საქმე №ას-773-2021 11 აგვისტო, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ლევან მიქაბერიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე თ.რ–ის კერძო (საკასაციო) საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განჩინებაზე, საქმეზე თ.რ–ის სარჩელის გამო ნ.ქ–ძის, პ.ქ–ძისა და დ.ქ–ძის მიმართ
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
თ.რ–ს კერძო (საკასაციო) საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო/კერძო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო/კერძო საჩივარი არ უპასუხებს აქ (396-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილი) ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ივლისის განჩინებით, თ.რ–ის კერძო (საკასაციო) საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მხარეს დაევალა, ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ", „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი კერძო საჩივარი. ამავე პალატის 2021 წლის 2 აგვისტოს განჩინებით, საპროცესო ვადა გაგრძელდა 7 (შვიდი) დღით სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ", „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი კერძო საჩივრის წარმოსადგენად გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტი მითითებით.
საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება თ.რ–ს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2021 წლის 5 აგვისტოს ჩაბარდა პირადად (იხ. ჩაბარების დასტური).
2021 წლის 9 აგვისტოს, საკასაციო პალატას მომართა საჩივრის ავტორმა, რომელმაც განაცხადა, რომ სურს საქმის დახურვა და მის მიერ წარმოდგენილი საბუთების უკან დაბრუნება.
სასამართლო მოხელე, მოთხოვნის დაზუსტების მიზნით დამატებით დაუკავშირდა საჩივრის ავტორს, რომელმაც განაცხადა, რომ უარს ამბობს მის მიერ წარმოდგენილ საჩივარზე და სურს მისი განუხილველად დატოვება. მხარეს განემარტა კერძო საჩივარზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები. თ.რ–მა დაადასტურა, რომ მისთვის ცნობილია ამ შედეგების შესახებ, ეთანხმება წარმოდგენილ განცხადებას, უარს აცხადებს კერძო საჩივარზე და სურს მისი განუხილველად დატოვება. მხარემ დამატებით განმარტა, რომ არ საჭიროებს მის მიერ განცხადებით მოთხოვნილი დოკუმენტების დაბრუნებას (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი).
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადება, მოისმინა მხარის განმარტება და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარზე უარის თქმის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი, უფრო მეტიც, 378-ე მუხლის ძალით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
ამდენად, აპელანტი უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სააპელაციო საჩივარზე. აღნიშნული წესი ვრცელდება კერძო საჩივარზე უარის თქმის უფლებაზეც.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თ.რ–ის განცხადება კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მის კერძო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.რ–ის განცხადება დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს საქმის წარმოება თ.რ–ის კერძო საჩივარზე ნ.ქ–ძის, პ.ქ–ძისა და დ.ქ–ძის მიმართ.
4. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ლევან მიქაბერიძე