Facebook Twitter

საქმე №ას-20-2020 17 მარტი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – მ.ჭ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,თ.ბ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, სს „თ.ბ–ის“ (შემდეგში: საარბიტრაჟო მოსარჩელე, განმცხადებელი ან ბანკი) განცხადება სარჩელის აღძვრამდე საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ.ჭ–ძეს (შემდეგში: საჩივრის ავტორი, საარბიტრაჟო მოპასუხე ან მოვალე) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: თბილისში, ...... (ს/კ №.......) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

2. ზემოხსენებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა საარბიტრაჟო მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 191.1 მუხლი ავალდებულებს მოსარჩელეს, კონკრეტულად მიუთითოს იმ გარემოების შესახებ, რომელიც, მისი აზრით, შემდგომში გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. ამასთან, მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ სასამართლოს რწმენა შეუქმნას. საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ განჩინების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს დასაბუთებას, სასამართლო, თუ რომელ კონკრეტულ გარემოებას და ფაქტებს დაეყრდნო, რომელმაც შეუქმნა ურყევი და დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოპასუხისათვის უძრავი ქონების გასხვისების აკრძალვის ღონისძიების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდებოდა ან მნიშვნელოვნად გართულდებოდა საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. საჩივრის ავტორის განმარტებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობასაც და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, რასთან დაკავშირებითაც სასამართლოს არ უმსჯელია.

3. საჩივრის ავტორის განმარტებით, კრედიტორის მითითება, რომ მოვალე ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, რაც საფრთხეს უქმნის მისი საკუთრებით სამომავლოდ სარგებლობის უფლების შეზღუდვას, დაუსაბუთებელია, ვინაიდან სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დატვირთულია ორი ავტოსატრანსპორტო საშუალება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა საჩივარი მისი უსაფუძვლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს (სსსკ-ის 1971 მუხლის მე-2 ნაწილი).

5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 191-ე მუხლის დისპოზიციაზე და განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. აღნიშნული ინსტიტუტის თავისებურება ისაა, რომ უფლებათა დაცვის უზრუნველყოფა წინასწარი და დროებითი ღონისძიებაა და ხდება დარღვეული ან სადავო უფლების შესახებ არსებითი მსჯელობისაგან დამოუკიდებლად, სასამართლოს ან არბიტრაჟის მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე.

6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე მოვალის დავალიანებაზე და განმარტა, რომ უზრუნველყოფის ზომების გამოყენების აუცილებლობა აშკარაა, ვინაიდან მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა უარესდება, ძირითადი მოვალე არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოვალემ უძრავი ქონება გაასხვისოს კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის მიღებამდე, რის შემდგომაც კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელი გახდება.

7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღსაძრავი საარბიტრაჟო სარჩელის დავის საგანია მოპასუხისათვის თანხის დაკისრება, რაც გულისხმობს, რომ გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგი დადგომა დამოკიდებულია არა მხოლოდ გადაწყვეტილების ძალაში შესვლაზე, არამედ მოპასუხის ნებაზეც. მან უნდა განახორციელოს გარკვეული მოქმედება თანხის გადახდის თაობაზე. ასეთი ნების არარსებობის პირობებში გადაწყვეტილების აღსრულება დამოკიდებული ხდება ისეთ მექანიზმებზე როგორიცაა იძულებითი აღსრულება. ასეთ შემთხვევაში უნდა არსებობდეს საშუალება, საიდანაც გადაწყვეტილების აღსრულება და კრედიტრის მოთხოვნის დაკმაყოფილება იქნება შესაძლებელი. სწორედ ამ საშუალების არსებობისა და შენარჩუნებისათვის გარანტიებს ქმნის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელსაც სასამართლო მიმართავს მოსარჩელის განცხადების საფუძველზე. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით იზღუდება მოპასუხის ნება, გაასხვისოს ან/და სხვაგვარად დატვირთოს საკუთრება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მითითება, რომლის თანახმადაც, სასამართლოს სასარჩელო მოთხოვნის მოსალოდნელ დაკმაყოფილებასთან დაკავშირებულ დასაბუთებულ ვარაუდებზე არ უმსჯელია და განჩინება არ შეიცავს დასაბუთებას, მოსარჩელის მიერ მითითებული რომელი კონკრეტული გარემოება მიიჩნია სარწმუნოდ სასამართლომ და შეუქმნა დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ გადაწყვეტილების აღსრულება სამომავლოდ გაძნელდებოდა და გარდაუვალი იყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საჩივრის ავტორის მითითება, რომ სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დატვირთულია ორი ავტოსატრანსპორტო საშუალება საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება. ამასთან, იმ გარემოებაზე მითითება, რომ ძირითადი მოვალე სესხის დაფარვას აპირებდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციის შედეგად, იმ ვითარებაში, როცა ვალდებულება არ სრულდება, არ ქმნის გამოყენებული უზრუნველყოფის გაუქმების საკმარის საფუძველს, ვალდებულების შეუსრულებლობა კი, განცხადებაზე დართული სესხის დაფარვის გრაფიკითა და სესხის ამონაწერით დასტურდება, ამდენად ვალდებულების შეუსრულებლობა ქმნის საფუძველს ვარაუდისათვის, რომ იგი მომავალშიც არ შესრულდება, რაც განაპირობებს კიდეც სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების აუცილებლობას.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელი იყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს თბილისის სააპელაციო პალატის იმ განჩინების კანონშესაბამისობა, რომლითაც დადგინდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მართლზომიერება და მხარეს აეკრძალა კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

12. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსკ-ის 35612 მუხლის, 35613 (1) მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, 35618 მუხლისა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის თანახმად, წინამდებარე საქმეზე, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების, ისე - ამ ღონისძიების თაობაზე წარდგენილი საჩივრის განხილვა ექვემდებარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მარეგულირებელ წესებს.

13. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIL თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

14. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. იმავე კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.

16. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იყოს უზრუნველყოფის ღონისძიების, როგორც საპროცესო სამართლებრივი ინსტიტუტის, მთავარი პრინციპი − აღსრულდეს სასამართლო გადაწყვეტილება, თუმცა, იმავდროულად, უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური. დაუშვებელია, უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და, ამგვარად, მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება. ამასთან, უნდა არსებობდეს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ღონისძიების გამოყენების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან მნიშვნელოვანწილად გაძნელდება მისი აღსრულება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განცხადება საჭიროებს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით დასაბუთებას, რომელიც დაარწმუნებს სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებაში

17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე წარმოდგენილ განცხადებას ერთვის მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ 2017 წლის 6 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება და მსესხებელზე კრედიტი 68727 ლარი, წლიური 12%-ის დარიცხვით, 356 დღით გაიცა. მოვალის დავალიანება 44231.79 ლარია. ამასთან, მოპასუხე არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას.

18. სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე წარდგენილ განცხადებას ერთვის მტკიცებულებები, რომელთა ფორმალური თვალსაზრისით განცხადებაში ჩამოყალიბებულ საფუძვლებთან შესაბამისობის შემოწმებით დასტურდება, რომ 2017 წლის 6 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება და მსესხებელზე კრედიტი 68727 ლარი, წლიური 12%-ის დარიცხვით, 356 დღით გაიცა. მოვალის დავალიანება 44231.79 ლარია. ამასთან, მოპასუხე არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებაში საარბიტრაჟო მოსარჩელე გამოთქვამს ვარაუდს დავის განხილვის დასრულებამდე საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ ქონების შესაძლო გასხვისებისა და უფლებრივი დატვირთვის თაობაზე, რაც საერთო ჯამში იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ სსსკ-ის 191-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობა ვლინდება.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ მსგავსი ტიპის დავის დროს მოსარჩელეს სჭირდება მყარი გარანტია იმისა, რომ მომავალში შეძლებს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. აღნიშნული გარანტიის მიღების შესაძლებლობას ითვალისწინებს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაც. ამდენად, საფუძვლიანია განმცხადებლის მოსაზრება, რომ სამომავლოდ მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში თანხის ამოსაღებად მოპასუხის ქონებაზე აღსრულების მიქცევისაგან თავის არიდების მიზნით არსებობს რეალური საფრთხე, მოპასუხემ გაასხვისოს ან უფლებრივად (იპოთეკით) დატვირთოს უძრავი ქონება.

20. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ „სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება“ (იხ. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000).“

21. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.

22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონი ყოველთვის არ იძლევა იმის საშუალებას, მოსამართლემ შეძლოს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაცული იქნება ორივე მხარის, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინტერესები [თანაზომიერების პრინციპი], მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის (სარჩელის საგნის) პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ იკვეთებოდეს. „სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით საკუთრების შეზღუდვის გამართლება უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით - სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნისა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კერძო ინტერესების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (შდრ. სუსგ 2015 წლის 25 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ას-1165-1095-2015.).

23. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საარბიტრაჟო მოსარჩელე აპირებს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრას. ასეთ ვითარებაში, საკასაციო სასამართლოს აზრით, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საჭიროებს დაცვას. ამგვარი დაცვა საჭიროა იმ მიზეზით, რომ, როგორც სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებულია არა მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე (როგორც ეს აღიარებითი სარჩელების შემთხვევაში ხდება), არამედ, ასევე, - მოპასუხის ნებაზე. როცა ასეთი ნება არ არსებობს, გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა სწორედ იძულებითი აღსრულების მექანიზმზეა დამოკიდებული. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარებით იზღუდება მოპასუხის ნება, გაასხვისოს ან სხვაგვარად დატვირთოს თავისი საკუთრება, რაც მოცემულ შემთხვევაში, კანონშესაბამისად მოხდა. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით დაწესდა საარბიტრაჟო მოსარჩელის კანონიერი ინტერესების უზრუნველყოფის გონივრული ფარგლები. მოვალე ვერ შეძლებს უზრუნველყოფის საგნის რეალიზებას ან სხვაგვარად უფლებრივად დატვირთვას განმცხადებლის უფლებების საზიანოდ. შესაბამისად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მხარის განცხადების მიზანი მიღწეულია.

24. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ დაუსაბუთებელია საჩივრის ავტორის მითითება, თითქოს საარბიტრაჟო მოსარჩელეს არ გააჩნდეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნის საფუძველი, რადგან არსებობს გირავნობით დატვირთული ორი ავტომობილი და მათზე აღსრულების მიქცევა სავსების შესაძლებელია.

25. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

26. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნებისა და ამ ინსტიტუტის დანიშნულებაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, სავსებით იზიარებს საკასაციო სასამართლო, მტკიცების ტვირთის განაწილებაზე ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების მიქცევა სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე რომ შესაძლებელი იყო სსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, სწორედ მოპასუხეს ეკისრებოდა, რომელსაც ამ თვალსაზრისით მტკიცებულებები არ წარუდგენია.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ჭ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრისა და 2019 წლის 16 სექტემბრის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე