Facebook Twitter

საქმე №ას-1778-2019 12 მარტი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს ,,მ–ი’’ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს ,,მ–მა“ (შემდგომ – პირველი მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) და შპს ,,ფ–მა“ (შემდგომ - მეორე მოსარჩელე) სარჩელი აღძრეს სასამართლოში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომ – მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ.

მოპასუხის პოზიცია:

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით, მეორე მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა).

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, პირველი მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

5. 2019 წლის 13 ნოემბერს 14:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე აპელანტი არ გამოცხადდა, ხოლო მოპასუხემ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება იშუამდგომლა.

6. აპელანტს სასამართლოს მთავარი სხდომის, ასევე, გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ სასამართლო უწყება სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა და ორგანიზაციის წარმომადგენელს 2019 წლის 28 ოქტომბერს ჩაჰბარდა. აპელანტის წარმომადგენელი სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობეის მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.

7. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის მიზეზები სასამართლოსთვის უცნობი იყო, სასამართლომ მოპასუხის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.

9. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, აპელანტის წარმომადგენლები 2019 წლის 13 ნოემბერს დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდნენ, აღნიშნულის შესახებ კი, ელექტორნული ფოსტის მეშვეობით სხდომის დღეს 10:41 საათზე აცნობეს სასამართლოს და სხდომის სხვა დროისათვის გადადება იშუამდგომლეს. შუამდგომლობის ასლი მოსამართლის თანაშემწესაც გადაუგზავნეს (იხ. ტ. 2, ს.ფ. 76) .

10. კერძო საჩივარს ერთვის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სასამართლოსათვის გაგზავნილი შუამდგომლობა, რომლის თანახმად, აპელანტის წარმომადგენლები გ.ყ–ი და ს.ს–ი მიუთითებენ, რომ იმავე დღეს (13.11.2019წ.) ბათუმისა და თბილისის საქალაქო სასამართლოებში სხდომები აქვთ და ვინაიდან, აღნიშნული საქმეები არაერთხელ გადაიდო და პროცესში ჩართულია ბევრი პირი, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას სხდომის სხვა დროისათვის გადადება მოითხოვონ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მათ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2019 წლის 13 ნოემბერს 14:00 საათზე ჩანიშნული სასამართლო სხდომის გადადების შესახებ იშუამდგომლეს (იხ. ტ. 2, ს.ფ. 79).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელიშემდეგ გარემოებათა გამო:

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.

14. ამ თვალსაზრისით, საქმის მასალებით დადასტურებულია და კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის შემდეგ გარემოებებს:

15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 13 ნოემბერს, 14:00 საათზე. საქმეში წარდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურით დგინდება, რომ აპელანტისათვის გაგზავნილი უწყება ორგანიზაციის წარმომადგენელს 2019 წლის 28 ოქტომბერს ჩაჰბარდა.

16. 2019 წლის წლის 13 ნოემბერს გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელი არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობებია სასამართლოსთვის.

17. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის მიზეზები სასამართლოსთვის უცნობი იყო, სასამართლომ მოპასუხის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

18. კერძო საჩივრით აპელანტის წარმომადგენელი სადავოდ ხდის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერებას და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა ვლინდებოდა, რომელიც შესახებაც სასამართლოს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სხდომის დღეს აცნობა.

19. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია აპელანტის გამოუცხადებლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წესი, თუმცა კანონის ამ სპეციალური დათქმის პარალელურად, საკითხის რეგულირებისათვის განსაზღვრულია პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მომწესრიგებელი ნორმების გამოყენება.

20. სსსკ-ის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ხოლო 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილია ასევე სარჩელის განუხილველად დატოვების შესაძლებლობა, თუ საქმის განხილვაზე მოსარჩელე არ გამოცხადდება, ხოლო მოპასუხე თანახმაა, რომ სარჩელი დარჩეს განუხილველი.

21. ამდენად, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას მხარე სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით არ ედავება და მათი არსებობა არც საქმის მასალებით დგინდება, მხარე განმარტავს, რომ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც სასამართლოს ელექტორნული ფოსტის მეშვეობით ეცნობა, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობასაც საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 241-ე მუხლის იმ კონტექსტში შეაფასებს, რომელიც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე მიუთითებს.

23. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს იმავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.

24. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს, ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა, დასკვნებს და დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, შესაფასებელია აპელანტმა 2019 წლის 13 ნოემბრის სხდომაზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობის შესახებ რამდენად დროულად აცნობა სასამართლოს და არის თუ არა მხარის გამოუცხადებლობა საპატიო.

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა, მისი ძირითადი პრინციპის - დისპოზიციურობის გათვალისწინებით, მხარეებს ავალდებულებს თავიანთი უფლება-მოვალეობანი კეთილსინდისიერად განახორციელონ. მხარე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ინფორმირებულია საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე და საპატიო მიზეზით არ ცხადდება, ვალდებულია სასამართლოს წინასწარ აცნობოს ამ მიზეზის შესახებ კანონით დადგენილი წესით. დასახელებული ვალდებულების დარღვევისათვის კი, კანონმდებელი აგდენს ერათგვარი პროცესუალური სანქციის გამოყენების წინაპირობებს.

26. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ პროცესუალურ საკითხზე, თუ რამდენად დასაბუთებულია კერძო საჩივრის ავტორის პოზიცია მოცემულ საკითხთან მიმართებით და განმარტავს, რომ აპელანტის წარმომადგენლებმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სხდომის გადადების შესახებ სხდომის დღეს 10:41 საათზე მიმართეს სასამართლოს. შუამდგომლობის თანახმად, ბათუმისა და თბილისის საქალაქო სასამართლოებში სხვა სხდომაზე მონაწილეობის გამო ვერ შეძლებდნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ პროცესზე გამოცხადებას, რის დასადასტურებლადაც შუამდგომლობას დაურთეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, რომლის თანახმად, აპელანტის წარმომადგენლების მონაწილეობით სასამართლო სხდომა 2019 წლის 13 ნოემბერს 16:00 საათზე გადაიდო და 2019 წლის 22 ოქტომბრის უწყება, რომლის თანახმად, შპს ,,ა.პ–ს“ ეცნობა შპს ,,ს.ბ–ში“ სარჩელის გამო, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე სასამართლო სხდომის თარიღი, რომელიც 2019 წლის 13 ნოემბერს იყო დანიშნული ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლო ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით. შინაგანი რწმენა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად ყალიბდება. მტკიცებულებათა შეფასება არა სპონტანური და ინტუიციური, არამედ სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს (სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი) (შდრ. სუსგ Nას-279-264-17, 21.04.2017წ.).

28. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორისათვის დაკისრებულ მტკიცების ტვირთზე ამახვილებს ყურადღებას და მტკიცებულებების შეფასების შედეგად მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ავტორს გონივრული ვადა ჰქონდა სასამართლოსათვის დროულად ეცნობებინა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ, რასაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის მოსამზადებელი სხდომის ოქმი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 ოქტომბერს გაგზავნილი სასამართლო უწყება ადასტურებს, კერძოდ, აპელანტის წარმომადგენლებმა 2019 წლის 25 სექტემბერს უკვე იცოდნენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოუწევდათ მონაწილეობის მიღება, ისევე როგორც, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომის შესახებ (ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება კერძო საჩივრის ავტორს არ წარუდგენია, სასამართლო უწყება გაგზავნილია 22.10.2019წ.). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აპელანტის წარმომადგენელმა სხდომის გადადების შესახებ მხოლოდ სხდომის გამართვამდე რამდენიმე საათით ადრე 10:41 წუთზე (სხდომა დანიშნული იყო 14:00 საათზე) მიმართა სასამართლოს, მაშინ როდესაც ამ უკანასკნელისათვის, სხვა სასამართლო სხდომების შესახებ ბევრად ადრე იყო ცნობილი. ამასთან, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, გონივრული ვადის დაუცველად წარდგენილი განცხადების სასამართლოსათვის დროულად ჩაუბარებლობის რისკი, სწორედ აპელანტს ეკისრებოდა. აპელანტს უნდა მიეღო ყველა საჭირო ზომა, მათ შორის სასამართლოს შემადგენლობისათვის ტელეფონის მეშვეობით დაკავშირებისა, რომ სასამართლოსათვის ელექტროული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი შუამდგომლობის შესახებ შეეტყობინებინა. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ელექტრონული ფოსტით სასამართლოსათვის გაგზავნილი სხდომის გადადების შესახებ შუამდგომოლობა სასამართლოს კანცელარიაში 2019 წლის 13 ნოემბერს 18:00 საათზე გატარდა, რაც კიდეც ერთხელ ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს მიერ განუხილევლად დატოვებული სააპელაციო საჩივრის კანონიერებას.

29. საკასაციო სასამართლო დამატებით იმ გარემოებაზეც გაამახვილებს ყურადღებას, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება რაც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ აპელანტის წარმომადგენლები შპს ,,ა.პ–ის“ წარმომადგენლებიც არიან. აღნიშნული მტკიცებულების არარსებობის პირობებში კი, არსებობს ვარაუდი რომ აპელანტის ორი წარმომადგენლიდან ერთ-ერთს სასამართლო სხდომაზე გამოცხადება შეეძლო. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტია იურიდიული პირი - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელსაც გონივრულ ვადაში ეცნობა საქმის განხილვის თარიღი, ამდენად, იგი ვალდებული იყო, სათანადოდ უზრუნველეყო პროცესში საკუთარი მონაწილეობა.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ნოემბრის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,მ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე