმოდგენილი 2016 წლის 18 მაისის აქტის თანახმად, ხ-ს–ის სამელიორაციო სისტემის სათავე ნაგებობის უფროსმა მ.თ–ამ, მოპასუხე კომპანიის ტექ. ზედამხედველმა რ.გ–ამ, მოსარჩელე კომპანიის მთ. ინჟინერმა ი.ლ–მა და სამუშაოს მწარმოებელმა რ.შ–ამ შეადგინეს აქტი მასზედ, რომ 01/05/2016 წელში დღის 12:00 სთ-ზე მოვარდნილმა აზვირთებულმა ცხენის წყალმა გაარღვია და ბალასტისა და რკინა ბეტონის დროებითი ძელყორები მთლიანად წალეკა. ასევე, 2016 წელში კვლავ მოხდა ბალასტისაგან შექმნილი ძელყორის განგრევა. მთლიანობაში ცხენისწყალმა 500 გრძ/მ ბალასტისა და 48 ჰრძ/მ რკ/ბეტ ძელყორი - მოცულობით 7500 მ3 და 80.6 მ3 რკ/ბეტ მოიტაცა, რასაც ზემოხსენებული პირები ხელმოწერით ადასტურებდნენ (ს.ფ. 47).

69. 2016 წლის 11 ნოემბრის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, სამშენებლო ნორმების და წესების მიხედვით ხ-ს–ის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის ნაბურღ ნატენი ხიმინჯების სამუშაოების ხანგრძლივობა გაზრდილი მოცულობების (541,2 მეტრი), მეშვიდე კატეგორიის გრუნტისათვის ორი საბურღი აგრეგატით მუშაობის (24 საათიანი) პირობებში 277 დღეს შეადგენს, რაც არსებული კალენდარით გათვალისწინებულ ვადას აღემატება (ს.ფ. 33-37).

70. ამასთან, საქმის მასალებში წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, რომელიც 2016 წლის 26 დეკემბრითაა დათარიღებული, მითითებულია, რომ სამშენებლო ნორმების და წესების მიხედვით ხ-ს–ის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის ნაბურღ ნატენი ხიმინჯების სამუშაოების ხანგრძლივობა გაზრდილი მოცულობების (541,2 მეტრი), მეშვიდე კატეგორიის გრუნტისათვის ორი საბურღი აგრეგატით მუშაობის (20 საათიანი) პირობებში 332,4 დღეს შეადგენს, რაც არსებული კალენდარული გრაფიკით გათვალისწინებულ ვადას 294 დღით აღემატება (ს.ფ. 39-45).

71. 2016 წლის 11 აპრილით დაღარიღებულ წერილში, რომელიც მენარდის მიერ შემკვეთისთვისაა გაგზავნილი საუბარია, სამუშაოების განსახორციელებელ პროექტში მითითებული პირობებისგან განსხვავებული რეალობის არსებობა, კერძოდ, მენარდის მიერ სამუშაოების შესრულების პროცესში აღმოჩნდა, რომ წყალსაცემი ჭის ფსკერზე დანგრეული რკინაბეტონის ფილის ნაცვლად, გრანიტის ლოდნარი იყო ჩაყრილი, რომელთა გაბურღვაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ამიტომ დადგა მათი გამოტანის საჭიროება, რაც პროექტით განსაზღვრულ დროს გაზდიდა. ამ წერილზე საპასუხო წერილის გაგზავნის ფაქტი საქმის მასალებით არ დგინდება.

72. ასევე, საქმის მასალებში წარმოდგენილია მენარდის მიერ შემკვეთისთვის 2016 წლის 18 მაისს გაგზავნილი წერილი, რომლითაც იგი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების პროცესში წარმოქნილი სირთულეების (როგორიცაა მდინარე ცხენისწყალზე, მისი არაპროგნოზირებადობის გამო, ხშირი წყალმოვარდნები, რაც განაპირობებდა მიმდინარე სამუშაოების შეფერხებას), გათვალისწინებით, სსკ-ის 398-ე მუხლის საფუძველზე, ხელშეკრულების პირობების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგება მოითხოვა, რაზეც მოპასუხემ უარი განაცხადა (ს.ფ. 48-56). კასატორის პოზიცია კი, იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის კიდევ უფრო მეტი დროით გახანგრძლივება შეუძლებელი იყო, რადგან მოპასუხე წარმოადგენს სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს რომელსაც ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე ჰქონდა ვალდებულებები აღებული, საკასაციო პალატის მოსაზრებით დაუსაბუთებელია და არ აქარწყლებს კერძო სახელშეკრულებო ურთიერთობის ფალებში ხელშემკვრელ მხარეთათვის სსკ-ის 398-ე მუხლით მინიჭებული უფლებით საებლობას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ სამუშაოების მიმდინარეობდა საქართველოს ურთულესი მდინარის, მდ. ცხენისწყლის კალაპოტში. ვალდებულებების შესრულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ხდებოდა. ექსპერტიზის დასკვნებით, მხარეთა შორის ნაწარმოები მიმოწერისა და სხვათა გათვალისწინებით დგინდება, რომ პროექტს გარკვეული ხარვეზები გააჩნდა, რადგან მუშაობის პროცესში ჩნდებოდა დამატებით შესასრულებელი ისეთი სამუშაოები, რომელსაც პროექტით მითითებულ ვადაში ობიექტურად ვერ შესრულდებოდა. მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოება, რომ მდინარის ამ ნაწილში, სადაც ხორციელდებოდა სამუშაოები, ხშირი იყო წყალმოვარდნები და ამ პერიოდში, ადგილი ჰქონდა სტიქიურ მოვლენებსაც, რაც წარმოდგენილი და შეუცილებელი წერილობითი მტკიცებულებებითაცაა დადასტურებული, და რამაც რამოდენიმეჯერ იმ დროს, უკვე დასრულებული გარკვეული სამუშაოები გაანადგურა. აღნიშნული, ადასტურებდა, რომ ხელშეკრულების დათქმულ ვადაში დაუსრულებლობა მხოლოდ და იმპერატიულად მენარდის ბრალით არ იყო გამოწვეული, შემკვეთს კი, არ მიუთითებია იმგვარ კონკრეტულ გარემოებებზე და არ წარმოუდგენია ამ გარემოებების გამამაყარებელი მტკიცებულებები, რომლებიც სახელშეკრულებო ვადის ცალსახად მენარდის ბრალეული ქმედების გამო, დარღვევას დაადასტურებდა.

73. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (შდრ. სუსგ-ები №ას-626-2021, 14 ივლისი, 2021 წელი; №ას-1079-2019, 30 სექტემბერი, 2019). სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ვალდებულების დარღვევის ხარისხის განსაზღვრა, პირგასამტეხლოს გონივრულობის დადგენის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა (შდრ: ილონა გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრაქტიკა, თბილისი, 2017 წ. გვ, 47). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ-ები სუსგ-ები №ას-626-2021, 14 ივლისი, 2021 წელი; №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016).

74. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018; №ას-1158-1104-2014, 06.05.2015; №ას-1265-1187-2015, 10.02.2016).

75. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან.

76. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შდრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).

77. პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

78. პირგასამტეხლოს, როგორც პრევენციული, ისე სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მისი გავრცელება ხდება სახელშეკრულებო ურთიერთობის იმ ნაწილზე, რა ნაწილშიც მოხდა ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას, მეორე მხრივ, მოვალეს აკისრებს პასუხისმგებლობას უკვე შესრულებული ან მომავალში შესასრულებელი ვალდებულების ნაწილშიც. აღნიშნული მიდგომა არ გამომდინარეობს სსკ-ის 417-ე მუხლისა და 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან (იხ., ილონა გაგუა, „ბიზნეს დავები და სასამართლო პრაქტიკა“, 2017 წელი, გვ: 59-75).

79. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან. (შდრ: სუსგ-ები სუსგ-ები №ას-626-2021, 14 ივლისი, 2021 წელი; №ას-1819-2019 19 თებერვალი, 2020).

80. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამართალი არის მართლწესრიგისა და სამართლიანობის ხელოვნება (“Ius est ars boni et aequi”, იხ. Corpus Juris Civilis, დიგესტები,1.1.) სამართალმა უნდა უზრუნველყოს სადავო საკითხის სამართლიანად გადაწყვეტა. ეს მიზანი გათვალისწინებული უნდა იქნეს კანონის ინტერპრეტაციის პროცესში.

81. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკანონმდებლო მოწესრიგებას საფუძვლად უდევს კონკრეტული სოციალური პროცესების მართვის სამართლებრივ-პოლიტიკური მოდელი ანუ, როდესაც კანონმდებელი განსაზღვრულ ქცევას სავალდებულოდ ადგენს, ამით მას სურს განსაზღვრული მიზნების მიღწევა. კანონის ინტერპრეტაცია უნდა ემსახურებოდეს ამ კანონის მიზანს. დაუშვებელია პირგასამტეხლოს მოთხოვნის გახორციელება ძირითადი უფლების გარეშე, ასევე, პირგსამტეხლო უსაგნო იქნება, როცა მოვალის ბრალის გარეშე ვალდებულება ვერ შესრულდება (იხ., ლ. ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი 3, 2001, გვ: 489).

82. ზემოთგანვითარებული მსჯელობებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ წინამდებარე განჩინების პ.47-ში განვითარებულ მსჯელობას და არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ არსებობდა ხელშეკრულების 4.2.1 მუხლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები.

83. რაც შეეხება ხარისხის 5%-ის დაბრუნების ნაწილში - 79 979,80 ლარი, კასატორის პრეტენზიას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს მისი გაზიარების საფუძველი. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ამ განჩინების პპ:40-42-ში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიმართ კასატორს დასაბუთებული (დასაშვები) საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.

84. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ შესრულებული სამუშაოს ხარისხის შემოწმება შემკვეთის და არა შემსრულებლის პრეროგატივა იყო, დავის განხილვის არცერთ ეტაპზე სადავო არ გამხდარა.

85. ამასთან, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 6.6 პუნქტის თანახმად, გარდა ავანსის დაქვითვისა, შემსყიდველი მიმწოდებელს თითოეული გადახდიდან გადასახდელი თანხის 5%-ს, სამუშაოს მთლიანად დასრულებამდე დაუკავებდა. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ობიექტის ჩაბარების შემდეგ მიმწოდებელს დაკავებული თანხის ნახევარი დაუბრუნდებოდა, ხოლო მეორე ნახევარი მას დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდის (1 წელი) გასვლის შემდეგ დაუბრუნდებოდა, მას შემდეგ, რაც შემსყიდველი დაამოწმებდა, რომ მის მიერ მითითებული ყველა დეფექტი მიმწოდებლის მიერ დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდის დასრულებამდე გასწორებული იყო.

86. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო სამართლის სუბიექტთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის შეფასებისთვის, მისი სადავოობისას, გადამწყვეტია ამ სუბიექტთა ნამდვილი ნების გამოვლენა, რომლის საფუძველზე დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა.

87. ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა.

88. ყველა იმ გარიგებაში, რომლებშიც ნების გამოვლენის ნამდვილობა დამოკიდებულია მეორე მხარის მიერ ამ ნების მიღებაზე, არცთუ იშვიათად იბადება კითხვა, სწორად გაიგო თუ არა მეორე მხარემ ის, რისი თქმაც ნების გამომვლენ პირს სურდა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ გარიგებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ორი მხარე – ნების გამომვლენი და ნების მიმღები – მონაწილეობს, აშკარა გახდება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გამოვლენილი ნების სწორად გაგებას მეორე მხარის მიერ. მრავალი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ის, რაც იგულისხმა ნების გამომვლენმა, სხვაგვარად გაიგო მისმა მიმღებმა. აქედან წარმოიშობა გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი, რომელიც საჭიროებს სწორად გადაწყვეტას. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება.

89. სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს.

90. განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულების 6.6 მუხლის, როგორც სიტყვა-სიტყვითი, ასევე აზრობრივი განმარტებიდან, დგინდება შესრულების 5%-ის დაკავების მიზნობრიობა, კერძოდ, აღნიშნული ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით უნდა მომხდარიყო. მოცემულ შემთხვევაში, შემკვეთის მიერ სწორედ ხარისხის უზრუნველსაყოფად დაკავებული 5%-ის უკან დაბრუნებაა სადავოდ გამხდარი, რომელიც მენარდის მიერ უკვე შესრულებული ვალდებულებიდან დაკავდა. განსახილველ შემთხვევაში ის გარემოება, რომ შემკვეთმა მენარდის მიერ განხორციელებული ნაკლის გამო პრეტენზია განაცხადა, მენარდეს დამატებითი ვადა დაუწესა - საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. საქმის მასალებით არც ის ფაქტი დგინდება, რომ ნაკლიანი შესრულება შემკვეთმა არ მიიღო.

91. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხეს ( კასატორი) რაიმე პრეტენზია ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოსთან მიმართებით არ გააჩნდა. მას ამ თვალსაზრისით, კვალიფიციური შედავება არ წარმოუდგენია და არც საქმეში არსებული რომელიმე მტკიცებულება ადასტურებს, რომ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოები ხელშეკრულების მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა, პირიქით, მართალია უდავოა, რომ მხარეთა შორის ნაკისრი ვალდებულებები მენარდის მიერ სრულად არ დასრულებულა, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2021 წლის 18 მარტს გამართულ ზეპირ სხდომაზე თავად აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სამუშაოების დასრულება სხვა მენარდის მიერ მოხდა, რა დროსაც, მოსარჩელის მიერ განხორციელებული სამუშაოების შესწორება, მისი მოშლა და სამუშაოების თავიდან ჩატარება ან/და სხვა მსგავსი ქმედება არ განხორციელებულა, ახალმა მენარდემ მხოლოდ ის დაუმთავრებელი სამუშაო დაასრულა, რომლიც ვადაში დასრულებაც ვერ მოხერხდა. მითითებული ცხადყოფს, რომ მოსარჩელის მიერ სამუშაოების 74% შესრულდა, რომლის ხარისხის შემოწმებაც შემკვეთის ვალდებულება იყო, რაც შემკვეთმა არ განახორციელა. მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების უხარისხობის ფაქტი კი, საქმის მასალებში წარდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება.

92. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

93. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. პირგასამტეხლოსთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

94. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

95. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ს.მ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. შპს ,,ს.მ–ას“ (ს.კ: ......) (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 04.05.2021-ში №12374 საგადახდო დავალებით გადახდილი 7460.19 ლარის 70% – 5222.13 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე