საქმე №ას-84-2020 27 მაისი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – მ.ვ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ლ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ივლისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25%-ის კომპენსაციის გადახდის პირობით სადგომის გამოსყიდვის თაობაზე ა.ლ–ძის (შემდგომ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი დაკმაყოფილდა, მ.ვ–ძის (შემდგომ - მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორი) საკუთრებაში არსებული 471,42 კვ.მ საცხოვრებელი სადგომიდან (მდებარე ქ.თბილისში, ......, ს/კ №..........) მოსარჩელის სარგებლობაში არსებული 77,64 კვ. მეტრის გამოსყიდვის მიზნით, უძრავი ქონების ღირებულების, 49 154 ლარის, 25%-ის -12 288,5 ლარის გადახდის სანაცვლოდ, მოსარჩელეს გადაეცა საკუთრებაში ქ.თბილისში, ....... არებული 77,64 კვ.მ ფართი.
2. საქმისწარმოების განახლების თხოვნით, სხვადასხვა საფუძვლით თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოპასუხემაც და მესამე პირებმაც, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ არცერთი განცხადება არ დააკმაყოფილა. ეს განჩინებები კერძო საჩივრით იქნა ზემდგომ სასამართლოში გასაჩივრებული, თუმცა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოშიც არ დაკმაყოფილდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 მაისს განცხადებით მიმართა მოპასუხის წარმომადგენელმა და ისევ, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლება მოითხოვა, ხოლო 2019 წლის 6 მაისის განცხადებით - შეჩერდეს საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის საქმისწარმოება სადავო უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის განჩინებით, განმცხადებელს უზრუნველყოფის ღონისძიების დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა, რაც გასაჩივრდა საჩივრით, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაეგზავნა, ასევე, უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა.
5. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 ივლისს განცხადებით მიმართა მოპასუხემ და კერძო საჩივარზე გადაწყვეტილების გამოტანამდე წინამდებარე საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვა, კერძოდ, მოსარჩელის სასარგებლოდ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ივლისის განჩინებით, მოპასუხის 2019 წლის 30 ივლისის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ დარჩა განუხილველად, იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის 2019 წლის 6 მაისისა და იმავე წლის 30 ივლისის წარდგენილ განცხადებებში მოთხოვნა და მისი საფუძვლები იდენტური იყო, რაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 194.5 მუხლის საფუძველზე, განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი იყო. აღნიშნული განჩინება გასაჩივრდა საჩივრით.
7. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებაზე და განმარტა, რომ მოპასუხის ინტერესია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგი არ დადგეს. ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი კი ითვალისწინებს შემდეგ სამართლებრივ შედეგს: დადგენილი კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ, მოსარჩელე აღიჭურვება უფლებით, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთარ სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხოს სადავო ქონება და, შესაბამისად, ისარგებლონ კანონმდებლობით დადგენილი ყველა იმ უფლებით, რაც თან სდევს რეგისტრირებულ საკუთრების უფლებას. ამრიგად დაუსწრებელი გადაწყვეტილება აღსრულებულად ჩაითვლება მითითებული უძრავი ქონების მესაკუთრედ მოსარჩელის აღრიცხვის მომენტიდან.
8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება აღსრულებას დაქვემდებარებული დოკუმენტია, შესაბამისად, საკუთრების რეგისტრაციის შეჩერების მიზნით აღძრული ნებისმიერი შუამდგომოლობა გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ განცხადებად მიიჩნევა.
9. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსსკ-ის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და დაასკვნა, რომ მოპასუხე 2019 წლის 30 ივლისის განცხადებით ითხოვდა იმავე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას იმავე საფუძველზე მითითებით, რომლის დაკმაყოფილებაზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მაისის განჩინებით უარი ეთქვა.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ივლისის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის შესაბამისად, განსახილველად გადმოეგზავნა ზემდგომ სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ მოპასუხის საჩივარი შინაარსობრივად წარმოადგენს არა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე წარდგენილ საჩივარს, არამედ, კერძო საჩივარს, რომელიც უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
12. საკასაციო პალატის აზრით, წარმოდგენილი საჩივარი შინაარსობრივად არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე-1991 მუხლებით განსაზღვრული საპროცესო დოკუმენტი, არამედ კერძო საჩივარია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი განცხადებით მოპასუხის მოთხოვნა მიმართული იყო აღსრულებაუნარიანი, ანუ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებაზე. უდავოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25%-ის ოდენობით კომპენსაციის გადახდის პირობით სადგომის გამოსყიდვის თაობაზე დაკმაყოფილდა და აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, რომლის წინააღმდეგ მოპასუხემ წარადგინა განცხადება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა (2019 წლის 3 მაისს).
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 191-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა და ამდენად, იგი თავისი არსით ემსახურება მოსარჩელის უფლებების დაცვას. შესაბამისად, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შეიძლება შეიტანოს მოსარჩელემ. საპროცესო მოქმედება, რომლის გატარებასაც მოითხოვს მხარე, არ წარმოადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობისკენ მიმართულ ქმედებას და ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას. მოცემულ შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულება უნდა განხორციელდეს თავად განმცხადებლის (მოპასუხე) წინააღმდეგ. შესაბამისად, მისი მოთხოვნა ვერ დარეგულირდება სარჩელის უზრუნველყოფის მარეგულირებელი საპროცესო ნორმებით (191-1991 მუხლები).
14. საქმის წარმოების განახლების ინსტიტუტი (სსსკ-ის LII თავი) არ წარმოადგენს სასარჩელო წარმოებას, არამედ, იგი საპროცესო სამართლით გათვალისწინებული საგამონაკლისო წარმოების სახეა, რომელიც კანონით პირდაპირ და ამომწურავად განსაზღვრული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში (სსსკ-ის 422-ე-423-ე მუხლები) დასაშვებად მიიჩნევს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების/განჩინების გაუქმებას. ამ ტიპის სამართალწარმოების საგამონაკლისო ბუნებიდან გამომდინარე, მისი მომწესრიგებელი ნორმები ფართო განმარტებას არ ექვემდებარება. ამავდროულად უნდა განიმარტოს ისიც, რომ მსგავსად სარჩელისა, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების ავტორს შესაძლოა გააჩნდეს დასაბუთებული ინტერესი იმისა, რომ მისი მოთხოვნა უზრუნველყოფილი იყოს, რაც განმცხადებლის ინტერესების დაცვას და სამართლებრივი სტაბილურობის შენარჩუნებას ემსახურება. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარეობს ის, რომ სარჩელის უზრუნველყოფის წესებისაგან განსხვავებით უფრო სპეციალურ დანაწესს ადგენს სსსკ-ის LII თავი: 432-ე მუხლის თანახმად, საქმის განახლების შესახებ განცხადება ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლოს შეუძლია თავისი განჩინებით დროებით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება. გადაწყვეტილების იძულებით სისრულეში მოყვანა იმაზე იქნება დამოკიდებული, იძლევა თუ არა საქმის წარმოების მომთხოვნი პირი შესაბამის გარანტიებს (სუსგ №ას-1531-1451-2017, 15 თებერვალი, 2018 წელი).
15. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 432-ე მუხლი არ შეიცავს მითითებას გასაჩივრების რაიმე წესთან მიმართებით, თუმცა, ამ შემთხვევაში გამოიყენება სსსკ-ის 2671 მუხლი, რომლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეცნობება სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტას. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად კი, გადაწყვეტილება მიიღება განჩინების ფორმით. გადაწყვეტილებასთან აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე გასაჩივრებული განჩინება კერძო საჩივრით საჩივრდება, რომელიც პროცესუალური ბუნებიდან გამომდინარე, დავის უშუალოდ მატერიალურ მოთხოვნას არ შეეხება, არამედ, ამგვარი საჩივარი, როგორც წესი, პროცესუალურ საკითხებზე დაიშვება. სსსკ-ის 418-ე მუხლის დებულებიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს იმ საპროცესო მოქმედების შესრულებას, რომელიც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით იყო გათვალისწინებული. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, შეაჩეროს ასეთი საპროცესო მოქმედების შესრულება. გასაჩივრებული განჩინებით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შესრულების შეჩერება შეუძლია ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს.
17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ივლისის განჩინებაზე წარდგენილ კერძო საჩივართან დაკავშირებით კი, საკასაციო პალატა კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
18. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო (კერძო) საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ)სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
19. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი 2019 წლის 30 ივლისის განცხადებით მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებდა, რომ მისი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მოსარჩელე სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას დაარეგისტრირებდა საჯარო რეესტრში. ხოლო კერძო საჩივრის ფარგლებში მოპასუხე ძირითადად აპელირებდა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2019 წლის 6 მაისის და იმავე წლის 30 ივლისის წარდგენილ განცხადებებში მოთხოვნა და მისი საფუძვლები არ იყო იდენტური.
20. უპირველესად საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია, სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის განცხადების განხილვის პროცესუალური წესები დაარღვია, თუმცა ვინაიდან ამ დარღვევას საკითხის არასწორად გადაწყვეტა არ მოჰყოლია, არ არსებობს ქვემდგომი სასამართლოს განჩინების გაუქმების სსსკ-ის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.
21. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 432-ე მუხლზე (ნორმის დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების მე-14 პუნქტში) და განმარტავს, რომ განსახილველი ნორმა ადგენს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განსახილველად დაშვების შემდგომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შემდგომი აღსრულების ბედს. კანონის ხსენებული დანაწესი გადაწყვეტილების მუდმივობის პრინციპს ემსახურება, მიზნად ისახავს წაგებული მხარის მხრიდან საპროცესო წესების ბოროტად გამოყენების ნეგატიური შედეგების თავიდან აცილებას, ამასთანავე, არ არის გამორიცხული, საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, შეაჩეროს კიდევაც სასამართლომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება, თუმცა უნდა გამოირიცხოს ყველა ის შესაძლო ზიანი და აღსრულების შეჩერებით გამოწვეული შესაძლო გართულებები, რომლებიც ამ საპროცესო ინსტიტუტს თან სდევს პრაქტიკული და თეორიული თვალსაზრისით. სწორედ ამ მიზნით საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს აღსრულების შეჩერების მომთხოვნი მხარისაგან, მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, შესაბამის გარანტიებს.
22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიები არ წარუდგენია, ამასთან, განმცხადებელს არ დაუსაბუთებია აღსრულების შეუჩერებლობამ რატომ შეიძლება უფრო მეტი ზიანი მიაყენოს ამ უკანასკნელს, ვიდრე მხარეს, რომლის სასარგებლოდაც უნდა განხორციელდეს აღსრულება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტზე მითითებული კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს სადავო ნივთზე საკუთრების უფლება მოპოვებული აქვს, შესაბამისად, მოპასუხის კერძო საჩივარი საქმის წარმოების განახლების თაობაზე და ამ უკანაკსნელის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებასთან დაკავშირებით არ უნდა დაედოს საფუძვლად კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების სამართლებრივი ძალის შეზღუდვას, რაც ასევე არ გამომდინარეობს გადაწყვეტილების მუდმივობის პრინციპიდან და არღვევს ევროკონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას (კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმადაც სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (Brumărescu v. Romania [GC], no. 28342/95, § 61, ECHR 1999 VII). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. ECHR: „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“ განაცხადი №18156/05, 27.05.2010წ.).
23. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ სსსკ-ის 432-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მიზანია, არ აღსრულდეს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ამა თუ იმ საფუძვლით გასაჩივრებულია და არსებობს თუნდაც ჰიპოთეტური შესაძლებლობა, რომ იგი გაუქმდეს.
24. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თბილისისი სააპელაციო პალატის 2019 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა მ.ვ–ძის კერძო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის გასაჩივრებული განჩინება.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ვ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე