საქმე №ას-1755-2019 28 აპრილი, 2021 წელი,
] თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (მომხსენებელი, თავმჯდომარე),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვით
განმცხადებელი - ნ.ს–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები - ნ.ი–ძე, ე. ი–ძე, გ. ი–ძე, ს. ი–ძე (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ. ი–ძემ, ე. ი–ძემ, გ. ი–ძემ და ს. ი–ძემ (შემდგომ – მოსარჩელეები, მოწინააღმდეგე მხარეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ნ.ს–ძისა (შემდგომ – პირველი მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორი, განმცხადებელი) და მ.ს–ძის (შემდგომ – მეორე მოპასუხე) მიმართ და მოითხოვეს მოპასუხეებს შორის 2015 წლის 6 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა.
2. მოპასუხეებმა მათ წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნეს.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეთა სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 აპრილის განჩინებით, მოპასუხეთა არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
- მოსარჩელეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
- ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
- მოსარჩელეების სარჩელი დაკმაყოფილდა;
- მოსარჩელეთა საკუთრების უფლება ცნობილ იქნა უძრავ ქონებაზე, ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 250 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი - №1 განაშენიანების ფართობი - 130 კვ.მ და №2 განაშენიანების ფართობი - 48 კვ.მ;
- ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხეებს შორის, 2015 წლის 6 აგვისტოს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება.
6. ზემოაღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მხოლო მეორე მოპასუხემ, რომელიც სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი.
7. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტში მითითებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, 2019 წლის 13 სექტემბერს სააღსრულებო ფურცელი გაიცა, რომელში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს სასამართლოს.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 6 ნოემბერის განჩინებით, მოსარჩელეთა განცხადება დაკმაყოფილდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 სექტემბრის სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობა - ნ. ი–ძის (კრედიტორი) საიდენტიფიკაციო მონაცემი გასწორდა, რაც მოპასუხეებმა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 26 თებერვლის განჩინებით, მოპასუხეთა კერძო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინებაზე განუხილველად დარჩა შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კერძო საჩივრის ავტორებს კერძო საჩივარზე ხარვეზი დაუდგინდათ. პირველ მოპასუხეს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება გაეგზავნა საქმეში არსებულ მისამართებზე - ქ. ბათუმი, ..... 334, ბ. 33 და ქ. ბათუმი, .........
11. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 76-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ პირველ მოპასუხეს გზავნილი მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა, თუმცა ვერ ჩაჰბარდა, ვინაიდან ამ მისამართზე აღარ ცხოვრობს. ეს ნიშნავს, რომ ამ უკანასკნელმა მისამართი შეიცვალა, თუმცა ამის თაობაზე სასამართლოსთვის არ უცნობებია. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოსთვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე გაგზავნილი გზავნილი მისთვის ჩაბარებულად ითვლება. პირველ მოპასუხეს დადგენილი ვადის დაცვით ხარვეზი არ შეუვსია, რაც მისი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
12. საკასაციო პალატის დასკვნით, კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების სხვა საფუძველიც არსებობს, კერძოდ, სსსკ-ის 71-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. განსახილველ შემთხვევაში, პირველ მოპასუხეს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნის დაცვით ორჯერ გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართებზე, მაგრამ ვერ ჩაჰბარდა იმ საფუძვლით რომ მისამართები კოდირებულია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმეორებითი გზავნილი პირველი მოპასუხისათვის ჩაბარებულად ითვლება.
13. სასამართლოს განმარტებით, ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ მეორე მოპასუხის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, ამ უკანასკნელს ერთხელ უკვე გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა, რომელიც ადრესატს არ შეუვსია.
14. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 59-ე და 63-ე მუხლებზე მითითებით, კერძო საჩივრები განუხილველად დატოვა.
15. პირველმა მოპასუხემ, 2020 წლის 13 ოქტომბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა განცხადებით, რომლითაც, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლება მოითხოვა შემდეგი საფუძვლით:
16. განმცხადებლის განმარტებით, საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირველ მოპასუხეს განჩინება საქმეში არსებულ მისამართებზე გაეგზავნა - ქ. ბათუმი, ...... და ქ. ბათუმი, ....., მაგრამ გზავნილი ვერ ჩაჰბარდა, ვინაიდან მისამართები კოდირებულია, რაც გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევისა და კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა.
17. განმცხადებლის მტკიცებით, ზემოაღნიშნულ მისამართებზე არცერთი კარი კოდირებული არ არის, რასაც შპს ,,რ.მ–სა“ და ამხანაგობა ,,ე–ის“ თავმჯდომარის მიერ გაცემული ცნობები ადასტურებს.
18. განმცხადებელი ზემოაღნიშნული საფუძვლით საქმისწარმოების განახლებასა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილებას მოითხოვს, ასევე - სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მასზე წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის განჩინების გაუქმებას.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში.
20. საკასაციო სასამართლომ განცხადების განხილვა სასამართლო სხდომაზე დანიშნა, რაც 2021 წლის 28 აპრილს დისტანციურად წარიმართა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
21. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
22. სსსკ-ის 421.1 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
23. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით ითხოვს საქმის წარმოების განახლებას. მითითებული ნორმის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად შეიძლება დაედოს ისეთი გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომელიც მხარის ინტერესების სასარგებლოდ არსებითად გავლენას მოახდენდა საქმის შედეგზე და მხარე ასეთ მტკიცებულებას საქმის განხილვის დროს ვერ წარადგენდა მისგან დამოუკიდებელი ობიექტური გარემოების გამო (სუსგ. Nას-796-796-2018, 06.07.2018წ).
24. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, პირველ მოპასუხეს კერძო საჩივარზე ხარვეზი დაუდგინდა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადის დაცით, გასაჩივრების საფუძველზე მითითებით სასამართლოში წარედგინა დაზუსტებული კერძო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნი.
25. პირველ მოპასუხეს კერძო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 11 დეკემბრის განჩინება საქმის მასალებში არსებულ მისავე მითითებულ სამ სხვადასხვა მისამართზე გაეგზავნა, მათ შორის, კერძო საჩივარში მითითითებულ მისამართზე: ქ. ბათუმი, ........; შესაგებელში მითითებულ მისამართზე - ქ. ბათუმი, ......., ბ. 33 და ქ. ბათუმში, ........ 53, ბ. 285-ში მდებარე მისამართზე. ამ უკანასკნელს გზავნილები სხვადასხვა მიზეზით ვერ ჩაჰბარდა, მათ შორის, იმ მიზეზით, რომ ადრესატმა საცხოვრებელი მისამართი შეიცვალა, სადარბაზო კოდირებულია და მისამართზე არავინ დახვდა - ლიფტი კოდირებულია (იხ. ტ.3, ს.ფ. 124, 131, 133).
26. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნულ გარემოებათა საფუძველზე სრულად იზიარებს სასამართლოს ფაქტობრივსამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს, ასახულს ამ განჩინების 10-12 პუნქტებში და განმარტავს, რომ მარტოოდენ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მისამართები, სადაც ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება პირველი მოპასუხეს გაეგზავნა, კოდირებული არ არის და მის დასადასტურებლად წარდგენილი შესაბამისი ცნობები, წინამდებარე განჩინების 26-ე პუნქტში მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, განმცხადებლის პოზიციის გაზიარების საფუძველს არ ქმნის, რაც კანონიერად გახდა სსსკ-ის 76-ე და 71.2 მუხლების საფუძველზე კერძო საჩივრის განუხილევლად დატოვების საფუძველი.
27. საქმის მასალებით ირკვევა, პირველ მოპასუხეს სასამართლოსთვის მიმართვა და წარდგენილი კერძო საჩივრის განხილვის შესახებ საქმის ვითარების გარკვევა არ უცდია, მით უფრო, როდესაც უსწორობის გასწორების შესახებ განჩინებაზე წარდგენილი კერძო საჩივარი კანონის მოთხოვნებს არ პასუხობდა. შესაბამისად, პირველი მოპასუხე მეტი წინდახედულობის გამოჩენის შემთხვევაში, თავიდან აიცილებდა მის საწინააღმდეგო სამართლებრივ შედეგს - კერძო საჩივრის განუხილევლად დატოვებას, რაც მას არ გაუკეთებია. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საკასაციო სასამართლომ კერძო საჩივარი დადგენილი ხარვეზიდან, თითქმის ორთვე ნახევრის შემდეგ დატოვა განუხილველად.
28. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ წინამდებარე განჩინების მე-18 პუნქტში მითითებული გარემოებიდან გამომდინარე, განმცხადებელს საქმისწარმოების განახლება სურს, რათა კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდეს. საკასაციო სასამართლო აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო პალატის დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერებას ვერ შეაფასებს, ვინაიდან ამ უკანასკნელს სასამართლოსათვის საჩივრით არ მიუმართავს და არ უსარგებლია კანონით მინიჭებული უფლებით.
29. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, არ იკვეთება, განმცხადებლის სასარგებლოდ გაუმჯობესებული სამართლებრივი სურათი.
30. საგულისხმოა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საქმისწარმოება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დამთავრდა, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში და გაცემულია სააღსრულებო ფურცელი. განმცხადებელს კი - საქმისწარმოების განახლების მოთხოვნა წარდგენილი აქვს კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაზე, დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებულ უსწორობასთან დაკავშირებით, ანუ იმ განჩინებაზე, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 260-ე მუხლის შესაბამისად, გაასწორა მის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობა.
31. საკასაციო პალატის მითითებით, განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, სასამართლომ კერძო საჩივრის კანონიერებაზე უნდა იმსჯელოს, რომელიც სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებას იურიდიული შედეგის კუთხით არ უკავშირდება, შესაბამისად, საქმისწარმოების განახლებაც კი, არსებით გავლენას ვერ ახდენს კანონიერ ძალაში შესულ, სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და ამ გადაწყვეტილებით დამდგარი სამართლებრივი შედეგის გაუქმებას არ იწვევს. ამასთან, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძველიც არ იკვეთება, ვინაიდან საქმეში წარდგენილი მასალებით ნამდვილად დგინდება, რომ ერთ-ერთი კრედიტორის პირადი ნომერი სააღსრულებო ფურცელში შეცდომით იყო მითითებული, რაც სწორად გახდა სააპელაციო სასამართლოს მიერ უსწორობის გასწორების საფუძველი.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადება საქმისწარმოების განახლების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე, 421-ე, 423-ე, 430-ე, მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ს–ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებებათა გამო საქმისწარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე