Facebook Twitter

საქმე №ას-88-2020 11 დეკემბერი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - რ.შ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ი.ბ.ს–ო“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. სს ,,ი.ბ.ს–ომ“ (შემდგომ – მოსარჩელე, ბანკი, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში რ.შ–ძის (შემდგომ - პირველი მოპასუხე, მსესხებელი, პირველი აპელანტი, კასატორი), ი.დ–ძისა (შემდგომ - მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი, პირველი თავდები) და გ.გ–ძის (შემდგომ - მესამე მოპასუხე, მესამე აპელანტი, მეორე თავდები) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 30422.14 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და მიუღებელი შემოსავლით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მიზნით 2016 წლის 30 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძირითადი თანხის - 27278.94 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის წლიური 10%-ის დაკისრება. მოსარჩელემ დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია მოითხოვა, ამასთან, იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხით დავალიანების დაფარვის არასაკმარისობისას, აღსრულების მიქცევა მოპასუხეთა სხვა ქონებაზე.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, ბანკსა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებლის სახელზე სესხი, 33 000 აშშ დოლარი, 60 თვით გაიცა, წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 10%-ით. ამავე ხელშეკრულებით, ვალდებულების დარღვევისათვის დადგინდა პირგასამტეხლო, დავალიანების თანხის 0.5%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

3. დასახელებული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2014 წლის 17 სექტემბერს იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ამავე ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ერთი მხრივ, ბანკსა და, მეორე მხრივ, მეორე და მესამე მოპასუხეებს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.

4. მსესხებელმა სესხის დაფარვა შეწყვიტა და მისი დავალიანება შეადგენს 30 422.14 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი თანხა - 27 278.94 აშშ დოლარი, სარგებელი - 1340.78 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო -1802.42 აშშ დოლარია.

5. ბანკის განმარტებით, სესხი არც თავდებმა პირებმა არ გადაიხადეს. ამასთან, მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით მოსარჩელე ძირითად თანხაზე კარგავს ყოველწლიურად 10 %-ს, რაც მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ.

მოპასუხეთა პოზიცია:

6. პირველმა და მეორე მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მსესხებელმა მოვალეს ზედმეტად გადაახდევინა კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით 2545.8836 აშშ დოლარი. მოსარჩელის მოთხოვნას რომ გამოვაკლოთ ზემოაღნიშნული თანხა 27876.2564 აშშ დოლარია, რაც 1.7383-ზე გამრავლებით - 48457.2965 ლარია. სსკ-ის 389-ე მუხლის შესაბამისად, ბანკს ეს თანხა ეკუთვნის მოვალისაგან, თუ მხარეები შეთანხმდებიან. მოვალის მიერ შეტანილი 10315 აშშ დოლარის გათვალისწინებით კი, მოვალეს ბანკისათვის გადასახდელი აქვს 30521.516 ლარი. მეორე მოპასუხის განმარტებით, მას მსესხებლის ვალდებულების შესრულებაზე ნება არ გამოუხატავს და სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულება ყალბია. ამასთან, დარღვევულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 892-894-ე მუხლები, რის საფუძველზეც თავდებობის ხელშეკრულება არ არის ნამდვილი.

7. მოპასუხეთა განმარტებით, ბანკის მიერ გაცემულ ცნობებში მსესხებლის დავალიანების ოდენობა განსხვავებულია, შესაბამისად, გამოდის, რომ ბანკმა ყალბი დოკუმენტაცია შექმნა. ამასთან, ვალუტის კურსის ცვლილების გათვალისწინებით, მსესხებელს იმაზე ნაკლები აქვს გადასახდელი, რასაც ბანკი მოითხოვს.

8. მესამე მოპასუხემ სარჩელი ცნო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით, ბანკის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს სესხის ძირითადი თანხა - 27 278.94 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, სარგებელი - 1340.78 აშშ დოლარი ეკვივალენტი ლარი და პირგასამტეხლო - 1802.42 აშშ დოლარი ეკვივალენტი ლარი, ასევე, მიუღებელი შემოსავლით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მიზნით 2016 წლის 30 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძირითადი თანხის - 27 278.94 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის წლიური 10%-ის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ;

10. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება. ამავე გადაწყვეტილებით დადგინა, რომ, თუკი რეალიზაციიდან ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, დარჩენილი თანხა დაიფარება მოპასუხეების სხვა ქონების რეალიზაციის გზით.

11. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება პირველმა და მეორე მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებები და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებით არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სსკ-ის 286-ე, 301-ე, 317-ე, 361-ე, 394-ე, მე-400, 405-ე, 411-ე, 417-418-ე, 867-873-ე, 891-ე მუხლები.

14. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა სესხისა და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარეობს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია იმ საკითხების გარკვევა, თუ რას შეადგენს 2014 წლის 17 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაუხდელი დავალიანება, მართებულია თუ არა შეთანხმებული ვადის მიხედვით თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე მოთხოვნა და ნამდვილია თუ არა მეორე მოპასუხის სახელით ხელმოწერილი სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.

15. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 131-132-ე მუხლებზე, რომლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია, როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირი აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.

16. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში მოპასუხეებმა წერილობით დაადასტურეს, რომ 2014 წლის 17 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ბანკის მიმართ მსესხებლის დავალიანება შეადგენდა 27 876.2564 აშშ დოლარს, ვინაიდან დასახელებული თანხა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ძირითადი თანხის დავალიანებას - 27 278.94 აშშ დოლარს არ აღემატება, სსსკ-ის 131-132-ე მუხლების თანახმად, დაზუსტებულ სარჩელში მითითებული აღნიშნული ფაქტი დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს.

17. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ მეორე მოპასუხის მიერ სოლიდარულ თავდებობაზე ნება გამოხატული არ ყოფილა და, მისი სახელით ხელმოწერილი 2014 წლის 17 სექტემბრის სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულება ყალბია.

18. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტზე მიუთითა, რომლის შესაბამისადაც, მხარემ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დამტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. სსსკ-ის 137-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპოვებული ექსპერტიზის დასკვნისა და ექსპერტის გამოკითხვის ოქმის შეფასების საფუძველზე, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2014 წლის 17 სექტემბრით დათარიღებული ხელშეკრულება ხელმოწერილია მეორე მოპასუხის მიერ და მიუთითა, რომ აპელანტის, მხოლოდ ზეპირი განმარტება ამ ფაქტის უარსაყოფად სათანადო მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება, რაც სადავო სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილ დავალიანებაზე, მეორე მოპასუხის სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.

19. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რომელი ვალუტით ევალებოდა მოვალეს სესხის თანხის დაბრუნება და დოლარის კურსის ცვლილების გათვალისწინებით, რამდენი უნდა დაებრუნებია უკან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 389-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი აწესრიგებს ისეთ სამართალურთიერთობას, როდესაც აშკარაა ფულადი ვალდებულება, განსაზღვრულია მისი ოდენობა, თუმცა ვალდებულების წარმოშობის დღიდან ვალდებულების შესრულების დღემდე ვალუტის კურსი ან ფულის ერთეული შეიცვალა.

20. სასამართლოს განმარტებით, ნორმის მიზანი საბაზრო ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფაა, შესაბამისად, ნორმა, როგორც სიტყვა-სიტყვით, ლოგიკურად და შინაარსობრივად, სწორედ აღნიშნული მიზნის გათვალისწინებით უნდა განიმარტოს. „ნომინალიზმის პრინციპის“ მიხედვით, მოვალე ვალდებულია, ვალი დააბრუნოს ფულადი ნიშნების იმავე რაოდენობით (ნომინალით), რამდენიც ვალდებულების წარმოშობის დროს შეესაბამებოდა. კანონმდებლობაში ასახული ეს პრინციპი, ვალის გადახდისას ყურადღებას უთმობს არა გადასახდელი ნომინალის მსყიდველობაუნარიანობას, არამედ თავად ნომინალს და ფულადი ნიშნების რაოდენობას. ნომინალიზმის პრინციპის შესაბამისად, ვალდებულების საგანი ფულადი ერთეულების რაოდენობა და არა ფულის მსყიდველობაუნარიანობაა (იხ. სუსგ №ას-12982018, 22 მარტი, 2019 წელი.).

21. სსკ-ის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ, საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითია ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა, რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ამავე კოდექსის 383-ე მუხლის თანახმად, ფულადი ვალდებულება გამოიხატება ეროვნული ვალუტით. მხარეებს შეუძლიათ, ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოურ ვალუტითაც, თუ კანონით ეს აკრძალული არ არის.

22. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ 2014 წლის 17 სექტემბერს, მხარეები სესხის ხელშეკრულებით უცხოური ვალუტით გამოსახულ სესხზე (33 000 აშშ დოლარი) და მისი გადახდის წესზე შეთანხმდნენ, რაც არ ეწინააღმდეგებოდა კანონს. ამასთან, სესხის ხელშეკრულების მნიშვნელოვან პირობებში მხარეებმა გაითვალისწინეს, რომ უცხოური ვალუტით აღებული სესხი მომხმარებელს მნიშვნელოვანი ტვირთის წინაშე აყენებდა, კერძოდ, ვალუტის კურსის ცვლილებას, შესაძლოა, ლარით გამოხატული შენატანი მნიშვნელოვნად გაეზარდა, რასაც მსესხებელი ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით დაეთანხმა და სესხის აშშ დოლარით განსაზღვრით, თვითონ აიღო კურსის ცვლილების გამო, გადასახდელი თანხის გაზრდის რისკი. ამდენად, ის გარემოება, რომ მსესხებელმა ხელშეკრულების შესაბამისად მისთვის აშშ დოლარით დამტკიცებული თანხა გაიტანა ლარით, არ წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული ვალუტის შეცვლის საფუძველს და ადასტურებს მსესხებლის ვალდებულებას სესხი დააბრუნოს იმავე ვალუტაში ან გადახდის დღისათვის არსებული კურსით ეროვნულ ვალუტაში - ლარებში, შესაბამისად, აპელანტის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ სესხის ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული თანხის (33000 აშშ დოლარი) დაფარვის მიზნით შეტანილი თანხების უნდა გაანგარიშდეს ეროვნული ვალუტით, სესხის გამოტანის დროისათვის არსებული კურსით, რომლის მიხდვითაც გადახდილად უნდა ჩაითვალოს 10315 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი დავალიანება 1.7383 კურსზე გაანგარიშებით უნდა განისაზღვროს 30 521.516 ლარით - გაზიარებული ვერ იქნება.

23. სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან, მსესხებელმა ბანკისაგან მიიღო სესხი 33 000 აშშ დოლარი, ხოლო მისივე შესაგებლით დასტურდება, რომ გადასასახდელად დარჩენილია 27278.94 აშშ დოლარი, ამ თანხის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და სწორად დააკმაყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლომ.

24. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მითითება იმის თაობაზე, რომ 2016 წლის ოქტომბერში სესხის დაფარვის მიზნით მსესხებლის მიერ 400 აშშ დოლარის გადახდის მიუხედავად, სასამართლომ მიუღებელი შემოსავლის სახით, 2016 წლის მაისიდან სესხის საპროცენტო სარგებლის დარიცხვა არასწორად დაადგინა.

25. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, როგორც სარჩელითა და შესაგებლით, ასევე, ბანკის მიერ, წარდგენილი მტკიცებულებით - მსესხებლის საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით ირკვევა, რომ მსესხებელს, სესხის გრაფიკის შესაბამისი გადახდები სრულად შესრულებული არ აქვს, ამასთან, 2016 წლის მარტიდან, სესხზე საპროცენტო სარგებელი საერთოდაც გადახდილი არ ყოფილა, ხოლო 2016 წლის 11 ოქტომბერს, მის მიერ შეტანილი 400 აშშ დოლარით დაიფარა, მხოლოდ ძირითადი თანხა, რომელიც დაზუსტებული სარჩელით გათვალისწინებული იქნა და თანხის ნაწილში მოპასუხეთა მიმართ წარდგენილი მოთხოვნა დაზუსტდა, შესაბამისად, მიუღებელი შემოსავალის სახით ზიანის ანაზღაურების მიზნით, 2016 წლის 30 მაისიდან-გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ძირითადი თანხის - 27 278.94 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის წლიური 10%-ის გადახდის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა, სრულად გამომდინარეობს სსკ-ის 394.1-ე, 408.1-ე, 411-ე მუხლების მოთხოვნებიდან.

კასატორთა მოთხოვნა და საფუძვლები:

26. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა და მეორე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება (საკასაციო საჩივარი მეორე მოპასუხის მოთხოვნის ნაწილში განუხილველად დარჩა).

27. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ საკუთარი ინიციატივით სსსკ-ის 137-ე მუხლზე მითითებით შსს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოდან მხარეთა შორის გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებაზე თანდართულ ხელწერილზე სისხლის სამართლის საქმეზე გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნა გამოითხოვა, რომელიც გადაწყვეტილების გამოტანიდან 6 თვეზე მეტი დროის შემდეგ დაიწერა, სადაც ექსპერტს დასკვნა უწერია ვინმე ი.დ–ძეზე. ამასთან, ბანკს მტკიცებულებათა გამოთხოვნის შესახებ შუამდგომლობა სასამართლოში არ დაუყენებია.

28. კასატორის მტკიცებით, მეორე მოპასუხე 2014 წლის 17 სექტემბერს საქართველოში არ იმყოფებოდა, შესაბამისად, ვერც სადავო ხელშეკრულებას მოაწერდა ხელს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მსესხებელს სადავო საბუთზე ექსპერტიზა შესთავაზა, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი იმ საფუძვლით განაცხადა, რომ მეორე მოპასუხის ექსპერტიზაზე გამოცხადებას ვერ უზრუნველყოფდა, ამიტომ, ნაცვლად მოსარჩელისა, სასამართლომ მტკიცების ტვირთი მოპასუხეს დააკისრა და არსებული ვითარების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ სადავო ხელშეკრულება ნამდვილი იყო.

29. კასატორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ ექსპერტიზას დანიშნავდა, თუ თავდების გამოცხადებას უზრუნველყოფდა და დასკვნა იქნებოდა 10 დღეში. ამ დროში თავდების თურქეთიდან ჩამოყვანა, დასკვნის დაწერა და სასამართლოში გადაგზავნა შეუძლებელი იყო, ვინაიდან ექსპერტიზისა და დასკვნის დაწერის ვადები მსესხებელზე არ იყო დამოკიდებული.

30. კასატორის მტკიცებით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია ის ფაქტი, რომ საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ, კერძოდ, მოსამართლე ი.მ–ი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2016 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით განწესდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ, ის არ არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და არც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შესრულება არ აქვს დაკისრებული, რაც, სსსკ-ის 394-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

31. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, მსესხებლის მიერ გადახდილი 400 აშშ დოლარიდან 2016 წლის 11 ოქტომბერს მხოლოდ ძირითადი თანხა დაიფარა. კასატორის მტკიცებით, ამ თანხის ნაწილით, როგორც ძირითადი თანხა, ასევე - პროცენტი უნდა დაფარულიყო. ამასთან, სასამართლოს განმარტება, რომ მსესხებელმა 2016 წლის 30 მაისიდან სესხის დაფარვა შეწყვიტა, დაუსაბუთებელია, ვინაიდან 2016 წლის 11 ოქტომბერს ბანკში 400 აშშ დოლარი შეიტანა, რაც თავად სასამართლომაც დაადასტურა.

32. კასატორი მიუთითებს, რომ ბანკს ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება არ ჰქონდა. ბანკს კასატორი სამჯერ არ გაუფრთხილებია, ამასთან, სსკ-ის 401-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა ვადის გადაცილებად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

33. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

34. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

35. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

36. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

37. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

38. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც მოცემულ საქმეზე დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:

39. მსესხებელსა და ბანკის ბათუმის ფილიალს შორის, 2014 წლის 17 სექტემბერს, გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებლის სახელზე სესხი 33 000 აშშ დოლარი, 60 თვით, 2019 წლის 17 სექტემბრამდე გაიცა, წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 10%-ით, ეფექტური განაკვეთი - 10.70%-ით. სესხი უნდა დაფარულიყო ყოველთვიური შენატანით, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.

40. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით, ვალდებულების დარღვევისათვის დადგინდა პირგასამტეხლო, დავალიანების თანხის 0.5%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

41. ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2014 წლის 17 სექტემბერს იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. სესხი უზრუნველყოფილ იქნა მეორე და მესამე მოპასუხეებთან გაფორმებული სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ 2014 წლის 17 სექტემბრის პირადი თავდებობის ხელშეკრულებებითაც.

42. მსესხებელმა სესხის გადახდის გრაფიკი დაარღვია და პერიოდული შენატანების ვადას გადააცილა ორჯერ და უფრო მეტჯერაც. სესხის დაფარვა ვადაზე ადრე - 2016 წლის 30 მაისს შეწყვიტა და დავალიანების დარჩენილი თანხა არ გადაიხადა, რაც შეადგენს 27278.94 აშშ დოლარს.

43. მსესხებლის საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის თანახმად, სესხის ხელშეკრულების ფარგლებში, 2016 წლის მარტს, მეორე მოპასუხის მიერ შენატანით დაიფარა როგორც ძირითადი თანხა, ისე - ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლო და საპროცენტო სარგებელი, ხოლო 2016 წლის 11 ოქტომბერს, მსესხებლის მიერ შეტანილი 400 აშშ დოლარით მხოლოდ - ძირითადი თანხა.

44. თავდაპირველ სარჩელზე თანდართულ წერილობით დოკუმენტში, 2016 წლის 26 ივლისს, ბანკის მიერ, მსესხებელზე გაცემულ ცნობაში დაფიქსირებულია, რომ 2016 წლის 30 მაისის მონაცემებით, მსესხებლის ვალდებულება ბანკის მიმართ შეადგენდა 30 422.14 აშშ დოლარს, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხა - 24 359.40 აშშ დოლარი, სარგებელი - 2 919.54 აშშ დოლარი, დარიცხული პირგასამტეხლო კი - 3 143.20 აშშ დოლარია. მოპასუხეთა მიერ წარდგენილ შესაგებელზე თანდართულ მტკიცებულებაში, ბანკის მიერ 2017 წლის 10 მარტს გაცემულ ცნობაში დაფიქსირებულია, რომ 2016 წლის 30 მაისის მონაცემებით, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებლის ვალდებულება ბანკის მიმართ შეადგენდა 30 422.14 აშშ დოლარს, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხა 27 278.94 აშშ დოლარი, პროცენტი - 1340.78 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 1802.42 აშშ დოლარია.

45. მოპასუხეთა მიერ წარდგენილი შესაგებლის მიხედვით, მსესხებელმა ბანკისაგან 33 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი 33000*1.7383=57 363.9 ლარი მიიღო. მოსარჩელემ, მოვალეს ზედმეტად კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით 2 545.8836 აშშ დოლარი გადაახდევინა. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ 30 422.14 აშშ დოლარს დაკლებული ეს თანხა, 30 422.14-2 545.8836=27 876.2564 ამერიკულ დოლარს შეადგენს, რაც 1.7383-ზე გამრავლებული - 48 457.2965 ლარია. სსკ-ის 389-ე მუხლის საფუძველზე მოვალის მიერ შეტანილი 10 315 აშშ დოლარის გათვალისწინებით, რეალურად მოვალეს ბანკისათვის გადასახდელი აქვს - 30 521.516 ლარი.

46. 2017 წლის 7 აპრილს, ბანკმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაზუსტებული სარჩელით მიმართა და შესაგებელში დაფიქსირებული თანხების გათვალისწინებით, მოპასუხეებისათვის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 30 422.14 აშშ დოლარის (გადახდის დღეს არსებული კურსის შესაბამისად) დაკისრება მოითხოვა, საიდანაც ძირითადი თანხა - 27 278.94 აშშ დოლარი, სარგებელი - 1340.78 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 1802.42 აშშ დოლარია, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით ძირითად თანხაზე 27 278.94 აშშ დოლარზე დარიცხული წლიური 10%-ის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.

47. 2014 წლის 17 სექტემბერს, ბანკსა და მსესხებელს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების თანახმად, გაცემული კრედიტის თანხა 33 000 აშშ დოლარია, ვადა - 60 თვე, ხოლო კრედიტის საპროცენტო განაკვეთი 10%. ამავე ხელშეკრულებაში მითითებულია შემდეგი: ,,უცხოური ვალუტით აღებული სესხი მომხმარებელს მნიშვნელოვანი ტვირთის წინაშე აყენებს. ვალუტის კურსის ცვლილებამ, შესაძლოა ლარით გამოხატული შენატანები მნიშვნელოვნად გაზარდოს“.

48. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის განჩინებით გამოთხოვილი, №171200617001 სისხლის სამართლის საქმეში არსებული საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის საექსპერტო - კრიმინალისტიკური სამსახურის მთავარი ექსპერტის - ნ.ბ–ძის 29.12.2017წ. №გრ/220 გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნისა და ამავე ექსპერტის 29.05.2019წ. გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან ამოღებულ - №65/5 ხელშეკრულებას ხელს აწერს მეორე მოპასუხე.

49. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს და მიუთითებს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად განსაზღვრეს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი და, ვინაიდან ამ ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წინაპირობა შესრულებული იყო, არსებობდა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

50. საკასაციო პალატა გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას მხოლოდ საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიების ფარგლებში შეამოწმებს (სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილი). კასატორის მთავარი საკასაციო პრეტენზია ეხება სააპელაციო სასამართლის მოქმედებას, როდესაც სისხლის სამართლის საქმის გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნა ხელშეკრულებაზე პირველი თავდების ხელმოწერის ნამდვილობის დადგენის მიზნით, საკუთარი ინიციატივით შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოდან გამოითხოვა.

51. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხეებმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში სოლიდარული პასუხისმგებლობის ხელშეკრულების (წერილობითი საბუთის) ნამდვილობის პრეზუმფცია გააქარწყლეს განცხადებით, რომ სადავო საბუთები ყალბია.

52. სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების სტადიაზე განაცხადოს, რომ წარდგენილი საბუთი ყალბია. ასეთი განცხადება მას შეუძლია გააკეთოს აგრეთვე საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროსაც, თუ ეს საბუთი წარდგენილ იქნა ამ სასამართლო სხდომაზე, ან ადრე წარდგენილი საბუთის სიყალბე მისთვის ცნობილი გახდა სასამართლო სხდომაზე, ხოლო მეორე ნაწილი მიუთითებს, რომ მტკიცებულების წარმდგენ მხარეს შეუძლია სთხოვოს სასამართლოს მტკიცებულებებიდან სადავო საბუთის ამორიცხვა და საქმის გადაწყვეტა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე. ასეთი თხოვნის არარსებობის შემთხვევაში სასამართლო შეამოწმებს საბუთის ნამდვილობას, რისთვისაც შეუძლია დანიშნოს ექსპერტიზა, მოითხოვოს დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა ან გამოითხოვოს სხვა მტკიცებულებები. წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებათა ნამდვილობის შემოწმება შეიძლება სასამართლოს ინიციატივით (137.4 მუხლი).

53. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების თანახმად, სასამართლომ მხარეებს ექსპერტიზის ჩატარება შესთავაზა, რაზეც პირველმა მოპასუხემ (კასატორმა) უარი იმ საფუძვლით განაცხადა, რომ ექსპერტიზას ვერ წარუდგენდა ვერც თავდების ხელმოწერის თავისუფალ ნიმუშს და ვერც თავდების გამოცხადებას უზრუნველყოფდა ექსპერტიზის ბიუროში. ამ გარემოების გათვალისწინებით, სასამართლომ მტკიცების ტვირთი მოპასუხე მხარეს გადააკისრა და მათი მხოლოდ ზეპირი განმარტების გათვალისწინებით, სოლიდარული პასუხისმგებლობის ხელშეკრულება ნამდვილად მიიჩნია, რაც აპელანტებმა სააპელაციო საჩივრით სადავოდ გახადეს, ამასთან, კასატორმა 2019 წლის 22 მაისის სასამართლო სხდომაზე სოლიდარული პასუხისმგებლობის ხელშეკრულებაზე დასმულ ხელმოწერაზე სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის არსებობაზე მიუთითა. ამ ფაქტობრივი გარემოებისა და ბანკის 2019 წლის 3 ივნისის განცხადების საფუძველზე (ბანკმა განცხადებით მიუთითა, რომ სადავო ხელშეკრულებაზე დასმულ ხელმოწერაზე ჩატარდა გრაფიკული ექსპერტიზა, აჭარის ა.რ. საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში და დასკვნა თანდართულია N171200617001 საქმეზე), ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ, სააპელაციო საჩივრით სადავოდ გახდილი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საბუთის ნამდვილობასთან დაკავშირებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შეფასებისათვის სადავო სოლიდარული პასუხისმგებლობის ხელშეკრულებაზე დასმულ ხელწერაზე სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნა გამოითხოვა.

54. საკასაციო პალატის მითითებით, წერილობითი საბუთის ნამდვილობის ვარაუდი (პრეზუმფცია) გაქარწყლდება მოწინააღმდეგე მხარის განცხადებით, რომ იგი ყალბია. თუ მხარე არ მოითხოვს სადავო მტკიცებულებების საქმიდან ამორიცხვას, საბუთის ნამდვილობის დამტკიცების ტვირთი არ მოიხსნება და მისი ნამდვილობა უნდა შემოწმდეს და დადასტურდეს სსსკ-ის 137.2 მუხლით დადგენილი წესით, რაც სასამართლოს უფლებამოსილებას ანიჭებს, განახორციელოს გარკვეული საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, დანიშნოს ექსპერტიზა, მოითხოვოს დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა ან გამოითხოვოს სხვა მტკიცებულებები. სასამართლოს საკუთარი ინიციატივით შეუძლია, გამოიკვლიოს ამ საბუთის კანონიერების ფაქტი და ამ საკითხის გარკვევაში იგი არ არის შეზღუდული მხარეთა მითითებებითა და შუამდგომლობებით. ამასთან, შეჯიბრებითობის პრინციპი არ გამორიცხავს მოსამართლის აქტიურ როლს, რისი ნათელი მაგალითია სსკ-ის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომლის შესაბამისადაც იმოქმედა სააპელაციო სასამართლომ და, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, კანონიერად გამოითხოვა შესაბამისი მტკიცებულება შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოდან.

55. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ წარადგინა სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობის საწინააღმდეგოდ, რომ ექსპერტიზის დასკვნისა და ექსპერტის გამოკითხვის ოქმის შეფასების საფუძველზე, 2014 წლის 17 სექტემბრით დათარიღებულ ხელშეკრულებაზე მეორე მოპასუხის ხელმოწერა დასტურდება.

56. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას იმის თაობაზეც, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში საქმე განიხილა არაკანონიერმა შემადგენლობამ. პალატა მიუთითებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლოს არაკანონიერი შემადგენლობა გამოვლინდა, როდესაც გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც, კანონის თანახმად, უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში. ამ მხრივ საკასაციო პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საკასაციო საჩივარში არ არის გადმოცემული დასაბუთებული შედავება, არამედ ფორმალურადაა მოთხოვნილი გასაჩივრებული განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მოსამართლე ი.მ–ი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე არ არის და არც ამ სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შესრულება არ აქვს დაკისრებული.

57. ზემოაღნიშნული საწინააღმდეგოდ, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, სადაც მოცემულია მოსამართლეთა სამუშაო გამოცდილება, მოსამართლე ი.მ–ი 2019 წლის ივლისიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეა და ამ სასამართლოში ახორციელებს უფლებამოსილებას, ხოლო მოცემული საქმის განხილვაში მონაწილეობს 2019 წლის ოქტომბრიდან. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ კასატორს, სსსკ-ის 33-ე მუხლის შესაბამისად, ჯერ კიდევ სააპელაციო სასამართლოში შეეძლო წარედგინა აცილების შესახებ შუამდგომლობაც, რაც მას არ განუხორციელებია, შესაბამისად, საქმის არაკანონიერი შემადგენლობით განხილვის წინაპირობები არ დგინდება და არ არსებობს განჩინების გაუქმების სსსკ-ის 394-ე მუხლის ,,ა“ პუნქტით განსაზღვრული წინაპირობა, რომლის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ.

58. რაც შეეხება კასატორის 31-ე პუნქტში მითითებულ პრეტენზიას, პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, კასატორს არც ამ ნაწილში აქვს დასაბუთებული პრეტენზია წარმოდგენილი.

59. კასატორის 32-ე პუნქტში მითითებული პრეტენზიიდან გამომდინარე კი, პალატა კეთილსინდისიერების პრინციპზე მიუთითებს (სსკ-ის 8.3 მუხლი) და განმარტავს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. ბანკის მიერ მსესხებლისათვის გაგზავნილი და ჩაბარებული გაფრთხილება, სესხის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შესახებ წარმოდგენილია საქმეში (იხ. ტ. 2. ს.ფ. 361-363), რასაც კასატორიც არ ხდის სადავოდ. მეორე მოპასუხის 2016 წლის 17 აგვისტოს განცხადებით უდავოდ დასტურდება, ის გარემოებაც, რომ ამ უკანასკნელისთვისაც ცნობილი იყო მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა, შესაბამისად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კასატორის პრეტენზია, მათ სამჯერ უნდა ჩაჰბარებოდათ შეტყობინება და შემდეგ შეეძლო ბანკს ხელშეკრულების შეწყვეტა, დაუსაბუთებელია და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარს არ განაპირობებს. საკასაციო პალატა სსკ-ის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტსა და იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ მოვალეს კრედიტორმა ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებით გაუგზავნა წერილი და ამის შემდეგ კრედიტორმა მაინც არ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, კრედიტორს ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შესაძლებლობას უქმნიდა.

60. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

61. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

62. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

63. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-969-2018, 2020 წლის 10 აპრილის განჩინება; საქმე №ას-107-2019, 2020 წლის 13 მარტის განჩინება; საქმე №ას-1214-2018, 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინება).

64. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

65. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან კასატორს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული ჰქონდა, ამ უკანასკნელს უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 30%-ის 579.09 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ.შ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. რ.შ–ძეს (პ/ნ ....) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 11 მაისის განჩინებით (საქმე №ას-88-2020) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 30%-ის 579.09 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე