საქმე №ას-324-2020 31 ივლისი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – ი.ა–ი
მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,ვ.ბ.ჯ–ა“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
განმცხადებლის მოთხოვნა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა სს ,,ვ.ბ.ჯ–ამ“ (შემდგომ - საარბიტრაჟო მოსარჩელე, ბანკი, კრედიტორი მოწინააღმდეგე მხარე), ი.ა–ის (შემდგომ - საჩივრის ავტორი, საარბიტრაჟო მოპასუხე, მოვალე) მიმართ და საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ბანკის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოვალეს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ბორჯომის ...., ქალაქ ბორჯომში, ...... (ს/კ ....) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა აეკრძალა.
საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
3. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, საარბიტრაჟო მოპასუხემ საჩივარი შეიტანა და წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
4. საჩივრის ავტორის განმარტებით, მას ვალდებულების არსებობის თაობაზე საარბიტრაჟო სარჩელი ან/და შეტყობინება არ ჩაჰბარებია. სესხს, რომელიც ბანკისგან აიღო, პირნათლად იხდიდა, ხოლო მას შემდეგ, რაც, მისი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა, დარჩენილი ვალდებულება ბანკმა ჩამოაწერა, რაც როგორც ვალის პატიების საყოველთაო გამოცხადებით, ასევე - იმ გარემოებით დასტურდება, რომ ერთი წლის მანძილზე ბანკი არ დაჰკავშირებია. ამასთან, საარბიტრაჟო დავის წარმოებაზე ბანკთან შეთანხმება არ გაუფორმებია.
5. საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ უძრავი ქონების გაყიდვას ან რაიმე ფორმით დატვირთვას არ აპირებდა, ვინაიდან უკვე დატვირთულია იპოთეკით. არსებული ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება იმ სამართლებრივ გარემოებებს, რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
6. მას რომ სცოდნოდა, რომ ბანკს თანხა არ ჩამოუწერია, ყოველთვიურად თანხის ნაწილს შეიტანდა და ამასობაში სესხს დაფარავდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 აპრილის განჩინებით, მოვალის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო, საქმის მასალებთან ერთად, განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგი საფუძვლებით:
8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 35613-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 35618-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.
9. სააპელაციო სასამართლო მიუთითა სსსკ-ის 191-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
10. სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესოსამართლებრივ გარანტიას. აღნიშნული ინსტიტუტის თავისებურება ისაა, რომ უფლებათა დაცვის უზრუნველყოფა წინასწარი და დროებითი ხასიათის ღონისძიებაა და ხდება დარღვეული ან სადავო უფლების შესახებ არსებითი მსჯელობისაგან დამოუკიდებლად, სასამართლოს ან არბიტრაჟის მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე.
11. განსახილველ შემთხვევაში, მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „ს.ს.პ–ის“ 2020 წლის 28 იანვრის დადგენილებით დასტურდება, რომ ბანკის სარჩელი მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით წარმოებაშია მიღებული, ანუ აღძრულია მიკუთვნებითი სარჩელი, რაც გულისხმობს, რომ გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგი (მიზანი) დამოკიდებულია არა მხოლოდ გადაწყვეტილების ძალაში შესვლაზე (როგორც ეს აღიარებითი სარჩელების შემთხვევაშია), არამედ მოპასუხის ნებაზეც. მან უნდა განახორციელოს გარკვეული მოქმედება თანხის გადახდის მიზნით. ასეთი ნების არარსებობის პირობებში, გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა დამოკიდებული ხდება ისეთ მექანიზმზე, როგორიცაა - იძულებითი აღსრულება. ამიტომ, უნდა არსებობდეს საშუალება, რომლითაც გადაწყვეტილების აღსრულება და კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება (იძულებითი რეალიზაციით) იქნება შესაძლებელი. სწორედ ამ მექანიზმის გარანტიას ქმნის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელსაც სასამართლო მიმართავს მოსარჩელის განცხადების საფუძველზე. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით იზღუდება მოპასუხის უფლება, გაასხვისოს ან იპოთეკით დატვირთოს საკუთრება.
12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ბანკმა მიუთითა, რომ მოპასუხის მხრიდან ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა ნაწილობრივ, კერძოდ, 2020 წლის 20 იანვრის მდგომარეობით, მოპასუხეს ბანკის მიმართ ერიცხება დავალიანება 8327.39 ლარი, საიდანაც 5641.11 ლარი ძირითადი თანხაა, 811.98 ლარი - საპროცენტო სარგებელი, ხოლო - 1874.30 ლარი დარიცხული პირგასამტეხლო. ბანკმა განმარტა, რომ საბანკო კრედიტი არ არის უზრუნველყოფილი და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა დაასაბუთა იმით, რომ საარბიტრაჟო დავის დაწყების შესახებ მოპასუხის ინფორმირებისას, ეს უკანასკნელი შეეცდება უძრავი ქონების გასხვისებას. აღნიშნული დასაბუთებული ეჭვის საფუძველს ქმნის მოპასუხის დამოკიდებულება სესხის დაფარვის ვალდებულებისადმი.
13. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, სასამართლომ მართებულად გამოიყენა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ეტაპზე მტკიცებულებები და სარჩელის საფუძვლიანობა არსებითად არ ფასდება. სარჩელის საფუძვლიანობის შესახებ საბოლოო დასკვნა წარმოადგენს მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასებას. სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას იყენებს მაშინ, როდესაც დავის საგანს ესაჭიროება დაცვა. ამასთან, უზრუნველყოფის ეტაპზე სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ თუ საპროცესო წინაპირობებზე, გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
14. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, გასაჩივრებული განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება დავის საგნის ადეკვატური და თანაზომიერია. ამასთან, იგი უზრუნველყოფს მოდავე მხარეთა ინტერესებს შორის ბალანსს, შესაბამისად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
16. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების კანონიერება, რომლითაც კრედიტორის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოვალეს აეკრძალა უძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
17. საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრისას მისი უზრუნველყოფის წესს ითვალისწინებს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი, რომელიც ადგენს მსგავს შემთხვევებში სსსკ-ის XXIII თავის გამოყენების შესაძლებლობას, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.
18. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.
20. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იყოს უზრუნველყოფის ღონისძიების, როგორც საპროცესო სამართლებრივი ინსტიტუტის, მთავარი პრინციპი − აღსრულდეს სასამართლო გადაწყვეტილება, თუმცა, იმავდროულად, უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური. დაუშვებელია, უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და, ამგვარად, მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება. ამასთან, უნდა არსებობდეს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ღონისძიების გამოყენების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან მნიშვნელოვანწილად გაძნელდება მისი აღსრულება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განცხადება საჭიროებს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით დასაბუთებას, რომელიც დაარწმუნებს სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებაში.
21. საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, საარბიტრაჟო მოსარჩელე მოთხოვნას მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევას უკავშირებს, კერძოდ, 2019 წლის 25 იანვარს კრედიტორსა და მოვალეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება და ამ უკანასკნელზე გაიცა კრედიტი 5725.41 ლარი, 1459 დღით - 2023 წლის 23 იანვრამდე, საპროცენტი განაკვეთი წლიური 16%-ით განისაზღვრა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ერთჯერადად 20 ლარი და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 1%. ბანკი მიუთითებს, რომ მოვალემ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა და ბანკის მიმართ ერიცხება დავალიანება - 8327.39 ლარი.
22. სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე წარდგენილ განცხადებას ერთვის მტკიცებულებები, რომელთა ფორმალური თვალსაზრისით განცხადებაში ჩამოყალიბებულ საფუძვლებთან შესაბამისობის შემოწმებით დასტურდება, რომ ს.ს.პ–ის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის წარმოებაშია ბანკის საარბიტრაჟო სარჩელი. სარჩელის საგანს წარმოადგენს საარბიტრაჟო მოპასუხისათვის 8327.39 ლარის დაკისრება. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებაში საარბიტრაჟო მოსარჩელე გამოთქვამს ვარაუდს დავის განხილვის დასრულებამდე საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ ქონების შესაძლო გასხვისებისა და უფლებრივი დატვირთვის თაობაზე, რაც საერთო ჯამში იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ სსსკ-ის 191-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობა ვლინდება.
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ მსგავსი ტიპის დავის დროს მოსარჩელეს სჭირდება მყარი გარანტია იმისა, რომ მომავალში შეძლებს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. აღნიშნული გარანტიის მიღების შესაძლებლობას ითვალისწინებს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაც. ამდენად, საფუძვლიანია განმცხადებლის მოსაზრება, რომ სამომავლოდ მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში თანხის ამოსაღებად მოპასუხის ქონებაზე აღსრულების მიქცევისაგან თავის არიდების მიზნით არსებობს რეალური საფრთხე, მოპასუხემ გაასხვისოს ან უფლებრივად (იპოთეკით) დატვირთოს უძრავი ქონება.
24. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ „სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება“ (იხ. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000).“
25. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.
26. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონი ყოველთვის არ იძლევა იმის საშუალებას, მოსამართლემ შეძლოს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაცული იქნება ორივე მხარის, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინტერესები [თანაზომიერების პრინციპი], მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის (სარჩელის საგნის) პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ იკვეთებოდეს. „სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით საკუთრების შეზღუდვის გამართლება უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით - სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნისა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კერძო ინტერესების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (შდრ. სუსგ 2015 წლის 25 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ას-1165-1095-2015.).
27. საკასაციო სასამარლო მიუთითებს, რომ მართალია, სარჩელის უზრუნველყოფის ინტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, თუმცა მხარეთა თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, დაცული უნდა იქნეს მოპასუხის ინტერესებიც. „სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი მოსარჩელის უფლებასა (უზრუნველყოს სასამართლო წესით სამომავლოდ დადასტურებული უფლების რეალიზაცია) და მოპასუხის ინტერესს (უზრუნველყოფის ღონისძიებამ გაუმართლებლად არ ხელყოს მისი, როგორ მოპასუხის უფლებები) შორის. უფლების დროებით შეზღუდვის დროს მნიშვნელოვანია გონივრული ბალანსის დაცვა დაცულ სიკეთესა და შეზღუდულ უფლებას შორის“.
28. სსსკ-ის 198-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა. საგულისხმოა ის გარემოება, რომ განმცხადებელმა ითხოვა საარბიტრაჟო მოპასუხის ქონებაზე ყადაღის დადება, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის ინტერესებისა და მოსარჩელის მიზნის მიღწევას შორის თანაზომიერების დაცვის მიზნით, ბანკის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ქონებაზე ყადაღის დადების ნაცვლად, მოპასუხეს აეკრძალა მისი გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
29. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საარბიტრაჟო მოსარჩელეს აღძრული აქვს მიკუთვნებითი სარჩელი. ასეთ ვითარებაში, საკასაციო სასამართლოს აზრით, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საჭიროებს დაცვას. ამგვარი დაცვა საჭიროა იმ მიზეზით, რომ, როგორც სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებულია არა მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე (როგორც ეს აღიარებითი სარჩელების შემთხვევაში ხდება), არამედ, ასევე, - მოპასუხის ნებაზე. როცა ასეთი ნება არ არსებობს, გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა სწორედ იძულებითი აღსრულების მექანიზმზეა დამოკიდებული. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარებით იზღუდება მოპასუხის ნება, გაასხვისოს ან სხვაგვარად დატვირთოს თავისი საკუთრება, რაც მოცემულ შემთხვევაში, კანონშესაბამისად მოხდა. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით დაწესდა საარბიტრაჟო მოსარჩელის კანონიერი ინტერესების უზრუნველყოფის გონივრული ფარგლები. მოვალე ვერ შეძლებს უზრუნველყოფის საგნის რეალიზებას ან სხვაგვარად უფლებრივად დატვირთვას განმცხადებლის უფლებების საზიანოდ. შესაბამისად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მხარის განცხადების მიზანი მიღწეულია.
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საარბიტრაჟო მოპასუხის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.ა–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრისა და 2 აპრილის განჩინებები დარჩეს უცვლელად.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე